განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.01.2020
საქმის ნომერი
330310019002864595
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
15.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330310019002864595

საქმე N3ბ/2639-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - დავით ახალბედაშვილი

მოსამართლეები - ხატია არდაზიშვილი

გია ბერაია

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ე-----------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი - შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი“

 

მესამე პირი - შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

წარმომადგენელი - ნ----------–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილება.

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შპს ,,აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი - შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 იანვრის N04/3262 გადაწყვეტილება;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 23 აგვისტოს მიღებული იქნა ბრძანება N23234, რომლის თანახმად, დადგინდა შპს ,,აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის - შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (კერძოდ, C ჰეპატიტის პროგრამით განსაზღვრული სამკურნალო მედიკამენტების) შერჩევითი ინვენტარიზაციის ჩატარება. ამავე ბრძანების მე-3 პუნქტის მიხედვით, შერჩევითი ინვენტარიზაციის ჩატარების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 23 აგვისტოდან 2018 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით.

 

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 24 სექტემბრის N26638 ბრძანებით ცვლილება შევიდა შპს ,,აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის - შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ ,,შერჩევითი ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ“ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 23 აგვისტოს N23234 ბრძანებაში და ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ვადა განისაზღვროს 2018 წლის 23 აგვისტოდან 2018 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით“ (ს.ფ. 14-15);

 

შპს ,,აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის - შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (კერძოდ, C ჰეპატიტის პროგრამით განსაზღვრული სამკურნალო მედიკამენტების) ინვენტარიზაცია ჩატარდა 2018 წლის 30 აგვისტოს.

 

ინვენტარიზაციის შედეგებზე, 2018 წლის 11 ოქტომბერს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგენილი იქნა ოქმი გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების, საგადასახადო კონტროლის პროცედურების სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შერჩევითი ინვენტარიზაციის შესახებ. ოქმში მიეთითა, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 23 აგვისტოს N23234 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის და ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება N994-ის შესაბამისად, ჩატარდა შპს ,,აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის - შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (კერძოდ, C ჰეპატიტის პროგრამით განსაზღვრული სამკურნალო მედიკამენტების) შერჩევითი ინვენტარიზაცია. საზოგადოების წარმომადგენელმა წარმოადგინა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ბუღალტრული ნაშთი 2018 წლის 23 აგვისტოს მდგომარეობით, თვითღირებულებით 0 ლარი, ოქმის დანართი N224 (სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული შერჩევითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ). ასევე, მიეთითა, რომ საზოგადოებას ფაქტიური მდგომარეობით C ჰეპატიტის პროგრამით განსაზღვრული სამკურნალო მედიკამენტები არ გააჩნია, რაზეც შევსებული იქნა ოქმის დანართი N221 (აღრიცხა ფაქტობრივი მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები). ვინაიდან ბუღალტრული და ფაქტიური მონაცემები იყო ნული, შესაბამისად, შედგენილი იქნა შედეგების შესახებ დანართი N225 (გამოავლინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები). 2018 წლის 11 ოქტომბრის ოქმში ასევე აღინიშნა, რომ შპს ,,აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის - შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლების განმარტებით, საზოგადოების საქმიანობის სახეს წარმოადგენს სამედიცინო საქმიანობა, მათ შორის C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურება და C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებების შენახვა-გაცემა. მისივე განმარტებით, საზოგადოების ცენტრალურ ოფისში - ქ. თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთი/თევდორე მღვდლის ქ. 13-ში ინახება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მონაწილე პაციენტებისთვის გამოყოფილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკუთრებაში არსებული მედიკამენტები, რაზეც შევსებულ იქნა ოქმის დანართი N221 (აღრიცხვა ფაქტობრივი მდგომარეობით სხვის საკუთრებაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები) (ს.ფ. 16);

 

2018 წლის 11 ოქტომბერს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ ასევე შედგენილი იქნა ოქმი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შერჩევითი ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ. ოქმში მიეთითა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 29 აგვისტოს N23644 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (კერძოდ, C ჰეპატიტის პროგრამით განსაზღვრული სამკურნალო მედიკამენტების) შერჩევითი ინვენტარიზაცია ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების შესაბამისად. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სოციალური და ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვა. მათ შორისაა ,,C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს დიაგნოსტიკის კომპონენტს, მკურნალობის კომპონენტს და ფარმაცევტული პროდუქტის ლოჯისტიკის დიაგნოსტიკის კომპონენტს. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპონენტის განხორციელება ხდება პროგრამის მიმწოდებლების მეშვეობით. ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისთვის პროგრამაში ჩართული იყო 29 სამედიცინო დაწესებულება და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. ასევე სააგენტოს მედიკამენტები შესანახად მიბარებულია 2 საწყობში.

 

ოქმში ასევე მიეთითა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ წარმოადგინა სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული შერჩევითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული ნაშთი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული დანართი N221 შესაბამისად, თანხით 650674191.1 ლარის ოდენობით, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტების ჯამური რაოდენობა შეადგენს 1638074 ტაბლეტს. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სმფ-ების (მედიკამენტების) დანაკლისი, ჯამური რაოდენობით 2542.5 ტაბლეტი, ღირებულებით 88983.55 ლარის ოდენობით. ასევე გამოვლინდა სხვადასხვა დასახელების სმფ-ების (მედიკამენტების) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხავი სმფ-ები, ჯამური რაოდენობით 54502 ტაბლეტი, თანხით 5741356.55 ლარის (მათ შორის, 80 ტაბლეტი სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი, თანხით 6631.93 ლარის, ბუღალტრულად არ იყო აღრიცხული. 16 ტაბლეტი მედიკამენტი, თანხით 1893.71 ლარის ე.წ. DOT პრინციპის მედიკამენტი, რომელიც პროგრამულად ჩამოწერილია და 54406 ტაბლეტი სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი, ღირებულებით 5732830.91 ლარი, რომელიც წარმოადგენს პაციენტების მიერ უკან დაბრუნებულ მედიკამენტს და არ იყო აღრიცხული ბუღალტრულად). აღნიშნულ სხვაობებზე შედგენილი იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული დანართი N225 (მიმწოდებელი დაწესებულებების და საწყობების მიხედვით დანაკლისის და აღურიცხავი მედიკამენტების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია ცხრილის სახით).

 

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული აღრიცხვისა და ფაქტიური აღრიცხვის მონაცემების შედარების შესახებ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შედგენილი ცხრილის თანახმად, შპს ,,აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრ - შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში“ სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მედიკამენტ ,,რიბავირინის“ ნაშთი შეადგენდა 4236 ტაბლეტს, ღირებულებით 692.76 ლარი, ხოლო ფაქტობრივად სახეზე იყო 2466 ტაბლეტი, ღირებულებით 403.29 ლარი. შესაბამისად, სხვაობამ შეადგინა 1770 ტაბლეტი, ღირებულებით 289.47 ლარი. ასევე, ამავე ინსტიტუტში მედიკამენტ ,,ჰარვონის“ ნაშთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით შეადგენდა 1288 ტაბლეტს, ღირებულებით 152444.0 ლარი, ხოლო ფაქტობრივად სახეზე იყო 616 ტაბლეტი, ღირებულებით, 72908.0 ლარი. ამდენად, სხვაობამ შეადგინა 672 ტაბლეტი, ღირებულებით 79536 ლარი (ს.ფ. 71-76, 135);

 

