განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.02.2020
საქმის ნომერი
330210018002576155
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002576155

საქმე №2ბ/3936 -19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 თებერვალი 2020 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - სს ,,ს----------–-------------ა’’

წარმომადგენელი - ნ--------–-------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ზ---------–ი’’

წარმომადგენელი (დირექტორი) - ზ--------------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გაუქმება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. მხარეებს შორის 2017 წლის 07 ივნისს დაიდო იჯარის №ს---------- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხემ, როგორც მოიჯარემ იჯარის ფორმით დროებით სარგებლობაში მიიღო მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სადგურ თბილისის სატვირთოს ბალანსზე რიცხულ ქ.თბილისში, ვ---- ქუჩა №1-ში მდებარე №1 სატვირთო საწყობი (საინვენტარო №4702, მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი 0---------------, საერთო ფართი 1 080 კვ.მ). ხელშეკრულების 1.4. მუხლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 წელი. ხელშეკრულების 2.1. მუხლის თანახმად, ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 5 500 ლარით (დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით). 2.2. მუხლით კი განისაზღვრა, რომ საიჯარო ქირა მოპასუხეს მოსარჩელისთვის უნდა გადაეხადა ყოველი საანგარიშსწორებო თვის 10 რიცხვამდე უნაღდო ანგარიშსწორების გზით. ხელშეკრულების 2.3 მუხლის თანახმად, საიჯარო ქირის ან/და დავალიანების წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სრულად და ჯეროვნად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით.

 

2. 2017 წლის 10 ივლისიდან მოპასუხის მიერ დარღვეულია იჯარის №ს---------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ყოველთვიური საიჯარო ქირის გადახდის თაობაზე.

 

3. იჯარის №ს---------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო 2017 წლის 15 აგვისტოს და 2017 წლის 03 ოქტომბერს მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გაეგზავნა №4744 და №5708 მიმართვები დავალიანების ნებაყოფლობით გადახდის შესახებ მოთხოვნით.

 

4. იჯარის №ს---------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შესრულების მიზნით, მოპასუხის მიერ 2018 წლის 25 ოქტომბერს მოსარჩელისთვის გადახდილია 5 000 ლარი და 2018 წლის 27 ოქტომბერს ასევე გადახდილია 5 000 ლარი.

 

5. მხარეთა შორის 2017 წლის 07 ივნისს გაფორმებული იჯარის №ს---------- ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 11 იანვარს.

 

6. 2017 წლის 07 ივნისის №ს---------- იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხება საიჯარო ქირის დავალიანება 28 984.97 ლარი.

 

7. 2018 წლის 24 იანვარს მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება 2017 წლის 07 ივნისის №ს---------- იჯარის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე დარიცხული დავალიანების - 31 052.64 ლარის გადახდის შესახებ მოთხოვნით.

 

8. სს ,,ს----------–-------------ამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოპასუხე შპს ,,ზ---------–ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს საიჯარო ქირის დავალიანების - 28 984.97 ლარის გადახდა, ასევე 2017 წლის 10 აგვისტოდან 2018 წლის 10 იანვრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურება 2 608.34 ლარის ოდენობით. მოპასუხეს დაეკისროს 2018 წლის 10 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 28.98 ლარის ოდენობით.

 

9. სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ 2017 წლის 08 მაისს ჩატარდა ელექტრონული აუქციონი ქ. თბილისში, ვ---- ქუჩა №1-ში მდებარე №1 სატვირთო საწყობის იჯარით გაცემის მიზნით; ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა მოპასუხემ და მათ შორის 2017 წლის 07 ივნისს დაიდო იჯარის ხელშეკრულება №ს----------; იჯარის ხელშეკრულების 2.1. მუხლის თანახმად, ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 5 500 ლარით დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით; საიჯარო ქირა მოპასუხეს ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად უნდა გადაეხადა ყოველი საანგარიშგებო თვის 10 რიცხვამდე, რაც მას არ შეუსრულებია; ხელშეკრულების 2.3. მუხლის თანახმად, საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით; არაერთი სატელეფონო გაფრთხილების შემდეგ, მოპასუხეს 2017 წლის 15 აგვისტოს გაეგზავნა წერილი №4744 თანხის გადახდის მოთხოვნით. მოპასუხეს ანალოგიური წერილი №5708 ასევე გაეგზავნა 2017 წლის 03 ოქტომბერს; აღნიშნული წერილობითი გაფრთხილებების შედეგად, მოპასუხემ 2017 წლის ოქტომბრის თვეში გადაიხადა ორი თვის საიჯარო ქირა არასრული - 10 000 ლარის ოდენობით. კერძოდ, მის მიერ 5 000 ლარის გადახდა განხორციელდა 2017 წლის 25 ოქტომბერს, ხოლო 2017 წლის 30 ოქტომბერს ასევე განხორციელდა 5 000 ლარის გადახდა; საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, მის მიერ 2018 წლის 11 იანვარს ცალმხრივად შეწყდა იჯარის ხელშეკრულება და დაილუქა საიჯარო ქონება; 2018 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 31 593.31 ლარის ოდენობით, საიდანაც 28 984.97 ლარი წარმოადგენს საიჯარო ქირას, ხოლო 2 608.34 ლარი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს; გარდა აღნიშნული დავალიანებისა, ძირითადი ვალდებულების სრულად დაფარვამდე, მოპასუხეს ასევე ერიცხება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 28.98 ლარის ოდენობით. აღნიშნულის თაობაზე მოპასუხეს ეცნობა 2018 წლის 24 იანვრის №419 წერილით.

