განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.03.2020
საქმის ნომერი
330210118002709072
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
06.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210118002709072

საქმე №2ბ/7911-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 მარტი, 2020 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - მიხეილ გოგიშვილი

სხდომის მდივანი – ნატო გოგიშვილი

 

აპელანტი - ე------ ფ--–----ი

წარმომადგენელი - რ-------- გ-----–---ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - მ---–---- ჩ-----–---ი

წარმომადგენელი - მ--- ჯ--------ა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

მ---–---- ჩ-----–---ის სარჩელი ე------ ფ--–----ის მიმართ იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხე ე------ ფ--–----ს მოსარჩელე მ---–---- ჩ-----–---ის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ღირებულების - 10 646 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. სასამართლოს განმარტებით უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2014 წლის 12 მარტს ე------ ფ--–----სა (კლიენტი) და მ---–---- ჩ-----–---ს (ადვოკატი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ, რომლის საფუძველზეც მ---–---- ჩ-----–---ს ე------ ფ--–----ისათვის უნდა გაეწია იურიდიული მომსახურება ყველა შესაბამის დაწესებულებაში, მათ შორის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. ხელშეკრულებას ხელს აწერენ მხარეები.

 

ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, ე------ ფ--–----მა იკისრა ვალდებულება მ---–---- ჩ-----–---ისათვის გადაეხადა იურიდიული მომსახურების საფასური (ჰონორარი) საქმის წარმატებით დასრულებისთანავე (იგულისხმება მოთხოვნილი თანხების დაკლება და 2010 წლის 19 ნოემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება) დაკლებული თანხების 4%-ის ოდენობით.

 

ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, კლინეტის მიერ „საპროცესო ოპონენტთან“ მორიგების ან სხვა ნებისმიერი საფუძვლით, რომელიც არ არის წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული, საქმის შემდგომ წარმოებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადისა, კლიენტი ვალდებულია ადვოკატს სრულად გადაუხადოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურების საფასური (ჰონორარი).

 

აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, 2014 წლის 13 მარტს ე------ ფ--–----მა მ---–---- ჩ-----–---ის მიმართ გასცა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლის საფუძველზეც მ---–---- ჩ-----–---ს მიენიჭა უფლებამოსილება ეწარმოებინა კლიენტის ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები ყველა ინსტანციის სასამართლოში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-12.03.2014წ. ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ (იხ. ს.ფ. 34-39, 179-

184).

- რწმუნებულება (იხ.ს.ფ. 40);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

2.2. სასამართლოს განმარტებით უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 13.03.2014წ. გაცემული მინდობილობის საფუძველზე, მ---–---- ჩ-----–---მა, როგორც ე------ ფ--–----ის წარმომადგენელმა, სარჩელი აღძრა სასამართლოში 2010 წლის 19 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2014 წლის 14 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლების ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით.

 

სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, ზემოთ აღნიშნული სააღსრულებო ფურცლები ნაწილობრივ გაუქმდა და ე------ ფ--–----ის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად:

 

- №140129079 სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, სესხის ძირითადი თანხა ნაცვლად

10 000 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 1 500 აშშ დოლარით; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნაცვლად 30 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 1 აშშ დოლარით

2012 წლის 19 მარტიდან სააღსრულებლო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე.

- №140129180 სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, სესხის ძირითადი თანხა ნაცვლად

10 000 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 1 500 დოლარით; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნაცვლად 30 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 1 აშშ დოლარით 2012 წლის 19 მარტიდან სააღსრულებლო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე.

- №140129140 სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, სესხის ძირითადი თანხა ნაცვლად

15 000 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 2 250 აშშ დოლარით; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნაცვლად 45 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 1.5 აშშ დოლარით 2012 წლის 19 მარტიდან სააღსრულებლო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 19.11.2010წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 18-21);

- 14.02.2014წ. სააღსრულებო ფურცლები (იხ. ს.ფ. 25-33);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.09.2016წ. სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ.

52-53);

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30.05.2016წ. სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ.

54-53);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13.10.2016წ. განჩინება (იხ. ს.ფ. 56-59);

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.03.2017წ. განჩინება (იხ. ს.ფ. 60-64);

- სარჩელი (იხ. ს.ფ. 156-171);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

2.3. 2016 წლის 14 სექტემბერს ე------ ფ--–----მა მ---–---- ჩ-----–---ს გადასცა 6200 აშშ დოლარი იპოთეკარებისათვის ჩასარიცხად. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილ იქნა ხელწერილი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილი (იხ. ს.ფ. 65);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.4.სასამართლომ დადგენილად ვერ მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ე------ ფ--–----სა და მ---–---- ჩ-----–---ს შორის 2014 წლის 12 მარტს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე - იურიდიული მომსახურების შესახებ, ხელმოწერა არაა შესრულებული ე------ ფ--–----ის მიერ.

 

2.5. სასამართლომ დაადგინა, რომ ე------ ფ--–----ს არ შეუსრულებია მასსა და მ---–---- ჩ-----–---ს შორის 12.03.2014წ. დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ გადაუხდია აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრული იურიდიული მომსახურების საფასური.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულ შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომლის თანახმად, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის იურიდიული მომსახურების შესახებ 12.03.2014წ. ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ნამდვილობას. მისი განმარტებით, მას აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია. თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების საწინააღმდეგოდ, მოპასუხეს არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება. ამასთან, მას თავისი პოზიციის დასადასტურებლად მიეცა საშუალება ჩაეტარებინა ხელწერილის ექსპერტიზა, რისთვისაც განსახილველი საქმე 2019 წლის 03 აპრილს გადაეგზავნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ, საქმე დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, თუმცა მოპასუხეს არ წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნა. მან სასამართლო სხდომაზე მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გამოაქვეყნა ექსპერტიზის შედეგები. აღნიშნულის თანახმად, ხელმოწერა სავარაუდოდ შესრულებულია ე------ ფ--–----ის მიერ, თუმცა კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა გამოსაკვლევი ხელმოწერის მარტივი აგებულებისა და გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნების სიმწირის გამო.

 

სასამართლოს განმარტებით, საერთოდ რომ არ იყოს მხარეთა შორის გაფორმებული იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, აღნიშნული ვერ იქნებოდა გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, შემდეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (სსკ-ის 709-ე მუხლი) დავალების ხელშეკრულების ნამდვილობისათვის არ ითვალისწინებს სპეციალურ ფორმას. არამედ, დავალების ხელშეკრულება შესაძლებელია მხარეთა შორის გაფორმდეს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. შესაბამისად, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს მ---–---- ჩ-----–---ის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევის ფაქტი, მსჯელობა იმაზე არსებობდა თუ არა მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების თაობაზე საფუძველსა და მნიშვნელობას მოკლებულია.

 

იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე, სასამართლომ განმარტა რომ:

 

სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მ---–---- ჩ-----–---მა ნამდვილად გაუწია ე------ ფ--–----ს იურიდიული მომსახურება. კერძოდ, მან აწარმოა საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტორების მიმართ. საქმე დასრულდა წარმატებით და სააღსრულებო ფურცლებით განსაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შემცირდა. აღნიშნულიდან გამომდინარე იურიდიული მომსახურების შესახებ 12.03.2014წ. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შესაბამისად, რწმუნებულს - ე------ ფ--–----ს წარმოეშვა მაწრმუნებლის - მ---–---- ჩ-----–---ის მიმართ გაწეული იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება 19.11.2010წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი დავალიანებიდან დაკლებული თანხის 4%-ის ოდენობით.

 

მოსარჩელის განმარტებით, მას არ მიუღია გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელეს მისგან მიღებული აქვს 6200 აშშ დოლარი, რომელიც უნდა გადაეცა კრედიტორისათვის, თუმცა არ გადასცა. მას, ასევე მიღებული აქვს 3000 ევრო და 1500 ევრო. თუმცა, მოსარჩელეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების საწინააღმდეგოდ, არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ე------ ფ--–----მა მ---–---- ჩ-----–---ს გადასცა 4500 ევრო. რაც შეეხება 6200 აშშ დოლარს, მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს მის მიერ 2016 წლის 14 სექტემბერს შედგენილი ხელწერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მან ე------ ფ--–----ისაგან მიიღო 6200 აშშ დოლარი იპოთეკარებისათვის გადასაცემად. ამასთან, სარჩელს ერთვის სალაროს შემოსავლის ორდერები (იხ. ს.ფ. 79-82), საიდანაც ირკვევა, რომ მ---–---- ჩ-----–---მა ე------ ფ--–----ის კრედიტორებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დავალიანების ძირი თანხისა და პირგასამტეხლოს დაფარვის მიზნით, 16.11.2016წ. ჯამში გადაურიცხა - 4012 აშშ დოლარი, ხოლო სააღსრულებლო ფურცლის გაცემის ხარჯის დაფარვის მიზნით - 253.44 ლარი. სარჩელს, ასევე ერთვის თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრები (იხ. ს.ფ. 83-87), რომლის თანახმადაც დავალიანების ძირი თანხისა და პირგასამტეხლოს დაფარვის მიზნით, გადახდილია - 1605 აშშ დოლარი, ასევე გადახდილია ნოტარიუსის ბაჟი 127 ლარი. აღნიშნული ქვითრებიდან არ ირკვევა თუ ვის მიერ არის განხორციელებული ჩარიცხვები, თუმცა სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დასახელებული ქვითრები წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული დოკუმენტები დიდი ალბათობით იმყოფება მოსარჩელესთან, რის გამოც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ე------ ფ--–----ის დავალიანების დაფარვის მიზნით, აღნიშნული თანხებიც მ---–---- ჩ-----–---ის მიერაა ჩარიცხული.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამავე კოდექსის 710-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ დავალების ხელშეკრულება ითვალისწინებს მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის ორმხრივი უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას. დავალების ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური ხელშეკრულებაა. მისი მხარეები არიან ერთი მხრივ მარწმუნებელი, რომელიც დავალების მიმცემია და ამ სახის ურთიერთობაში კრედიტორის როლში გამოდის, ხოლო მეორე მხრივ რწმუნებული, რომელიც კისრულობს დავალებული მოქმედების განხორციელებას და მონაწილეობს მოვალის მხარეზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2014 წლის 12 მარტს ე------ ფ--–----სა (კლიენტი) და მ---–---- ჩ-----–---ს (ადვოკატი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ, რომლის საფუძველზეც მ---–---- ჩ-----–---ს ე------ ფ--–----ისათვის უნდა გაეწია იურიდიული მომსახურება ყველა შესაბამის დაწესებულებაში, მათ შორის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. ხელშეკრულების თანახმად, ე------ ფ--–----მა იკისრა ვალდებულება მ---–---- ჩ-----–---ისათვის გადაეხადა იურიდიული მომსახურების საფასური (ჰონორარი) საქმის წარმატებით დასრულებისთანავე (იგულისხმება მოთხოვნილი თანხების დაკლება და 2010 წლის 19 ნოემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება) დაკლებული თანხების 4%-ის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, 2014 წლის 13 მარტს ე------ ფ--–----მა მ---–---- ჩ-----–---ის მიმართ გასცა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლის საფუძველზეც მ---–---- ჩ-----–---ს მიენიჭა უფლებამოსილება ეწარმოებინა კლიენტის ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები ყველა ინსტანციის სასამართლოში ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე, ხოლო მეორეს მხრივ, მოპასუხე შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მ---–---- ჩ-----–---ის სარჩელი ე------ ფ--–----ის მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, 12.03.2014წ. ხელშეკრულების 4.1. პუნქტიდან გამომდინარე, ე------ ფ--–----ს მ---–---- ჩ-----–---ის სასარგებლოდ დაეკისრა

19.11.2010წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი დავალიანებიდან დაკლებული თანხის 99 822 აშშ დოლარის 4%-ის 3992.88 აშშ დოლარის ექვივალენტი 10 646 ლარის გადახდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სადაოს არ წარმოადგენს მ---–---- ჩ-----–---ის მიერ ე------ ფ--–----ისათვის იურიდიული მომსახურების გაწევის ფაქტი და მსჯელობა ხელშეკრულების არსებობაზე საფუძველს მოკლებულია. ეს მსჯელობა ადასტურებს, რომ სასამართლო ვერ ჩასწვდა ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც შედეგად მოჰყვა უკანონო გადაწყვეტილება. ე------ ფ--–----ი იმას კი არ უარყოფს, რომ იურიდიულ დახმარებას ითხოვდა მ---–---- ჩ-----–---ისაგან (ამას რწმუნებულებაც ადასტურებს), არამედ უარყოფს ფაქტს, რომ ჰონორარის სახით უნდა გადაეხადა იპოთეკარების მიერ მოთხოვნილი თანხიდან დაკლებული თანხის 4%.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლო იგნორირებას უკეთებს ექსპერტიზის დასკვნას მოსარჩელის სასარგებლოდ, როდესაც ამბობს, რომ მხარემ გამოაქვეყნა ექსპერტიზის შედეგები, რომლის თანახმადაც ხელმოწერა სავარაუდოდ შესრულებულია ე------ ფ--–----ის მიერ, თუმცა კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა. ამის მიუხედავად სასამართლო კატეგორიული ფორმით ასკვნის, ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ 12.03.2014წ. ხელშეკრულებაზე განხორციელებული ხელმოწერა არ ეკუთვნის ე------ ფ--–----ს და შემდეგ განმარტავს, რომ საერთოდ რომ არ იყოს მხარეთა შორის გაფორმებული იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, აღნიშნული ვერ იქნებოდა გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. აქ სასამართლო არსებითი ხასიათის შეცდომას უშვებს, როდესაც წერილობითი ხელშეკრულება იურიდიული მოსახურების თაობაზე საფუძველსა და მნიშვნელობას მოკლებულად მიაჩნია. აქცენტი უნდა გაკეთდეს ანაზღაურებაზე და არა მომსახურებაზე.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მსჯელობა არათანმიმდევრულია, მაშინ როდესაც ერთ შემთხვევაში თვლის რომ მნიშვნელობა არ აქვს ხელშეკრულების არსებობას, ხოლო მეორე შემთხვევაში უთითებს, რომ ხელშეკრულების 4-1 პუნქტის შესაბამისად რწმუნებულს ე------ ფ--–----ს წარმოეშვა მ---–---- ჩ-----–---ის მიმართ გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურების ვალდებულება დავალიანებიდან დაკლებული თანხის 4%-ის ოდენობით.

 

3.4. აპელანტის განმარტებით, ახალ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სადაო ხელშეკრულებაზე ე------ ფ--–----ის მიერ შესრულებული ხელმოწერა ყალბია. სასამართლომ არ გამოიკვლია სათანადოდ მტკიცებულებები, არ მისცა აპელანტს საშუალება ხელშეკრულების სიყალბის დასადგენად ჩატარებულიყო დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რისთვისაც აუცილებლად საჭირო იყო ხელშეკრულების დედნის გამოკვლევა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1.პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან დაკავშირებით და დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე იურიდიულ ფაქტებს.

 

განსახილველ შემთხვევში, აპელანტი სააპელაციო საჩივარში სადაოდ ხდის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებაზე არსებულ ხელმოწერის ნამდვილობას და ასევე შეთანხმებული ჰონორარის ოდენობას, კერძოდ იპოთეკარებისათვის გადასახდელი თანხიდან დაკლებული თანხის 4%-ს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64). (სუსგ ას-1242-2018)

 

საკასაციო სასამართლო ერთ-ერთ საქმეში ას-1125-2019 მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს, რომელმაც არაერთ საქმეზე აღნიშნა შემდეგი: „როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან... ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმდენით, რამდენითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ გაიღეს სამოქალაქო უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას მხარე სამართლიანად უნდა დააკმაყოფილოს.

 

საქართველოს სამოქალაქაო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

შესაბამისად, წარმომადგენლის დახმარებისათვის დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტის გადახდა გონივრულ ოდენობად არის მიჩნეული, როგორც საერთაშორისო სტანდარტით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსით და სასამართლო პრაქტიკით. აქედან გამომდინარე, კი ე------ ფ--–----ის მტკიცება, რომ დაკლებული თანხის 4 პროცენტი არ უნდა გადაეხადა წარმომადგენლისათვის, ეწინააღმდეგება აღნიშნულ წესებს და თავად აპელანტს აკისრებს მტკიცების ტვირთს, რომ აღნიშნული თანხა არ იყო მისი გადასახდელი.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, იმის შესახებ, რომ საერთოდ რომ არ იყოს მხარეთა შორის გაფორმებული იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, აღნიშნული ვერ იქნებოდა გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, შემდეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (სსკ-ის 709-ე მუხლი) დავალების ხელშეკრულების ნამდვილობისათვის არ ითვალისწინებს სპეციალურ ფორმას. არამედ, დავალების ხელშეკრულება შესაძლებელია მხარეთა შორის გაფორმდეს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით.

 

პალატა მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

 

ხოლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულება უკვე მიუთითებს მხარეთა შორის დავალების ხელშეკრულების არსებობაზე, რადგან მასში გაწერილია ადვოკატის მიერ შესასრულებელი მოქმედებები. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 13.03.2014წ. გაცემული მინდობილობის საფუძველზე, მ---–---- ჩ-----–---მა, როგორც ე------ ფ--–----ის წარმომადგენელმა, სარჩელი აღძრა სასამართლოში 2010 წლის 19 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2014 წლის 14 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლების ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით.

 

სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით კი, ზემოთ აღნიშნული სააღსრულებო ფურცლები ნაწილობრივ გაუქმდა და ე------ ფ--–----ის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად:

 

- №140129079 სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, სესხის ძირითადი თანხა ნაცვლად 10 000 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 1 500 აშშ დოლარით; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნაცვლად 30 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 1 აშშ დოლარით 2012 წლის 19 მარტიდან სააღსრულებლო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე.

- №140129180 სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, სესხის ძირითადი თანხა ნაცვლად 10 000 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 1 500 დოლარით; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნაცვლად 30 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 1 აშშ დოლარით 2012 წლის 19 მარტიდან სააღსრულებლო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე.

- №140129140 სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, სესხის ძირითადი თანხა ნაცვლად 15 000 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 2 250 აშშ დოლარით; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნაცვლად 45 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 1.5 აშშ დოლარით 2012 წლის 19 მარტიდან სააღსრულებლო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე.

 

შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ მ---–---- ჩ-----–---ის მიერ სრულად იქნა შესრულებული დავალების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ე------ ფ--–----ს არ გადაუხდია აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრული იურიდიული მომსახურების საფასური მისთვის.

 

4.2. აპელანტის განმარტებით, სადაო ხელშეკრულებაზე ე------ ფ--–----ის მიერ შესრულებული ხელმოწერა ყალბია. ამასთან პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიკვლია სათანადოდ მტკიცებულებები, არ მისცა აპელანტს საშუალება ხელშეკრულების სიყალბის დასადგენად ჩატარებულიყო დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რისთვისაც აუცილებლად საჭირო იყო ხელშეკრულების დედნის გამოკვლევა.

 

აღნიშნულის თაობაზე პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2019 წლის 02 აპრილის განჩინებით ე------ ფ--–----ის შუამდგომლობის საფუძველზე მოცემული სამოქალაქო საქმე სადაო ხელშეკრულებაზე ე------ ფ--–----ის ხელმოწერის ნამდვილობის შესამოწმებად გადაიგზავნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში, რომლის მიერ გაკეთებული დასკვნა აღარ დაერთო საქმეს, რადგან ე------ ფ--–----მა არ წარადგინა ის სასამართლოში და მხოლოდ დასკვნა გამოაქვეყნა სხდომაზე.სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნის მოთხოვნით აპელანტმა ასევე მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოში დაშვებულ იქნა და საქმეს დაერთო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა #5003037319. აღნიშნული დასკვნის თანახმად, 2014 წლის 12 მარტის ე------ ფ--–----სა და მ---–---- ჩ-----–---ს შორის დადებულ იურიდიული მომსახურეობის გაწევის თაობაზე ხელშეკრულებაზე ხელმოწერა სავარაუდოდ შესრულებულია ე------ ფ--–----ის მიერ, თუმცა კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა გამოსაკვლევი ხელმოწერის მარტივი აგებულებისა და გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნების სიმწირის გამო.

 

აპელანტი ვერ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ადვოკატის მომსახურება იყო სასყიდლიანი და ვერც იმაზე უთითებს თუ არა ანაზღაურების ეს ოდენობა, მაშინ სხვა რა ოდენობა იყო შეთანხმებული მხარეთა შორის. საქმის მასალებიდან, არ ჩანს, რომ აპელანტმა გადაუხადა ადვოკატს კუთვნილი ჰონორარი, ამის საპირწონედ კი საქმეში წარმოდგენილია მრავალი მტკიცებულება, რომ მ---–---- ჩ-----–---მა სათანადოდ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მ---–---- ჩ-----–---მა ნამდვილად გაუწია ე------ ფ--–----ს იურიდიული მომსახურება. კერძოდ, მან აწარმოა საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტორების მიმართ. საქმე დასრულდა წარმატებით და სააღსრულებო ფურცლებით განსაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შემცირდა. 2014 წლის 13 მარტს ე------ ფ--–----მა მ---–---- ჩ-----–---ის მიმართ გასცა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლის საფუძველზეც მ---–---- ჩ-----–---ს მიენიჭა უფლებამოსილება ეწარმოებინა კლიენტის ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები ყველა ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნული მტკიცებულება თავად მოპასუხის მიერ სადაო არ გამხდარა. მოპასუხის მიერ სადაო ხდება მხოლოდ ის გარემოება, რომ მხარეთა შორის 12.03.2014წ. დადებულ ხელშეკრულებაზე - იურიდიული მომსახურების შესახებ, ხელმოწერა მის მიერ არ არის შესრულებული.

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან დავალების ხელშეკრულების არსებობა უდავოა, და დავალების ურთიერთობის წარმოშობა შესაძლებელია ზეპირი ფორმით დადებული ხელშეკრულების საუძველზეც, მოცემულ საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების შეგროვება ხელმოწერის ნამდვილობის გარკვევის მიზნით მიზანშეუწონელია. როგორც ზემოთ აღინიშნა არსებობს ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების სასასამართლო პრაქტიკა და კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობა და სხვა ოდენობის შეთანხმების ან უსასყიდლო მომსახურების შესახებ შეთანხმების თაობაზე მოპასუხეს არ მიუთითებია.

 

ამასთან პალტა აღნიშნავს, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია იმის წინააღმდეგ, რომ გამოსაკვლევი ხელმოწერის მარტივი აგებულებისა და გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნების სიმწირე არ არსებობს და შესაძლებელია ექსპერტიზას გაეცა კატეგორიული დასკვნა ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერის არ არსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული კი მეტყველებს იმაზე, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ თუ მატერიალურ საფუძვლებს და ის უნდა დარჩეს უცვლელად.

 

5. საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტი ე------ ფ--–----ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.ე------ ფ--–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება.

 

3.განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მიხეილ გოგიშვილი