განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.12.2019
საქმის ნომერი
330310018002626146
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
10.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002626146

საქმე №3ბ/209-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

10 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მანანა ჩოხელი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი - ვი-------------------------------ჰ

წარმომადგენელი - აკ-----–------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი - გი------------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია

 

მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვი-------------------------------ჰის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2017 წლის 25 აგვისტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა ერაყის რესპუბლიკის მოქალაქემ ვი-------------------------------ჰმა (WI--------------------------H) (დაბ.: 06.01.1986წ.). განმცხადებელს ჩაუტარდა ანკეტირება და დარეგისტრირდა თავშესაფრის მაძიებელ პირად.

 

დადგენილია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ვი-------------------------------ჰთან ჩაატარა გასაუბრება. გასაუბრების შედეგად გამოირკვა, რომ ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე, აღმსარებლობით მუსლიმი შიიტი, ეროვნებით არაბი, ვი-------------------------------ჰ დაიბადა 1986 წლის 6 იანვარს ერაყის რესპუბლიკაში, ქ. ბაღდადში. 1990 – 1996 წლებში სწავლობდა ქ. ბაღდადის, პალესტინის ქუჩის დაწყებით სკოლაში. 1997 – 2003 წლებში სწავლობდა ქ. ბაღდადის, პალესტინის ქუჩის საშუალო სკოლაში. 2003 – 2006 წლებში სწავლობდა მუსამა სინაიას მოსამზადებელ სკოლაში, ქ. ბაღდადში. 2003 – 2005 წლებში განმცხადებელი იყო დაკავებული კერძო საქმიანობით, ვაჭრობდა ავტომანქანებით. 2009 – 2010 წლებში სწავლობდა რაფიდენის უნივერსიტეტში, ქ. ბაღდადში, თუმცა სწავლა არ დაუსრულებია, თავისი სურვილიდან გამომდინარე. 2009 – 2013 წლებში აქირავებდა გენერატორს, ერაყში ცხოვრების პერიოდში ოფიციალურად არსად უმუშავია. 2013 წლის 30 სექტემბერს განმცხადებელმა დატოვა წარმოშობის ქვეყანა, რადგან ქვეყანაში არეულობა იყო და ასევე სამსახურის შოვნის მიზნით ჩამოვიდა საქართველოში, ერაყში ცხოვრების პერიოდში მას არანაირი პრობლემა არ შექმნია. 2014 წელს განმცხადებელმა დაიწყო მუშაობა სამკერვალო ქარხანაში „ფარაზდაყ“, ქ. თბილისში. თავშესაფრის მაძიებელი მუშაობდა, როგორც ქარხნის მომმარაგებელი. მუშაობის პერიოდში განმცხადებელმა გაიცნო ერთი ერაყელი პიროვნება, რომელთანაც დაახლოვდა და საკუთარი ცხოვრების და ოჯახის ფინანსური შესაძლებლობების შესახებაც აწვდიდა ინფორმაციას. 2016 წელს ქარხანა დაიხურა და განმცხადებლის ნაცნობიც დაბრუნდა ერაყში. თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით 2016 წლის ივნისში აღნიშნული პირი, 4 ადამიანთან ერთად, მივიდა განმცხადებლის ოჯახის წევრებთან და განუცხადა, რომ ვი---მა მისგან ისესხა 860 000 ამერიკული დოლარი და დაბრუნებას ითხოვდა. განმცხადებლის თქმით, ეს რა თქმა უნდა ტყუილი იყო და აღნიშნული პირი უბრალოდ ძალავდა ფულს თავშესაფრის მაძიებლის ოჯახის წევრებს. განმცხადებლის დედა ქალაქის გამგებელთან დაიბარეს და იქ განუცხადეს, რომ თუ თანხას არ მისცემდნენ მის შვილებს მოკლავდნენ. დედამ უარი განუცხადა თანხის გადაცემაზე და პოლიციაშიც შეიტანა განაცხადი. საქმის გამოძიებისას სასამართლომ აღნიშნული პირები რამდენჯერმე დაიბარა პროცესზე, თუმცა ისინი არ გამოცხადებულან, თავშესაფრის მაძიებლის თქმით სასამართლოს უწყება პოლიციას არ მიჰქონდა, რადგან მათი ეშინოდათ, რადგან ეს ადამიანები ერთ-ერთი დაჯგუფების წევრები არიან, თუმცა თუ რომელი დაჯგუფების არ იცის. თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით ყოველ 3 თვეში ერთხელ მიდიან მის ოჯახთან და სხვადასხვა თანხას სთხოვენ, ბოლოს 500 000 დოლარი მოსთხოვეს. განმცხადებლის თქმით ერაყში დაბრუნების შემთხვევაში, მას ამ დაჯგუფების პირები გაიტაცებენ და გამოსასყიდის თანხას მოითხოვენ ოჯახისგან, შეიძლება მოკლან კიდეც, ამის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ მისი ოჯახი ფინანსურად უზრუნველყოფილია. თავშესაფრის მაძიებლის წევრები ცხოვრობენ ქ. ბაღდადში პალესტინის ქუჩაზე, დედა, 5 და და 2 ძმა: დედა დიასახლისია, უფროს ძმას აქვს საკუთარი სუპერმარკეტი; მეორე მუშაობდა ვაჭრობის სამინისტროში, ამჟამად უმუშევარია; 2 და მუშაობს სასამართლოში, 1 ფინანსთა სამინისტროში, ხოლო დანარჩენი ორი ვაჭრობით არიან დაკავებული სავაჭრო ცენტრში.

 

დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების რეგისტრაციისა და სტატუსის დადგენის განყოფილებამ მოსარჩელის საქმეზე შეადგინა დასკვნა, რომელშიც მითითებული იქნა შემდეგი: დასკვნის პირველ ნაწილში აღწერილია ის ფაქტები და მოვლენები, რომელიც თავად ვი-------------------------------ჰმა გადმოსცა სამინისტროსთან გასაუბრების დროს; დასკვნის მეორე ნაწილში განმარტებულია, რომ სანდოდ ვერ იქნება მიჩნეული კრიმინალების მხრიდან მომდინარე საფრთხე.

 

ამავე დასკვნით სანდოდ იქნა მიჩნეული, რომ განმცხადებელი არის ვი-------------------------------ჰ (WI--------------------------H) (დაბ.: 06.01.1986 წ.), ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე, მუსლიმი შიიტი, ქ. ბაღდადიდან.

 

დასკვნა ასახავს არგუმენტებს, რომლებიც განმცხადებელმა მოთხოვნას დაუდო საფუძვლად; დასახელებული არგუმენტების შეფასებას სამმართველოს მიერ; დადგენილ კრიტერიუმებთან დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისობის შეფასებას 1951 წლის ჟენევის კონვენციის მიხედვით; მსჯელობას დაინტერესებული პირის მიმართ დევნის განხორციელების საფუძვლიანი შიშის რეალურობის შესახებ. დასკვნაში ასახული რეკომენდაციით, თავშესაფრის საკითხთა სამმართველო მიიჩნევს, რომ კვლევის პროცესში არ გამოვლინდა ისეთი სახის არსებითი ფაქტები, რომლებიც თავისი არსით მიეკუთვნება ,,ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1ა მუხლის მე-2 პუნქტით და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ ნიშნებს, რაც არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სამინისტროს კვლევა განეგრძო ლტოლვილის სტატუსის დადგენის მიმართულებით. ასევე, აღნიშნული დასკვნით, თავშესაფრის მაძიებელი ვი-------------------------------ჰ (WI--------------------------H) (დაბ.: 06.01.1986 წ.), არ საჭიროებს ჰუმანიტარულ დაცვას, რადგან მას „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფრთხეები არ ემუქრება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამმართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია, ერაყის რესპუბლიკის მოქალაქეს: ვი-------------------------------ჰს (WI--------------------------H) (დაბ.: 06.01.1986 წ.) უარი ეთქვას როგორც ლტოლვილის ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.

 

მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, ერაყში არსებული ვითარების შეფასებისას, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის დეკემბრისთვის ერაყის მთავრობამ, გასამხედროებულმა შენაერთებმა, ასევე, ქურთულმა და კოალიციურმა ძალებმა დაიბრუნეს ისლამური სახელმწიფოს მიერ დაკავებული ტერიტორიები (მოსული, ტელაფარი, ჰავიჯა). ისლამური სახელმწიფოს მიერ პოზიციების დაკარგვის მიუხედავად, საგულისხმოა, რომ ამბოხებულთა საწინააღმდეგო და კონტრ-ტერორისტული ოპერაციები გრძელდება. აშშ-ის კონგრესის კვლევითი სერვისის 2018 წლის მონაცემებით, უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება გაუმჯობესდა, მაგრამ მაინც, კვლავ ცვალებადი და არაპროგნოზირებადი რჩება. უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო წყაროს Iraqibodycount-ის ცნობით, 2014 წლიდან შეინიშნება საომარ მოქმედებებში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობის კლების ტენდენცია. რაც შეეხება ბაღდადს, 2018 წლის იანვარში ტერორისტული აქტების ფონზე დღეში 3,3 ინციდენტი ფიქსირდებოდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ინციდენტების რაოდენობა ივნისისთვის 1,1-მდე შემცირდა. 2017 წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემების იმავე პერიოდის 2018 წელთან შედარებისას იკვეთება, რომ ბაღდადში იკლო როგორც ინციდენტების რაოდენობამ (2017 წელი -4544 ინციდენტი; 2018 წელი - 1941 ინციდენტი), ასევე ადამიანის მსხვერპლმა.

 

საყურადღებოა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (ECtHR) 2016 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება - ჯ.კ. და სხვები შვედეთის წინააღმდეგ (CASE OF J.K. AND OTHERS v. SWEDEN), სადაც დიდმა პალატამ დაასკვნა, რომ მართალია ერაყში უსაფრთხოების ზოგადი მდგომარეობა არასტაბილური იყო, თუმცა არ იყო იმ დონეზე მისული, რომ მხოლოდ ამ საფუძვლით განმცხადებლების უკან გაბრუნება, ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის მე-3 მუხლის (წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) დარღვევას გატოლებოდა.

 

ერაყის მიერ ისლამურ სახელმწიფოზე უპირატესობის მოპოვების მიუხედავად, ქვეყანაში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ არაპროგნოზირებადია, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო წყაროების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ქვეყნის მასშტაბით ინციდენტებისა და მსხვერპლის რაოდენობის კლება ფიქსირდება. ხაზგასასმელია, რომ 2003 წლის შემდგომ, სწორედ 2018 წელს დაფიქსირდა ინციდენტების ყველაზე ნაკლები რაოდენობა. სხვა რეგიონებთან შედარებით ერაყის სამხრეთ შიიტური რეგიონები მეტი სტაბილურობით გამოირჩევიან, შესაბამისად, შიდა გადაადგილების ალტერნატივების განხილვისას, საერთაშორისო ანგარიშები სწორედ შიიტურ რეგიონებზე აკეთებენ აქცენტს. რაც შეეხება ბაღდადს, ის კვლავ რჩება ინციდენტებით ერთ-ერთ გამორჩეულ ტერიტორიად, თუმცა ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ 2018 წლის იანვრიდან ბაღდადში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემთხვევების რაოდენობის კლება შეინიშნება.

 

გასაუბრების მასალებისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 31 აგვისტოს MIA 3 18 02 18593 გადაწყვეტილებით (შეტყობინება), ვი-------------------------------ჰს უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ - ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ, სადავო ურთიერთობის ერთ - ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

სასამართლომ, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ორგანიზაციული გაგებით, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და იგი შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირის, ვი-------------------------------ჰის უფლებებსა და მოვალეობებს. შესაბამისად, გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 31 აგვისტოს MIA 3 18 02118593 შეტყობინება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი შესაბამისობა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წარმოშობილ სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებთან - ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციასთან, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1967 წლის ოქმსა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონთან.

 

,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) შექმნას თავშესაფრის პროცედურისთვის საჭირო სამართლებრივი ჩარჩო; ბ) ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა; გ) უზრუნველყოს თავშესაფრის პროცედურა ამ კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენებით.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,თ“ პუნქტის თანახმად, ლტოლვილი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი, ხოლო ,,ი“ პუნქტის მიხედვით, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ჰუმანიტარული სტატუსი;

მოცემული კანონის მე-15 მუხლი ადგენს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებს, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს. ანუ სახეზე არ არის ისეთი მნიშვნელოვანი პირობა, როგორიც არის საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

 

სასამართლომ, ამ მუხლის დეფინიციის განმარტებისათვის, ასევე მოიხმო ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის 28 ივლისის კონვენციის პირველ მუხლი, რომლის თანახმად ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი” ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.

 

განსახილველ სარჩელში მითითებული დავის საგნის ფარგლებში, იმისათვის, რომ დადასტურდეს მოსარჩელის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გასაუბრებისას და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტების საფუძვლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს მოსარჩელის მიმართ დევნის განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ნამდვილობის საკითხი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენცია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებულ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს, ამასთან, 1951 წლის კონვენციისეული ზემოთ მოყვანილი ცნება შედგება დამდგენი პირობებისგან, რომლებიც აყალიბებს იმის განსაზღვრის კრიტერიუმებს, არის თუ არა თავშესაფრის მაძიებელი პირი ლტოლვილი, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრება ლტოლვილის სტატუსთან აღნიშნული პირის შესაბამისობა. ეს პირობები ადგენს შემდეგ საფუძვლებს: დევნის საფუძვლიანი შიში; დევნა, რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით; მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა.

 

დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში ხელისუფლება ვერ ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს.

 

შიშის სუბიექტური ხასიათის გამო, კონვენციისეული განმარტება მოიცავს თავშესაფრის მაძიებელი პირის სუბიექტურ ელემენტს. შიშის ელემენტს - განწყობა და სუბიექტური მდგომარეობა - ემატება კვალიფიკაცია „საფუძვლიანი“. ეს ნიშნავს, რომ პირის ლტოლვილის სტატუსს განსაზღვრავს არა მხოლოდ შესაბამისი პირის განწყობა, არამედ ისიც, რომ მისი განწყობა გამყარებულია ობიექტური გარემოებებით. ამდენად, ტერმინი ,,საფუძვლიანი შიში“ შედგება სუბიექტური და ობიექტური ელემენტებისგან და საფუძვლიანი შიშის არსებობის განსაზღვრისას აუცილებელია ორივე ელემენტის გათვალისწინება.

 

გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, იმ მნიშვნელობის გამო, რომელსაც განმარტება ანიჭებს სუბიექტურ ელემენტს - შიშს, აუცილებელია, შეფასდეს, რამდენად სარწმუნოა თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, განსაკუთრებით თუ წარმოდგენილი ფაქტებიდან გამომდინარე საქმეში არსებული ფაქტები არ არის საკმარისად მკაფიო, აუცილებელი იქნება თავშესაფრის მაძიებლის პირადი და ოჯახური ვითარების, მისი კონკრეტული რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, სოციალური ან პოლიტიკური ჯგუფისადმი კუთვნილების, სიტუაციის მისეული განმარტების და მისი პირადი გამოცდილების გათვალისწინება - ანუ ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინება, რაც შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ აღნიშული პირის განცხადების ძირითადი მოტივი შიშია. შიში უნდა იყოს გონივრული. თუმცა გადაჭარბებული შიშიც შეიძლება იყოს საფუძვლიანი იმ შემთხვევაში, თუ საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით შესაძლებელია ამგვარი განწყობის დასაბუთება და გამართლება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე განცხადების არსებითად განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს ადგენს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით თავშესაფრის მაძიებელთან ტარდება გასაუბრება. მე-2 პუნქტის შესაბამისად, გასაუბრების მიზანია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების დადგენა, რომლებიც მოიცავს თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვების და დაუბრუნებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე სხვა ინფორმაციას, რომლითაც შეიძლება დადგინდეს პირზე საერთაშორისო დაცვის გავრცელების საჭიროება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, უფლებამოსილი თანამდებობის პირი გასაუბრებას ატარებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან 4 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრულ ვადაში.

 

ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს: ა) ყველა სათანადო ფაქტი, რომლებიც დაკავშირებულია წარმოშობის ქვეყანასთან, მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობა და სხვა რეგულაციები, აგრეთვე არსებული პრაქტიკა; ბ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და დოკუმენტაცია, მათ შორის, იმის შესახებ ინფორმაცია, რომ თავშესაფრის მაძიებელი იდევნება ან შესაძლებელია გახდეს დევნის მსხვერპლი და რომ მას მიადგა ან შეიძლება მიადგეს სერიოზული ზიანი; გ) თავშესაფრის მაძიებლის პირადი მონაცემები; დ) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში დევნის ან სერიოზული ზიანის დადგომის შესაძლებლობა; ე) განმცხადებლის მიერ იმ ქვეყნის დაცვით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელიც მისი წარმოშობის ქვეყანა არ არის და რომლის მოქალაქეც არის თავშესაფრის მაძიებელი. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის მიხედვით, ფაქტი, რომ თავშესაფრის მაძიებელი გახდა დევნის მსხვერპლი, ან მას მიადგა სერიოზული ზიანი, ან მას უშუალოდ დაემუქრნენ დევნით ან სერიოზული ზიანის მიყენებით, აჩენს საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ იგი შეიძლება დადგეს დევნის ან სერიოზული ზიანის მიყენების რეალური საფრთხის წინაშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ასეთი დევნა ან სერიოზული ზიანი აღარ განმეორდება. ამავე კანონის 43-ე მუხლის თანახმად კი, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა წერილობით უნდა დაასაბუთოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები.

 

აღნიშნული კანონის შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრება, ხოლო სხვა დანარჩენი პუნქტები, რომლებიც სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტების უტყუარობისა და დაინტერესებული პირის ქცევის სანდოობის ანალიზს შეეხება, უნდა გამომდინარეობდეს თავად თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოძიება, უკვე წარდგენილი მტკიცებულებების ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში შეფასება, მათი საჭიროება განისაზღვრება მაძიებელ პირთან უშუალო გასაუბრების შედეგად მიღებული სრულყოფილი ინფორმაციიდან გამომდინარე.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ზემოაღნიშნული პროცედურის დაცვით აწარმოა საქმის გარემოებათა გამოკვლევა და მის მიერ სწორედ ის გარემოებები იქნა მიჩნეული საქმისათვის მნიშვნელოვნად, რომელთა გამოკვლევა და შეფასებაც შესაძლებელი და აუცილებელი შეიქმნა თავშესაფრის მაძიებელ პირთან გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებული დასკვნის შედგენისას, უმთავრესია თავად დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც ლოგიკური და თანმიმდევრული უნდა იყოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია თავშესაფრის მაძიებლისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ვი-------------------------------ჰის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო გარემოებები. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მოიცავს გარკვეულ შეუსაბამობებს, მოსარჩელის შიში ვერ იქნება შეფასებული ობიექტური საფუძვლის მქონედ.

 

კერძოდ, სანდოდ არ იქნა მიჩნეული: თავშესაფრის მაძიებლის განაცხადი, რომ ერაყში დაბრუნების შემთხვევაში მას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს კრიმინალების მხრიდან. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ განმცხადებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში გამოვლინდა არაერთი შეუსაბამობა, რომელსაც განმცხადებელი დამაჯერებლად ვერ ხსნის. ამასთან, თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით საქართველოში გაიცნო ერაყელი პიროვნება, რომელიც დაბრუნდა ერაყში, მივიდა მის ოჯახში და განუცხადა მის ოჯახის წევრებს, რომ მან გამოართვა აღნიშნულ პიროვნებას 800 000 აშშ დოლარი და იგი მოითხოვდა მისი ოჯახის წევრებისგან ამ თანხის გადახდას. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის ისეთი სახის არსებითი ფაქტი, რომელიც თავისი არსით მიეკუთვნება ,,ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ ერთ-ერთ ნიშანს.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელე მისივე განმარტებით, საქართველოში ჩამოვიდა 2013 წელს სამსახურის შოვნის მიზნით და 2013 წლიდან სარგებლობდა სამუშაო დროებითი ბინადრობით საქართველოში. ხოლო, 2017 წელს უარი უთხრეს ბინადრობის გაგრძელებაზე და მხოლოდ ამის შემდგომ მიმართა სამინისტროს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით.

 

რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებლის განაცხადს, რომ მის ქვეყანაში ვერ ბრუნდება, რადგან იქ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და სახიფათოა ცხოვრება, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო წყაროს Iraqibodycount-ის ცნობით, 2014 წლიდან შეინიშნება საომარ მოქმედებებში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობის კლების ტენდენცია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დაეთანხმა მოპასუხის არგუმენტაციას და მართებულად მიიჩნია სამინისტროს უარი ვი-------------------------------ჰისათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზეც, ვინაიდან მოსარჩელის მიერ ასევე ვერ იქნა დასაბუთებული, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში იგი დადგება სერიოზული ზიანის - საფრთხის წინაშე.

 

სასამართლომ მიუთითა ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ჰუმანიტარული სტატუსი, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.

 

ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონის მე-15 მუხლის მიზნებისთვის ქმედება დევნად მიიჩნევა, თუ: ა) იგი თავისი ბუნებით ან განმეორებადობით იმდენად სერიოზულია, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზული დარღვევაა; ბ) იგი არის სხვადასხვა ქმედების ერთობლიობა, რომელიც იმდენად მწვავეა, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზული დარღვევაა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დევნა შეიძლება გამოიხატოს შემდეგი ფორმებით: ა) ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის, აქტი; ბ) სამართლებრივი, ადმინისტრაციული ან/და სასამართლო აქტები და ღონისძიებები, რომლებიც თავად არის დისკრიმინაციული ან დისკრიმინაციული ფორმით ხორციელდება; გ) სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელი, რომელიც არაპროპორციულია ან დისკრიმინაციულია; დ) დარღვეული უფლების აღდგენაზე სასამართლოს მიერ უარის თქმა, რასაც შედეგად არაპროპორციული ან დისკრიმინაციული სასჯელი მოჰყვება; ე) სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელი კონფლიქტის დროს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებაზე უარის თქმის გამო; ვ) ქმედება, რომელიც თავისი ბუნებით გენდერულ იდენტობას, სქესს ან არასრულწლოვანს უკავშირდება. 3. სერიოზული ზიანია: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის ვარაუდი იმის შესახებ, რომ შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი კრიმინალების მხრიდან მომდინარე საფრთხიდან გამომდინარე, არ არის საფუძვლიანი. სასამართლომ დადასტურებულად ვერ მიიჩნია მოსარჩელის მითითება მისი დევნის შესახებ, ვინაიდან ვერც ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე და ვერც სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დასახელებული კონკრეტული ფაქტები წარმოშობის ქვეყანაში მისი დევნის შესახებ. საქმის მასალებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და სასამართლო სხდომაზე მიცემულ განმარტებაზე დაყრდნობით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ წარმოშობის ქვეყანაში დევნის განხორციელების შიშის არსებობის თაობაზე მიცემულ განმარტებებში, შეუსაბამობები დაფიქსირდა. მითითებული გარემოებებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლო დევნის განხორციელების შიშის ობიექტური საფუძველი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ 1951 წლის კონვენციის 33-ე მუხლიდან გამომდინარე, დევნას წარმოადგენს სიცოცხლის ან თავისუფლებისათვის საფრთხე რასის, რელიგიის, ეროვნების, პოლიტიკური შეხედულების ან კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრობის გამო. ის თუ რამდენად გაუტოლდება სხვა ზიანის მომტანი ქმედება ან საფრთხე დევნას, დამოკიდებულია გარემოებებზე, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებს ახლავს, მათ შორის, ზემოთ აღნიშნულ სუბიექტურ ელემენტზე. როგორ ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელის დევნა უკავშირდება მხოლოდ კრიმინალების მხრიდან მომდინარე საფრთხეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სუბიექტური შიშის ობიექტური საფუძველი - წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის ვარაუდის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, ერთის მხრივ, არ იძლევა წარმოშობის ქვეყანაში მის მიმართ ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციით რეგლამენტირებული ლტოლვილის სტატუსის დამდგენი პირობების არსებობის საფუძველს, მეორეს მხრივ კი, დაუსაბუთებელია მისი მხრიდან საფუძვლიანი შიშის არსებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ აკმაყოფილებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონითა და ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციით განსაზღვრული ლტოლვილის/ჰუმანიტარული ცნების განმსაზღვრელ ძირითად მოთხოვნას. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა ზემოხსენებული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული არგუმენტები, რის საფუძველზეც იგი შეიძლება ჩათვლილიყო დევნის მსხვერპლად.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 31 აგვისტოს MIA 3 18 02118593 შეტყობინება კანონშესაბამისია, ვინაიდან იგი არ ეწინააღმდეგება ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციისა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ამასთან, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი გასაჩივრებული აქტის მომზადება-გამოცემის წესის არსებითი დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და შესაბამისად, ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, მიიჩნია უსაფუძვლოდ.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის მიხედვით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შედგება ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურული და დამდგენი კრიტერიუმების აღწერისაგან. აპელანტის განმარტებით, ფაქტიურად სასამართლო გადაწყვეტილების ტექსტი წარმოადგენს საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონისა და 1951 წლის კონვენციის ნორმების კომპილაციას და მასში დასაბუთებული არ არის თუ როგორ მივიდა სასამართლო დასკვნამდე, რომ მოსარჩელეს წარმოშობის ქვეყანაში არ დაემუქრება საფრთხე.

 

აპელანტის მითითებით, გადაწყვეტილების მე-11 გვერდზე უკანასკნელი აბზაცით სასამართლო ერთი მხრივ უთითებს, რომ მოსარჩელის ინფორმაციაში არაერთი შეუსაბამობაა, ხოლო მეორეს მხრივ კი მე-12 გვერდზე პირველ აბზაცში უთითებს, რომ 80 000 აშშ დოლარის მოთხოვნის ინციდენტი არ არის ისეთი არსებითი ფაქტი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა სტატუსის მინიჭებას. ამ ნაწილში სასამართლოს დასაბუთება წინააღმდგობრივია თუ მონათხრობი სანდო არაა, ამ შემთხვევაში აღარ უნდა განხორციელდეს კვლევა მონათხრობში დაფიქსირებული ინციდენტები, იძლევა თუ არა თავშესაფრის მინიჭების შესაძლებლობას. სასამართლოს გადაწყვეტილების მე-12 გვერდზე მე-2 აბზაცში მითითებული აქვს, რომ მოსარჩელის საქართველოში ჩამოსვლის თავდაპირველი მიზანი იყო სამუშაოს შოვნა. აპელანტის მოსაზრებით, ჩამოსვლის მიზნის მიუხედავად, არსებითი მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის მომენტისთვის რა დაუდო საფუძვლად მოსარჩელემ თავის განცხადებას. მე-12 გვერდზე მე-3 ველში ერაყში დაბრუნების შესაძლებლობის დასკვნის გაკეთებისას, სასამართლოს მსჯელობა, არ არის სწორი და ობიექტური იმდენად, რამდენადაც მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის ტენდენციის კლება, არ ნიშნავს საფრთხის განეიტრალებას. აპელანტის მოსაზრებით, გაუმართლებელია ამგვარი მსჯელობით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

აპელანტის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე მას საკმაო დეტალიზაციით აქვს აღწერილი ის საფრთხე, რომლის გამოც დაბრუნების შესაძლებლობა არ გააჩნია, ამის პარალელურად, თავად სასამართლოს მიერ წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოძიებულ ინფორმაციაში, რომელიც წერილობითი სახით თან ერთვის საქმეს დაფიქსირებულია წარმოშობის ქვეყანაში არსებული საფრთხეები და არასტაბილური ვითარება, რაც იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ერაყში მოცემული საქმის განხილვის მომენტისათვის შენარჩუნებულია ადმიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების საფრთხე.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო არსებითად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო სასამართლო და მიუთითებს მათზე.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით არსებითად სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავოა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 31 აგვისტოს № MIA 3 18 02118593 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ვი-------------------------------ჰისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება.

 

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

 

ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაეროს 1951 წლის კონვენციის შესაბამისად, ცნება „ლტოლვილი“ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც საფუძვლიანი შიშის გამო შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

 

„ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის 28 ივლისის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი” ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.

 

„ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციით განსაზღვრულია კრიტერიუმები, რომელთა არსებობის დროსაც დგინდება ლტოლვილის სტატუსთან კონკრეტული პირის შესაბამისობა. ეს პირობები ადგენს შემდეგ საფუძვლებს: დევნის საფუძვლიანი შიში, დევნა რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით, მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა. ამასთანავე, დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში ხელისუფლება ვერ ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს. ამდენად, ლტოლვილის ცნებიდან გამომდინარე, ლტოლვილი არის პირი, რომელსაც არ აქვს არჩევანის შესაძლებლობა, დატოვოს თუ არა თავისი საცხოვრებელი ქვეყანა. იგი იძულებულია მოიქცეს ასე დევნის საფუძვლიანი შიშის გამო. დევნა კი უნდა მოიცავდეს ადამიანის უფლებათა ისეთ დარღვევას, როგორიც არის წამება, შეურაცხყოფა, ძალადობა და სხვა ზიანის მიყენება და წარმოადგენდეს ქვეყნის დატოვების - უკიდურესი ქმედების შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში აპელანტი ანკეტირებისას წარმოშობის ქვეყნის დატოვების მიზეზებად მიუთითებს, რომ ერაყში არეულობა იყო და ასევე სამსახურის შოვნის მიზნით ჩამოვიდა საქართველოში. მისივე განმარტებით, ერაყში ცხოვრების პერიოდში მას არანაირი პრობლემა არ შექმნია. ასევე მისი განმარტებით, 2014 წელს დაიწყო მუშაობა სამკერვალო ქარხანაში „ფარაზდაყ“, ქ. თბილისში. მუშაობდა, როგორც ქარხნის მომმარაგებელი. მუშაობის პერიოდში აპელანტმა გაიცნო ერთი ერაყელი პიროვნება, რომელთანაც დაახლოვდა და საკუთარი ცხოვრების და ოჯახის ფინანსური შესაძლებლობების შესახებაც აწვდიდა ინფორმაციას. 2016 წელს ქარხანა დაიხურა და აპელანტის ნაცნობიც დაბრუნდა ერაყში. მისი განცხადებით 2016 წლის ივნისში აღნიშნული პირი, 4 ადამიანთან ერთად, მივიდა აპელანტის ოჯახის წევრებთან და განუცხადა, რომ ვი---მა მისგან ისესხა 860 000 ამერიკული დოლარი და დაბრუნებას ითხოვდა. აპელანტის განმარტებით, ეს რა თქმა უნდა ტყუილი იყო და აღნიშნული პირი უბრალოდ ძალავდა ფულს მისი ოჯახის წევრებს. აპელანტის დედა ქალაქის გამგებელთან დაიბარეს და იქ განუცხადეს, რომ თუ თანხას არ მისცემდნენ მის შვილებს მოკლავდნენ. დედამ უარი განუცხადა თანხის გადაცემაზე და პოლიციაშიც შეიტანა განაცხადი. საქმის გამოძიებისას სასამართლომ აღნიშნული პირები რამდენჯერმე დაიბარა პროცესზე, თუმცა ისინი არ გამოცხადებულან, აპელანტის განმარტებით, სასამართლოს უწყება პოლიციას არ მიჰქონდა, რადგან მათი ეშინოდათ, რადგან ეს ადამიანები ერთ-ერთი დაჯგუფების წევრები არიან, თუმცა თუ რომელი დაჯგუფების არ იცის. თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით ყოველ 3 თვეში ერთხელ მიდიან მის ოჯახთან და სხვადასხვა თანხას სთხოვენ, ბოლოს 500 000 დოლარი მოსთხოვეს. განმცხადებლის თქმით ერაყში დაბრუნების შემთხვევაში, მას ამ დაჯგუფების პირები გაიტაცებენ და გამოსასყიდის თანხას მოითხოვენ ოჯახისგან, შეიძლება მოკლან კიდეც, ამის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ მისი ოჯახი ფინანსურად უზრუნველყოფილია. აპელანტის განმარტებით, მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ ქ. ბაღდადში პალესტინის ქუჩაზე, დედა, 5 და და 2 ძმა: დედა დიასახლისია, უფროს ძმას აქვს საკუთარი სუპერმარკეტი; მეორე მუშაობდა ვაჭრობის სამინისტროში, ამჟამად უმუშევარია; 2 და მუშაობს სასამართლოში, 1 ფინანსთა სამინისტროში, ხოლო დანარჩენი ორი ვაჭრობით არიან დაკავებული სავაჭრო ცენტრში.