 

10. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარდა სარჩელი და თანდართული მასალები (ს.ფ.48-49), თუმცა მას სარჩელთან მიმართებით განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში არ ამართლებდა მოთხოვნას, რის გამოც დანიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ასევე არ გამოცხადებულა.

 

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სს ,,ს----------–-------------ის’’ სარჩელი მოპასუხე შპს ,,ზ---------–ის’’ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს ,,ზ---------–ს’’ მოსარჩელე სს ,,ს----------–-------------ის'' სასარგებლოდ დაეკისრა 28 984.97 ლარის ანაზღაურება; მოპასუხე შპს ,,ზ---------–ს’’ მოსარჩელე სს ,,ს----------–-------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 10 აგვისტოდან 2018 წლის 10 იანვრამდე დარიცხული პირგასამტეხლო 652 ლარის ოდენობით. მოპასუხე შპს ,,ზ---------–ს’’ მოსარჩელე სს ,,ს----------–-------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 10 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 03 აგვისტომდე, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 7.20 ლარის ოდენობით; (იხ. გადაწყვეტილება)

 

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს ,,ს----------–-------------ის’’ დაუკმაყოფილებელ (2 608.34 ლარის და აღრსულებამდე 28.98 ლარის) ნაწილში (იხ. სააპელაციო საჩივარი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

13. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

14. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრება. ამგვარი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას კი წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლი /იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც/ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლი /მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება./ ამავე კოდექსის 417-ე მუხლი /პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რაც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის/, ამავე კოდექსის 418-ე მუხლი /ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას./

 

15. აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს (წინამდებარე განჩინების 1 -7 პუნქტები) სადავო გარემოებებისა და მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან დაკავშირებით და დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ იურიდიულ ფაქტებს:

 

15.1. 2017 წლის 10 ივლისიდან იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ქირის გადახდის თაობაზე მოპასუხეს არ განუხორციელებია.

 

15.2. მხარეთა შორის 2017 წლის 07 ივნისს გაფორმებული №ს---------- იჯარის ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 11 იანვარს.

 

15.3. შპს ,,ზ---------–ს“ მოსარჩელის მიმართ ერიცხება 2017 წლის 07 ივნისის №ს---------- იჯარის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე საიჯარო დავალიანების - 28 984.97 ლარის გადახდა.

 

15.4. 2017 წლის 07 ივნისს გაფორმებული №ს---------- იჯარის ხელშეკრულების 2.3. მუხლის თანახმად, საიჯარო ქირის ან/და დავალიანების წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სრულად და ჯეროვნად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით.

16. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ შპს ,,ზ---------–ს“ უნდა დაეკისროს 2017 წლის 10 აგვისტოდან 2018 წლის 10 იანვრამდე პერიოდზე ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლო 2 608.34 ლარის ოდენობით, ასევე ძირითადი ვალდებულების სრულ დაფარვამდე, 2018 წლის 11 იანვრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საიჯარო ქირის დავალიანების 28 984.97 ლარის 0.1%, რაც შეადგენს 28.98 ლარს და განმარტავს, რომ: განსახილველ შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ, რომ საიჯარო ქირის ან/და დავალიანების წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სრულად და ჯეროვნად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით.

 

პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.(სუსგ. საქმე №ას-897-837-2017). პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014; 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015). საკასაციო პალატა ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს რომ, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016; 2016 წლის 2 ნოემბერი).

 

სსკ-ის 417-ე, 418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. (სუსგ ას-1755-2018)

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პალატა განმარატავს რომ, მიუხედავად იმისა რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ ას-1199-1127-2015).

 

განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე/აპელანტი მოითხოვს როგორც ხელშეკრულების შეწყვეტამდე დაკისრებული პირგასამტეხლოს, ასევე გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს დაკისრებას, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლო დასკვნებს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, ისევე როგორც გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

17. საპროცესო ხარჯები აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სს ,,ს----------–-------------ა-‘’ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი