განაჩენი

სისხლის სამართლის 19.03.2020
საქმის ნომერი
140100119003333233
ინსტანცია
თარიღი
19.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140100119003333233

საქმე № 1 ბ/398-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 მარტი, 2020 წ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილმა

 

გ-----------------–--------------------- პროკურორის რ--------ნ ლ----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

დ----- გ-----–---–ის - დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფრაქტობრივად მცხოვრები: გ-----------------------–----------, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს, 2020 წლის 17 იანვრის, განაჩენით დ----- გ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- გ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

2019 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 18:40 საათზე, გ------------------------–--------–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი დ----- გ-----–---–ი, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - მ-----ე დ------–---–ს და შვილებს თ----- და ნ----- გ-----–---–ებს, რა დროსაც მ-----ე დ------–---–ს, თ----- გ-----–---–სა და ნ----- გ-----–---–ს, გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

გორის რაიონული სასამართლოს, 2020 წლის 17 იანვრის, განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ-----------------–--------------------- პროკურორმა რ--------ნ ლ----ემ. პროკურორი ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით. კერძოდ, პროკურორი უთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმადაც დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა დანაშაულის ჩადენისათვის. საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირების - ნ----- გ-----–---–ის, თ----- გ-----–---–ისა და მ-----ე დ------–---–ის გამოკითხვის ოქმების თანახმად, დ----- გ-----–---–მა დანაშაულის ჩაიდინა არასრულწლოვანი შვილიშვილის მ------ პ---------–---–ის თანდასწრებით, რომელიც განიცდიდა მომხდარს და შიშისაგან ტიროდა. ბრალდების მხარის აზრით, კანონის აღნიშნული ნორმა და დასახელებული ფაქტობრივი გარემოება იმპერატიული საფუძველი იყო იმისათვის, რათა სასამართლოს სასჯელი დაენიშნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, რაც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შემთხვევაში წარმოადგენს მინიმუმ 1 (ერთ) წელსა და 6 (ექვს) თვეს.

პროკურორმა მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად სასჯელის მიზანს წარმოადგენს ზოგადი და კერძო პრევენცია. საჩივრის თანახმად, კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს ამ მიზნების შესრულებას.

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. განსახილველი საქმე სწორედ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს საჩივარში მითითებული არგუმენტების გასამყარებლად, რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც გამოკვლეული მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებია. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მას შესაგებელი საერთოდ არ აქვს წარმოდგენილი. საქმის წინასასამართლო სხდომაზე განხილვისას, მხარეებმა მტკიცებულებები სადავოდ არ გახადეს და შესაბამისად საქმის არსებითი განხილვის დროს მტკიცებულებები არ გამოკვლეულა. ამ გარემოებების გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და გადაწყვეტა შესაძლებელია ზეპირი მოსმენის გარეშე.

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ-----------------–--------------------- პროკურორის რ--------ნ ლ----ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ დ----- გ-----–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს მტკიცებულებები, სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად სადავოდ არ ხდიან დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და კვალიფიკაციას.

ამდენად საქმეზე შეკრებილი უდავო მტკიცებულებების, დაზარალებულების: ნ----- გ-----–---–ის, თ----- გ-----–---–ისა და მ-----ე დ------–---–ის, მოწმეების: ალ----------------------------–------------------ გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულის აღიარების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, დ----- გ-----–---–ის ბინის ჩხრეკის ოქმის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების და საქმეში არსებულ სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებულ წერილობით მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ----- გ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რომელსაც რეალურად გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, პალატა უთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში ქმედება სწორად დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რომელიც, სანქციის სახით ითვალისწინებს არაერთ ალტერნატივას, მათ შორის: ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ, დ----- გ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებად, სავსებით სწორად, ჩათვალა შემდეგი: ის აღიარებს და ინანებს ჩადენილს, წარსულში მსგავსი ქმედებების ჩადენაში შემჩნეული არ არის, გამოხატავს მზაობას, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ექნება ანალოგიური ხასიათის დანაშაულის ჩადენას. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილია დაზარალებულების განცხადება, რომლის მიხედვით მ-----ე დ------–---–ი და თ----- და ნ----- გ-----–---–ები აცხადებენ, რომ მათ პრეტენზია არ გააჩნიათ ბრალდებულის მიმართ და სურვილი აქვთ განხორციელდეს მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათები. პალატა მიიჩნევს, რომ ამ ფონზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის, ხოლო მის ვადად მინიმალურთან მიახლოებული ვადის განსაზღვრა არის სწორი.