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მოსარჩელის ვარაუდი იმის შესახებ, რომ შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი კრიმინალების მხრიდან მომდინარე საფრთხიდან გამომდინარე, არ არის საფუძვლიანი. სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს მოსარჩელის მითითებას მისი დევნის შესახებ, ვინაიდან ვერც ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე და ვერც სასამართლო სხდომებზე აპელანტის მიერ ვერ იქნა დასახელებული კონკრეტული ფაქტები წარმოშობის ქვეყანაში მისი დევნის შესახებ. საქმის მასალებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და სასამართლო სხდომებზე მიცემულ განმარტებებზე დაყრდნობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აპელანტის მიმართ წარმოშობის ქვეყანაში დევნის განხორციელების შიშის არსებობის თაობაზე მიცემულ განმარტებებში, შეუსაბამობებია. მითითებული გარემოებებით, სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტმა ვერ დაადასტურა, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლო დევნის განხორციელების შიშს, გააჩნია ობიექტური საფუძველი.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა 1951 წლის კონვენციის 33-ე მუხლიდან გამომდინარე, რომ დევნას წარმოადგენს სიცოცხლის ან თავისუფლებისათვის საფრთხე რასის, რელიგიის, ეროვნების, პოლიტიკური შეხედულების ან კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრობის გამო. ის თუ რამდენად გაუტოლდება სხვა ზიანის მომტანი ქმედება ან საფრთხე დევნას, დამოკიდებულია გარემოებებზე, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებს ახლავს, მათ შორის, სუბიექტურ ელემენტზე. მოცემულ შემთხვევაში კი სახეზე არ არის სუბიექტური შიშის ობიექტური საფუძველი - წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში მის მიმართ ძალადობის განხორციელების ვარაუდის საფუძველი. აღნიშნულს მოწმობს აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებათა ურთიერთშეჯერება და მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციაც. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო წყაროს Iraqibodycount-ის ცნობით, 2014 წლიდან შეინიშნება საომარ მოქმედებებში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობის კლების ტენდენცია. სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას, რომ მოქალაქეების დაღუპვის ტენდენციის კლება არ ნიშნავს საფრთხის განეიტრალებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო იზიარებს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ აკმაყოფილებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონითა და ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციით განსაზღვრული ლტოლვილის ცნების განმსაზღვრელ ძირითად მოთხოვნას, კერძოდ, სახეზე არ არის ადამიანის უფლებების სისტემატურ შელახვაში გამოხატული დევნა ან დევნის განხორციელების რეალური შიში.

 

რაც შეეხება ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს მე-19 მუხლის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება. შესაბამისად, ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისთვის პირმა უნდა დაამტკიცოს, რომ მისი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება წარმოშობს მისთვის სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხეს, იმავდროულად, სერიოზული ზიანის ცნება კანონმდებელმა დეტალურად განმარტა. კერძოდ, საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სერიოზული ზიანია: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიმართ არ არსებობს „საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, რადგან არ არსებობს მოსარჩელის მიმართ სიკვდილით დასჯის ან განუსაზღვრელი ძალადობის გამო ზიანის მიყენების რეალური რისკი. რაც შეეხება „საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ სერიოზულ ზიანს - წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი, წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული და აპელანტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს არ გააჩნია ისეთი სახის ინდივიდუალური გარემოება, რომ დადგეს მსგავსი სერიოზული ზიანის, რეალური საფრთხის ქვეშ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული, ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2-ლი, მე-12, 2125-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ვი-------------------------------ჰის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლე მანანა ჩოხელი