2019 წლის 25 იანვარს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება N04/3262, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შესახებ ინფორმაციის განხილვის შედეგად, ,,C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის N169 დადგენილების დანართი N1-ის (სერვისის მიწოდების პირობები) მე-2 პუნქტის 2.4 ქვეპუნქტის და N5 დანართის (პაციენტზე მედიკამენტების გაცემის წესი/პირობები) მე-8 პუნქტის მოთხოვნების დარღვევის გამო, ამავე დადგენილების მე-5 დანართის (პაციენტზე მედიკამენტების გაცემის წესი/პირობები) მე-10 პუნქტის საფუძველზე, შპს ,,აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი - შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტს“ დაეკისრა ჯარიმა 79536 ლარის ოდენობით (ს.ფ. 47).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის ინვენტარიზაციის დროს მედიკამენტების - ,,რიბავირინისა“ და ,,ჰარვონის“ ელექტრონულ მონაცემებსა და ფაქტობრივად არსებულ ნაშთს შორის სხვაობის ფაქტს, თუმცა აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული სხვაობა განპირობებული იყო ელექტრონული მონაცემების უზუსტობით და რეალურად, დანაკლისს ადგილი არ ჰქონია. ამასთან, მიუთითებს, რომ ინსტიტუტის მიერ აღნიშნული სხვაობა ელექტრონულ პროგრამაში გასწორებული იქნა 2018 წლის 1 ოქტომბერს, შესაბამისად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ არ არსებობდა მედიკამენტების დანაკლისის გამო შპს ,,აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი - შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ დაჯარიმების საფუძველი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შპს ,,აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი - შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ ინვენტარიზაცია შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული იქნა 2018 წლის 30 აგვისტოს, ხოლო ინვენტარიზაციის საბოლოო შედეგები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიეწოდა 2018 წლის 11 ოქტომბერს. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია და მოპასუხე მხარეც სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ ელექტრონული პროგრამის მონაცემები გასწორებული იქნა 2018 წლის 1 ოქტომბერს, რის შედეგადაც ფაქტიური და ბუღალტრული ნაშთები თანხვედრაში იქნა მოყვანილი, შესაბამისად, ფაქტობრივად მედიკამენტების დანაკლისი აღარ არსებობდა, თუმცა 2019 წლის 25 იანვარს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ,,C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის N169 დადგენილების დანართი N1-ის (სერვისის მიწოდების პირობები) მე-2 პუნქტის 2.4 ქვეპუნქტის და N5 დანართის (პაციენტზე მედიკამენტების გაცემის წესი/პირობები) მე-8 პუნქტის მოთხოვნების დარღვევის გამო, ამავე დადგენილების მე-5 დანართის (პაციენტზე მედიკამენტების გაცემის წესი/პირობები) მე-10 პუნქტის საფუძველზე, შპს ,,აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი - შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის“ დაჯარიმების შესახებ. ამდენად, სადავო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც უკვე აღარ არსებობდა სხვაობა მედიკამენტების ფაქტობრივად არსებულ და დოკუმენტურად აღრიცხულ ოდენობებს შორის, შესაბამისად, აღარ არსებობდა მედიკამენტების დანაკლისი/დანაკარგი, თუმცა შპს ,,აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი - შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისთვის“ საჯარიმო სანქციის დაკისრება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელდა სწორედ მედიკამენტების დანაკლისის/დანაკარგის გამო, ასეთი მედიკამენტების ოდენობის გათვალისწინებით, მათი საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე. აღნიშნულთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტება იმის თაობაზე, რომ შპს ,,აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი - შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ დაჯარიმება სააგენტოს მიერ განხორციელდა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულების მიერ ელექტრონულ პროგრამაში მონაცემების ასახვის ვალდებულების დარღვევის გამო, ვინაიდან 2019 წლის 25 იანვრის N04/3262 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს საჯარიმო სანქცია დაკისრებული აქვს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის N169 დადგენილების მე-5 დანართის (პაციენტზე მედიკამენტების გაცემის წესი/პირობები) მე-10 პუნქტის საფუძველზე. აღნიშნული პუნქტი კი ითვალისწინებს მომსახურების მიმწოდებლისთვის პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტის ნებისმიერი ოდენობის დანაკარგის აღმოჩენისას ან არაპროგრამულ ბენეფიციარზე გაცემის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციის დაკისრებას „დაკარგული/ნაკლული“ მედიკამენტის საბაზრო ღირებულების ოდენობით.

 

სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის 169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტო“ პროგრამით გაწერილ სხვა ვალდებულებებთან ერთად, ახორციელებს - ჰეპატიტით დაავადებულ პირთა C ჰეპატიტის სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფას. ამ მიზნით, მედიკამენტები მთელი საქართველოს მასშტაბით მიეწოდება პროგრამის მიმწოდებლებს.

 

2018 წლის 6 აგვისტოდან საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიით დასახული მიზნების მისაღწევად, სხვა დაგეგმილ აქტივობებთან ერთად, განხორციელდა პროგრამის დეცენტრალიზაცია (დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ღონისძიებების გავრცელება ქვეყნის მასშტაბით), რომლის პარალელურად ამოქმედდა C ჰეპატიტის მკურნალობის ახალი, გაძლიერებული, ერთიანი ელექტრონული სისტემა - ლიმინატიონ C. აღნიშნულ სისტემაში მიმდინარეობს პროგრამის ბენეფიციართა შესახებ მონაცემების ატვირთვა (რეგისტრაცია, დიაგნოსტიკური კვლევების შედეგები, ჯანმრთელობის ცნობა, მკურნალობის რეჟიმი და კურსის ხანგძლივობა, „პროგრამის მკურნალობის კომპონენტში პაციენტთა ჩართვის უფლების განმსაზღვრელი კომისიის“ მიღებული გადაწყვეტილება). ამავდროულად, ელექტრონულ პროგრამაში უწყვეტ რეჟიმში აისახება ინფორმაცია სააგენტოს ბალანსზე არსებული მედიკამენტების მარაგების და ხარჯვის შესახებ, საწყობებისა და პროგრამის მიმწოდებლების მიხედვით.

 

2018 წლის 29 აგვისტოს სააგენტოში მიღებულ იქნა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანება, რომლის თანახმად, 2018 წლის 29 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით, ჩატარდებოდა სააგენტოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (კერძოდ, C ჰეპატიტის პროგრამით განსაზღვრული სამკურნალო მედიკამენტების) შერჩევითი ინვენტარიზაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცერთა ჯგუფმა მოითხოვა 2 დღის ვადაში მიგვეწოდებინა ბუღალტრული ანგარიში პროგრამის ფარგლებში მიმწოდებლებში და ცენტრალურ საწყობებში 29 აგვისტოს მდგომარეობით დასაწყობებული მედიკამენტების მარაგების შესახებ (ამოღებულ იქნა ელ. პროგრამებიდან შთ C (დახურული), ძველი ლიმინატიონ C (დახურული) და ახალი eliminationmof.gov.ge-დან). აღნიშნული ანგარიშები 2018 წლის 31 აგვისტოს გადაეგზავნა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს.

 

2018 წლის 29-30-31 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამტამენტმა, პროგრამის ყველა მიმწოდებელში (თბილისში, რეგიონებში - სულ 31) და საწყობებში, ჩაატარეს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების) შერჩევით ინვენტარიზაცია.

 

შპს „კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში“ ინვენტარიზაცია ჩატარებულ იქნა 2018 წლის 30 აგვისტოს. შემოწმებულ იქნა დაწესებულებაში დასაწყობებულ პროგრამის ბენეფიციართათვის განკუთვნილი მედიკამენტები და ასევე „პაციენტის გარდაცვალების ან მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელ დაწესებულებებში დაბრუნებული მედიკამენტები“ (169 დადგენილება, დანართი 5, პუნქტი 11).

 

ინვენტარიზაციას სააგენტოს მხრიდან ესწრებოდა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი (მიმაგრებული C ჰეპატიტის მართვის სამმართველოში) - ალექსანდრე ტაბიძე.