გარდა ამისა, დაზარალებულ ნ----- გ-----–---–ის, თ----- გ-----–---–ისა და მ-----ე დ------–---–ის გამოკითხვის ოქმებში მკაფიოდ და ცალსახადაა გამოკვეთილი, რომ დ----- გ-----–---–მა დანაშაულის ჩაიდინა არასრულწლოვანი შვილიშვილის მ------ პ---------–---–ის თანდასწრებით. ამ დროს (დანაშაულის მიმდინარეობის პროცესს) ბავშვი განიცდიდა მომხდარს და შიშისაგან ტიროდა. პალატა კიდევ ერთხელ უთითებს, რომ საქმეში ყველა ეს მტკიცებულება ცნობილია უდავოდ. შესაბამისად უდავოდ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმადაც დანაშაული, რის გამოც ინიშნება სასჯელი ჩადენილია არასრულწლოვნის თანდასწრებით. ეს ფაქტობრივი გარემოება არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე და მესამე ნაწილების იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვანის თანდასწრებით წარმოადგენს ისეთ დამამძიმებელ გარემოებას, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. შესაბამისად: ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სასჯელის სახედ შერჩეულია პატიმრობა და დადგენილია, რომ სასჯელად უნდა დაინიშნოს კანონიდან გამომდინარე შესაძლო მინიმალური ვადა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქციის ფარგლებში, ასეთ მინიმალურ ვადას წარმოადგენს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

ამავდროულად, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის თაობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. მოცემულ შემთხვევაში დ----- გ-----–---–ი თავს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და უდავოდ გახადა მტკიცებულებები, ამასთან არ არის ნასამართლევი. შესაბამისად სახეზეა სასჯელის პირობით ჩათვლის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულის აღიარება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა. როგორც წესი, აღიარებით დანაშაულის ჩამდენი პირი ადასტურებს, რომ ის აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი, საზოგადებისათვის ზიანის მომტანი ქმედების უარყოფით ხასიათს და ცდილობს მისი შედეგების თავიდან აცილებას. ამავდროულად, დანაშაულის აღიარება ხელს უწყობს სრულყოფილ, ობიექტურ სამართალწარმოებას და სახელმწიფო რესურსის დაზოგვას. შესაბამისად ეს გარემოება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და მათ შორის სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტისას.

კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრდებულის პიროვნება, არა მხოლოდ ფორმალურად აკმაყოფილებს საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს, არამედ იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ მის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის შემთხვევაში. საქმე ისაა, რომ დ----- გ-----–---–ს, აღკვეთის ღონისძიებად შერჩეული ჰქონდა გირაო და მის პირობებს იცავდა განუხრელად. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ არა თუ ამ პირობების დარღვევის შესახებ რაიმე მტკიცებულებაა წარმოდგენილი, არამედ ამაზე სიტყიერი აპელირებაც კი არ ყოფილა. გარდა ამისა, დასახელებული შემამსუბუქებელი გარემოებების ფონზე ვარაუდი იმისა, რომ სასჯელის მიზნები პირობითი მსჯავრის შედეგადაც იქნება მიღწეული, სავსებით გონივრულია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ დ----- გ-----–---–ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა, უხზრუნველყოფს მისთვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც უნდა ჩაითვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ-----------------–--------------------- პროკურორის რ--------ნ ლ----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

სასჯელის ნაწილში ცვლილება შევიდეს გორის რაიონული სასამართლოს, 2020 წლის 17 იანვრის, განაჩენში დ----- გ-----–---–ის მიმართ.

დ----- გ-----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ 111. 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

დ----- გ-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდა გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა მის შემტან პირს.

დ----- გ-----–---–ს საპატიმრო სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 17 ნოემბრიდან 2019 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი