განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.12.2019
საქმის ნომერი
090210019002884122
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
12.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №090210019002884122

№2\ბ-896-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე – ინდირა მაშანეიშვილი

მოსამართლეები - ირმა პერანიძე, თამარ სვანიძე

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

აპელანტი - შპს „მ------ი“

წარმომადგენლები - ზ-----------ე (დირექტორი), თ----------–--ე

მოწინააღმდეგე მხარე - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - თამარ ქ-----–---–ი

დავის საგანი - პირგასამტეხლოს შემცირება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და პირგასამტეხლოს - 14 440.54 ლარის ოდენობით, განსაზღვრა.

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1.1. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,მ------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. 2018 წლის 7 მაისს, შპს ,,მ------სა“ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N7- და N7- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დაკისრებული პირგასამტეხლო 144 405, 45 ლარი შემცირდა 2–ჯერ და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 72 202, 73 ლარით.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2018 წლის 7 მაისს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,მ------ს“ შოროს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N7- და N7- ხელშეკრულებები;

 

2.2. N7- ხელშეკრულებით, სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების დადებიდან – 70 კალენდარული დღით - 2018 წლის 15 ივლისის ჩათვლით. 2018 წლის 13 ივლისს N7- ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილება N1 და სამუშაოს მიწოდების ვადა 2018 წლის 15 ივლისის ნაცვლად, განისაზღვრა 2018 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით. 2018 წლის 6 დეკემბერს N7- ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილება N2, ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა 18,46 ლარით და განისაზღვრა 297-81,20 ლარის ოდენობით.

 

2.3. N7- ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების დადებიდან – 100 კალენდარული დღით - 2018 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით. 2018 წლის 3 ოქტომბერს, N7- ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილება N2, ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა 20,17 ლარით და განისაზღვრა 394201.87 ლარის ოდენობით. 2018 წლის 6 დეკემბერს, N7- ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილება N3, ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა 11054,38 ლარით და განისაზღვრა 383147,49 ლარის ოდენობით.

 

2.4. 2019 წლის 25 თებერვლის N1226 წერილით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს ,,მ------ს“ აცნობა, რომ ვინაიდან სამუშაოები ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ვერ დასრულდა, N7- ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა და საჯარიმო სანქციამ მთლიანად შეადგინა – 62 644.01 ლარი. აღნიშნული თანხა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელეს გაუქვითა შესრულებული სამუშაოების თანხაში და შესრულებული სამუშაოების თანხა ჩაურიცხა 62 644.01 ლარით ნაკლები.

 

2.5. 2019 წლის 25 თებერვლის N1225 წერილით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს მ------ს აცნობა, რომ ვინაიდან სამუშაოები ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ვერ დასრულდა, N7- ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა და საჯარიმო სანქციამ მთლიანად შეადგინა – 817-1,44 ლარი. აღნიშნული თანხა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელეს გაუქვითა შესრულებული სამუშაოების თანხაში და შესრულებული სამუშაოების თანხა ჩაურიცხა 81 7-1, 44 ლარით ნაკლები.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

2.6. სასამართლომ მიიჩნია, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და მისი ოდენობა შეამცირა ორჯერ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. სასამართლომ, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფლების სამართლებრივ საფუძვლად, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 420-ე, 629-ე მუხლებზე და განმარტა, რომ კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში, თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის, აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

2.9. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის „ა” ქვეპუნქტი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად მიიჩნევს ისეთ შემთხვევას, როდესაც შესრულებისათვის დადგენილ დროში, ვალდებულება არ შესრულდება.

 

2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებები - პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ, მოითხოვს წერილობით ფორმას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით - სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

2.11. სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი, ამოსავალია ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

 

2.11. პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.

 

2.13. სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა და მიაჩნია, რომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 2–ჯერ. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 72 202, 73 ლარით.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე შპს “მ------მა“. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და პირგასამტეხლოს 14 440.54 ლარის ოდენობით განსაზღვრა მოითხოვა.

 

3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გაიზიარა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ N7- და N7- ხელშეკრულების ფარგლებში, სამუშაო პროცესის დაწყებისთანავე შპს "მ------ი" წააწყდა რიგ გაუთვალისწინებელ გარემოებებს. კერძოდ, დაზიანებული და ამორტიზირებული გრუნტის მოხსნისას საფუძვლის ქვეშ აღმოჩნდა სასმელი წყლის კომუნიკაციები, რაც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში არ იყო მითითებული. აღნიშნულმა ფაქტმა განაპირობა საფუძვლის ქვეშ მდებარე მილების დაზიანება, რისი აღდგენა და პრობლემების აღმოფხვრა საკუთარი ხარჯებით უწევდა მენარდეს; ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა იცოდა (შპს "მ------ის" წერილებით), რომ ზემოთ ხსენებული სასმელი წყლის კომუნიკაციები, სამუშაოების შემდეგ ეტაპზეც აუცილებლად შექმნიდა პრობლემებს, ვინაიდან საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული საფუძვლის მოწყობის შემდეგ, მასზე ტკეპნის კოეფიციენტის მისაღებად ჩასატარებელი ღონისძიებების შედეგად (მძიმე სატკეპნი საშუალებების გამოყენება ვიბრო სვლით) კომპლექსურად დაზიანდებოდა საფუძვლის ქვეშ არსებული კომუნიკაციების სრული ქსელი; მოსარჩელე საქმის კურსში აყენებდა მუნიციპალიტეტს იმის თაობაზე, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მოსაწყობი საკანალიზაციო ქსელი სასმელი წყლის მილების პარალელურად მიდიოდა, რაც არ იყო მიზანშეწონილი, რადგან ის ეწინააღმდეგებოდა სამშენებლო ნორმებსა და წესებს. ამ ნაწილშიც უდავოდ ცვლილებას ექვემდებარებოდა მოცემული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია; პროექტის მიხედვით, გათვალისწინებული იყო სანიაღვრე არხის ჩასხმა მონოლითური წესით გზის პარალელურად, იქ სადაც უწყვეტ რეჟიმში მოედინებოდა კანალიზაცია და თან ცენტრალურ მაგისტრალზე დასაერთებელიც არსად არ იყო. შპს "მ------ი" წერილობით მიმართავდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს სამუშაოს განხორციელების პროცესში გამოკვეთილი რიგი წინააღმდეგობისა და უზუსტობების შესახებ, როგორც პროექტების ხარჯთაღრიცხვების მოცულობით ნაწილში, ასევე მის ტექნიკურ ნაწილში, რაც ხელს უშლიდა სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებაში.

 

3.3. აღნიშნულ პრობლემებს დაემატა მაისის და ივნისის თვეში უხვი ნალექი, რაზეც წარდგენილი იყო ჰიდრომეტრცენტრის ცნობა, რამაც გააჭიანურა მიწის სამუშაოები, საფუძვლის ფენების ტკეპნის სამუშაოები (სველ გრუნტზე ტკეპნის სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია სანამ ნიადაგი არ გამოშრება). წყალსადენის მილების გადატანა არ შეადგენდა ფირმის კომპეტენციას და არც ხელშეკრულებით იყო დავალებული, თუმცა ფირმა იძულებული გახდა ბოლომდე დაესრულებინა წარმოჩენილი, გაუთვალისწინებელი სამუშაოები. არსებული გარემოების აღმოფხვრის მიზნით, სასმელი წყლის მაგისტრალის გადატანა განახორციელა თვით შპს “მ------მა“ თავისივე ხარჯებით, თავისივე მანქანა-მექანიზმებით, გამოყენებული მასალებითა და მომსახურე პერსონალით, სადაც მომსახურე პერსონალს შეადგენდა თვით წყლის კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც დაქირავებულ იქნა შპს-ს მიერ. „მ------მა“ გადაიხადა მათი ხელფასები. ყოველივე ეს კი ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული. შპს“მ------მა“ გამოხატა კეთილი ნება. აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული იყო შემსყიდველის და ზედამხედველობის მონიტორინგის ორივე ჯგუფი.

 

3.4. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 02.08.2018 წელს, შპს "მ------მა" ხელშეკრულება N7- და N7--თან დაკავშირებით წერილობით მიმართა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას ქ. ამბროლაურში საკანალიზაციო ქსელის და სავალი ნაწილის ასფალტობეტონის საფარით მოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირებასთან დაკავშირებით. ამ პერიოდში სახელშეკრულებო დენა არ შეჩერებულა. თუმცა N7- და N7- ხელშეკრულების მე-11 პუნქტის 11.1 ნაწილით, „თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელისშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ, რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.“ შპს "მ------ს" სწორედ ამ კორექტირების პერიოდში ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა დაარიცხა სანქციები - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სახელშეკრულებო ღირებულების 0.15%-ის ოდენობით. ფაქტობრივად ოთხი თვე კომპანია იყო ხარჯთაღრიცხვის მოლოდინში და ამ პერიოდში საჯარიმო სანქციები არ უნდა დაკისრებოდა მას.

 

3.5. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ N7- ხელშეკრულების ფარგლებში, გოგებაშვილის ქუჩის და გოგებაშვილის პირველ შესახვევში, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, სავალი ნაწილი ძირითადად იყო 3მ-3.10მ. სწორედ ამიტომ, მოსახლეობის თხოვნით მოხდა რკინა-ბეტონის არხის დემონტაჟი და სახელშეკრულებო ხარჯთაღრიცხვიდან ამოღება.

 

3.6. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია საქმისთვის მნიშვნელობის მქონედ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს შპს “მ------ს“ შეკვეთილი ჰქონდა ასფალტი. ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა გააუქმებინა შეკვეთა ქუთაისის ასფალტის ქარხანაში, ხოლო უკვე წამოსული ასფალტი არ მიაღებინა, რითაც კომპანიამ მიიღო ზიანი.

 

3.7. 11.01.2019 წელს, მენარდემ განცხადებით მიმართა ამბროლაურის მერიას, რომლითაც ითხოვა N7- და N7- ხელშეკრულებების მოქმედების ვადის გაგრძელება, გზების მოწყობის სამუშაოებისათვის გონივრული ვადით. კომპანია აცხადებდა, რომ სამუშაოს დაასრულებდა 14 დღის განმავლობაში, ხოლო 04 დღის ვადაში წარადგენდა ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიას 17.12.2018 და 18.12.2018 წლის N8878 წერილების და N8879 მოთხოვნის შესაბამისად. შპს „მ------ი“ ყოველ ახალ წინააღმდეგობაზე აკეთებდა მყისიერ რეაგირებას. ადმინისტრაციული ერთეული შემოიფარგლებოდა მხოლოდ სიტყვიერი თანადგომით და საჭიროებისამებრ მიწოდების ვადების გაზრდით, რაც შპს “მ------ისათვის“ ნდობის წყაროსა და სანდოობას წარმოადგენდა. ეს იყო მისთვის ის საპატიო მიზეზი, რის გამოც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შესრულდა.

 

3.8. შპს“მ------ის“ მიერ ზემოთ მითითებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით შესრულებული სამუშაოები განხორციელდა მხოლოდ ფირმის კუთვნილი კაპიტალითა და მათი პირადი შემოსავლებით. მას სახელმწიფოდან არ აუთვისებია თანხა ავანსის სახით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესარულებლად. ფირმა მუშაობდა მხოლოდ თავისი სახსრებით და ამიტომაც, მის მიერ N7- და N7- სამუშაოების ვადაში დასრულება მისივე ინტერესს შეადგენდა.

 

3.9. მართალია სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, მაგრამ არ გაიზიარა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, რომლითაც სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრდა პირგასამტეხლოს თანხის 10-ჯერ შემცირება.

 

4. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

 

4.1. მოწინააღმდეგე მხარემ - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. მოწინააღმდეგე მხარემ მიუთითა, რომ სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა სწორად. ასევე სწორი სამართლებრივი შეფსება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გაადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვეტოს იგი.

 

5.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციიო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

5.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).

 

6. ფაქტობრივ - სამართლებრივი დასაბუთება

დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

6.1. 2018 წლის 07 მაისს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „მ------ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N7- ხელშეკრულება, ქ. ამბროლაურში, (გამსახურდიას 04 ჩიხი, 05 ქუჩა, 02 ჩიხი; ბარათაშვილის ქუჩაზე) ასფალტო - ბეტონის საფარიანი გზების მოწყობის სამუშაოების და ამავე ქუჩების საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოების ჩატარების შესახებ. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 297 599,66 ლარით. სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 70 კალენდარული დღე, 2018 წლის 15 ივლისის ჩათვლით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 31 დეკემბრამდე. ხელშეკრულებით (5.2. პუნქტი) ასევე გათვალისწინებული იქნა მიმწოდებლის ვალდებულება, სამუშაო დაეწყო 2018 წლის 17 მაისამდე. (ს. ფ. 72-7-).

 

6.1.1. ხელშეკრულების მე-13 მუხლით დადგინდა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარიმო სანქციის გამოყენების წესი და პირობები. კერძოდ, ხელშეკრულების 13.3. პუნქტის თანახმად, სამუშაოს დაწყების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 13.4. პუნქტის თანახმად კი, თუ მიმწოდებელი გადააცილებს სამუშაოს დასრულების ვადას, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.15%-ის ოდენობით. (ს. ფ. 7-);

 

6.1.2. 2018 წლის 13 ივლისს, N7- ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილება N1 და სამუშაოს მიწოდების ვადად, 2018 წლის 15 ივლისის ნაცვლად, განისაზღვრა 2018 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი. (ს. ფ. 77).

 

6.1.3. 2018 წლის 6 დეკემბერს, N7- ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილება N2, ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა 18,46 ლარით და განისაზღვრა 297 581,20 ლარის ოდენობით. (ს. ფ. 78).

 

6.1.4. N7- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შპს „მ------მა“ დაიწყო 2018 წლის 19 მაისს, ანუ 2 დღის დაგვიანებით; მითითებული დარღვევისთვის შემსყიდველმა მენარდისთვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა, ხელშეკრულების 13.3. პუნქტის თანახმად, განსაზღვრა 595.20 ლარით. (297 599,66 ლარი*0.1%*2 დღე=595.2ლარი) (ს. ფ. 86; 87; 88)

 

6.1.5. N7- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში - 2018 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში მენარდემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს წარმოება ვერ დაასრულა. 2018 წლის 31 დეკემბერს, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა და მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა.

 

6.1.6. შპს „მ------მა“, N7- ხელშეკრულების ფარგლებში (ქ. ამბროლაურის გამსახურდიას 04 ჩიხის, 05 ქუჩა, 02 ჩიხი (ბარათაშვილის ქუჩა)), 2018 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით, შეასრულა 59 593. 57 ლარის სამუშაო, ხოლო 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით – 156 507.32 ლარის სამუშაო; ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნარჩენმა ღირებულებამ შეადგინა 81 480.31 ლარი. (ს.ფ. 25-26; 129-131;)

 

6.1.7. შემკვეთმა, N7- ხელშეკრულების ფარგლებში, სამუშაოს შესრულების ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა განსაზღვრა 139 დღით – 2018 წლის 15 აგვისტოდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. საიდანაც, 2018 წლის 15 აგვისტოდან - 2018 წლის 06 დეკემბრამდე ვადაგადაცილების 113 დღისათვის, შემკვეთმა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ღირებულების გათვალისწინებით განსაზღვრა 50 443.14 ლარით (297 599.66 ლარი *0.15%*113 = 50443.14 ლარს); ხოლო 2018 წლის 06 დეკემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის (ხელშეკრულების მოქმედების ვადა) ჩათვლით ვადაგადაცილების 26 დღისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა 11 605.67 ლარით (297 581.20 *0.15%*26 = 11605.67 ლარი). (ს.ფ. 25-26);

 

6.1.8. ჯამში, N7- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა დაწყებისა და დასრულების ვადის გადაცილებისთვის, მენარდეს დაერიცხა პირგასამტეხლო - 62 644.01 ლარი (595.20+50443.14+11605.67=62644.01). აღნიშნული თანხა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელეს გამოუქვითა შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებელი ღირებულების თანხიდან და შესრულებული სამუშაოების თანხა ჩაურიცხა 62 644.01 ლარით ნაკლები ოდენობით, ხელშეკრულების 13.6 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად. (ს.ფ. 25-26);

 

6.2. 2018 წლის 07 მაისს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „მ------ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N7- ხელშეკრულება; ქ. ამბროალურში, (ი.გოგებაშვილის ქუჩა, 01 შესახვევი, 01 და 02 ჩიხები, კ.გამსახურდიას ქუჩა, 03 ჩიხი; 05 ქუჩა, 03 ჩიხი (ნ.ბარათაშვილის ქუჩა) ბეტონის საფარიანი გზების მოწყობის სამუშაოების და ამავე ქუჩების საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოების ჩატარების შესახებ. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 394 222,04 ლარით. სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 100 კალენდარული დღე, 2018 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით.

 

6.2.1. N7- და N7- ხელშეკრულებათა 4.5. და 4.6. პუნქტებით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებდა ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთული, ხოლო სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობას განახორციელებდა შპს "ე---------------–-----–-----------------ი“ (ს.ფ.79-83).

 

6.2.2. 2018 წლის 3 ოქტომბერს, N7- ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილება N2, ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა 20,17 ლარით და განისაზღვრა 394201.87 ლარის ოდენობით. (ცვლილება N2; ს. ფ. 84).

 

6.2.3. 2018 წლის 6 დეკემბერს, N7- ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილება N3, ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა 11054,38 ლარით და განისაზღვრა 383147,49 ლარის ოდენობით. (ცვლილება N3; ს. ფ. 85).

 

6.2.4. N7- ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „მ------მა“ ჯამში შეასრულა 323 157.36 ლარის ღირებულების სამუშაო, საიდანაც შპს „მ------მა“, 2018 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით, შეასრულა 35 392.01 ლარის ღირებულების სამუშაო დღგ-ს ჩათვლით. (იხ. მიღება–ჩაბარების აქტი; ს. ფ. 217); 2018 წლის 3 ოქტომბრის მდგომარეობით – 61 484,54 ლარის ღირებულების სამუშაო. (იხ. მიღება–ჩაბარების აქტი; ს. ფ. 220-221); 2018 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით – 139 910.39 ლარი. (მიღება–ჩაბარების აქტი; ს. ფ. 222); 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადინა 86 370.42 ლარი. (მიღება–ჩაბარების აქტი; ს. ფ. 223).

 

6.2.5. შპს „მ------ის“ მიერ, N7- ხელშეკრულების ფარგლებში ჯამში შესრულებული იქნა 323 157.36 ლარის სამუშაო (35 392.01ლარს + 61 484.54 ლარი + 139910.39 ლარი + 86 370.42 ლარი = 323 157.36 ლარს). ხელშეკრულების ნარჩენი ღირებულება შეადგენს 59 990.13 ლარს.

 

6.2.6. შპს "მ------მა", N7- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში - 2018 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს წარმოება ვერ დაასრულა. 2018 წლის 31 დეკემბერს, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა და მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა.

 

6.2.7. შემკვეთმა, N7- ხელშეკრულების ფარგლებში, გადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა განსაზღვრა 139 დღით – 2018 წლის 15 აგვისტოდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. საიდანაც, 2018 წლის 15 აგვისტოდან - 2018 წლის 03 ოქტომბრამდე ვადაგადაცილების 49 დღისათვის შემკვეთმა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ღირებულების გათვალისწინებით განსაზღვრა 2897-.32 ლარით (49 დღე*394 222.04 ლარი *0.15% = 2897-.32 ლარს); 2018 წლის 3 ოქტომბრიდან 2018 წლის 6 დეკემბრამდე ჩათვლით ვადაგადაცილების 64 დღისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 37843.37 ლარი (64 დღე*394 201.87 *0.15% = 37843.37 ლარს). 2018 წლის 6 დეკემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე ჩათვლით ვადაგადაცილების 26 დღისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 14942.7- ლარი (26 დღე*383 147.49 *0.15% = 14942.7- ლარს). (ს.ფ.27–28);

 

6.2.8. N7- ხელშეკრულების ფარგლებში, ვადაგადაცილების 139 დღისათვის დარიცხულმა პირგასამტეხლომ ჯამში, შეადგინა 817-1.44 ლარი. აღნიშნული თანხა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელეს გამოუქვითა შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებელი ღირებულების თანხიდან და შესრულებული სამუშაოების თანხა ჩაურიცხა 81 7-1.44 ლარით ნაკლები ოდენობით, ხელშეკრულების 13.6 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად.

 

6.2.9. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს „მ------ისათვის“ დარიცხული პირგასამტეხლო ჯამში 144 405.45 ლარი (81 7-1.44+62644.01) შემცირდა 50%–ით და განისაზღვრა 72 202.72 ლარით, რაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას სადავოდ არ გაუხდია.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

6.3. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N7- და N7- ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულების ვადაგადაცილება 2018 წლის 15 აგვიტოდან 2018 წლის 16 დეკემბრამდე პერიოდში გამოწვეული არ ყოფილა მენარდის - "შპს "მ------ის" ბრალით. შესაბამისად, შპს "მ------ს", N7- და N7- ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოს ვადაგადაცილებისათვის პასუხისმგებლობა 2018 წლის 16 დეკემბრამდე პერიოდისათვის არ უნდა დაეკისროს.

 

6.3.1. ამ დასკვნამდე სააპელაციო პალატა მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული არაერთი წერილობითი დოკუმენტით დადგენილია, რომ N7- და N7- ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულების პროცესში გამოვლინდა პროექტებით გაუთვალისწინებელი არაერთი გარემოება, რაც მოითხოვდა პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვის კორექტირებას.

 

6.3.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს, #7- და #7- ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე 12 დღით ადრე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით მიმართა შპს „მ------მა“ და აცნობა, რომ სამუშაოთა განხორციელების პროცესში გამოიკვეთა რიგი წინააღმდეგობები და უზუსტობები, როგორც პროექტების თანდართული ხარჯთაღრიცხვების მოცულობით ნაწილში, ასევე მის ტექნიკურ ნაწილში, რაც ხელს უშლიდა სამუშაოს დროულად და ხარისხიანად შესრულებას. მენარდემ, პროექტებში არსებულ კონკრეტულ ხარვეზებზე მითითებით, მოითხოვა საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება.

 

6.3.3. დადგენილია, რომ შპს „მ------ის“ მოთხოვნის საფუძველზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, 03.08.2018 წელს, წერილობით მიმართა სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს – შპს „ე-----------ა, მ–-----–--------------ს“, საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების კორექტირების მიზანშეწონილობის/აუცილებლობის საკითხის შესწავლის მოთხოვნით.

 

6.3.4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის 03.08.2018 წლის წერილის პასუხად, შპს „ე-----------ა, მ–-----–--------------მა“, 03.12.2018 წელს წერილობით მიმართა მერიას და აცნობა, რომ ეთანხმებიან განხორციელებულ ცვლილებებს, ვინაიდან აღნიშნული გამოწვეულია მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და მიზანშეწონილად მიიჩნევენ სამუშაოები გაგრძელდეს წარდგენილი კორექტრირებული საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად. (ს. ფ. 188)

 

6.3.3. დადგენილია, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სრულად იქნა გაზიარებული შპს „მ------ის“ მოთხოვნები საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირების აუცილებლობის თაობაზე, თუმცა კორექტირებული დოკუმენტების მიხედვით სამუშაოთა წარმოებაზე თანხმობა გაიცა მხოლოდ 04.12.2018 წელს.

 

6.3.6. N7- და N7- ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის, 05.12.2018 წლის მიმართვით დასტურდება, რომ სრულად გაიზიარა შპს „მ------ის“ მოთხოვნა პროექტების კორექტრირების საჭიროების შესახებ. მერიას ეცნობა, რომ სამუშაოთა წარმოების დროს საჭირო გახდა ორივე საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება, წარმოდგენილი კორექტრირებული დოკუმენტაცია მისაღებია და ეთანხმებიან მას. (კეთილმოწყობის სამსახურის 05.12.2018 წლის წერილი, ს. ფ. 111);

 

6.3.7. 2018 წლის 4 დეკემბერს, შპს „მ------ს“, შპს „ე-----------ა, მ–-----–--------------სა“ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურს შორის შედგა შეთანხმების აქტები, (ს. ფ. 189–190; 191–192) რომელთა მიხედვით, მოსახლეობის მოთხოვნებისა და მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინების საფუძველზე, საჭირო გახდა ცვლილებების შეტანა გამსახურდიას 04 ჩიხის ასფალტბეტონის საფარით მოწყობის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ სამუშაოებსა და მოცულობაში, (#7- ხელშეკრულება). ასევე, გოგებაშვილის პირველ შესახვევში საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოებში და გამსახურდიას ქუჩის საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოებში (#7- ხელშეკრულება).

 

6.3.8. პალატის აზრით, წარმოდგენილი მტკიცებეულებები უდავოდ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სამუშაოთა განხორციელების პერიოდში გამოვლენილი სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა იმ საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების კორექტირება, რომლის საფუძველზეც შპს "მ------ი" ვალდებული იყო შეესრულებინა #7- და #7- ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები.

 

6.3.9. პალატა იზიარებს შპს „მ------ის“ განმარტებას, რომ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები – ამბროლაურის გარკვეული უბნების (ჩიხებისა და ქუჩების) სავალი ნაწილის ასფალტბეტონის საფარით მოწყობა და ამავე ქუჩებში საკანალიზაციო ქსელის მოწყობითი სამუშაოები საჭიროებდა სამუშაოთა მიმდევრობით შესრულებას და შეუძლებელი იყო სამუშაოთა წარმოება იმ უბნების გამორიცხით, სადაც პროექტები საჭიროებდა კორექტირებას. ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

6.3.10. ამდენად, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ შპს „მ------ი“ ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ეწარმოებინა შესაბამისი პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ხოლო კორექტირებული პროექტითა და ხარჯთაღრიცხვით სამუშაოთა წარმოების შესახებ ნებართვა შემკვეთისაგან მიიღო 04.12.2018 წლიდან, პალატა მიიჩნევს, რომ 2018 წლის 15 აგვისტოდან 05.12.2018 წლამდე პერიოდში ვადაგადაცილება არ მომხდარა შპს „მ------ის“ ბრალით.

 

6.3.11. დადგენილია, რომ პროექტში არსებული ხარვეზების შესახებ შემკვეთის ინფორმირება შპს „მ------მა“ განახორციელა 02.08.2018 წელს, ანუ სახელშეკრულებო ვადის ამოწურვამდე 12 დღით ადრე. შესაბამისად, კორექტირებული პროექტით სამუშაოთა წარმოების შესახებ ნებართვის მიღებიდან – 05.12.2018 წლიდან 12 დღის ვადაში, ანუ 16.12.2018 წლის ჩათვლით, შპს „მ------ი" ვალდებული იყო დაესრულებინა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაო, რაც ვერ უზრუნველყო თავისივე ბრალით.

 

6.4. დადგენილია, რომ შპს „მ------თან“ სახელშეკრულებო ურთიერთობა დასრულდა 2018 წლის 31 დეკემბერს. შესამამისად, შპს „მ------ის“ ბრალით სამუშაოთა შესრულების ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობამ 2018 წლის 17 დეკემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა 15 დღე.

 

7. სამართლებრივი საფუძველი

 

7.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის შემცირება. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი შეიძლება გამომდინარეობდეს სკ-ის 361–ე, 629.1-ე, 417-418-ე, 420–ე მუხლებიდან.

 

7.2. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის შესაბამისად მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ამავე კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად კი, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუ ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

7.4. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, 2018 წლის 7 მაისის, #7- და #7- ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი ნარდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მენარდემ დაარღვია ხელშეკრულების დათქმულ ვადაში შესრულების ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულება. ასევე დადგენილია, რომ მენარდის ბრალით სამუშაოთა შესრულების ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობამ შეადგინა 15 დღე.

 

7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

7.6. მითითებული ნორმების შინაარსი ცხადყოფს, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობა ან მისი არაჯეროვანი შესრულება იწვევს პირგასამტეხლოს მხარისათვის დაკისრებას, თუ ეს გათვალისწინებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. დადგენილია, რომ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულებაზე. ასევე დადგენილია, რომ მენარდემ – შპს "მ------მა“, ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებათა დათქმულ დროს შესრულების ვალდებულება, რის გამოც მას წარმოეშვა შემკვეთის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება.

 

7.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

7.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

7.9. დადგენილია, რომ მხარეებმა გაითვალისწინეს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის (ვადაგადაცილებისათვის) პირგასამტეხლოს დაკისრება სახელშეკრულებო ღირებულების 0.15%-ის ოდენობით, ხოლო სამუშაოთა დაგვიანებით დაწყების შემთხვევაში, სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.

 

7.10. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა, პალატას მიაჩნია, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 0.15%-ის ოდენობით, შპს „მ------ისათვის“ პირგასამტეხლოს დაკისრება, არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია. პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას, უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც, რაც დაუშვებელია. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს თანხის დაანგარიშება, უფლების მართლზომიერად განხორციელების ფარგლებში, უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს დარიცხვის მომენტში შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების ფარგლებში.

 

7.11. დადგენილია, რომ #7- ხელშეკრულების ფარგლებში, 2018 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით შესრულებული იყო მხოლოდ 59 593.57 ლარის სამუშაო, შესაბამისად, შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 237 987.63 ლარს, საიდანაც უნდა განხორციელდეს ვადაგადაცილებისათვის მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს განსაზღვრა. შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.15 %–ის მიხედვით დაანგარიშების შემთხვევაში კი, 15 დღის ვადაგადაცილებისათვის განსაზღვრული პირგასამტეხლო შეადგენს 5354.72 ლარს.

 

7.12. #7- ხელშეკრულების ფარგლებში, 2018 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 146 360.55 ლარს, შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.15 %–ის მიხედვით დაანგარიშების შემთხვევაში კი, 15 დღის ვადაგადაცილებისათვის განსაზღვრული პირგასამტეხლო შეადგენს 3293.11 ლარს.

 

7.13. გარდა ამისა, დადგენილია, რომ #7- ხელშეკრულებით გათვალსწინებული სამუშაოს 2 დღის ვადით დაგვიანებით დაწყების გამო, მენარდეს დაერიცხა პირგასამტეხლო 595.20 ლარის ოდენობით.

 

7.14. დადგენილია, რომ აპელანტი (მოსარჩელე) ითხოვს პირგასამტეხლოს განსაზღვრას 14 440.54 ლარით.

 

7.15. ზემოაღნიშნული პრინციპით დაანგარიშებით, პირგასამტეხლოს ოდენობა საერთო ჯამში შეადგენს 9243.03 ლარს, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლო შეზღუდულია მოსარჩელის (აპელანტის) მოთხოვნის ფარგლებით, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს სწორედ მისი მოთხოვნის ფარგლებში.

 

7.16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ამავე კოდექსის 377.1-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე კოდექსის 384-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.

 

7.17. განსახილველ შემთხვევაში, პალატამ არაგონივრულად და შეუსაბამოდ მიიჩნია მხარეთა შეთანხმება პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ღირებულების მიხედვით დაანგარიშების ნაწილში. რაც შეეხება პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთს, პალატა მიჩნევს, რომ მოცემული დავის ფარგლებში მის შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე და შემცირების საკითხზე მსჯელობა ფაქტობრივად აზრსმოკლებულია, ვინაიდან, დადგენილია, რომ მოსარჩელის (აპელანტის) მოთხოვნის საგანია პირგასამტეხლოს განსაზღვრა 14 440.54 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული პრინციპით პირგასამტეხლოს დაანგარიშებით მისი ოდენობა საერთო ჯამში შეადგენს 9243.03 ლარს, რაც ისედაც ნაკლებია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ ოდენობაზე.

 

7.18. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლო შეზღუდულია მოსარჩელის (აპელანტის) მოთხოვნის ფარგლებით, პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს ამ მოთხოვნის ფარგლებში, ანუ 14 440.54 ლარის ოდენობით, საიდანაც 595.54 ლარი წარმოადგენს #7- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს 2 დღის დაგვიანებით დაწყებისათვის განსაზღვრულ პირგასამტეხლოს, 8573.01 ლარი - პროპორციული განაწილების საფუძველზე, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადაგადაცილებისათვის განსაზღვრულ პირგასამტეხლოს, ხოლო 5272.33 ლარი - #7- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადაგადაცილებისათვის განსაზღვრულ პირგასამტეხლოს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

7.2. ვინაიდან აპელანტის მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „მ------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ პირველ ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარისა და სააპელაციო წარმოებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2310.49 ლარის ანაზღაურება.

 

7.3. შპს „მ------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან უნდა დაუბრუნდეს 14.08.2019 წელს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 150 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს შპს „მ------ის“ სააპელაციო საჩივარი.

 

2. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით (სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში) მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. შპს „მ------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

4. შპს „მ------სა“ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტს შორის, 2018 წლის 7 მაისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N7- და N7- ხელშეკრულებების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლო შემცირდეს და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 14 440.54 ლარით.

 

5. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „მ------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2410.48 ლარის ოდენობით.

 

6. შპს „მ------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 14.08.2019 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი, რაც ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე, სახაზინო კოდით - 300 183 150 (გადამხდელი თ----------–--ე, გადამხდელის ბანკი - სს „თიბისი ბანკი“, რეფერენსი - 2817987185, მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში)

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-7-10 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ინდირა მაშანეიშვილი

 

მოსამართლეები ირმა პერანიძე

 

თამარ სვანიძე