 

2018 წლის 2 ოქტომბერს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცერთა ჯგუფის ხელმძღვანელს, მალხაზ ჭუმბურიძეს, მოთხოვნისამებრ, ელექტრონული ფოსტით გადაეგზავნა ინფორმაცია 29 აგვისტოს მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში სააგენტოს ბალანსზე არსებული მედიკამენტების მარაგების შესახებ, რომელშიც ჯამური ანგარიშების გარდა, აღწერილი იყო პროგრამის თითოეულ მიმწოდებელთან არსებული მედიკამენტების ნაშთები. ანალოგიური ინფორმაცია, წერილობითი სახით, გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი ნატროშვილს 2018 წლის 2 ოქტომბერს.

 

2018 წლის 26 სექტემბერს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სააგენტოში წარმოგვიდგინეს ინვენტარიზაციის წინასწარი, ხოლო 2018 წლის 11 ოქტომბერს საბოლოო შედეგები, რომლის მიხედვით, რამოდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ბუღალტრული და ფაქტიური ნაშთები არ ემთხვეოდა ერთმანეთს. აღნიშნულ დაწესებულებებს, მათ შორის, შპს „კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს“ დაუყოვნებლივ ეცნობათ და მოეთხოვათ არსებულ ცდომილებებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებების მოწოდება. დაწესებულების მიერ გადმოგზავნილი საპასუხო წერილი არ მოიცავდა ამომწურავ ინფორმაციას და ეხებოდა მხოლოდ კონკრეტულ პაციენტზე მედიკამენტ რიბავირინის გაცემასთან დაკავშირებულ უზუსტობებს.

 

შპს „კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში“ ჩატარებული ინვენტარიზაციისას გამოვლინდა შეუსაბამობა მედიკამენტების ბუღალტრულ (პროგრამიდან მიღებულ) და ფაქტობრივ ნაშთებს შორის. კერძოდ: რიბავირინი - ბუღალტრული ნაშთი 4236 აბის ნაცვლად ფაქტიურად ნანახი იქნა 2466 აბი, ხოლო ჰარვონი - ბუღალტრული ნაშთი 1288 აბის (46 კოლოფის) ნაცვლად აღმოჩნდა 616 აბი (22 კოლოფი). აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მედიკამენტების გაცემაზე პასუხისმგებელი პირის, ექიმის თეონა ბუაჩიძის სიტყვიერი განმარტებით, ფაქტიურ ნაშთში მედიკამენტების ნაკლებობა ბუღალტრულ ნაშთან შედარებით გამოვლინდა იმ მიზეზით, რომ პროგრამის ბენეფიციართათვის გადაცემული მედიკამენტების ასახვა ელექტრონულ პროგრამაში განახორციელა მოგვიანებით, რამაც ბუნებრივია გამოიწვია ელექტრონულ პროგრამაში 29 აგვისტოს მდგომარეობით ამოღებული ნაშთების ცვლილება.

 

2018 წლის 2 ოქტომბერს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტმა წერილობით აცნობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ. ამავე წერილში აღნიშნული იყო, რომ ელიმინაციის ელექტრონულ პროგრამაში შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდებული მონაცემები 29 აგვისტოს მდგომარეობით ელ. პროგრამიდან ამოდიოდა უკვე შეცვლილი სახით.

 

აპელანტის მითითებით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, სააგენტოს დირექტორმა აღნიშნული ინფორმაცია, რეაგირების მიზნით, გადასცა სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტს. კონტროლის დეპარტამენტის მიერ, შესწავლილ იქნა აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი - შპს „კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი“, სადაც აღმოჩნდა ნაკლები ოდენობის მედიკამენტები, კერძოდ, მედიკამენტი რივირინი - 200მგ. კაფსულა და ჰარვონი - 672 ტაბლეტი - 79536 ლარი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის 169 დადგენილების მე-5 დანართის (პაციენტზე მედიკამენტების გაცემის წესი/პირობები), მე-10 პუნქტის (მომსახურების მიმწოდებელს პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტის ნებისმიერი ოდენობის დანაკარგის აღმოჩენისას ან არაპროგრამულ ბენეფიციარზე გაცემის შემთხვევაში, დაეკისრება საჯარიმო სანქცია „დაკარგული/ნაკლული“ მედიკამენტის საბაზრო ღირებულების ოდენობით) თანახმად, მიმწოდებელს დაეკისრათ საჯარიმო სანქცია - 86 817.18 ლარის ოდენობით.

 

2019 წლის 25 იანვრის 04/3262 წერილით, მოსარჩელე დაწესებულებას ეცნობა წერილობით, აღმოჩენილი დარღვევების გამო, საჯარიმო სანქციის გადახდის ვალდებულების შესახებ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო არსებითად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და მიუთითებს მათზე.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 23 აგვისტოს მიღებული იქნა ბრძანება N23234, რომლის თანახმად, დადგინდა შპს ,,აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის - შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (კერძოდ, C ჰეპატიტის პროგრამით განსაზღვრული სამკურნალო მედიკამენტების) შერჩევითი ინვენტარიზაციის ჩატარება. ამავე ბრძანების მე-3 პუნქტის მიხედვით, შერჩევითი ინვენტარიზაციის ჩატარების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 23 აგვისტოდან 2018 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო 2018 წლის 24 სექტემბრის N26638 ბრძანებით ცვლილება შევიდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 23 აგვისტოს N23234 ბრძანებაში და ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ვადა განისაზღვროს 2018 წლის 23 აგვისტოდან 2018 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით“. ამდენად, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებებით განისაზღვრა შპს ,,აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის - შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების, კერძოდ, C ჰეპატიტის პროგრამით განსაზღვრული სამკურნალო მედიკამენტების ინვენტარიზაციის ჩატარება.

 

დადგენილია, რომ 2019 წლის 25 იანვარს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება N04/3262, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შესახებ ინფორმაციის განხილვის შედეგად, ,,C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის N169 დადგენილების დანართი N1-ის (სერვისის მიწოდების პირობები) მე-2 პუნქტის 2.4 ქვეპუნქტის და N5 დანართის (პაციენტზე მედიკამენტების გაცემის წესი/პირობები) მე-8 პუნქტის მოთხოვნების დარღვევის გამო, ამავე დადგენილების მე-5 დანართის (პაციენტზე მედიკამენტების გაცემის წესი/პირობები) მე-10 პუნქტის საფუძველზე, შპს ,,აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი - შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტს“ დაეკისრა ჯარიმა 79536 ლარის ოდენობით.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არსებითად დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 30 აგვისტოს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებს, რომლის თანახმადაც, გამოვლინდა სხვაობა შპს ,,აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი - შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისთვის“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიწოდებული მედიკამენტების ფაქტობრივ ოდენობასა და სააღრიცხვო დოკუმენტაციით არსებულ ოდენობას შორის. კერძოდ, სხვაობა არსებობდა ინსტიტუტში ფაქტობრივად არსებული მედიკამენტების - ,,რიბავირინისა“ და ,,ჰარვონის“ ოდენობასა და ამავე მედიკამენტების სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დაფიქსირებულ ოდენობას შორის, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, შპს ,,აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი - შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტს“ დაეკისრა ჯარიმა დანაკლისი მედიკამენტების საბაზრო ღირებულების ოდენობით, რამაც ჯამში შეადგინა 79536 ლარი.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ,,საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, დამტკიცდა ,,C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა“.

 

მითითებული პროგრამის პირველი მუხლის თანახმად, პროგრამის მიზანია, საქართველოში C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება დაავადების პრევენციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით. ამავე პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პროგრამა ითვალისწინებს მკურნალობის კომპონენტს, რომელიც მოიცავს C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა C ჰეპატიტის სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფას, ხოლო მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პროგრამის მე-19 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების (გარდა მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა.ა.ბ“, „ა.ა.ა.გ“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებისა) განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სერვისის მიწოდების პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებული ,,C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი N1, რომლის მე-2 პუნქტის 2.4 ქვეპუნქტის თანახმად, სერვისის მიწოდების პირობები, მედიკამენტების უსაფრთხო შენახვა/გაცემა/ცივი ჯაჭვით უზრუნველყოფა მოიცავს C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის საგნობრივ-რაოდენობრივ აღრიცხვას დალუქულ, დანომრილ, ზონარგაყრილ და განმახორციელებლის ბეჭდით დამოწმებულ სპეციალურ ჟურნალში (ფორმა დამტკიცდება განმახორციელებლის მიერ) და აღრიცხული ინფორმაციის დადარებას ელექტრონულ პროგრამაში აღრიცხულ ინფორმაციასთან ყოველდღიურად. ამავე პროგრამის დანართი N5 განსაზღვრავს პაციენტზე მედიკამენტების გაცემის წესს/პირობებს. მითითებული დანართის მე-8 პუნქტის თანახმად, პაციენტზე მედიკამენტის გაცემა ფიქსირდება ელექტრონულ ბაზაში ავტომატურად, დაწესებულების თანამშრომლის მიერ, ბენეფიციარის პირადი ნომრის მითითებით, ხოლო მე-10 პუნქტის მიხედვით, მომსახურების მიმწოდებელს პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტის ნებისმიერი ოდენობის დანაკარგის აღმოჩენისას ან არაპროგრამულ ბენეფიციარზე გაცემის შემთხვევაში, დაეკისრება საჯარიმო სანქცია „დაკარგული/ნაკლული“ მედიკამენტის საბაზრო ღირებულების ოდენობით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსცეს ბრძანება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ცალკეულ სახეობათა მიხედვით შერჩევითი ინვენტარიზაციის თაობაზე. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის გარეშე მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა გადასახადის გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია 2 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს ცალკეულ სახეობათა მიხედვით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემები, რის შემდეგაც საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახდენს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ფაქტობრივი და ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამისი მონაცემების შედარებას და ყოველივე ეს შეაქვს სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების აღწერის ოქმში.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფაქტობრივი აღრიცხვა ხორციელდება მათი ადგილმდებარეობის მიხედვითა და სმფ- ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირების უშუალო მონაწილეობით, ხოლო ამავე მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით, ფაქტობრივ აღრიცხვას ასევე უნდა დაექვემდებაროს ის სმფ-ები, რომელიც აღირიცხება შესაბამის ბუღალტრულ ანგარიშებზე, როგორც გზაში მყოფი, გადატვირთული, სხვა პირის სათავსებში მყოფი და სხვა. საინვენტარიზაციო კომისია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირის თანხმობის შემთხვევაში, უფლებამოსილია ასეთი სმფ-ები აღრიცხოს ფაქტობრივი აღრიცხვის გარეშე, იმ სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტების საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ამ სმფ-ების გაგზავნის, გადატვირთვის, სხვა პირებისთვის შენახვის ან გადამუშავების მიზნით გაგზავნის ფაქტი. საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ფასეულობათა ფაქტობრივი აღრიცხვა.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია და ინსტიტუტიც სადავოდ არ ხდის ინვენტარიზაციის დროს მედიკამენტების - ,,რიბავირინისა“ და ,,ჰარვონის“ ელექტრონულ მონაცემებსა და ფაქტობრივად არსებულ ნაშთს შორის სხვაობის ფაქტს, თუმცა აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული სხვაობა განპირობებული იყო ელექტრონული მონაცემების უზუსტობით და რეალურად, დანაკლისს ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ინსტიტუტის მიერ აღნიშნული სხვაობა ელექტრონულ პროგრამაში გასწორებული იქნა 2018 წლის 1 ოქტომბერს და შესაბამისად, არც არსებობდა მედიკამენტების დანაკლისის გამო შპს ,,აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი - შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ დაჯარიმების ფაქტობრივი საფუძველი.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი - შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ ინვენტარიზაცია შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა 2018 წლის 30 აგვისტოს, ხოლო ინვენტარიზაციის საბოლოო შედეგები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიეწოდა 2018 წლის 11 ოქტომბერს.

