განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.02.2020
საქმის ნომერი
330310019003150819
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
05.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310019003150819

საქმე №3ბ/2994-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - დავით ახალბედაშვილი

 

მოსამართლეები: ხატია არდაზიშვილი

 

ნანა ჭიჭილეიშვილი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭო

 

წარმომადგენელი - მ--------------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვა------ ქ-------ე

წარმომადგენელი - გ--–--------–--–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვა------ ქ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 26 ივნისის N03/19/შ/პ-0229 გადაწყვეტილება და დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივ საბჭოს გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, ზეპირი მოსმენის შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ვა------ ქ-------ის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენით, დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მულის პირველი ნაწილით, სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენი (ს.ფ 50-54);

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 26 ივნისის N03/19/შ/პ-0229 გადაწყვეტილებით შუამდგომლობა მსჯავრდებულ ვა------ ქ-------ის მიმართ დარჩენილი შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულ ალექსანდრე დიასამიძის განცხადება, რომლითაც დასტურდება, რომ იგი ბრალდებულ ვა------ ქ-------ესთან შერიგებულია და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.

 

საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულ მნ-–---- სა-------ს განცხადება, რომლითაც დასტურდება, რომ იგი ბრალდებულ ვა------ ქ-------ესთან შერიგებულია და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია (ს.ფ. 45-48).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, საბჭომ ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით. საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ოჯახური პირობები, ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, ის გარემოება რომ ნასამართლობის არმქონეა, წარმოადგინა დაზარალებულების თანხმობები პრეტენზიის არქონის თაობაზე, თუმცა საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია დანაშაულთა ერთობლიობა, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. ერთის მხრივ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, მეორეს მხრივ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. საბჭომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის პერიოდში სპეციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია. ვინაიდან, დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის მიზნებისათვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, ის გარემოება, რმ მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია, საბჭომ აღნიშნულ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას ისეთ გარემოებაზე მითითებით, რომელიც ახსნის, თუ რატომ უშლის ხელს სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის დადებითად გადაწყვეტას ჩადენილი დანაშაულის ხასიათი კონკრეტული პირის მიმართ, ამ პირის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით. სასამართლო ვერ გაიზიარებს სადავო გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობას, რომ მსჯავრდებული პირი არ მონაწილეობდა სოციალურ აქტივობებში, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილ დახასიათებაში აღწერილია ის აქტივობები, რასაც ვა------ ქ-------ე ახორციელებს დაწესებულებაში თავისუფალ დროს. სადავო გადაწყვეტილება არ შეიცავს იმ მსჯელობას თუ რატომ არ შეიძლება მოაზრებულ იქნეს მსჯავრდებული პირის აქტივობა, მონაწილეობა მიიღოს სხვა მსჯავრებული პირების ცოდნის ამაღლების პროცესში, სოციალურ აქტივობად. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ არც დაწესებულების მომზადებული დახასიათება და არც სადავო აქტი არ შეიცავს იმ გარემოებაზე მითითებას, თუ რა სოციალური აქტივობები იქნა შეთავაზებული პენიტენციური დაწესებულების მიერ ვა------ ქ-------ის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში, ზოგადად მსჯავრებულებისათვის, და აკმაყოფილებდა თუ არა ეს აქტივობები ინტერეთა ფართო სპექტრის მქონე მსჯავრდებულების მოთხოვნილებებს, შეთავაზებულ იქნა თუ არა რომელიმე მათგანში მონაწილეობის მიღება უშუალოდ ვა------ ქ-------ისადმი და იყო თუ არა მათგან რომელიმე ვა------ ქ-------ის ინტერესთა სფეროსთან შესაბამისობაში. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც მსჯავრდებული პირის ქცევა შეიცავს დადებით მახასიათებლებს და საკითხის გადამწყვეტ უარყოფით ფაქტორს მხოლოდ დანაშაულის ხასიათი წარმოადგენს, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების შესწავლა და გამოკვლევა უნდა მოხდეს ზეპირი მოსმენით გამართულ სხდომაზე, პიროვნების უშუალო შეფასებითა და ყველა კრიტერიუმის შეპირისპირებით.

 

გარდა ამისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია დაზარალებულთა განცხადებები იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ და თანახმა არიან მის მიმართ გამოყენებული იქნეს შეღავათები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ მიუთითოს ფაქტორებზე, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთს დაუპირისპირა საკითხის გადაწყვეტის მიზნით, არამედ მიღებულ გადაწყვეტილებაში უნდა ასახოს სწორედ მსჯელობა, რომელიც ახსნის ამგვარი გადაწყვეტილების კანონზომიერებას. ამგვარი დასაბუთების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერება და შეფასდეს მისი კანონშესაბამისობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 26 ივნისის N03/19/შ/პ-0229 გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამასთან, ადგილობრივმა საბჭომ საკითხის გადაწყვეტისათვის აუცილებელი ინფორმაცია ზეპირი მოსმენით განხილვის შედეგად, უშუალოდ მსჯავრდებულისაგან უნდა მიიღოს. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივმა საბჭომ საკითხი უნდა გადაწყვეტოს ზეპირი მოსმენით, რაც საკითხის გადაწყვეტისათვის აუცილებელი კრიტერიუმების უკეთ გამორკვევასა და დადგენას ხელს შეუწყობს.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, ადგილობრივი საბჭოები კომპეტენციის, დისკრეციისა და კანონით დადგენილ ფარგლებში განიხილავენ მსჯავრებულთა მოუხდელი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხს. კანონით დადგენილი ფარგლები კი ის ხუთი კრიტერიუმია, რომლის გამოკვლევის საფუძველზეც საბჭო იღებს გადაწყვეტილებას. კერძოდ, 1. დანაშაულის ხასიათი - ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში. 2. მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში - სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; მსჯავრებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაცია. 3. მსჯავრებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლეობა - წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულის ჩადენას ჰქონდა ადგილი. ასევე თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისათვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული.4. ოჯახური პირობები - მსჯავრდებულის დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა. 5. მსჯავრდებულის პიროვნება - მსჯავრდებულის დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან. ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

 

აპელანტის მითითებით, დაწესებულებამ საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამოკიდებულება სასჯელის მოხდის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ოჯახური პირობები, ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლეობის არმქონეა, წარმოადგინა დაზარალებულის თანხმობები პრეტენზიის არქონის თაობაზე, თუმცა საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულთა ერთობლიობა, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ერთის მხრივ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და მეორეს მხრივ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. საბჭომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია. აპელანტის მითითებით, დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის მიზნებისათვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი. ამდენად, საბჭომ ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ იქნა გაბათილებული და გადაწონილი სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პატიმრობის კოდექსის 41-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამსახურის ადგილობრივი საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო. საბჭოების რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა, აგრეთვე სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

 

პატიმრობის კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს ან ახლო ნათესავს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად აუცილებელი დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა. იმავე მუხლის მე-3-მე-4 ნაწილების თანახმად: 3. საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ. 4. შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად კი საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. მითითებული წესის მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.

 

აღნიშნული წესის მე-7 მუხლის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ საქმეებს. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საბჭო ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ. მითითებული წესის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შუამდგომლობით საბჭოს მიმართავს მსჯავრდებული, მისი დამცველი ან კანონიერი წარმომადგენელი. შუამდგომლობას შესაძლებელია ახლდეს დამატებითი დოკუმენტაცია.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საბჭომ ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით. საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ოჯახური პირობები, ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, ის გარემოება რომ ნასამართლობის არმქონეა, წარმოადგინა დაზარალებულების თანხმობები პრეტენზიის არქონის თაობაზე, თუმცა საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია დანაშაულთა ერთობლიობა, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. ერთის მხრივ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, მეორეს მხრივ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. საბჭომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის პერიოდში სპეციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია. ვინაიდან, დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის მიზნებისათვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია, საბჭომ აღნიშნულ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისაგან. დისკრეციული უფლებამოსილება საბჭოს ანიჭებს თავისუფლებას კანონმდებლობის შესაბამისი რამოდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას, სასამართლო იკვლევს, რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც, თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, განსახილველ შემთხვევაში კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას ისეთ გარემოებაზე მითითებით, რომელიც ახსნის, თუ რატომ უშლის ხელს სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის დადებითად გადაწყვეტას ჩადენილი დანაშაულის ხასიათი კონკრეტული პირის მიმართ, ამ პირის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით.

 

სააპელაციო პალატა არ გაიზიარებს სადავო გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობას, რომ მსჯავრდებული პირი არ მონაწილეობდა სოციალურ აქტივობებში, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილ დახასიათებაში აღწერილია ის აქტივობები, რასაც ვა------ ქ-------ე ახორციელებს დაწესებულებაში თავისუფალ დროს. სადავო გადაწყვეტილება არ შეიცავს იმ მსჯელობას თუ რატომ არ შეიძლება მოაზრებულ იქნეს მსჯავრდებული პირის აქტივობა, მონაწილეობა მიიღოს სხვა მსჯავრებული პირების ცოდნის ამაღლების პროცესში, სოციალურ აქტივობად. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ არც დაწესებულების მომზადებული დახასიათება და არც სადავო აქტი არ შეიცავს იმ გარემოებაზე მითითებას, თუ რა სოციალური აქტივობები იქნა შეთავაზებული პენიტენციური დაწესებულების მიერ ვა------ ქ-------ის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში, ზოგადად მსჯავრებულებისათვის, და აკმაყოფილებდა თუ არა ეს აქტივობები ინტერეთა ფართო სპექტრის მქონე მსჯავრდებულების მოთხოვნილებებს, შეთავაზებულ იქნა თუ არა რომელიმე მათგანში მონაწილეობის მიღება უშუალოდ ვა------ ქ-------ისადმი და იყო თუ არა მათგან რომელიმე ვა------ ქ-------ის ინტერესთა სფეროსთან შესაბამისობაში. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც მსჯავრდებული პირის ქცევა შეიცავს დადებით მახასიათებლებს და საკითხის გადამწყვეტ უარყოფით ფაქტორს მხოლოდ დანაშაულის ხასიათი წარმოადგენს, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების შესწავლა და გამოკვლევა უნდა მოხდეს ზეპირი მოსმენით გამართულ სხდომაზე, პიროვნების უშუალო შეფასებითა და ყველა კრიტერიუმის შეპირისპირებით.

 

გარდა ამისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია დაზარალებულთა განცხადებები იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ და თანახმა არიან მის მიმართ გამოყენებული იქნეს შეღავათები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ მიუთითოს ფაქტორებზე, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთს დაუპირისპირა საკითხის გადაწყვეტის მიზნით, არამედ მიღებულ გადაწყვეტილებაში უნდა ასახოს სწორედ მსჯელობა, რომელიც ახსნის ამგვარი გადაწყვეტილების კანონზომიერებას. ამგვარი დასაბუთების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლები და შეფასდეს მისი გადაწყვეტილების კანონშესაბამისობა.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით და საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში აპელანტი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იმსჯელოს სადავო საკითხზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც შინაგანი რწმენის ჩამოყალიბების მიზნით იგი არ არის შეზღუდული ზეპირი მოსმენით განიხილოს საკითხი, დაუსვას შეკითხვები მსჯავრდებულს და გადაწყვეტილება მიიღოს მისი რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ბალანსის გათვალისწინებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 271 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით ან 43-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის შედეგად სასამართლო უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად სცნო სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 26 ივნისის N03/19/შ/პ-0229 გადაწყვეტილება და სწორად დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივ საბჭოს გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, ზეპირი მოსმენის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ვა------ ქ-------ის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი

 

მოსამართლეები: ხატია არდაზიშვილი

 

ნანა ჭიჭილეიშვილი