განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210019002931846
საქმე №2ბ/8205-19
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - მიხეილ გოგიშვილი
სხდომის მდივანი – ნატო გოგიშვილი
აპელანტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია
წარმომადგენელი - მ------ კ------
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ''G-------- ჯ------------'';
წარმომადგენელი - მ--- ქ----------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცისა და შპს ''G-------- ჯ------------''-ის შორის 2018 წლის 30 იანვარს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N15/3-19 ხელშეკრულება.
2. 2018 წლის 20 თებერვლის N416122 წერილის საფუძველზე 2018 წლის 26 თებერვლის ჩათვლით შპს ''G-------- ჯ------------''-ის უნდა მოეწოდებინა - 8787.50 ლარის ღირებულების 950 კგ კაკაო, რომლის მოწოდება განხორციელდა ეტაპობრივად, ბოლო მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 13 აპრილს 46 დღის დაგვიანებით.
3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 30 იანვრის 15/3-19 ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით - 1805.56 ლარი (დღეში - 39.2512 ლარი).
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და შპს ''G-------- ჯ------------''-ის შორის 2018 წლის 02 თებერვალს გაფორმდა სახელმწიფო შეყიდვების შესახებ N15/3-39 ხელშეკრულება.
5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 02 თებერვლის N15/3-39 ხელშეკრულების და 2018 წლის 16 თებერვლის N387836 წერილის საფუძველზე 2018 წლის 22 თებერვლის ჩათვლით შპს ''G-------- ჯ------------''-ის უნდა მოეწოდებინა - 3072 ლარის ღირებულების 800 კგ ტომატ-პასტა, აღნიშნული ტომატ-პასტის მოწოდება განხორციელდა 2018 წლის 02 მარტს (სასაქონლო ზედნადები Nელ-0362179644), რომელიც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N001562118 დასკვნის საფუძველზე არ შეესაბამებოდა სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ნიმუში უვარგისი იყო მოხმარებისთვის.
6. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 02 თებერვლის N15/3-39 ხელშეკრულების 4.3 და 5.4 მუხლების თანახმად შპს „G-------- ჯ------------“-ს წუნდებული ტომატ-პასტის ამოსაცვლელად განესაზღვრა ვადა 3 სამუშაო დღე (წერილი N669775), ტომატ-პასტის ამოცვლა განხორციელდა მიმდინარე წლის 25 აპრილს, 62 დღის დაგვიანებით.
7. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 02 თებერვლის N15/3-39 ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით - 2717.68 ლარი (დღეში - 43.8336 ლარი).
8.მოსარჩელის მიერ მოხდა მოპასუხის ინფორმირება ხელშკრულებების დარღვევის გამო მისთვის დაკისრებული საურავის ოდენობის თაობაზე, რომელიც არ ანაზღაურდა მოპასუხე მხარის მიერ ნებაყოფლობით (იხ.25.04.2018წ.-სა და 14.05.2018წ. წერილები - ს.ფ.49,50).
9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს ''G-------- ჯ------------''-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო საურავის - 4523.24 ლარის ოდენობით დაკისრება.
9.1. სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოიშვა, ერთ შემთხვევაში - 2018 წლის 30 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების N15/3-19, ხოლო მეორე შემთხვევაში 2018 წლის 02 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N15/3-39 ხელშეკრულების საფუძველზე. შპს „G-------- ჯ------------“-ის მიერ დაირღვა 2018 წლის 30 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე პროდუქტის მიწოდება, კერძოდ: 2018 წლის 26 თებერვლის ჩათვლით უნდა მოეწოდებინა 8787.50 ლარის ღირებულების 950 კგ კაკაო, რომლის მოწოდება განხორციელდა ეტაპობრივად, ბოლო მოწოდება განხორციელდა 2018 წლის 13 აპრილს, 46 დღის დაგვიანებით და 2018 წლის 02 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 22 თებერვლის ჩათვლით უნდა მოეწოდებინა 3072 ლარის ღირებულების 800 კგ ტომატ-პასტა, აღნიშნული ტომატ-პასტის მოწოდება განხორციელდა 2018 წლის 02 მარტს, რომელიც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N001562118 დასკვნის საფუძველზე არ შეესაბამებოდა სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ნიმუში უვარგისი იყო მოხმარებისთვის და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 02 თებერვლის N15/3-39 ხელშეკრულების 4.3 და 5.4 მუხლების თანახმად შპს ''G-------- ჯ------------''-ს წუნდებული ტომატ-პასტის ამოსაცვლელად განესაზღვრა ვადა 3 სამუშაო დღე, დადგენილია, რომ ტომატ-პასტის ამოცვლა განხორციელდა 2018 წლის 25 აპრილს, 62 დღის დაგვიანებით (მიღება-ჩაბარების აქტი N962920), შესაბამისად მოპასუხის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წინაშე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ აქვს შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებების მიხედვით მოპასუხეს დათქმულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ერიცხება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით, რაც 2018 წლის 30 იანვრის ხელშეკრულებიდან N15/3-19 შეადგენს - 1805.56 ლარს, ხოლო 2018 წლის 02 თებერვლის ხელშეკრულებიდან N15/3-19 გამომდინარე შეადგენს- 2717.68 ლარს, სულ 4523,24 ლარს.
