განაჩენი

სისხლის სამართლის 13.03.2020
საქმის ნომერი
120100120003393738
ინსტანცია
თარიღი
13.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100120003393738

საქმე №1ბ/314-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 მარტი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე: ხვიჩა კიკილაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------– კ------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების N020231119004) – ვ------- ჯ----–---–ის (საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 27.03.1--- წელს, პ/ნ 1----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბორჯომი, ს------- ქუჩა N2) მიმართ დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის განაჩენით:

 

ვ------- ჯ----–---–ი (პ/ნ 1----------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ვ------- ჯ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 24 ნოემბრიდან 2019 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით.

 

მხარეთა პოზიცია:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------– კ------ემ, აპელანტმა ითხოვა ვ------- ჯ----–---–ის მიმართ სასჯელის დამძიმება.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ განაჩენი არის უკანონო სასჯელის ნაწილში. აპელანტი მიუთითებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებისთვის მომეტებულად საშიშ ხასიათზე და იმაზე, რომ მსჯავრდებული ვ------- ჯ----–---–ი პატივს არ სცემს საზოგადოებაში დამკვიდრებული ქცევის წესების დაცვას და მისი ქმედებები საზოგადოების წევრებისთვის საფრთხის შემცველია. ამასთან პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა დაზარალებული მდგომარეობა. აპელანტის პოზიციით მსჯავრდებულ ვ------- ჯ----–---–ის მიმართ კანონით გათვალისწინებული მსუბუქი სახის სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელიდ მიზნების განხორციელაბს, ფაქტობრივად დაუსჯელობის განცდას გააჩენს შესაბამისად მას უნდა დაენიშნოს სამართლიანი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ვ------- ჯ----–---–მა ჩაიდინა ყოფილი მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ვ------- ჯ----–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს მ--- გ---–--–--ლს სატელეფონო კომუნიკაციის გამოყენებით დაემუქრა, რომ დანის გამოყენებით ყელს გამოჭრიდა, რის შედეგადაც დაზარალბულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------– კ------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ ვ------- ჯ----–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ ვ------- ჯ----–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

პალატა, აანალიზებს რა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს - დაზარალებულ მ--- გ---–--–--ლის გამოკითხვის ოქმს, ბრალდებულ ვ------- ჯ----–---–ის გამოკითხვის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, მოწმეთა ო----–-- გ---–--–--ლისა და გ------- შ-----–-–---–-- გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას და მიიჩნევს, რომ ბრალდების მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ვ------- ჯ----–---–ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების, კერძოდ, კი მის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით დასტურდება ის გარემოება, რომ 2019 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ვ------- ჯ----–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს მ--- გ---–--–--ლს სატელეფონო კომუნიკაციის გამოყენებით დაემუქრა, რომ დანის გამოყენებით ყელს გამოჭრიდა, რის შედეგადაც დაზარალბულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა დაფუძნებულია არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. ის ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. ბ) შედეგში შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი. სუბიექტური მხრივ მუქარის მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. კვალიფიკაციისათვის ასევე არა აქვს მნიშვნელობა დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. დამნაშავეს შეიძლება არც ჰქონდეს მიზნად თუნდაც სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის მხოლოდ დაშინება.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ------- ჯ----–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ვ------- ჯ----–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ვ------- ჯ----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და ქმედების მონანიება.

 

ვ------- ჯ----–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი. სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტებს სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა აღიარება და მონანიება, გამოძიებასთან თანამშრომლობა და მტკიცებულებათა უდაოდ ცნობა, რითაც ხელი შეეწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ასევე ვ------- ჯ----–---–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად გათვალისწინებულია ის გარემოებაც, რომ დაზარალებული ითხოვდა ვ------- ჯ----–---–ის მიმართ კანონის გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულ ვ------- ჯ----–---–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედებების არა პროპორციულია და სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის შემთხვევაში მსჯავრდებული შეძლებს გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატას აუცილებლად არ მიაჩნია ისეთი სასჯელის გამოყენება, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების რეალურ აღკვეთასთან.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც არ იყო ცნობილი სასჯელის განსაზღვრისას.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------– კ------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------– კ------ისსააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის განაჩენი ვ------- ჯ----–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი:

 

ვ------- ჯ----–---–ი (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ვ------- ჯ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 24 ნოემბრიდან 2019 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით.

 

პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

გაუქმდეს ვ------- ჯ----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო. გირაოს შემტანს ი----------------–---–ს (პ/ნ 1----------) განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აჯარო სამართლის იურიდიულ პირის, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე: სს „საქართველოს ბანკი“ ბანკის კოდი BAGAHE22; მიმღები ანგარიშის ნომერი GE27LBG0000000999999999-ზე 2019 წლის 25 ნოემბერს შეტანილი თანხა 4 000 ლარი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ხვიჩა კიკილაშვილი