განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080210018002634595
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1136-2019 24 თებერვალი, 2020 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) მოსამართლეები: ლაურა მიქავა თეიმურაზ სიხარულიძე ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე
აპელანტი - ჟ---–----- ფ-----ე
წარმომადგენელი - ლ--–--------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - ლ---- ო-----–--ე გ-------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - ლ---- ო-----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; - ჟ---–----- ფ-----ეს ლ---- ო-----–--ის სასარგებლოდ დაეკისრა 5250 აშშ დოლარის გადახდა; - ჟ---–----- ფ-----ეს ლ---- ო-----–--ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 411 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის და აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 21 ლარის გადახდა; - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ჟ---–----- ფ-----ის კუთვნილ უძრავ ქონებას, ს.კ. 0----------------------. დარჩა ძალაში. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2018 წლის 10 თებერვალს ლ---- ო-----–--ეს (კრედიტორი) და ჟ---–----- ფ-----ეს (მოვალე) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო 5000 აშშ დოლარი ექვსი თვის ვადით. ხელშეკრულება ხელმოწერილი იქნა ორივე მხარის მიერ. 2.2. ლ---- ო-----–--ეს სს „ლ------ კ-------–ისაგან“ სესხის სახით მიღებული აქვს 4500 ლარი, მხარეთა შეთანხმებით, მოსარჩელეს ვალი უნდა დაებრუნებინა გრაფიკით, პირველი გადახდის ვადა იყო 2016 წლის 11 ივლისი, ბოლო 2018 წლის 15 მაისი. 2.3. 2018 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულებაში მითითებულია შემდეგი: „ჟ---–----- ფ-----ემ პ/ნ 0---------- ლ---- ო-----–--ისაგან პ/ნ 0---------- ისესხა 5 ათასი $ (დოლარი) 5% სარგებლის გადახდით. სესხის ვადა 6 თვე“. 2.4. მოსარჩელის განმარტებით, სარგებელი ძირი თანხის 5%, მოპასუხეს უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, მოვალის განმარტებით კი პროცენტი გათვალისწინებული იყო მთლიანად 6 თვეზე და შეადგენდა სულ 250 აშშ დოლარს. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ხელშეკრულებაში არსად არ იყო ნახსენები ყოველთვიური სარგებლის გადახდის ვალდებულება და ასეთი შეთანხმების არსებობა არც სხვა მტკიცებულებით დასტურდებოდა. ასევე არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ დამატებით 1400 აშშ დოლარის სესხება მოსარჩელისაგან, მართალია ხელშეკრულებაში ნაბეჭდ ტექსტზე ხელით იყო მიწერილი „კიდევ 1400$ მაქვს დამატებული, სულ 6400$)“, მაგრამ თავად ლ---- ო-----–--ის განმარტებით, მინაწერი ეკუთვნოდა მას, ჟ---–----- ფ-----ე კი საერთოდ არ ადასტურებდა დამატებით თანხის სესხების ფაქტობრივ გარემოებას. მოპასუხე ჟ---–----- ფ-----ეს არ შეუსრულებია სესხის ხელშეკრულებით ნასესხები ვალდებულება არც დათქმულ დროში და არც შემდეგ. მისი განმარტება ვალის დაბრუნების შესახებ, არ იყო დადასტურებული არცერთი მტკიცებულებით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. 2.6. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი იქნა, რომ ჟ---–----- ფ-----ემ ლ---- ო-----–--ისაგან ისესხა 5 ათასი აშშ დოლარი, 5% სარგებლის დარიცხვის და ვალის ექვსი თვის ვადაში გადახდის პირობით, რაც არ შეუსრულებია. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე 5250 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო. 2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 418-ე მუხლით, 1. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. 2.8. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეზე პირგასამტეხლოს სახით 215 აშშ დოლარის დაკისრებას, თუმცა ხელშეკრულებით მხარეები მის გადახდაზე წერილობით არ შეთანხმებულან, შესაბამისად, ამ კუთხით მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა. 2.9. ასევე, სახეზე არ იყო მიყენებული ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, იმის გამო, რომ ჟ---–----- ფ-----ემ ლ---- ო-----–--ეს არ გადაუხადა ვალი, იგი იძულებული გახდა აეღო სესხი და ყოველთვიურად ეხადა პროცენტი, თუმცა წარმოდგენილი სესხის გრაფიკით მოსარჩელემ სესხი აიღო 2016 წლის 11 ივლისს, ხოლო ჟ---–----- ფ-----ეს თანხა ასესხა 2018 წლის 10 თებერვალს. ამდენად, სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხეს არ გადაუხდია მოსარჩელისათვის სესხის ძირი თანხა და პროცენტი. ამდენად, ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. 4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით; 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით; 4.3. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ლ---- ო-----–--ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.4. პალატა სრულიად იზიარებს გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, გასაჩივრებულ ნაწილში სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები. სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს: 4.5. მოცემული სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო პალატის შესაფასებელია სწორად დაეკისრა თუ არა მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა 5000 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი 5%-ის ოდენობით - 250 აშშ დოლარი; 4.6. მოდავე მხარეთა შორის დადებულ 2018 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულებაში მითითებულია შემდეგი: „ჟ---–----- ფ-----ემ პ/ნ 0---------- ლ---- ო-----–--ისაგან პ/ნ 0---------- ისესხა 5 ათასი $ (დოლარი) 5% სარგებლის გადახდით. სესხის ვადა 6 თვე...“ (იხ. ს/ფ 18); 4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი; 4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია; 4.9. დადგენილია, რომ სესხი - 5 000 აშშ დოლარის ოდენობით, გაიცა 6 თვის ვადით. ამასთან, იგი იყო პროცენტიანი. მხარეები შეთანხმდნენ მყარ საპროცენტო განაკვეთზე, პროცენტის განსაზღვრის ნაწილში კი მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს. ამდენად, სესხის ვადის გასვლისას მოსარჩელეს წარმოეშვა როგორც ძირი თანხის - 5000 აშშ დოლარის, ისე პროცენტის - 250 აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნის უფლება; 4.10. აპელანტის/მოპასუხის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მას არ გადაუხდია მოსარჩელისათვის სესხის ძირი თანხა და პროცენტი; 4.11. სადავო საკითხის გარკვევის მიზნით, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტზე, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისას აღნიშნული სტანდარტის გამოყენება დამოკიდებულია იმ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის შინაარსზე, რომლიდანაც გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნა, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განისაზღვრება ის ფაქტები, რომლებიც თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს; 4.12. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტიდან გამომდინარე, თანხების გადახდისა და დავალიანების არარსებობის ფაქტის დადასტურება, სწორედ მოპასუხის ვალდებულებაა; 4.13. აღნიშნულ დასკვნას აძლიერებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლიც, რომელიც ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს, კერძოდ, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი; 4.14. ეს ნორმა, ერთის მხრივ, იძლევა დამატებით ინფორმაციას ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენისას მტკიცების ტვირთის მოვალისათვის დაკისრების შესახებ, ხოლო, მეორეს მხრივ, განსაზღვრავს კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს ფულადი ვალდებულების შესრულება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია, სწორედ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რომლის თანახმად, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას იმიტომ წარმოადგენს მოვალისათვის, რომ საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ, ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე, რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ, ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება (იხ. სუსგ №ას-570-541-2015, 2015 წლის 11 ნოემბერი; სუსგ №ას-1541-1547-2011; 2012 წლის 19 აპრილი); 4.15. მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი სადავო თანხების (ძირი და პროცენტი) მოსარჩელისათვის გადახდის თაობაზე სწორედ მოპასუხის მხარეზე იყო, რომელმაც ვერ უზრუნველყო მის მხარეს არსებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ გარემოების დადასტურება, რომ სადავო თანხები გადაუხადა მოსარჩელეს. ამდენად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები; 4.16. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც - ლ---- ო-----–--ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, ჟ---–----- ფ-----ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია; 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჟ---–----- ფ-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები 6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. 6.2. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში. 6.3. ჟ---–----- ფ-----ეს ლ---- ო-----–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა 500 ლარის ოდენობით;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ჟ---–----- ფ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. ჟ---–----- ფ-----ეს ლ---- ო-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს აპელანტის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა 500 ლარის ოდენობით;
4. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: ლაურა მიქავა
მოსამართლეები: თეიმურაზ სიხარულიძე
ინდირა მაშანეიშვილი