განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.02.2020
საქმის ნომერი
010210016001379359
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210016001379359

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N2/ბ-1050-19 26 თებერვალი 2020 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: თამარ სვანიძე

ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე

 

აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე, მოსარჩელე): შპს ,,ბ----------------“

წარმომადგენელი: გ---–---- კ-–-–---–-

მოწინააღმდეგე მხარე (აპელანტი, მოსარჩელე): შპს ,,ლ----“

წარმომადგენელი: დ----- მ----------

დავის საგანი: კურსთა შორის სხვაობის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის, შპს ,,ბ----------------“-ს მოთხოვნა: პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება, ამ მოთხოვნის ნაწილში მათი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შპს „ლ----“-სთვის, შპს ,,ბ----------------“-ს სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, დამატებით 11836 ლარის გადახდის დაკისრება;

აპელანტის, შპს „ლ----“-ს დაზუსტებული მოთხოვნა: შპს ,,ბ----------------“-ს სასარგებლოდ, შპს „ლ----“-სთვის, კურსთა სხვაობის - 7145,97 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

შპს ,,ბ----------------“-ს სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2015 წლის 27 აგვისტოს, შპს ,,ბ----------------ს" და შპს ,,ლ----ს" შორის დაიდო ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს ,,ლ----ს" უფლება მიეცა შეეძინა მოსარჩელისგან პროდუქცია და ნასყიდობის საფასური გადაეხადა პროდუქციის ყოველი შეძენიდან 60 კალენდარულ დღეში.

2015 წლის 27 აგვისტოს, მხარეებს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნა 2015 წლის 27 აგვისტოს ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი ვალდებულებები და უზრუნველყოფილი ვალდებულების მოცულობა იპოთეკის ხელშეკრულებით განისაზღვრა 75 000 ლარით.

ვინაიდან, მოპასუხემ დაარღვია ვალდებულებები, 2015 წლის 18 ნოემბერს, ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო იძულებითი აღსრულება. აღმასრულებელზე ავანსის სახით მოსარჩელემ გასცა 505 ლარი, ხოლო სააუქციონო მომსახურების მიზნით გადაიხადა 422,66 ლარი, თუმცა აღსრულება შეჩერდა 2016 წლის 29 თებერვალს.

მოპასუხის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობით მოსარჩელემ განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, რამაც 2015 წლის 09 ნოემბრიდან-2016 წლის 09 მაისამდე პერიოდისათვის შეადგინა 7821 ლარი.

ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე, რამაც, 2016 წლის 29 თებერვლიდან-2018 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში, ფაქტობრივი დავალიანების 0,1%-ზე გაანგარიშებით შეადგინა 13775,89 ლარი.

ამავე ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ნასყიდობა განხორციელდებოდა ეროვნულ ვალუტაში და თუ საქონლის შეძენიდან ანგარიშსწორებამდე გაიზრდებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი აშშ დოლარის გასაყიდი კურსი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში, გამყიდველს ენიჭებოდა უფლება მოეთხოვა ანგარიშსწორება გაზრდილი კურსის შესაბამისად, ანუ საქონლის ღირებულებას დაემატებოდა კურსთა შორის არსებული სხვაობის თანხა.

შპს ,,ლ----ს" მიერ ძირი დავალიანების გადახდამდე კურსთა შორის არსებული სხვაობამ შეადგინა 6014,98 ლარი.

ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელეს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შემდეგი ოდენობით თანხები:

1. ძირი დავალიანებაა 17,33 ლარი;

2. პირგასამტეხლო-13775,80 ლარი;

3. ძირი თანხის 17,33 ლარის გადახდამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო 17,33 ლარის 0,1%;

4. ვალუტის კურსის სხვაობის სახით-6014,98 ლარი;

5. მიუღებელი შემოსავლის სახით-7821 ლარი;

6. აღსრულების ხარჯი - 927,66 ლარის ოდენობით;

მოსარჩელემ იმავდროულად მოითხოვა, შპს ,,ლ----ზე" დაკისრებული თანხების ამოღების მიზნით, ვ------- ც--–----, თ---------- ც--–---- და მ---- ც--–---- საკუთრებაში რეგისტრირებული იპოთეკის საგნის რეალიზაცია (იპოთეკის საგანი: უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ბათუმი, დ------------------------------------).

 

შპს ,,ბ----------------“-ს სარჩელზე მოპასუხის პოზიცია: მოპასუხეებმა - ვ------- ც--–----, თ---------- ც--–----, მ---- ც--–----, შპს ,,ლ----მ“ სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ შპს ,,ლ----ს“ ვალდებულებები სრულად აქვს შესრულებული. ამასთან, მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით, რაიმე სახის ზიანს ვერ ასაბუთებდა.

გარდა ამისა, დაუსაბუთებელი იყო მოთხოვნა კურსთა სხვაობის გამო თანხის დაკისრებაზე, რადგან მოსარჩელეს არ ჰქონდა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები კონკრეტულად რა საქონელზე და როდის წარმოიშვა ფასთა შორის სხვაობა კურსის ცვალებადობის გამო.

მოპასუხე შპს ,,ლ----ს" წარმომადგენელმა დამატებით მიუთითა, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 0,1% შეუსაბამოდ მაღალი იყო და არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მის გონივრულ ოდენობას 0,07% წარმოადგენდა.

 

შპს ,,ლ----ს“ სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2015 წლის 27 აგვისტოს, შპს ,,ბ----------------ს" და შპს ,,ლ----ს" შორის დაიდო ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად, ამავე დღეს იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ბათუმი, დ------------------------------------.

ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,ლ----მ" შეიძინა 48885,90 ლარის საქონელი, რომლის საფასურის ნაწილი 2500 ლარი გადაიხადა.

2015 წლის 18 ნოემბერს, ნოტარიუს ხ------- კ--–--------–---–- მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც ძირითადი დავალიანება ნაცვლად 48885,90 ლარისა დაფიქსირდა 50431,45 ლარი, ასევე არ იყო ჩათვლილი მის მიერ გადახდილი 2500 ლარი.

აღსრულების მიმდინარეობისას, შპს ,,ლ----მ" ასევე გადაიხადა 8700 ლარი.

უკვე განხორციელებული გადახდების გათვალისწინებით, შპს ,,ლ----მ" მოითხოვა, ნოტარიუს ხ------- კ--–--------–---–-- მიერ, 2015 წლის 18 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კერძოდ, ნაცვლად 50431,45 ლარისა, სააღსრულებო ფურცელში დავალიანების ოდენობად 46385,90 ლარის განსაზღვრა.

 

შპს ,,ლ----ს" სარჩელზე მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე შპს ,,ბ----------------მ" სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული გენერალური ნასყიდობის ხელშეკრულების ლიმიტი განისაზღვრა 50000 ლარით. ამ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზეც და კურსთა შორის სხვაობის თანხის გადახდაზეც.

ვინაიდან, შპს ,,ლ----მ" არ გადაიხადა დავალიანება, შპს ,,ბ----------------მ" მიმართა ნოტარიუსს, რომელმაც 2015 წლის 18 ნოემბერს გასცა სააღსრულებო ფურცელი 50431,45 ლარზე, რაც სრულ შესაბამისობაშია ხელშეკრულებასთან და გამორიცხავდა შპს ,,ლ----ს" სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. შპს ,,ბ----------------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. დაეკისროს, მოპასუხე შპს ,,ლ----“-ს მოსარჩელის, შპს ,,ბ----------------“-ს სასარგებლოდ (ნასყიდობის საფასურის დარჩენილი დავალიანება) 17,33 ლარის გადახდა; 3. დაეკისროს, მოპასუხე შპს ,,ლ----“-ს მოსარჩელის, შპს ,,ბ----------------“-ს სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით 1940,335 ლარის გადახდა. 4. დაეკისროს, მოპასუხე შპს ,,ლ----“-ს მოსარჩელის, შპს ,,ბ----------------“-ს სასარგებლოდ, არსებული დავალიანების - 17,33 ლარის 0,05%-ის პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის, 2017 წლის 03 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 5. დაეკისროს, მოპასუხე ,,ლ----“-ს მოსარჩელის, შპს ,,ბ----------------“-ს სასარგებლოდ 7145,97 ლარის გადახდა (კურსთა სხვაობა); 6. შპს ,,ბ-------------------“-ს სარჩელზე დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვას; 7. შპს ,,ბ----------------“-ს სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს მის მიერ, სარჩელზე, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (1681 ლარი) 793 ლარი (იხ. საგადასახადო დავალება №1463122644, 13/05/2016წ., გადამხდელი შპს ,,ბ----------------“, ს/კ 2--------, გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი", მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300693150, TRESGE22); 8. დაეკისროს, მოპასუხე ,,ლ----“-ს მოსარჩელის, შპს ,,ბ----------------“-ს სასარგებლოდ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 177, 77 ლარის ანაზღაურება. 710,23 ლარი მოსარჩელეს ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად; 9. მოსარჩელე შპს ,,ბ----------------“-ს სასარგებლოდ, მოპასუხე შპს ,,ლ----“-ზე დაკისრებული თანხების ამოღების მიზნით, განხორციელდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია (იპოთეკის საგანი: უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ბათუმი, დ------------------------------------); 10. შპს ,,ლ----“-ს სარჩელი სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს; 11. საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა (საქმე №55-უზრ/2016) გაუქმდეს. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებულ ნაწილში დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2015 წლის 27 აგვისტოს, შპს ,,ბ----------------ს" და შპს ,,ლ----ს" შორის დაიდო ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შპს ,,ლ----ს" უფლება მიეცა შეეძინა მოსარჩელისგან პროდუქცია და ნასყიდობის საფასური გადაეხადა პროდუქციის ყოველი შეძენიდან 60 კალენდარულ დღეში. ნასყიდობის საფასურის ლიმიტი განისაზღვრა 50000 ლარით. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე-გადასახდელი თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ასევე კურსთა შორის სხვაობის თანხის გადახდაზე. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 27 აგვისტოს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ვ------- ც--–----, თ---------- ც--–----, მ---- ც--–---- თანასაკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ბათუმი, დ------------------------------------. იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 75000 ლარით. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნოტარიუსი უფლებამოსილი იყო გაეცა სააღსრულებო ფურცელი. 2.2. მხარეები არ დავობდნენ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ლ----მ" შეიძინა 48885,90 ლარის საქონელი, საიდანაც 2017 წლის 03 თებერვალს, უშუალოდ მოსარჩელეს გადაუხადა 40500 ლარი, ხოლო 8285,71 ლარის ჩარიცხვა განხორციელდა აღმასრულებლის მეშვეობით. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს ,,ლ----ს" დავალიანება შეადგენდა 17,33 ლარს. 2.3. კურსთა შორის დაანგარიშების ცხრილის თანახმად, ნასყიდობის განხორციელებიდან, კერძოდ საქონლის მიწოდებიდან 60 დღის შემდეგ, (მოთხოვნის უფლების წარმოშობის დრო) ნასყიდობის ფულადი ერთეულის (48885,90 ლარი) მიმართება აშშ დოლართან შეიცვალა და კურსთა შორის სხვაობამ შეადგინა 7145,97 ლარი. გასაჩივრებულ ნაწილში დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა 50-ე, 316-ე, 317-ე, 19-ე, 327-ე, 361-ე, 389-ე, 411-412-ე, 417-418-ე, 420-ე, 477-ე მუხლებზე და განმარტა: სადავოს არ წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ შპს ,,ლ----მ", შპს ,,ბ----------------სგან“ შეიძინა 48885,90 ლარის საქონელი. ასევე უდავო იყო, რომ მოპასუხემ არ გადაიხადა ნასყიდობის საფასური 60 დღეში, რითაც დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და რაც გახდა საფუძველი ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემისა. 2.5. კურსთა შორის სხვაობის-7145,97 ლარის შპს ,,ლ----“-სთვის დაკისრების თაობაზე შპს ,,ბ----------------“-ს მოთხოვნაზე სასამართლომ განმარტა: ვინაიდან, ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ კურსთა შორის სხვაობის თანხის გადახდაზე, ამასთან მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ კურსთა შორის სხვაობის გამო მას მიადგა ზიანი 7145,97 ლარის ოდენობით, რის დასამტკიცებლად წარმოადგინა კურსთა შორის დაანგარიშების ცხრილი, მოპასუხემ კი საწინააღმდეგო მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანად ჩაითვალა და დაკმაყოფილდა. 2.6. პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნაზე სასამართლომ მიუთითა: გენერალური ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, რომლის ოდენობა განისაზღვრა გადასახდელი თანხის 0,1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით, სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისათვის შეადგინა 13775,80 ლარი. სასამართლომ მიიჩნია სარჩელით მოთხოვნილი 0,1%-ის ოდენობით პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო, რაც შეამცირა 0,05%-მდე, რომლის შესაბამისადაც, შპს ,,ლ----“-ს დაეკისრა 1940,335 ლარის გადახდა. გარდა ამისა, მასვე დაეკისრა არსებული დავალიანების - 17,33 ლარის 0,05%-ის პირგასამტეხლოს გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, 2017 წლის 03 თებერვლიდან -გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები შპს ,,ბ----------------ს“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს, ნაცვლად 13775.80 ლარისა, დაეკისრა 1940.335 ლარის გადახდა. ამრიგად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით რადიკალურად შემცირებულმა პირგასამტეხლომ დაკარგა თავისი ფუნქცია. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებით, მოვალის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, განისაზღვრა პირგასამტეხლო- ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ფაქტობრივად არსებული დავალიანების 0.1% სრულ დაფარვამდე. ამდენად, ხელშეკრულებაში არსებული ჩანაწერის შესაბამისად, ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის, სარჩელით მოთხოვნილი 13775.80 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება მართლზომიერია. შპს ,,ლ----ს“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.2. კრედიტორის მოთხოვნა კურსთა სხვაობის შესახებ აბსურდულია. მხარეთა შორის ხელშეკრულება დადებულია საქართველოში, ნასყიდობის ფასი განსაზღვრულია ეროვნულ ვალუტაში, ამავე ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნა ცდება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნებს, რაც სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.1. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.2 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს 27.08.2015წ. გენერალური ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან. სააპელაციო საჩივრების ფარგლებში სადავოა პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრული შესაბამისობა, ასევე კურსთა შორის სხვაობის დაკისრება. კერძოდ, შპს ,,ბ----------------“-ს პრეტენზია მიმართულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ მსჯელობის წინააღმდეგ, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველდღიური პირგასამტეხლო 0,1%-ის ოდენობით არაგონივრული იყო, რაც სასამართლომ 0,05%-მდე შეამცირა. შპს ,,ლ----ს“ სააპელაციო საჩივრით სადავოა კურსთა შორის სხვაობის - 7 145,97 ლარის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა. 4.2. პალატა არ იზიარებს აპელანტის, შპს ,,ბ----------------“-ს მოსაზრებას პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე და აღნიშნავს: მართალია, სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლებიდან გამომდინარე, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალემ გადაიხადოს პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, თუმცა, ამავე კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს. 4.3. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო 2015 წლის 27 აგვისტოს, რომლის მიხედვითაც შპს ,,ლ----ს“ დავალიანების თანხა უნდა გადაეხადა 60 დღის ვადაში-2015 წლის 27 ოქტომბრამდე, თუმცა ვადის დასრულების დროისათვის ვალი გასტუმრებული არ ყოფილა. კრედიტორმა ვალდებულების იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცელი აიღო 2015 წლის 18 ნოემბერს. კერძო აღმასრულებლის წინადადებით ირკვევა, რომ 2015 წლის 25 დეკემბერს უკვე მიმდინარეობდა იძულებითი აღსრულება (ს.ფ.215). „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან წყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა. ვინაიდან, შპს ,,ლ----მ" 40500 ლარი სააღსრულებო წარმოების პერიოდში უშუალოდ მოსარჩელეს გადაუხადა, ხოლო 8285,71 ლარი ჩარიცხა აღმასრულებლის მეშვეობით და 2017 წლის 03 თებერვლის მდგომარეობით გადასახდელი დარჩა, მხოლოდ 17,33 ლარი, პალატას მიაჩნია, რომ 40517 ლარის 0,1%-ზე გაანგარიშებით 13775,80 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება, სამოქალაქო კოდექსის 115-ე და 420-ე მუხლებიდან გამომდინარე არაგონივრული და არასწორია. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემცირდა და განისაზღვრა გადაუხდელი თანხის-17,33 ლარის 0,05%-მდე გონივრული და სამართლიანია, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას. 4.4. რაც შეეხება შპს ,,ლ----ს“ მოთხოვნას კურსთა სხვაობის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სააპელაციო პალატა მიუთითებს შემდეგს: განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.1. მუხლით, ნასყიდობის ფასი განისაზღვრა ეროვნულ ვალუტაში - ლარებში, რაც უნდა გადაეხადა მყიდველს გამყიდველისათვის ყოველი პარტიის შეძენიდან არაუგვიანეს 2 თვისა. სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის თანახმად, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის. ფულის კურსზე საუბრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არა ეროვნული ვალუტის მიმართება უცხო ქვეყნის ვალუტასთან, არამედ კონკრეტული ფულის ერთეულის, როგორც საგადამხდელო საშუალების მსყიდველობითუნარიანობა. მაშასადამე, სსკ-ის 389-ე მუხლი პირობითად შეიძლება დაყოფილი იქნეს ორ ნაწილად: პირველი შემთხვევად შეიძლება განისაზღვროს ფულის მსყიდველობითუნარიანობის შეცვლა ვალდებულების წარმოშობის დროიდან მისი შესრულების მომენტამდე, ხოლო მეორე შემთხვევად – ვალუტის შეცვლა ანუ ძველი ფულადი ერთეულის ახალი ფულადი ერთეულით შეცვლა. აღნიშნული ნორმის მიზანია საბაზრო ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ნორმის (სკ-ის 389-ე მუხლი) განმარტება, როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე ლოგიკური და შინაარსობრივი თვალსაზრისით, სწორედ აღნიშნული მიზნის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ნორმის სწორი ინტერპრეტაციისათვის კი დადგენილი უნდა იქნეს ნორმაში გამოყენებულ ტერმინთა ზუსტი მნიშვნელობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამართლის თეორიისა და სასამართლო პრაქტიკის ურთიერთშეუსაბამობა. 4.5. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ნომინალი“ გულისხმობს ფულზე აღნიშნული ფულადი ერთეულის რაოდენობას (10 ლარი, 50 ლარი და ა.შ.). „ნომინალიზმის პრინციპის“ მიხედვით, ვალდებულების საგანი ფულადი ერთეულების რაოდენობაა და არა ფულის მსყიდველობაუნარიანობა. მოვალე ვალდებულია ვალი დააბრუნოს ფულადი ნიშნების იმავე რაოდენობით (ნომინალით), რომელიც ვალდებულების წარმოშობის დროს შეესაბამებოდა. კანონმდებლობაში ასახული ეს პრინციპი, ვალის გადახდისას ყურადღებას უთმობს არა გადასახდელი ნომინალის მსყიდველობაუნარიანობას, არამედ თავად ნომინალს და ფულადი ნიშნების რაოდენობას. თუ ვალდებულების საგანია ფულადი ერთეულის ესა თუ ის რაოდენობა და არა ამ ერთეულთა მსყიდველობითუნარიანობა, ვალიც ამ ერთეულით უნდა დაბრუნდეს. ფულის მსყიდველობითუნარიანი ცვალებადობა არ ცვლის ვალის თანხას და არ წარმოადგენს გადასახდელი თანხის გადაფასების საფუძველს. აღნიშნული ცვლილების მიუხედავად, ფულის მსყიდველობითიუნარიანობა ნომინალის მიხედვით განისაზღვრება. 