10. მოპასუხის შესაგებელი:
10.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მოპასუხე ეთანხმება რომ ნამდვილად დაირღვა პროდუქტის მიწოდების ვადები მაგრამ პირგასამტეხლოს ოდენობას არ ეთანხმება. მოპასუხე ნაკისრ ვალდებულებებს შეძლებისდაგვარად კეთილსინდისიერად და დროულად ასრულებდა, სარჩელში მითითებული ვადის გადაცილებები ფაქტობრივად მოხდა მოპასუხის ბრალეულობის გარეშე, ზოგ შემთხვევში კი სწორედ მოსარჩელის ბრალით, ყველა გადაცილების შემთხვევაში ინფორმირებული იყო მხარე და მოპასუხეს თავისი ქმედებით არანაირი ზიანი მოსარჩელისათვის არ მიუყენებია. პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.15%-ი არის ზედმეტად დიდი რაც ეწინააღმდეგება დღეისათვის ანალოგიურ საქმეებზე არსებულ პრაქტიკას, აღნიშნულიდან გამოდინარე უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს შემცირება გონივრული ოდენობით და უნდა განისაზღვროს 0.05%-ით, ნაცვლად 0.15 პროცენტისა და მისი დააანგარიშება მოხდეს არა მთლიანი ხელშეკრულების ღირებულებიდან არამედ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების თანხიდან, შესაბამისად მოპასუხე თანახმაა პირგასამტეხლოს სახით 2018 წლის 30 იანვრის N15/3-19 ხელშეკრულებიდან გადაიხადოს თითოეულ დღეზე 0.05% არა მთლიანი ხელშეკრულების ღირებულებიდან არამედ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების თანხიდან, 2018 წლის 02 თებერვლის N15/3-39 ხელშეკრულებიდან გადაიხადოს პირგასამტეხლო თითოეულ დღეზე 0.05%-ის ოდენობით არამთლიანი ხელშეკრულების ღირებულებიდან, არამედ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების თანხიდან.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს ''G-------- ჯ------------''-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 02 თებერვლის N15/3-39 ხელშეკრულების გამოდინარე დაეკისრა პირგასამტეხლოს - 1087.07 ლარის გადახდა. (იხ.გადაწყვეტილება)
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ. აპელანტის განმარტებით:
12.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417 -ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ, პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მიუხედავად იმისა, რომ კანონის ეს მოთხოვნები საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მხრიდან იყო დაცული და საქმის განხილვის დროს ეს, მხარეთა ახსნა - განმარტებებით და საქმეზე წარდგენილი წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, სასამართლომ მიიღო დაუსაბუთებელი და კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილება.
12.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დაადასტურა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების პირობებიდან და კანონიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა მოვალეს ეკისრება უპირობოდ, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა, ამიტომ სრულად უნდა დაეკისროს მოთხოვნილი პირგასამტეხლო.
12.3.სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი და მოპასუხეს დააკისრა შეუსაბამოდ დაბალი ოდენობის პირგასამტეხლო. სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, თუმცა, სასამართლოს მიერ აღნიშნული მსჯელობა შეუსაბამოა ფაქტობრივ გარემოებებთან და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, სასამართლომ დაკისრებული საურავი არაკანონიერად ჩათვალა "შეუსაბამოდ მაღალ" პირგასამტეხლოდ და შეამცირა 0.15% - დან 0.06% - მდე, რაც შეუსაბამოდ დაბალი პირგასამტეხლოა.
სამოტივაციო ნაწილი
13. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
14. პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან დაკავშირებით და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, კერძოდ:
14.1.პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის უფლება-მოვალეობები წარმოიშვა 2018 წლის 30 იანვარს დადებული სახელმწიფო შესყიდვების N15/3-19 და 2018 წლის 02 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N15/3-39 ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლებიც აკმაყოფილებდა გარიგების დადების ზოგად პირობებს (სსკ-ის 477-ე მუხლი).
14.2.გამყიდველის ძირითადი მოვალეობა იყო მყიდველისათვის უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთის (საქონლის) მოწოდება ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში, ხოლო საბოლოო ვადად ორივე შემთხვევაში განსაზღვრული იყო 2019 წლის 31 იანვარი (სსკ-ის 487-ე მუხლი). ხოლო, ასევე, ორივე შემთხვევაში ხელშეკრულებების დანართი №1-ით განისაზღვრა, რომ მიწოდება მოხდება შემსყიდველის მოთხოვნის მიხედვით.
14.3.საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 20 თებერვლის წერილი, რომლის თანახმად, სამინისტრო ითხოვს 950 კილოგრამი კაკაოს ფხვნილის მიწოდებას ამავე წლის 26 თებერვლის ჩათვლით და ასევე, ითხოვს აღნიშნულ პროდუქტზე საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის დასკვნისა და მასთან ერთად წარმოშობის ან/და ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატს. აღნიშნული პროდუქციის მიწოდება განხორციელდა ეტაპობრივად, ბოლო მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 13 აპრილს 46 დღის დაგვიანებით (ს.ფ.24-26).
14.4.საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 16 თებერვლის წერილი, რომლის თანახმად, სამინისტრო ითხოვს 800 კილოგრამი ტომატ-პასტის მიწოდებას ამავე წლის 22 თებერვლის ჩათვლით და ასევე, ითხოვს აღნიშნულ პროდუქტზე საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის დასკვნისა და მასთან ერთად წარმოშობის ან/და ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატს. აღნიშნული ტომატ-პასტის მოწოდება განხორციელდა 2018 წლის 02 მარტს, რომელიც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N001562118 დასკვნის საფუძველზე არ შეესაბამებოდა სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ნიმუში უვარგისი იყო მოხმარებისთვის. 2018 წლის 02 თებერვლის N15/3-39 ხელშეკრულების 4.3 და 5.4 მუხლების თანახმად შპს „G-------- ჯ------------“-ს წუნდებული ტომატ-პასტის ამოსაცვლელად განესაზღვრა ვადა 3 სამუშაო დღე (წერილი N669775), ტომატ-პასტის ამოცვლა განხორციელდა მიმდინარე წლის 25 აპრილს, 62 დღის დაგვიანებით (ს.ფ.27-48).
14.5.განსახილველ შემთხვევაში, მხარეები წერილობით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს თაობაზე, კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, პირგასამტეხლო განისაზღვრა თანხის 0.15%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ს.ფ.20 და 29, ხელშეკრულებების 9.3 პუნქტები).
პალატა ვერ გაიზიარებს, აპელანტის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულების პირობებიდან და კანონიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა მოვალეს ეკისრება უპირობოდ, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა, ამიტომ სრულად უნდა დაეკისროს მოთხოვნილი პირგასამტეხლო.
პალატა მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ამასთან, პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ვალდებულების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვანი შესრულება.
პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის.
პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
მართალია, მოცემულ შემთხვევაში, არსებობს ვალდებულების დარღვევა ვადის გადაცილებით, მაგრამ აღნიშნულ დარღვევასთან მიმართებაში ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, კერძოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი პირგასამტეხლოს გამოსაანგარიშებლად - ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 30 იანვრის 15/3-19 ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით - 1805.56 ლარი (დღეში - 39.2512 ლარი). ხოლო, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 02 თებერვლის N15/3-39 ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით - 2717.68 ლარი (დღეში - 43.8336 ლარი).
რაიმე ფორმულა თუ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორ გამოითვალოს სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა დადგენილი არ არის. ფაქტობრივი გარემოება, არის ის, რომ შპს ''G-------- ჯ------------მ'' არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულების პირობები, რამაც გამოიწვია პირგასამტეხლოს დაკისრება. ხოლო, მოცემული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ის რომ მოწინააღმდეგე მხარემ, მიუხედავად ვადის გადაცილებისა მაინც შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამასთან, ზიანი კონკრეტული მატერილური სახით სახეზე არ არის, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება.
განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით დადგენილი დისკრეციით და საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულებებით დადგენილი პირგასამტეხლოს განაკვეთი 0.15%-დან შემცირდა 0.06%-მდე. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა 2018 წლის 30 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N15/3-19 ხელშეკრულებიდან გამომდინარე განისაზღვრა - 722.22 ლარით, ხოლო 2018 წლის 02 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N15/3-19 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1087.07 ლარით, საერთო ჯამში, - 1809.29 ლარის ოდენობით.
პალატა, სრულად იზიარებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მის მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს გამოანგარიშების პროცენტი სრულად შეესაბამება განსახილველ საქმეში არსებულ მოცემულობას - დავის ფაქტობრივ გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან ზიანი რომელიც, მიადგა აპელანტს, სახეზე არ არის, ხოლო ხელშეკრულების დარღვევის საკომპენსაციოდ, რათა მხარემ შემდგომში პირგასამტეხლოს დაკისრების გამო აღარ დაარღვიოს ხელშეკრულების პირობები 1809.07 ლარი არის სრულიად შესაბამისი ოდენობა.
ყოველივე აღნიშულის გათვალისწინებით, პალატა, ასევე, არ ეთანხმება აპელანტის პოზიციას, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი და მოპასუხეს დააკისრა შეუსაბამოდ დაბალი ოდენობის პირგასამტეხლო. აპელანტის მსჯელობა, რომ სასამართლომ დაკისრებული საურავი არაკანონიერად ჩათვალა "შეუსაბამოდ მაღალ" პირგასამტეხლოდ და შეამცირა 0.15% - დან 0.06% - მდე, რაც შეუსაბამოდ დაბალი პირგასამტეხლოა, არ იქნა გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ.
ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება არის დასაბუთებული და კანონიერი, და სააპელაციო საჩივარში მოყვანილი დასაბუთება არ ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს.
15. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნტის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მიხეილ გოგიშვილი