 

ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია და აპელანტიც სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ ელექტრონული პროგრამის მონაცემები გასწორებული იქნა 2018 წლის 1 ოქტომბერს, რის შედეგადაც ფაქტიური და ბუღალტრული ნაშთები თანხვედრაში იქნა მოყვანილი, შესაბამისად, ფაქტობრივად მედიკამენტების დანაკლისი აღარ არსებობდა, თუმცა 2019 წლის 25 იანვარს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ,,C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის N169 დადგენილების დანართი N1-ის (სერვისის მიწოდების პირობები) მე-2 პუნქტის 2.4 ქვეპუნქტის და N5 დანართის (პაციენტზე მედიკამენტების გაცემის წესი/პირობები) მე-8 პუნქტის მოთხოვნების დარღვევის გამო, ამავე დადგენილების მე-5 დანართის (პაციენტზე მედიკამენტების გაცემის წესი/პირობები) მე-10 პუნქტის საფუძველზე, შპს ,,აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი - შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ დაჯარიმების შესახებ. ამდენად, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც უკვე აღარ არსებობდა სხვაობა მედიკამენტების ფაქტობრივად არსებულ და დოკუმენტურად აღრიცხულ ოდენობებს შორის, შესაბამისად, აღარ არსებობდა მედიკამენტების დანაკლისი/დანაკარგი, თუმცა შპს ,,აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი - შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისთვის“ საჯარიმო სანქციის დაკისრება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელდა სწორედ მედიკამენტების დანაკლისის/დანაკარგის გამო, ასეთი მედიკამენტების ოდენობის გათვალისწინებით, მათი საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე.

 

სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად არ იზიარებს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებას იმის თაობაზე, რომ შპს ,,აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი - შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ დაჯარიმება სააგენტოს მიერ განხორციელდა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულების მიერ ელექტრონულ პროგრამაში მონაცემების ასახვის ვალდებულების დარღვევის გამო, ვინაიდან 2019 წლის 25 იანვრის N04/3262 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს საჯარიმო სანქცია დაკისრებული აქვს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის N169 დადგენილების მე-5 დანართის (პაციენტზე მედიკამენტების გაცემის წესი/პირობები) მე-10 პუნქტის საფუძველზე დანაკლისი მედიკამენტების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. აღნიშნული პუნქტი კი ითვალისწინებს მომსახურების მიმწოდებლისთვის პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტის ნებისმიერი ოდენობის დანაკარგის აღმოჩენისას ან არაპროგრამულ ბენეფიციარზე გაცემის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციის დაკისრებას „დაკარგული/ნაკლული“ მედიკამენტის საბაზრო ღირებულების ოდენობით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს და სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ 2018 წლის 1 ოქტომბერს ელექტრონული პროგრამის მონაცემები გასწორდა და ობიექტურად მედიკამენტების დანაკლისი აღარ ფიქსირდებოდა, ასეთი დანაკლისის/დანაკარგის არსებობის გამო, 2019 წლის 25 იანვარს შპს ,,აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი - შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ დაჯარიმება (მედიკამენტების საბაზრო ღირებულების მოცულობის შესაბამისად), ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობის ნორმებს და ქმნის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 იანვრის N04/3262 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2019 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილება.

 

საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარის ოდენობით, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე: დავით ახალბედაშვილი

 

მოსამართლეები: ხატია არდაზიშვილი

 

გია ბერაია