4.6. უნდა აღინიშნოს, რომ 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს დენომინაციას, ანუ ფულის ერთეულის (კურსის) გაზრდას ან შემცირებას, ასევე ვალუტის შეცვლას და ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაციას. მითითებული ნორმის ფუნქციური დანიშნულება მდგომარეობს შემდეგში: იგი გამოიყენება მაშინ, როდესაც სახელმწიფო ფულის ნომინალს ცვლის ან კიდევ მაშინ, როდესაც ადგილი აქვს ჰიპერინფლაციას (ძალიან მაღალი ინფლაცია, რომელიც ხშირად განისაზღვრება, როგორც ინფლაცია, რომლის ყოველთვიური დონე, დროის ხანგრძლივი მონაკვეთის განმავლობაში აღემატება 50 პროცენტს). სასამართლო პრაქტიკამ აღნიშნული შედეგების მოწესრიგება იმ სამართლებრივ შედეგს დაუკავშირა, რაც ნორმის სიტყვა-სიტყვითი განმარტებიდან მომდინარეობს, კერძოდ, ანგარიშსწორების განხორციელება ფულის მსყიდველობაუნარიანობის გათვალისწინებით, ანუ იმ კურსით, რომელსაც ვალდებულების წარმოშობის დროს ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, თუ სახელმწიფოს მიერ ნომინალის შეცვლას ან ჰიპერინფლაციას არ ექნება ადგილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის გამოყენება დაუშვებელია (იხ. სუსგ საქმეზე N ას-1298-2018, 22/03/2019). 4.7. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,ბ----------------ს“ სასარჩელო მოთხოვნა დოლართან მიმართებაში ლარის კურსის სხვაობის ანაზღაურების თაობაზე განხილული უნდა იქნეს სწორედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის ფარგლებში. იმის გათვალისწინებით, რომ 2015 წლის ოქტომბრიდან ადგილი არ ჰქონია არც სახელმწიფო ფულის ნომინალის ცვლას და არც ჰიპერინფლაციას, გამორიცხავს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის გამოყენებით შპს ,,ბ----------------ს“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. შესაბამისად, შპს ,,ლ----"-ს სააპელაციო მოთხოვნა კურსთა შორის სხვაობის-7145,97 ლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისა და აღნიშნული სასრჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს. 4.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა ნაწილობრივ არასწორი შეფასება მისცა საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც კურსთა შორის სხვაობის დაკისრების ნაწილში შპს ,,ბ----------------ს“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ შპს ,,ბ----------------“-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს „ლ----“-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება შპს ,,ბ----------------“-ს სასარგებლოდ, შპს „ლ----“-სათვის, კურსთა შორის სხვაობის - 7145,97 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს ,,ბ----------------“-ს სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, დაკმაყოფილდა შპს ,,ლ----ს“ სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, შპს ,,ბ----------------“-ს, შპს „ლ----“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 286 ლარის ანაზღაურება; ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა შპს ,,ბ----------------“-ს სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის მის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-474 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ბ----------------“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „ლ----“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება შპს ,,ბ----------------“-ს სასარგებლოდ, შპს „ლ----“-სთვის, კურსთა სხვაობის- 7145,97 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს ,,ბ----------------“-ს სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

4. შპს ,,ბ----------------“-ს, შპს „ლ----“-ს სასარგებლოდ დაეკისროს, სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-286 ლარის ანაზღაურება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: თამარ სვანიძე

ლაურა მიქავა