განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080100118002789941
№1/ბ-65-2020 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 მარტი, 2020 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - გ-------- ტ---–--ის
ადვოკატის - ნ----- ჩ-------ის
გამართლებულის - გ--- მ–------ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--- ე-–-----ას ძე მ–------ის მიმართ, დაბადებული:2--------- წელი, პირადი №0----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. ქუთაისი, რ. თ------–---–ის ქუჩა N3----.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ--- მ–------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 20 ნოემბერს დაახლოებით 22:00 საათზე ქუთაისი, რ.თ------–---–ის ქუჩა N3-----ში მდებარე სახლში ეჭვიანობის ნიადაგზე გ--- მ–------ემ მეუღლეს ლ--- წ--–----ეს მოქაჩა თმებში. დაზარალებულმა ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკვილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენთ გ--- მ–------ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------- ტ---–--ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ--- მ–------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა.
დაცვის მხარემ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ გ-------- ტ---–--ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულ გ--- მ–------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - ნ----- ჩ-------ს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
გამართლებულ გ--- მ–------ის ახლო ნათესავებმა მეუღლემ - დაზარალებულმა ლ--- წ--–----ემ; დედამ - მოწმე დ----- ფ--–---–---მ და მამამ - მოწმე ე-–-----ა მ–------ემ - ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმის სახით დაკითხული შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის - გ------ი გ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 20 ნოემბერს შევიდა შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის ფაქტთან დაკავშირებით, ვიდრე შეტყობინების ადგილზე გამოცხადდებოდნენ ინიციატორის მიერ მოხდა აღნიშნული შეტყობინების გაუქმება, თუმცა რადგან ოჯახური კონფლიქტის ფაქტს ჰქონდა ადგილი პატრულ-ინსპექტორებმა საჭიროდ ჩათვალეს გამოცხადებულიყვნენ შემთხვევის ადგილზე სიტუაციაში გარკვევის მიზნით. ადგილზე მისულებს ეზოში დახვდათ შეტყობინების ინიციატორი ლ--- წ--–----ე, რომელიც ეძებდა მობილურ ტელეფონს, როდესაც სახლში ავიდნენ გამოარკვიეს, რომ ნამდვილად ოჯახურ კონფლიქტს ჰქონდა ადგილი გ--- მ–------ეს და ლ--- წ--–----ეს შორის, როგორც ლ--- წ--–----ემ მათ განუმარტა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც პატრულ-ინსპექტორ გ------ი გ-------ის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი. მოწმის განმარტებით მათი თანდასწრებით ადგილი ჰქონდა გ--- მ–------ის მიერ მეუღლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, როგორც მათ გ--- მ–------ემ განუმარტა ეჭვიანობის საფუძველზე მიაყენა მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოწმემ განმარტა, რომ დაზარალებულისათვის რაიმე დაზიანების კვალი არ შეუნიშნავს.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში 2018 წლის 21 ნოემბერს დაიწყო გამოძიება 2018 წლის 20 ნოემბერს ღამის საათებში ქ.ქუთაისში, რ. თ------–---–ის ქუჩა N3-----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ლ--- წ--–----ის მიმართ გ--- მ–------ის მიერ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.
დანაშაულის შესახებ შეტყობინებით N2------, 2018 წლის 21 ნოემბერს 02:24 საათზე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში შევიდა ინიციატორ ლ--- წ--–----ის შეტყობინება, რომლის თანახმად ლ--- წ--–----ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ გ--- მ–------ემ, დაუზიანა ,,აიფონის’’ ფირმის მობილური ტელეფონი. ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მამამთილმა ე-–-----ა მ–------ემ.
ბრალდებულის დაკავების ოქმით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ დ----- გ------აძის მიერ 2018 წლის 21 ნოემბერს 00:10 საათზე ქ.ქუთაისში, რ. თ------–---–ის ქუჩა N3-----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ--- მ–------ე დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ გ--- მ–------ეს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა საშუალო ხარისხის ალკოჰოლური თრობა ინტოქსიმეტრ EC/IR/II 2.18 პრომილე.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ----- გ-------ძემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 21.11.2018წ. ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ლ--- წ--–----ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-- გ----------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე
სააპელაციო პალატას გ--- მ–------ის მიერ ოჯახურ ძალადობის განხორციელების ფაქტებთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება არანაირი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით გ--- მ–------ის მიერ, მეუღლის - ლ--- წ--–----ის მიმართ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან დაუდგენელია ამ ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი და ან ტანჯვა, ვინაიდან დაზარალებულმა არ მისცა ოჯახის წევრის - მეუღლის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება.
მართალია საქმეში არსებობს შეტყობინების ოქმი, თუმცა ეს მტკიცებულებები ვერ ადასტურებს წარდგენილ ბრალს და წარმოადგენენ მხოლოდ ვარაუდს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომელიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
რაც შეეხება კონკრეტულად საპატრულო პოლიციის თანამშრომელის - გ------ი გ-------ის ჩვენებას, იგი განმარტავს დაზარალებულ ლ--- წ--–----ის მონათხრობს, გ--- მ–------ის მხრიდან მის მიმართ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაზარალებულებმა - ლ--- წ--–----ემ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. ამდენად, ყველა ეს ჩვენება თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ ის ეფუძნება მეორად წყაროს და თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო. აღნიშნულ მოწმეს საკუთარი თვალით არ დაუნახავს ან სხვაგვარად არ აღუქვია (არ მოუსმენია) გ--- მ–------ის მიერ განხორციელებული ქმედების თაობაზე. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ გამომძიებელთა ჩვენებების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სხვა მოწმის ჩვენება, რომლის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იქნებოდა ღირებული. ამასთან დაკავშირებით სასამართლო იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.
გარდა ამისა, სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.
საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე“Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“,საჩივრები: N26766/05 და N22228/06).
შესაბამისად, სასამართლო უთითებს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას არ გამოვლენილა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა გ--- მ–------ის მიერ მისთვის ბრალად წაყენებული ქმედების ჩადენას და წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ირიბი ჩვენებები და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებები, რომლებითაც არ დასტურდება ძალადობის ფაქტი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენი გ--- მ–------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
გ--- მ–------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გ--- მ–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
გამართლებულ გ--- მ–------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე