განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.12.2019
საქმის ნომერი
330210017002004153
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული დავები
თარიღი
02.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210017002004153 (2ბ/4841-19)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

02 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე

მოსამართლეები - გელა ქირია

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი - ბეჟან ნემსაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - „ჰ------------------–------------“ (H-------------------------)

წარმომადგენელი - ქ-----------------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ფ--------------–---------------“ (Ф--------------------)

წარმომადგენელი - ზ--------–------ე

 

დავის საგანი - სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით (Ф--------------------) ფ---------------–---------------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი (H-------------------------) ,,ჰ------------------–------------ის’’ კუთვნილი სასაქონლო ნიშნის - ,,S----------------------’’ (სარეგისტრაციო ნომერი M 2-----------) საქართველოში რეგისტრაცია; (H-------------------------) ,,ჰ------------------–------------ს’’ (Ф--------------------) ფ---------------–---------------ის’’ სასარგებლოდ გადახდა 100 ლარი სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ფ---------------–---------------’’ მოსკოვის სარეგისტრაციო პალატის მიერ რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტია (რეგისტრაციის თარიღი: 09.04.2---წ.), ხოლო მოპასუხე ,,ჰ------------------–------------’’ პ-----ს რესპუბლიკაში რეგისტრირებული საწარმოა.

 

2.2. ფ---------------–---------------ის’’ საკუთრებაშია რეგისტრირებული სხვადასხვა ბრენდის ალკოჰოლური სასმელების სასაქონლო ნიშნები, მათ შორის: ,,ს---------ა’’, ასევე ,,------–-----ა’’, ,,მ-----------ა’’, ,,რ-------ა’’, ,,კ---------ა’’, ,,ლ--------ა’’, ო---------ა’’, ,,ზ---------ა’’, ,,პ---–----ა’’, ,,ს-----–-----ა’’, ,,ს------------–---------ე’’ და სხვ.

 

2.3. კონკრეტულად, სასაქონლო ნიშანი ,,ს---------ა’’ (გამოსახულება, წარწერით - ,,S---------/ V---------------/ R-------------’) ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში - სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში, ნიცის კლასიფიკაციის 33-ე კლასში, 1----–-–---------------- რეგისტრირებულია ფ---------------–---------------ს’’ საკუთრებაში (მოქმედების სავარაუდო დრო: 22.06.2---წ.).

 

2.4. სასაქონლო ნიშანი ,,ს---------ა’’ (S---------), როგორც რუსული არყის ერთ-ერთი სახეობა, დაცულია სხვადასხვა ქვეყანაში, კერძოდ: რუსეთის ფედერაციაში (მოწმობები N6-----------); აზერბაიჯანში (მოწმობა N2-------); უკრაინაში (მოწმობა N1-----); რუმინეთში (მოწმობა N6----); სლოვაკეთში, იტალიასა და ფინეთში (საერთაშორისო რეგისტრაციის NI----------).

 

2.5. ფ---------------–---------------ი’’ სასაქონლო ნიშანზე ,,ს---------ა’’ განსაკუთრებული უფლების ერთადერთი მფლობელია რუსეთის ფედერაციაში და მხოლოდ რუსეთში აწარმოებს კონკრეტული არყის სახეობას.

 

2.6. სასაქონლო ნიშნით ,,ს---------ა’’ აღბეჭდილი ალკოჰოლური პროდუქციის სასმელების რეალიზაციის უფლება საზღვარგარეთის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ეკუთვნის შპს ,,ს----------------’’ (05.02.2013წ. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად).

 

2.7. 2015 წლის თებერვლიდან ,,ს---------ას’’ სასაქონლო ნიშნით წარმოებული არყის პროდუქციის საქართველოში რეალიზების მიზნით დამატებით შპს ,,ს---------------ის’’ მიერ ჩართული იქნა შპს ,,ო------’’.

 

2.8. 2015 წლის 27 აპრილს მიმართა და 2016 წლის 18 აგვისტოს მოპასუხე ,,ჰ------------------–------------მა’’ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში (,,საქპატენტი’’) დაირეგისტრირა (რეგისტრაციის ნომერი - M 2-----------), სასაქონლო ნიშანი ,,S----------------------’’ ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 33-ე და 35-ე კლასების საქონლისათვის [33 - არაყი (რუსული წარმოშობის), 35 – არყის (რუსული წარმოშობის) რეალიზაცია].

 

2.9. საქართველოში საკუთარ სასაქონლო ნიშან ,,ს---------აზე’’ უფლების მოპოვების მიზნით მოსარჩელემ 07.05.2015წ. განცხადებით მიმართა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროს, რათა საქართველოს ტერიტორიაზე გაევრცელებინა საერთაშორისო სასაქონლო ნიშნის ,,V--------------- R-------------’ (საიდენტიფიკაციო N8-------. სარეგისტრაციო N I-------) მოქმედების არეალი საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის 33-ე კლასში, რაზეც, საქართველოს საპატენტო უწყებამ მოპასუხეს განუცხადა წინასწარი უარი, რის საფუძველსაც წარმოადგენდა საქართველოში მოპასუხე პანამური კომპანია ,,ჰ------------------–------------ის’’ კუთვნილი მსგავსი სასაქონლო ნიშნების არსებობა: ,,S--------- V------------’’ (M----- 2---- R) და ,,S----------------------’’ (M 2-----------), საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის 33-ე და 35-ე კლასის საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალისათვის: არაყი (რუსული წარმოშობის) და არყის (რუსული წარმოშობის) რეალიზაცია, რომელთა პრიორიტეტის თარიღია 27.04.2015წ., ხოლო რეგისტრაციის თარიღი - 18.08.2016წ.

 

2.10. 2017 წლის 14 თებერვალს ,,საქპატენტთან’’ არსებულმა სააპელაციო პალატის კოლეგიამ განიხილა კომპანიის ,,ფ-- ს---------–-----------------’’ (K-------------------) N1-------- სააპელაციო საჩივარი და უარი უთხრა საჩივრის ავტორს მოთხოვნის (საერთაშორისო სასაქონლო ნიშნისათვის ,,V--------------- R-------------’ (SAID. N8-------, I-------) დაცვის მინიჭება საქართველოში) დაკმაყოფილებაზე. პალატამ უარი განაცხადა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რამეთუ ჩათვალა, რომ სასაქონლო ნიშნები წარმოადგენენ აღრევამდე მსგავს სასაქონლო ნიშნებს ვიზუალური, ფონეტიკური და სემანტიკური თვალსაზრისით. [გადაწყვეტილებაში (N1-------) აღნიშნულია, შემდეგი: სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის’’ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 26 აგვისტოს N2------ ბრძანებაზე თანდართული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, განცხადებულ კომბინირებულ სასაქონლო ნიშანს ,,V--------------- R-------------’ (საიდ. N8-------, I-------) უარი ეთქვა დაცვის მინიჭებაზე, ვინაიდან იგი მსგავსია 33-ე კლასის მსგავსი საქონლის ჩამონათვალისათვის საქპატენტში კომპანიის ,,ჰ------------------–------------.’’ (H-------------------------.) სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნებისა ,,S--------- V------------’’ (რეგ. N2----, რეგ. თარიღი: 18.08.2016წ.) და ,,S--------- V-----------’’ (რეგ. N2----, რეგ. თარიღი: 18.08.2016წ.). სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სასაქონლო ნიშანი კომბინირებულია და მისი სიტყვიერი ელემენტებია ,,V--------------- R-------------’, რომელიც შესრულებულია ყვითელი და რუხი ფერის ლათინური ასოებით თეთრ და რუხ ფონზე. ნიშანზე გამოსახულია სამი ცხენი ეტლით, რომელზეც ზის მამაკაცი. ფონად კი ეტიკეტზე ჩანს ლანდშაფტი. დაპირისპირებული ნიშანი ,,S--------- V------------’’ (რეგ. N2----, რეგ. თარიღი: 18.08.2016წ.) შესრულებულია ლურჯი ფერის ლათინური ასოებით თეთრ და ლურჯ ფონზე. ნიშანზე გამოსახულია სამი ცხენი. რაც შეეხება, მეორე დაპირისპირებულ ნიშანს, ,,S--------- V-----------’’ აღნიშნული ნიშანიც წარმოადგენს კომბინირებულ სასაქონლო ნიშანს. მისი სიტყვიერი ელემენტები ,,S--------- V-----------’’ შესრულებულია რუხი ფერის ლათინური ასოებით თეთრ და რუხ ფონზე. ნიშანზე გამოსახულია სამი ცხენი. განცხადებული და დაპირისპირებული ნიშნები წარმოადგენენ აღრევამდე მსგავს სასაქონლო ნიშნებს, განცხადებულ და დაპირისპირებულ ნიშნებს აქვთ ლათინურ ენაზე შესრულებული მსგავსი სიტყვიერი ელემენტები - ,,S---------’’, რომელიც ნიშნებში წარმოადგენს დომინანტ ელემენტებს. ამასთან, სიტყვიერი ელემენტები ,,S---------’’ სამივე ნიშანში ჩაწერილია მსგავსი სტილიზებული ფორმით. აღნიშნული სიტყვიერი ელემენტს, სამივე ნიშნის შემთხვევაში, იდენტური სემანტიკა (ციმბირული) და ფონეტიკა აქვს. ნიშნებში დამატებითი სიტყვიერი ელემენტები არის აღწერილობითი, რომლებიც მიანიშნებენ საქონლის სახეობაზე, თვისებასა და გეოგრაფიულ წარმოშობაზე. შესაბამისად, აღნიშნული სიტყვიერი ელემენტები ნიშანში შედის დაუცველი ნაწილის სახით. განცხადებული და დაპირისპირებული ნიშნების გამოსახულებითი ელემენტები არ სძენს ნიშნებს საკმარის განსხვავებულობას, ვინაიდან დომინანტი ელემენტის სამივე ნიშნის შემთხვევაში არის სიტყვიერი ელემენტი ,,S---------’’, რომელზეც მოდის განმასხვავებლობის ძირითადი დატვირთვა. შესაბამისად, ჩნდება სასაქონლო ნიშნების ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. აღნიშნულის გამო, განცხადებულ ნიშანს ,,V--------------- R-------------’ (საიდ. N8-------, I-------). ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარი ეთქვა დაცვის მინიჭებაზე 33-ე კლასის საქონლის განცხადებული ჩამონათვალის მიმართ]. [გადაწყვეტილებაში ასევე აღინიშნა, რომ სასაქონლო ნიშნები კომბინირებულია და სიტყვიერ ნაწილთან ერთად შეიცავს გამოსახულებით ელემენტებსაც. ვიზუალური თვალსაზრისით დაპირისპირებულ ნიშნებს აქვთ მსგავსი სტრუქტურა - სამივე მათგანის ზედა და ქვედა ნაწილებში განთავსებულია სიტყვიერი ნაწილები, ხოლო ნიშნების შუა ნაწილში მოთავსებულია ცხენების გამოსახულება. ამასთან, დაპირისპირებულ სასაქონლო ნიშნებში არსებული სიტყვიერი ნაწილები ,,v----’’, c------’’, ,,s-----’’ და ა.შ. წარმოადგენენ ნიშნის დაუცველ ელემენტებს და სასაქონლო ნიშნების შედარებისას ისინი არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული. მიუხედავად აღნიშნული ელემენტების განსხვავებისა, ისინი ნიშნებს ვერ სძენენ საკმარის განმასხვავებლობას, ვინაიდან, ორივე შემთხვევაში დომინანტი ელემენტია სიტყვიერი ნაწილი ,,S---------’’ და ცხენების გამოსახულება, რომელიც სამივე სასაქონლო ნიშნის შემთხვევაში მეორდება და ვიზუალური თვალსაზრისით აღრევამდე მსგავსია. ნიშნები მსგავსია ფონეტიკური და სემანტიკური თვალსაზრისით, ვინაიდან სამივე სასაქონლო ნიშნის დომინანტი სიტყვიერი ელემენტია ,,S---------’’, რომელსაც დაპირისპირებული ნიშნების შემთხვევაში აქვს იდენტური ჟღერადობა და მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები შეიცავენ დამატებით სიტყვიერ ელემენტებს, აღნიშნული ნიშნებს ვერ სძენს საკმარის ფონეტიკურ და სემანტიკურ განმასხვავებლობას].

 

2.11. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ,,ჰ------------------–------------ის’’ მიერ სადავო სასაქონლო ნიშნის საკუთარ სახელზე რეგისტრაცია განხორციელდა არაკეთილსინდისიერი გაზნრახვით. სასამართლომ სადავო შემთხვევაში დადასტურებულად მიიჩნია გარემოება მოსარჩელის უფლების პრიმატთან მიმართებით მოახდინოს საერთაშორისო დონეზე მის საკუთრებად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის საქართველოში რეგისტრაცია, რამეთუ საქმეზე დადგენილი ფაქტებით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ საერთაშორისო რეგისტრაცია კონკრეტული სასაქონლო ნიშნის მიმართ განხორციელებულია 22.06.1--- წლიდან და სასაქონლო ნიშანი ,,ს---------ა’’ მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულია არაერთ ქვეყანაში. ასევე, ფაქტია, რომ იგი ახორციელებს ,,ს---------ას’’ ბრენდით წარმოებული არყის საერთაშორისო დონეზე, მათ შორის საქართველოში რეალიზაციას, შესაბამისი მეწარმე სუბიექტების (დისტრიბუტორების) დახმარებით. მეორეს მხრივ, მოპასუხემ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნით საქართველოს საპატენტო უწყებას მიმართა 2015 წელს, რისი რეგისტრაციაც განხორციელდა 2016 წელს. სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია გარემოება, რომ ქართველი მომხმარებლისათვის მეტ-ნაკლები ცნობადობა გააჩნია არაყ ,,ს---------ას’’, რამეთუ წლებია ხორციელდება მისი რეალიზება და კონკრეტული არყის წარმოება ხორციელდებოდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის ეტაპზე, შესაბამისად, ორი სხვადასხვა მწარმოებლის მიერ დამზადებული ,,ს---------ას’’ სახელწოდების ალკოჰოლური სასმელი (არაყი) მომხმარებელში იწვევს აღრევას, რაც რეალურად აზიანებს ბაზარზე უკვე დამკვიდრებული მეწარმის ინტერესებს, ქმნის არაკეთილსინდისიერ კონკურენციას და ამავდროულად შეცდომაში შემყვანია მომხმარებლისათვის და რაც მთავარია აღრევადია, როგორც დასახელების, ასევე ვიზუალური თვალსაზრისით, რაც დასტურდება არა მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არამედ თავად საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის კოლეგიის გადაწყვეტილებითაც, რომელიც დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის საინტერესოა, რამდენადაც მისი უარი ძირითადად ეფუძნება დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნების იდენტურობასა და აღრევამდე მსგავსებას. კონკრეტული გადაწყვეტილებით აღწერილია დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნების ის მახასიათებლები, რომლებიც განაპირობებს იდენტური საქონლის აღრევის საფუძველს, შესაბამისად დგინდება, რომ მოპასუხის მიერ არაკეთილსინდისიერი განზრახვით დარეგისტრირდა საქართველოს ბაზარზე უკვე რეალიზაციაში არსებული ალკოჰოლური სასმელის ,,ს---------ას’’ იდენტურად მსგავსი სასაქონლო ნიშანი, რაც ლოგიკურია განპირობებული იყო კონკრეტულ ბაზარზე უკვე ცნობადი სასაქონლო ნიშნის გამოყენების საფუძვლით არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გაწევის მიზნით მარტივად დამკვიდრების საფუძვლით.

 

2.12. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით გაექარწყლებინა მოსარჩელის მტკიცება მის არაკეთილსინდისიერებასთან (არაკეთილსინდისიერ განზრახვაში იგულისხმება იმდენად დიდი მსგავსების მქონე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოპასუხის მიერ, რომელმაც მსგავსების გამო აღრევა გამოიწვია) მიმართებით. იმ ვითარებაში კი, როდესაც საერთაშორისო დონეზე უკვე დაცული იყო სასაქონლო ნიშანი, ამავდროულად პროდუქციის რეალიზება ხორციელდებოდა საქართველოს ბაზარზეც და მიუხედავად აღნიშნული ფაქტისა, მოპასუხე ახორციელებს მსგავსი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას, ჩნდება გონივრული ვარაუდის საფუძველი მის არაკეთილსინდისიერ განზრახვასთან მიმართებით. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეს ევალებოდა ედასტურებინა ის გამომრიცხავი საფუძვლები, რის გამოც მის მიერ დარეგისტრირდა აღრევამდე მსგავსი სასაქონლო ნიშანი. კერძოდ, ,,ჰ------------------–------------.’’-ის რეგისტრირებული სადავო სასაქონლო ნიშანი (,,S----------------------’’) წარმოადგენს მოსარჩელის ამავე დასახელებისა და გამოსახულების მქონე პოპულარული სასაქონლო ნიშნის იდენტურ, მომხმარებლის შეცდომაში შემყვან სასაქონლო ნიშანს (ეტიკეტის გამოსახულება), რომელიც განკუთვნილია იმავე სახის პროდუქციის - არყისთვის. მითითებული გარემოებები აშკარას ხდის, რომ მოპასუხის მიერ სასაქონლო ნიშნის საქართველოში დარეგისტრირება არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გაწევის განზრახვით იქნა განხორციელებული და მოსარჩელის პროდუქციის რეპუტაციით სარგებლობასა და იოლი მოგების მიღებას ისახავს მიზნად, რითაც საფრთხე ექმნება მოსარჩელის პროდუქციის რეპუტაციასა და მის ფინანსურ ინტერესებს. გარდა ამისა, სადავო სასაქონლო ნიშანი ზღუდავს მოსარჩელის უფლებას საქართველოში დაარეგისტრიროს მსგავსი დასახელების სასაქონლო ნიშანი/ნიშნები, შედეგად კი დაიცვას საკუთარი თავი და მომხმარებელი პროდუქციის აღრევის საფრთხისაგან. ზემოხსენებული სადავო ნიშნის რეგისტრაციით უხეშად ილახება მოსარჩელის ინტერესები, რადგან მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქმედებით ფ---------------–---------------ს’’ ეზღუდება საქართველოს ბაზარზე თავისუფალი ოპერირების უფლება და მის მფლობელ ,,ჰ------------------–------------.’’-ის საქართველოში ანიჭებს დაუმსახურებელ უპირატესობას სადავო სასაქონლო ნიშნის გამოსაყენებლად სამოქალაქო ბრუნვაში. საქალაქო სასამართლოს მითითებით, სასამართლო მოპასუხის კეთილსინდისიერების შეფასებისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მის მიერ ბოთლირებულ არაყზე აღნიშნულია საქონლის რუსული წარმომავლობა, მაშინ როდესაც რეალურად არყის ჩამოსხმა არ ხორციელდება რუსეთში, რაც წარმოშობს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას. ამავდროულად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვერ გაიზიარებდა მოპასუხის იმ მიდგომას, რომ ,,ს---------ა’’ თითქოს წარმოადგენს გვარეობით ნიშანს და მისი დამზადების ტექნოლოგია მარტივი გზით შესაძლებელია აწარმოოს ნებისმიერმა სუბიექტმა. გარემოება, რომ სასაქონლო ნიშანი უკვე რეგისტრირებული ჰქონდა მოპასუხეს და ხორციელდებოდა აღნიშნული საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზება, ცნობილი იყო მოპასუხისათვის, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, მის მიერ დარეგისტრირდა ანალოგიურ საქონელზე აღრევამდე მსგავსი სასაქონლო ნიშანი, რომელიც არა მხოლოდ ჟღერადობით, არამედ ვიზუალური თვალსაზრისითაც მსგავსია მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნისა. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოპასუხის ვერც იმ შედავებას გაიზიარებდა, რომ თითქოს კონკრეტული პროდუქციის მომხმარებლები ზრდასრული ადამიანები არიან და შესაბამისად არ არსებობს ორი სხვადასხვა პროდუქტის აღრევის საფრთხე, რამეთუ მსგავსების ხარისხი იმდენად დიდია, რომ მიუხედავად პროდუქციის მომხმარებელთა სეგმენტისა, არსებობს მათი აღრევის საფრთხე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.13. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სადავოდ გამხდარი სასაქონლო ნიშნის ,,S----------------------’’ (სარეგისტრაციო ნომერი M 2-----------) რეგისტრაციის კანონიერების საკითხის გამოკვლევამდე, აუცილებელია შეფასება მიეცეს მოსარჩელის იურიდიული ინტერესს, ანუ სავალდებულოა იმის გარკვევა - დადგენა, რა შედეგის მომტანი იქნება და რა უფლებაში აღადგენს მოსარჩელეს საქართველოში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა. სარჩელით ხსენებული რეგისტრაციის ბათილობისათვის აუცილებელი წინაპირობაა ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა. ამგვარი სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელემ უნდა მოიპოვოს კონკრეტული უფლება ან აღიკვეთოს მის უფლების რეალიზაციაში ხელშეშლა. ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების (სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის) აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებისას. საკითხის ამგვარი წესით გადაწყვეტის პირობებში, ყურადღება უნდა გამახვილდეს მატერიალური მოთხოვნის პროცესუალურ სარჩელზე, რომელიც წარმოადგენს ურთიერთგადაჯაჭვულ სისტემას, რომლის ელემენტები ერთმანეთს ემყარება და ერთმანეთის საფუძველს ქმნის და თავს იყრის სსსკ-ის 180-ე მუხლში, რომლის სამართლებრივი ბუნების შესახებ საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ: აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა - საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს (მაგალითად, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ.) ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ’’ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ №ას-664-635-2016, 02.03.2017წ; №ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; № ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; № ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; № ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; № ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; № ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; №ას-407-390-2016, 10.06.2016წ; № ას-375-359-2016, 17.06.2016წ.). ბუნებრივია, რომ როდესაც პირი მიმართავს სასამართლოს სარჩელით, მას აქვს გარკვეული იურიდიული ინტერესი მის მიერ აღძრული სარჩელის მიმართ, მაგრამ მხოლოდ ფორმალური ინტერესის (აღძრას სარჩელი) არსებობა არ არის საკმარისი წინაპირობა სარჩელის დასაშვებად (განსახილველად მისაღებად). როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგალითად, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, საპროცესო ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. თუ აღიარებითი მოთხოვნის ინტერესი მიკუთვნებითი ხასიათისაა, მაშინ აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებით სასამართლო პროვოცირებას გაუკეთებს ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე - ორმაგი სასარჩელო წარმოების წარმართვის აუცილებლობას, რაც კანონ შესაბამისი არაა და ეწინააღმდეგება სწრაფი, ეფექტური მართლმსაჯულების წარმართვისა და სასამართლოს ეკონომიურობის ძირითად პრინციპს.

 

2.14. საქალაქო სასამართლომ საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველია „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის’’ ევროპული კონვენცია, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია ,,სამართლიანი სასამართლოს’’ პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება [მართებული /დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის კვლევის აუცილებლობის თვალსაზრისით იხ. საქმე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 - სადაც ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის’’ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. იხ. ასევე: IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40]. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ფ---------------–---------------ს’’ გააჩნია იურიდიული ინტერესი მოითხოვოს საქართველოში მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ბათილობა, რადგან ის, როგორც აღრევამდე მსგავსი სასაქონლო ნიშნის მესაკუთრე, ახორციელებს იმავე სახეობის პროდუქტის, როგორც საქართველოში, ასევე არაერთ სხვა ქვეყანაში ექსპორტს და ამავდროულად მას რეგისტრირებული აქვს კონკრეტული სასაქონლო ნიშანი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ხოლო მოპასუხის მიერ მსგავსი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია იმავე საქონლის მიმართ იწვევს მოსარჩელის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესის ხელყოფას, რაც მდგომარეობს მისი სასაქონლო ნიშნის არაკეთილსინდისიერი განზრახვის მიზნით მისაკუთრებასა და საზოგადოებაში უკვე კარგად ცნობილი სასაქონლო ნიშნის გამოყენების გზით, არამართლზომიერი კონკურენციის განხორციელებაში. ამდენად, ამ მხრივ სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის ინტერესი ედავა მოპასუხე ,,ჰ------------------–------------ის’’ მიერ მისი იდენტური სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობასთან მიმართებით.

 

2.15. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დადგენის შემდგომ სასამართლოს შეფასების საგანია მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლების კვლევა. სასაქონლო ნიშანი, როგორც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი, წარმოადგენს პროდუქციის ინდივიდუალიზაციის საშუალებას, რომელიც იძლევა იურიდიული ან ფიზიკური პირების საქონლის განსხვავების საშუალებას სხვა პირების იგივე სახის საქონლისაგან. ამიტომ, ინტელექტუალური საკუთრების ამ ობიექტთან დაკავშირებით დავები ძირითადად ეხება ობიექტზე უფლების მოპოვებას ან უფლებათა დარღვევას. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია, რის გამოც ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილობის მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების კვლევა. კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული (სსკ-ის მე-7 მუხლი). არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე (სსკ-ის 152-ე მუხლი). სასაქონლო ნიშნის დარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობა ადგენს პასუხისმგებლობის სხვადასხვა ფორმებს. ინტელექტუალური საკუთრების უფლების ობიექტია სასაქონლო ნიშანი, რომლის რეგისტრაციის, სარგებლობის და დაცვის პირობები რეგლამენტირებულია „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე ამ სფეროს მომწესრიგებელი საერთაშორისო აქტებით. „სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის 3.1 მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისგან. ,,ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების’’ (TRIPS) მე-15 მუხლის შესაბამისად, ,,სასაქონლო ნიშანს შეიძლება წარმოადგენდეს ნებისმიერი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელსაც უნარი შესწევს ერთი საწარმოს საქონელი და მომსახურება სხვა საწარმოს საქონლისა და მომსახურებისაგან განასხვავოს’’.[1] ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის 3.2 მუხლის თანახმად, ასეთი სიმბოლო შეიძლება იყოს სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით. სასაქონლო ნიშანი დაცულია ”საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე. ამდენად, სასამართლომ მიუთითა, რომ მოხმობილი ნორმით განმარტებულია სასაქონლო ნიშნის დეფინიცია, რომლის მიხედვითაც სასაქონლო ნიშანი არის გრაფიკულად გამოსახული სიმბოლო, რომელიც განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს მეორე საწარმოს საქონლისაგან. სასაქონლო ნიშნის მთავარი ფუნქცია სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებულ საქონელს შორის განსხვავების ხაზგასმაა. აღნიშნული ემსახურება იმ მიზანს, რომ მწარმოებლებმა შეინარჩუნონ თავიანთი ინდივიდუალურად დამახასიათებელი ნიშა და ამასთანავე მომხმარებლებმაც ადვილად გამიჯნონ, თუ რომელი კომპანიის მიერ ნაწარმოებ პროდუქტს მოიხმარენ.

 

2.16. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში - სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში, ნიცის კლასიფიკაციის 33-ე კლასში, 1----–-–---------------- ფ---------------–---------------ს’’ საკუთრებაში რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი - ,,ს---------ა’’, რომელიც როგორც რუსული არყის ერთ-ერთი სახეობა, დაცულია სხვადასხვა ქვეყანაში, კერძოდ: რუსეთის ფედერაციაში (მოწმობები N6-----------), აზერბაიჯანში (მოწმობა N2-------), უკრაინაში (მოწმობა N1-----), რუმინეთში (მოწმობა N6----), სლოვაკეთში, იტალიასა და ფინეთში (საერთაშორისო რეგისტრაციის NI----------). ფ---------------–---------------ი’’ სასაქონლო ნიშანზე ,,ს---------ა’’ განსაკუთრებული უფლების ერთადერთი მფლობელია რუსეთის ფედერაციაში და მხოლოდ რუსეთში აწარმოებს კონკრეტული არყის სახეობას. სასაქონლო ნიშნით ,,ს---------ა’’ აღბეჭდილი ალკოჰოლური პროდუქციის სასმელების რეალიზაციის უფლება საზღვარგარეთის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ეკუთვნის შპს ,,ს----------------’’. ასევე უდავო გარემოებაა, რომ 2016 წლის 18 აგვისტოს მოპასუხე ,,ჰ------------------–------------’’-მა ,,საქპატენტი’’ დაირეგისტრირა სასაქონლო ნიშანი ,,S----------------------’’ (რეგისტრაციის ნომერი - M 2-----------), ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 33-ე და 35-ე კლასების საქონლისათვის, რის გამოც მოსარჩელეს უარი ეთქვა საერთაშორისო დონეზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის საქართველოში რეგისტრაციაზე, მისი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის აღრევამდე მსგავსობის საფუძვლით. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის 6.1. მუხლის თანახმად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის იდენტურია და საქონელიც იდენტური, ხოლო ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს, ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას. მე-6 მუხლის ძალით, სასაქონლო ნიშანზე უფლების შეძენისას ნიშნის მფლობელი იძენს განსაკუთრებულ უფლებას გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი დაცული პროდუქტების/მომსახურებისათვის. ეს დაცვა მოქმედებს პრიორიტეტის პრინციპის მიხედვით უფრო ახალ სასაქონლო ნიშნებთან მიმართებით და დროის პრიორიტეტის მიუხედავად დაცულ სასაქონლო ნიშნებთან მიმართებით. კანონი განსაზღვრავს უფლების დარღვევის შემადგენლობას და ადგენს განსაკუთრებული უფლების მქონე პირის უფლებას, აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც მისი დაცული სასაქონლო ნიშნის მსგავსია. ამავე კანონის, 4.1 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლიტური საფუძველია და სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც შესაძლებელს ხდის, მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის ან საქონლის სხვა მახასიათებლების შესახებ. კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად კი, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებით საფუძვლად მიიჩნევა და სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი იმავე საქონლის მიმართ რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია (,,ა’’ პუნქტი), ასევე მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე ისეთი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსია, რომელსაც საქართველოში აქვს კარგი რეპუტაცია, და ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა (,,დ’’ პუნქტი).

 

2.17. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ“ პარიზის კონვენციის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტებია პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო ნიმუშები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, წარმოშობის აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა. სასაქონლო ნიშნის სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები რეგლამენტირებულია ასევე 1994 წლის 14 აპრილს დადებული საერთაშორისო შეთანხმებით „ინტელექტუალური საკუთრების უფლების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ”, რომლის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება აუკრძალოს ყველა მესამე პირს მისი თანხმობის გარეშე ვაჭრობის პროცესში იდენტური ამ მსგავსი ნიშნის გამოყენება ისეთი საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი და როდესაც ასეთმა გამოყენებამ შეიძლება წარმოქმნას არევ-დარევის ალბათობა. არევ-დარევის ალბათობა მტკიცდება მაშინ, როდესაც იდენტური ნიშნის გამოყენება ხდება საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით. ამ ნორმის მე-3 პუნქტის მიხედვით, პარიზის კონვენციის (1967წ.) მე-6bis მუხლი გამოიყენება mutatis mutandis (სათანადო ცვლილებებით) ისეთი საქონლის ან მომსახურებისათვის, რომლებიც არ არის იმ საქონლის ან მომსახურების მსგავსი, რომლებისთვისაც სასაქონლო ნიშანია რეგისტრირებული იმ პირობით, რომ ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება ასეთი საქონლის ან მომსახურებისათვის მიუთითებს კავშირზე ამ საქონელსა ან მომსახურებასა და რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს შორის და იმ პირობით, რომ ასეთმა გამოყენებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელის ინტერესებს. ხსენებული შეთანხმების მე-17 მუხლით დადგენილია სასაქონლო ნიშნის გამოყენების სფეროში გამონაკლისი, ამ ნორმის თანახმად, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დააწესონ შეზღუდული გამონაკლისები სასაქონლო ნიშნით მინიჭებული უფლებებიდან, როგორიცაა აღწერილობითი ტერმინების კეთილსინდისიერი გამოყენება იმ პირობით, რომ ასეთი სახის გამონაკლისებში გათვალისწინებული იქნება სასაქონლო ნიშნის მფლობელისა და მესამე პირების კანონიერი ინტერესები. სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის [2] შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის მფლობელს ენიჭება ერთგვაროვან ან მსგავს საქონელზე ამ ნიშნის ან მისი ვარიანტების გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ამავე კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად კი, სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებისა და დამცავი დოკუმენტების ძალაში შენარჩუნების წესებს არეგულირებს მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობა. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობიდან და საერთაშორისო აქტების შინაარსიდან გამომდინარე სასაქონლო ნიშნის მთავარი დანიშნულებაა განასხვავოს საქონელი სხვა საქონლის ან მომსახურებისაგან ან განასხვავოს ერთი მეწარმე მეორე მეწარმისაგან. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონი და საერთაშორისო აქტები დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი სასაქონლო ნიშნის გამოყენებას, რომელიც არის სხვა ნიშნის რეპროდუქცია, იმიტაცია, თარგმანი, რომელიც არის სხვა ნიშნის მსგავსი ან იდენტური და რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ნიშანთან აღრევა. სასაქონლო ნიშნების მსგავსება უნდა დადგინდეს იმ ფაქტორთა გათვალისწინებით, რასაც რეალურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქვს ადგილი. მომხმარებელი, რომელიც სავაჭრო დაწესებულებაში მიდის, მას არ აქვს საშუალება დაწვრილებით გაარჩიოს ერთმანეთისაგან სასაქონლო ნიშნების ისეთი უმნიშვნელო ელემენტები, როგორიცაა წვრილი შრიფტით დასმული წარწერები, არამთავარი ფიგურები, მათი განლაგება. მყიდველი პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს მის მიერ უკვე შეძენილ პროდუქტზე, რომლის თვისებებმა მასში კმაყოფილება გამოიწვია და სურს კვლავ იგივე თვისებების პროდუქტი შეიძინოს. ასეთ დროს უმნიშვნელო დეტალები მომხმარებელს არ ამახსოვრდება და საერთო შთაბეჭდილების შემქმნელი სურათი ამოტივტივდება ზედაპირზე, რომლის მიხედვით მოქმედებს მომხმარებელი. ხშირ შემთხვევაში რიგითი მომხმარებელი არ არის გარკვეული მწარმოებლის ვინაობაში, მისთვის მთავარია მოძებნოს მსგავსება ადრეულ შენაძენის სასაქონლო ნიშანსა და დახლზე არსებულ სასაქონლო ნიშანს შორის. ასეთ დროს არსებითია საერთო შთაბეჭდილება, ერთიანი სურათი, სადაც დომინანტი ელემენტებია ყველაზე მნიშვნელოვანი. ინტელექტუალურ სამართალში მიჩნეულია, რომ სასაქონლო ნიშნების მსგავსება შეფასებული უნდა იქნას ჟღერადობით, გრაფიკულად, აზრობრივად. ყურადსაღებია ახლობელი ბგერებისა და ბგერათშეთანხმების განლაგება ერთმანეთის მიმართ; მარცვლების დამთხვევა; მარცვლების რაოდენობა ნიშანში; ერთნაირი და ახლობელი ბგერათშეწყობების ადგილი სასაქონლო ნიშნის შემადგენლობაში; ერთი ნიშნის შესვლა მეორეში; ახლობელი და ერთნაირი ბგერების არსებობა. (იხ. ს.ჯორბენაძე, ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი, თბილისი 1998). საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სასაქონლო ნიშნის გამოყენებისას განმსაზღვრელი ფაქტორია პროდუქციის ინდივიდუალიზაცია, ანუ უკავშირებს თუ არა მომხმარებელი წარმოებულ პროდუქციას კონკრეტულ საწარმოს. მომხმარებელს აქვს საშუალება თავად აირჩიოს სასურველი პროდუქცია, რომელსაც იცნობს და ენდობა. ამდენად, სასაქონლო ნიშნის გამოყენების მიზანი სწორედ ისაა, რომ მომხმარებელს ჰქონდეს უტყუარი ინფორმაცია კონკრეტული პროდუქციის წარმოშობის, მისი მწარმოებლისა და სხვა სპეციფიკური ნიშან-თვისებების შესახებ, რის გამოც ირჩევს პროდუქტს. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მიზანი არა მხოლოდ კერძო პირთა საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველყოფაში გამოიხატება, არამედ საჯარო ინტერესშიც, რომ მომხმარებელთა არა მხოლოდ კონკრეტული წრე, არამედ პოტენციური მომხმარებელიც დაცული იყოს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის ან სხვა მახასიათებლების შესახებ შეცდომაში შემყვანი, არასწორი ინფორმაციისაგან.

 

2.18. საქალაქო სასამართლოს მითითებით, სადავო შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, ფოტო-სურათებითა და ,,საქპატენტთან’’ არსებული სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მხარეთა დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები აღრევამდე მსგავსია, როგორც პროდუქციის დასახელებით, ასევე ვიზუალური თვალსაზრისითაც. ფ---------------–---------------ის’’ საკუთრებაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი - ,,S---------/ V---------------/ R-------------’, ხოლო მოპასუხე ,,ჰ------------------–------------’’-მა საქპატენტში დაირეგისტრირა სასაქონლო ნიშანი - ,,S--------- V-----------’’, რომელზეც ასევე აღნიშნულია ალკოჰოლური სასმელების რუსული წარმომავლობა, რაც დამატებით განაპირობებს მითითებული დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნების აღრევის საფუძველს. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ თავად სასაქონლო ნიშანი ,,ს---------ა’’ მეტ-ნაკლებად ცნობილია ქართველი მომხმარებლისათვის და ასოცირდება მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან, შესაბამისად, დამატებით მოპასუხის მიერ აღრევამდე მსგავსი სასაქონლო ნიშნის დარეგისტრირება წარმოქმნის კონკრეტული ორი პროდუქტის აღრევის საფრთხეს, რაც არაკეთილსინდისიერი ქმედებაა, რამეთუ მიზნად ისახავს სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონ რეგისტრაციით ბაზარზე მარტივად დამკვიდრებას, რაც წარმოშობს სადავო სასაქონლო ნიშნის ბათილობის საფუძველს, თანახმად სპეციალური კანონის 28.1 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტისა, კანონმდებელმა აღნიშნული დანაწესით მოახდინა პირის განსაკუთრებული უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმების დანერგვა, კანონის მიზანიც სწორედ ის არის, რომ მოხდეს დარღვეული უფლების აღდგენა, კერძოდ არამატერიალური სიკეთის, კონსტიტუციით გარანტირებული ინტელექტუალური საკუთრების ხელშეუხებლობის დაცვა. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სასაქონლო ნიშანზე უფლება საკუთრებით სარგებლობის უფლების ფარგლებში ექცევა და მისი მოპოვება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ეს არ ლახავს კეთილსინდისიერი მესამე პირების უფლებებს. ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც აპლიკანტის საავტორო უფლების დარღვევას შეეხებოდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმი (საკუთრების უფლება) ინტელექტულაურ საკუთრებასთან დაკავშირებით გამოყენებადი იყო (იხ: Eur. Court H.R.: Melnychuk v. Ukraine, Judgment o... 7 july, 2005). ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ ინტელექტუალური საკუთრება პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დაცვის ქვეშაა. დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნაც ამავე ნორმის მოქმედების ქვეშ არის, რადგანაც ის ქონებრივი ხასიათის ინტერესებს წარმოშობს. ამასთან, ისიც უდავოა, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ნამდვილი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არღვევს მესამე პირთა კანონიერ უფლებებს. აქედან გამომდინარე, რეგისტრაციის მოთხოვნასთან დაკავშირებული უფლებები პირობითია. მხარე, რომელიც მიმართავს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნით, უნდა ელოდოს, რომ მის მოთხოვნას შეისწავლიან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იმის დასადგენად, აკმაყოფილებს თუ არა ეს მოთხოვნა მატერიალურ და პროცედურულ პირობებს. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ რეგისტრირებული უფლების გაუქმების შედეგად ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის დარღვევას არ ჰქონდა ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელ კომპანიას ჰქონდა ეროვნული კანონმდებლობით აღიარებული ქონებრივი უფლებები, რომლებიც შეიძლება გაუქმებულიყო გარკვეული პირობების არსებობისას (იხ. Eur. Court H.R. Grand Chamber: Anheuser-Busch Inc. v. Portugal, Judgment of 11 january, 2007/ იხ. სუსგ, საქმე Nას-970-919-2015, 11.03.2016წ.).

 

2.19. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის 28.1. მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით. ამდენად, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ბათილობის უპირობო საფუძველია მოქმედების არაკეთილსინდისიერად განხორციელება. კონკრეტულ შემთხვევაში, დავის გადაწყვეტის მიზნებიდან გამომდინარე სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხე კომპანიის ქმედების კეთილსინდისიერების კვლევა, ის, თუ რამდენად მართლზომიერი განზრახვით მოქმედებდა პირი საქართველოს ბაზარზე უკვე არსებული სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისას. სამოქალაქო კოდექსის 8.3 მუხლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერების პრინციპი არის ის ბერკეტი, რომლითაც უნდა დაბალანსდეს მხარეთა ინტერესები. ეს პრინციპი გამოიყენება სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა წინააღმდეგ, რომლებისთვისაც ნების ავტონომია ბაზარზე დაუსაბუთებელი (უსაფუძვლო) უპირატესობის მიღების საშუალებად იქცა. კეთილსინდისიერების ერთიანი ცნების შემუშავება შეუძლებელია. სუბიექტის თითოეული ქმედების კეთილსინდისიერების პრინციპთან შესაბამისობაში ანალიზის დროს მხედველობაში უნდა იქნას მიღებული თითოეული ურთიერთობის სპეციფიკა ამ ურთიერთობის ჩამოყალიბება-განვითარების თავისებურებები. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისას არაკეთილსინდისიერი განზრახვის დასადგენად მხედველობაში უნდა იქნას მიღებული გარემოებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა კონკრეტული განაცხადის შეტანის მომენტისათვის. პარიზის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთაა. კონვენციის მე-10bis მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კავშირის ქვეყნები ვალდებულები არიან, უზრუნველყონ კავშირის მოქალაქეები არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ეფექტიანი დაცვით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტს შეადგენს კონკურენციის ნებისმიერი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის პატიოსან ჩვევებს, ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, აკრძალულია ისეთი ხასიათის მქონე ყველა ქმედება, რომელსაც შეუძლია რაიმე გზით გამოიწვიოს აღრევა კონკურენტის დაწესებულების, საქონლის, სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის მიმართ, ამდენად სადავო სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობა წარმოადგენს მეწარმე სუბიექტის უფლების დაცვის მექანიზმს, როდესაც სახეზეა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გაწევის მიზნით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ფაქტი. არაკეთილსინდისიერი განზრახვით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას დაუშვებლად მიიჩნევს სამრეწველო საკუთრების დაცვის 1882 წლის 20 მარტის პარიზის კონვენცია და შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ დაუშვებელია რაიმე ხანდაზმულობის ვადის დაწესება იმ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობისთვის, რომელიც რეგისტრირებულია ან გამოიყენება არაკეთილსინდისიერი განზრახვით, ასევე ევროსაბჭოს 2009 წლის 26 თებერვლის 207/2009 რეგულაციის (COUNCIL REGULATION (EC) NO 207/2009 OF 26 FEBRUARY 2009 ON THE COMMUNITY TRADE MARK) 52(1)(ბ) მუხლის თანახმად, არაკეთილსინდისიერი განზრახვისას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარი უნდა ითქვას ან იგი ბათილად იქნას გამოცხადებული, ანალოგიური პრინციპია მითითებული ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის 2008 წლის 22 ოქტომბრის 2008/95EC დირექტივაშიც, რომლის 3 (2)(დ) მუხლის თანახმად, წევრ სახელმწიფოებს უფლებამოსილება ენიჭებათ არაკეთილსინდისიერი განზრახვისას უარი განაცხადონ სასაქონლო ნიშნს რეგისტრაციაზე ან ბათილად ცნონ უკვე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი. არაკეთილსინდისიერი განზრახვის ცნების ზუსტი განმარტება არ არსებობს, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ცნებას აქვს ფართო შინაარსი და უნდა განიმარტოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან როგორც ლიტერატურასა და უცხოურ სასამართლო პრაქტიკაში აღნიშნულია, შეუძლებელია ამომწურავად დადგინდეს ის კრიტერიუმები, რომლებიც ,,არაკეთილსინდისიერი განზრახვის ცნებას ახასიათებს. ამ თემაზე ევროპის სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში (Chokoladefabriken lindts&Sprungli AG v Franz Hauswirth Gmbh, case c-529/07, 11 june 2009) განმარტებულია, რომ არაკეთილსინდისიერი განზრახვის დადგენის რელევანტური მომენტი განმცხადებლის მიერ სასაქონლო ნიშნის სარეგისტრაციო განაცხადის შეტანის დროა. უმნიშვნელოვანეს ფაქტორებს შორისაა აპლიკანტის ცოდნა, რომ მესამე პირი ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში უკვე იყენებს იდენტურ ან ანალოგიურ სასაქონლო ნიშანს. ასევე მხედველობაში უნდა იქნას მიღებული საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც აჩვენებს რამდენად შეესაბამებოდა აპლიკანტის მოქმედება კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ბიზნესმენისთვის დამახასიათებელი გულმოდგინების სტანდარტებს. შესაბამისად, აღნიშნული ვლინდება იმაში, რომ აპლიკანტმა იცის რა სასაქონლო ნიშნის რეპუტაციისა და მისი გამოყენების შესახებ, არეგისტრირებს იდენტურ სასაქონლო ნიშანს იმ განზრახვით, რომ შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი, მოტყუებით გაუჩინოს მოლოდინი, რომ მას საქმე ცნობილ სასაქონლო ნიშანთან აქვს და ამით უსაფუძვლო და დაუმსახურებელი სარგებელი მიიღოს. ამდენად, სხვადასხვა საერთაშორისო თუ შიდა ეროვნული სასამართლოების პრეცედენტული გადაწყვეტილებებისა და დოქტრინაში გამოთქმული მოსაზრებების ანალიზის შედეგად შეიძლება იმ ძირითადი კრიტერიუმების გამოყოფა, რომლებიც ,,არაკეთილსინდისიერი განზრახვის“ არსებობას დაადასტურებს: (i) არაკეთილსინდისიერი განზრახვა უნდა არსებობდეს სარეგისტრაციო განაცხადის გაკეთების დროისთვის. ამავე დროს რეგისტრაციის შემდგომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სავსებით შესაძლებელია განცხადების გაკეთებისას არსებული მდგომარეობის post faqtum დადგენა; (ii) არაკეთილსინდისიერი განზრახვის არსებობის დადასტურება უნდა მოხდეს იმგვარი მტკიცებულებების წარდგენით, რომლებიც ადასტურებენ კეთილსინდისიერ ქცევასთან შეუთავსებელი ფაქტობრივი გარემოებების არსებობას; (iii) არაკეთილსინდისიერი განზრახვა იმგვარ ქმედებებს გულისხმობს, რომლებიც გამოცდილი და გონიერი მეწარმისათვის დამახასიათებელ გულმოდგინებისა და ეთიკის სტანდარტებისგან გადახვევას წარმოადგენს; (iv) არაკეთილსინდისიერი განზრახვის დადგენისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება; (v) განმცხადებლის ცოდნა სასაქონლო ნიშნის მესამე პირის მიერ გამოყენებასთან დაკავშირებით; (vi) მოპასუხის პირადი წარმოდგენები არაკეთილსინდისიერ განზრახვასთან დაკავშირებით არარელევანტურია-გამოსაყენებელი ტესტია გამოცდილი და გონიერი ადამიანის ჰორიზონტიდან დანახვა და შეფასება.

 

2.20. განსახილველ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,ჰ------------------–------------’’ არაკეთილსინდისიერი განზრახვით მოქმედებდა მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის აღრევამდე მსგავსი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისას, რამეთუ დგინდება, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო მოსარჩელის უფლების თაობაზე, ასევე ცნობილი იყო კონკრეტული პროდუქციის საქართველოს ბაზარზე გავრცელება, რამაც განაპირობა მისი მხრიდან მოთხოვნადი სასაქონლო ნიშნის მსგავსი სასაქონლო ნიშნის დარეგისტრირება, რათა მარტივად დამკვიდრებულიყო ბაზარზე და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გაწევის გზით მიეღო შემოსავალი. მითითებული ქმედებები დამაზიანებელია როგორც მოსარჩელე კომპანიის უფლებებისათვის და მისი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის, ასევე აზიანებს მომხმარებლის ინტერესებს. ყოველივე აღნიშნული წარმოშობს სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილობის საფუძველს. ამასთან, მართალია საქპატენტმა დაარეგისტრირა მოპასუხის საკუთრებაში სასაქონლო ნიშანი, მაგრამ ეს ვერ გახდება იმის წინაპირობა, რომ სასამართლომ მიიჩნიოს ეს სასაქონლო ნიშანი კეთილსინდისიერად დარეგისტრირებულად, ვინაიდან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის არაკეთილსინდისიერად შეფასებაზე უფლებამოსილი ორგანო არის მხოლოდ სასამართლო და მხოლოდ მას შეუძლია ამ ფაქტის დადგენის დროს ბათილად ცნოს უკვე დარეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შემაფერხებელ (შემაკავებელ) გარემოებას, გარდა ძნელად დასაძლევ ან საერთოდ დაუძლეველ ფორმალურ ფაქტობრივ გარემოებათა არსებობისა, როგორიცაა ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან აღრევამდე მსგავსი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ან/და საყოველთაოდ ცნობილად აღიარებისა წარმოადგენს აგრეთვე პირის არაკეთილსინდისიერი ქცევა, როდესაც არსებობს არაკეთილსინდისიერ პირთა მიერ სხვისი, კარგი რეპუტაციისა და მაღალი ცნობადობის მქონე, მაგრამ საქართველოში დაურეგისტრირებელ სასაქონლო ნიშნების მითვისებისა და საკუთარ სახელზე რეგისტრაციის შესაძლებლობა. სწორედ აღნიშნულის გამო, კანონმდებელი შეეცადა ისეთი სიტუაციის სამართლებრივ მოწესრიგებას, როდესაც ფორმალური ბარიერი სასაქონლო ნიშნის დასარეგისტრირებლად ფაქტობრივად არ არსებობს და ერთადერთ უხილავ ბარიერს მხოლოდ განმცხადებლის კეთილსინდისიერება წარმოადგენს, რითაც ბოროტად სარგებლობს არაკეთილსინდისიერი სუბიექტები და დგება აღნიშნული ქმედების შედეგების აღკვეთის აუცილებლობა. საქპატენტის მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმა სადავო ნიშნის არსებობის გამო, არ წარმოადგენს მისი ქმედების გამამართლებელ ან/და კანონიერების დამადასტურებელ ფაქტობრივ გარემოებას, რადგან რეგისტრაციის კანონიერება მოსწრება-დასწრებაზე არაა დამოკიდებული. სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციისათვის, დროში პრიორიტეტის არსებობა არ წარმოადგენს დაუძლეველ ბარიერს, თუკი სხვისი სასაქონლო ნიშნების უკანონო მითვისებასთან გვაქვს საქმე. პირიქით საქპატენტის გადაწყვეტილება ადასტურებს ფაქტს, რომ დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები აღრევამდე მსგავსია, რაც თავის მხრივ ასაბუთებს მოსარჩელის მტკიცებას მოპასუხის არაკეთილსინდისიერი განზრახვის არსებობასთან მიმართებით.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. ჰ------------------–------------ სრულად ასაჩივრებს გადაწყვეტილებას და ითხოვს უარი ეთქვას ფ-- სოიუზპლოდოიმპორტს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, ძალაში დარჩეს ჰ------------------–-------------ის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი ,,S---------- V-----------’’. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.4 პუნქტით ისე იმსჯელა სადავო სასაქონლო ნიშნის მოსარჩელის სახელზე სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში რეგისტრაციის თაობაზე, რომ დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის წერილობით განმარტებას. საქმეში კი მოსარჩელის მხრიდან არ არის წარმოდგენილი აღნიშნული რეგისტრაციების არსებობისა და დღეის მდგომარეობით მათი ვალიდურობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სახელმწიფო ენაზე შესრულებული თარგმანით. ამასთან, მოცემული არყის „რუსული წარმოშობაზე“ აპელირება სრულიად არამართებულია და იგი არასწორად იქნა გაზიარებული სასამართლოს მხრიდან. მსგავსი არგუმენტი სასაქონლო ნიშნის მარეგისტრირებელი ორგანოს მიერაც არ იქნა მხედველობაში მიღებული, რაც ასახულია იმ დოკუმენტში, რასაც სასამართლო ერთ-ერთ მტკიცებულებად მოიხმობს. გადაწყვეტილების 3.1.5 პუნქტით სასამართლომ დაადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე რუსეთის ფედერაციაში განსაკუთრებული უფლების ერთადერთი მფლობელია და მხოლოდ რუსეთში აწარმოებს კონკრეტული არყის სახეობას. მოცემული კი ვერ დასტურდება საერთაშორისო რეგისტრაციის დეტალებით, რომელიც მოსარჩელის მიერ იქნა წარმოდგენილი და დღემდე უცნობია მოპასუხისათვის. შესაბამისად, სასამართლოს ევალებოდა უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე დაედგინა საქმის გარემოებები. სასამართლოს გადაწყვეტილების 3.1.7 პუნქტით სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია იმგვარი გარემოება, რომელზეც მოპასუხე ვერ წარადგენდა საკუთარ პოზიციასაც არაინფორმირებულობის გამო, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი წერილი, რომლითაც ვერ დასტურდება რეალურად ხორციელდებოდა თუ არა საქართველოში არყის რეალიზაცია, ვერ გახდება ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

3.2. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტით სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ჰ------------------–------------ის მიერ სადავო სასაქონლო ნიშნის საკუთარ სახელზე რეგისტრაცია განხორციელდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით. მოსარჩელის მხრიდან არ იყო საქმეზე წარმოდგენილი და შესაბამისად, სასამართლო ვერ დაადგენდა ს---------ას რეგისტრაციების თაობაზე ფაქტებს. თუმცა, სასამართლომ ასევე ყოველგვარი მტკიცებულებებისა თუ მოსარჩელის მითითების გარეშე დაადგინა, რომ არაყ „ს---------ას“ მეტ-ნაკლები ცნობადობა გააჩნია; მომდევნო აბზაცში სასამართლო უკვე უფრო მყარად მიიჩნევს, რომ არაყი ცნობადია, ხოლო შემდგომ კი ის პოპულარულ სასაქონლო ნიშნად მოიხსენიებს (იხ. გვ. 8). ასევე დაადგინა, რომ ამ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა წლების განმავლობაში მისი, მათ შორის, საქართველოში რეალიზაციის ფაქტი. საგულისხმოა, რომ ამგვარი უმიშვნელოვანესი ფაქტების დადასტურება, სათანადო კვლევის განხორციელებას, რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენასა და სათანადო ექსპერტულ დასკვნებს საჭირეობს. ამგვარი მტკიცებისთვის ვარგისი საქმეზე წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტი არ გახლავთ და სრულიად დაუსაბუთებელი, მტკიცებულებებით გაუმყარებელი ამგვარი დასკვნა დაუსაბუთებელს ხდის მთლიანად გადაწყვეტილებასაც. ამავე პუნქტში სასამართლო მსჯელობს, რომ, ვინაიდან საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის კოლეგიის გადაწყვეტილებით დადგინდა გარკვეული სასაქონლო ნიშნების იდენტურობა და აღრევამდე მსგავსება, ეს „შესაბამისად“ თითქოს ადგენს მოპასუხის არაკეთილსინდისიერ განზრახვას საქართველოს ბაზარზე „ცნობადი“ და „პოპულარული“ სასაქონლო ნიშნის გამოყენების თაობაზე. დაბოლოს, სასამართლომ მიიჩნია, რომ კეთილსინდისიერების შეფასებისას მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ ბოთლირებულ არაყზე აღნიშნულია საქონლის რუსული წარმომავლობა მაშინ, როდესაც რეალურად არყის ჩამოსხვა არ ხორციელდება რუსეთში. აპელანტისთვის გაურკვეველია, რომელ მტკიცებულებაზე თუ ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით გააკეთა სასამართლომ მოცემული დასკვნა. ასევე გაუგებარია, როგორ მიიჩნია დადგენილად სასამართლომ, რომ მოპასუხემ იცოდა საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაციის თაობაზე. სასამართლომ ასევე არასწორად არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ „ს---------ას“ დამზადების ტექნოლოგიაში მოსარჩელეს რაიმე წვლილი არ მიუძღვის და მისი მიკუთვნება ნებისმიერ სუბიექტს შეუძლია დამზადების ტექნოლოგიის მარტივი გზით. მას შემდეგ, რაც სასამართლომ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები არასწორად დაადგინა, მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი ფაქტები კი უგულვებელყო, მის მიერ მოხმობილი ნორმათა შესაბამისობა არასწორად იქნა დადგენილი საქმეში „დადგენილად“ მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებთან. მოცემული გადაწყვეტილება ლახავს მოპასუხის საკუთრების უფლებას, რომელიც დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციით. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქპატენტის მიერ სრულიად დასაბუთებულად მოსარჩელეს უკვე ეთქვა უარი სადავო სასაქონლო ნიშნის მსგავსი სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქპატენტისათვის წარდგენილ სათანადო სააპელაციო საჩივარშიც არსებობს მათთვის გაურკვეველი და დაუსაბუთებელი მითითებები, განსახილველ საქმეზე უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ მოპასუხეს სრულიად მართლზომერად აქვს რეგისტრირებული სადავო სასაქონლო ნიშანი და არ არსებობს მისი ბათილობის კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე საფუძველი.

 

3.3. აპელანტი განმარტავს, რომ სსსკ 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმეზე დართული მტკიცებულებები მოწმობს, რომ სახეზე არ არის „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და „სამრეწველო საკუთრების პარიზის კონვენციის“ 10bis და 10ter მუხლებით გათვალისწინებული არაკეთილსინდისიერი განზრახვით ნიშნის რეგისტრაცია. მოსარჩელემ საქმის განხილვისას ვერ შეძლო დაედასტურებინა საკუთარი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციების, არყის რუსული წარმომავლობის, მისი საქართვლოში რეალიზაციისა და მომხმარებლებში არყის ცნობადობის ფაქტები, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის რაიმეგვარი არაკეთილსინდისიერი განზრახვა და შესაბამისად, სასამართლოს შეფასებები აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და მტკიცებულებებით გაუმყარებელია. ამ ფაქტების უტყუარად დადასტურებით კი, მაგ. გაუგებარია, საქართველოში მომხმარებლისათვის უცნობი საქონლის რეალიზაციით (თუკი არის მსგავსი რამ განხორციელებული) რა სარგებელი უნდა მიეღო მოპასუხეს, რაც მიანიშნებდა მის არაკეთილსინდისიერ განზრახვას. ასევე გაუგებარია, როგორ უნდა სცოდნოდა ჰ------------------–------------ს საქართველოში ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენების შესახებ მაშინ, როდესაც საქმის მასალებით მოცემული ვერ დასტურდება. მოსარჩელე თუ დარწმუნებული იქნებოდა თავისი მოთხოვნის სამართლიანობაში და მის სამართებლივ საფუძვლებში, იგი სადავო ნიშანს (M----- 2---- - S----------------------) დაუპირისპირებდა იდენტურ ნიშანს, რა თქმა უნდა, ასეთის არსებობის შემთხვევაში და არა ნიშანს V--------------- – IR 5-----, რომელზეც იგი არამართებულად აღნიშნავს თითქოს იგი „ფაქტიურად იდენტურია მოსარჩელის ახალი დიზაინისა“. გაუგებარია, დიზაინის პრიმატის მითითება მართლზომიერად რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან მიმართებით მით უფრო, რომ ამგვარი დიზაინის თაობაზე საქმეზე არ არის წარდგენილი რელევანტური მტკიცებულებები. ნიშანი V--------------- - IR 5----- სადავოსგან უმნიშვნელო, დაუცველი ელემენტებითაა განსხვავებული, რომელთა აღწერა მოსარჩელეს მოცემული აქვს სააპელაციო საჩივარში, რაც კოლეგიის მიერ დასაბუთებულად არ იქნა მიღებული მხედველობაში და საქპატენტმა არ დააკმაყოფილა მოსარჩელის აპელაცია „საქპატენტის“ ბრძანების №2------ ბათილად ცნობასა და აღნიშნული საერთაშორისო რეგისტრაციის დაცვის საქართველოზე გავრცელებაზე. ცხადია, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი სრულიად გამორიცხავდა აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილებას მხოლოდ არსებული მცირე განსხვავებების საფუძველზე. ნიშანდობლივია, რომ სააპელაციო პალატის უარი მოსარჩელის მიერ არ იქნა გასაჩივრებული ადმინისტრაციული წესით და ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. მოპასუხის მიერ ნიშნის N2---- - S---------------------- რეგისტრაცია საქართველოში 2016 წელს კანონის სრული შესაბამისობით მოხდა. უპირველესად, მნიშვნელოვანია 2009 წლის 15 ივნისიდან ნიდერლანდების კომპანია „სპირტს ინტერნაციონალ ბ.ვ“-ს, ასეთი დასახელების ბრენდების - “S--------- V--------------- RUSSIAN VODKA” – M 1----------- და S---------- M------------- რეგისტრაცია შეწყვეტილი იქნა; გარდა ამისა, არ არსებობს არანაირი საფუძველი მოპასუხის სასაქონლო ნიშნების გაუქმება-ბათილობისა, რაც შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ პარიზის კონვენციის მ.6bis-ით, თუ V--------------- IR 5----- საქართველოში საყოველთაოდ ცნობილ ნიშნად იქნებოდა ცნობილი, რასაც ადგილი არა აქვს. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მართლზომიერად განხორციელების ფონზე გაუგებარია მოსარჩელის შენიშვნა, რომ მოპასუხემ არც კი შეიწუხა თავი, რომ განაცხადში წარდგენილი სასაქონლო ნიშნის გამოსახულებიდან ამოეღო მოსარჩელის საფირმო სახელწოდება, რომელიც ინგლისურ ენაზეა შესრულებული - DISTILLED END BOTTLED FOR FKP “SOIUZPLODOIMPORT”, MOSCOW, რაც ქართულ ენაზე ითარგმნება როგორც - „დისტილირებული და ჩამოსხმული ფ--------------–---------------ისათვის“, მოსკოვი“ და „Vodka from Russia“ - „არაყი მოსკოვიდან“. მოსარჩელის ეს შენიშვნა მოპასუხეს თითქოს უბიძგებს ფალსიფიკაციისკენ, მოპასუხეს კი უნდა ყველამ გაიგოს, რომ არაყი რუსული წარმოშობისაა და, შესაბამისად ცნობილია მთელ მსოფლიოში, როგორც მაღალი ხარისხის ბრენდი. ამიტომ მოპასუხეს უნდა, რომ მომხმარებელმაც ასეთად აღიქვას და ამიტომაც, რეალიზაციის კლასის ჩამონათვალში ჩაწერილია - რუსული წარმოშობის არაყის რეალიზაცია. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, „სამრეწველო საკუთრების პარიზის კონვენციის“ 10bis და 10ter მუხლებით გათვალისწინებული არაკეთილსინდისიერება ვერ დასტურდება მოსარჩელის მიერ და შესაბამისად, ადგილი არ აქვს და არც ექნება არაკეთილსინდისიერ კონკურენციას და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სამართებლივი დაცვის კონვენციით განსაზღვრული საშუალებების საჭიროებას. მაგალითისთვის მოიხმობს ლუქსემბურგის კომპანიის - „სპირიტს ინტერნაციონალ ბ.ვ“-ს საქართველოში რეგისტრირებულ ნიშან M1----------- -“S--------- V--------------- RUSSIAN VODKA” და M------------- – S---------, რეგისტრაციას (დარეგისტრირებული 2000 წლის 3 ივლისს იმავე კლასებისათვის - სადავო ნიშნების იმავე საქონლის, მომსახურების ჩამონათვლისათვის, პლიუს რეკლამის კლასი; ამასთან, ყველა კლასში რუსული წარმოშობის აღნიშვნით), სადაც აღიშნული მუხლების გამოყენების საჭიროება არ დამდგარა. M1----------- ნიშანი დარეგისტრირდა 1999 წლის 15 ივნისს და მოქმედებდა ათი წლის განმავლობაში, შემდეგ კი შეწყდა რეგისტრაცია; ხოლო M-------------- S--------- რეგისტაციის შეწყვეტის თარიღი არ არის აღნიშნული მონაცემთა ბაზიდან ამონარიდში ამ ნიშანზე. როგორც ვვარაუდობთ M1----------- ნიშნის მფლობელმა თავისი ნებით არ გადაიხადა საფასური და არ გააგრძელა ნიშნის მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით. ფ--------------–---------------“-ის რეგისტრაცია №I-------, ჯერ ეკუთვნოდა კომპანია „ს--------------------------–----“-ს. უნდა აღინიშნოს რომ ამ ნიშანში მითითებული ათი ქვეყნიდან დაცვა გაავრცელა მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ - სლოვაკეთი, ჩეხეთი, იტალია და რუმინეთი, თუმცა ამ უკანასკნელმა აღარ გააგრძელა ნიშნის მოქმედდების ვადა მომდევნო ათი წლით; საერთაშორისო რეგისტრაციის დაცვა არ გაავრცელა საქართველომ, ლიტვამ, ნორვეგიამ და შვედეთმა; ლატვიამ წინასწარი სრული უარის გადაწყვეტილება გამოიტანა 2007 წლის 4 მაისს და სხვა შემდგომი ინფორმაცია არ ჩანს, ისევე როგორც ფინეთზე - ქვეყნის მითითება მოხდა 2006 წლის 21 სექტემბერს და სხვა არანაირი შემდგომი ინფორმაცია ამ ნიშანებზე რომარინის ბაზიდან ამონარიდში არ არის დაფიქსირებული.

 

3.4. აპელანტის განმარტებით, გაურკვეველია მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სასაქონლო ნიშნის ბათილობის მიმართაც. ამასთან, მოსარჩელე ვერც იმას ასაბუთებს, თუ რა წვლილი შეიტანა მან ამ არყის შექმნაში - მოცემული არაყი არანაირი განსაკუთრებულობით არ გამოირჩევა და არც სასაქონლო ნიშან „ს---------ას“ მფლობელს შეუტანია რაიმე წვლილი მისი განსაკუთრებულ არყად ჩამოყალიბებაში; ს---------ა არის მხოლოდ და მხოლოდ წყლისა და სპირტის 45%-იანი ნაზავი. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოცემული არაყი არა კლასიკური რუსული, არამედ ზოგადად საბჭოურია და შესაბამისად, მასზე არსებობდა ერთიანი ტექნოლოგიური ინსტრუქცია და სტანდარტები, რომლებიც ეხება არყის წარმოებას (მაგ. წყლის მომზადებას და სხვა მასთან დაკავშირებულ საკითხებს). ანუ, მისი წარმოება-რეალიზაცია არამხოლოდ რუსეთის რომელიმე ერთი სუბიექტის, არამედ ნებისმიერი პირის უფლებას წარმოადგენდა, მით უფრო, რომ არ არსებობდა რაიმე შემზღუდველი წინაპირობა. ამასთან, ფედერალური სახაზინო საწარმო საქართველოში ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელი ვერ გახდება, რადგან სსკ 1102-ე მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშანზე მოწმობა შეიძლება მხოლოდ მეწარმემ მიიღოს. დაბოლოს, რომელიმე ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაცია კონვენციის წევრ სახელმწიფოებში ავტომატურად არ გულისხმობს დაცვის გავრცელებას და მით უფრო არ გულისხმობს რომელიმე პირის არაკეთილსინდისიერებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად დადგინდა, რომ სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია სხვადასხვა ქვეყნებში და მოსარჩელე რუსეთის ფედერაციაში მისი ერთადერთი მფლობელია, ვინაიდან სასამართლომ საქპატენტისგან განსხვავებით, არასწორად გაიზიარა არყის რუსული წარმომავლობის ფაქტი, ვინაიდან ვერ დასტურდება საქონლის საქართველოში რეალიზაციის ფაქტი, ვინაიდან ვერ დგინდება მომხმარებლებში რაიმეგვარი ცნობადობის ფაქტი და შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხისათვის უცნობი იყო ყოველივე ზემოაღნიშნული, სასამართლომ არასწორად დაადგინა მოპასუხის არაკეთილსინდისიერება და უსაფუძვლოდ შეუზღუდა საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციით გარანტირებული საკუთრების უფლება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ფ---------------–---------------’’ მოსკოვის სარეგისტრაციო პალატის მიერ რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტია (რეგისტრაციის თარიღი: 09.04.2---წ.), ხოლო მოპასუხე ,,ჰ------------------–------------’’ პ-----ს რესპუბლიკაში რეგისტრირებული საწარმოა.

 

4.3. ფ---------------–---------------ის’’ საკუთრებაშია რეგისტრირებული სხვადასხვა ბრენდის ალკოჰოლური სასმელების სასაქონლო ნიშნები, მათ შორის: ,,ს---------ა’’, ასევე ,,------–-----ა’’, ,,მ-----------ა’’, ,,რ-------ა’’, ,,კ---------ა’’, ,,ლ--------ა’’, ო---------ა’’, ,,ზ---------ა’’, ,,პ---–----ა’’, ,,ს-----–-----ა’’, ,,ს------------–---------ე’’ და სხვ.

 

4.4. კონკრეტულად, სასაქონლო ნიშანი ,,ს---------ა’’ (გამოსახულება, წარწერით - ,,S---------/ V---------------/ R-------------’) ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში - სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში, ნიცის კლასიფიკაციის 33-ე კლასში, 1----–-–---------------- რეგისტრირებულია ფ---------------–---------------ს’’ საკუთრებაში (მოქმედების სავარაუდო დრო: 22.06.2---წ.).

 

4.5. სასაქონლო ნიშანი ,,ს---------ა’’ (S---------), როგორც რუსული არყის ერთ-ერთი სახეობა, დაცულია სხვადასხვა ქვეყანაში, კერძოდ: რუსეთის ფედერაციაში (მოწმობები N6-----------); აზერბაიჯანში (მოწმობა N2-------); უკრაინაში (მოწმობა N1-----); რუმინეთში (მოწმობა N6----); სლოვაკეთში, იტალიასა და ფინეთში (საერთაშორისო რეგისტრაციის NI----------).

 

4.6. ფ---------------–---------------ი’’ სასაქონლო ნიშანზე ,,ს---------ა’’ განსაკუთრებული უფლების ერთადერთი მფლობელია რუსეთის ფედერაციაში და მხოლოდ რუსეთში აწარმოებს კონკრეტული არყის სახეობას.

 

4.7. სასაქონლო ნიშნით ,,ს---------ა’’ აღბეჭდილი ალკოჰოლური პროდუქციის სასმელების რეალიზაციის უფლება საზღვარგარეთის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ეკუთვნის შპს ,,ს----------------’’ (05.02.2013წ. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად).

 

4.8. 2015 წლის თებერვლიდან ,,ს---------ას’’ სასაქონლო ნიშნით წარმოებული არყის პროდუქციის საქართველოში რეალიზების მიზნით დამატებით შპს ,,ს---------------ის’’ მიერ ჩართული იქნა შპს ,,ო------’’.

 

4.9. 2015 წლის 27 აპრილს მიმართა და 2016 წლის 18 აგვისტოს მოპასუხე ,,ჰ------------------–------------მა’’ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში (,,საქპატენტი’’) დაირეგისტრირა (რეგისტრაციის ნომერი - M 2-----------), სასაქონლო ნიშანი ,,S----------------------’’ ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 33-ე და 35-ე კლასების საქონლისათვის [33 - არაყი (რუსული წარმოშობის), 35 – არყის (რუსული წარმოშობის) რეალიზაცია].

 

4.10. საქართველოში საკუთარ სასაქონლო ნიშან ,,ს---------აზე’’ უფლების მოპოვების მიზნით მოსარჩელემ 07.05.2015წ. განცხადებით მიმართა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროს, რათა საქართველოს ტერიტორიაზე გაევრცელებინა საერთაშორისო სასაქონლო ნიშნის ,,V--------------- R-------------’ (საიდენტიფიკაციო N8-------. სარეგისტრაციო N I-------) მოქმედების არეალი საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის 33-ე კლასში, რაზეც, საქართველოს საპატენტო უწყებამ მოპასუხეს განუცხადა წინასწარი უარი, რის საფუძველსაც წარმოადგენდა საქართველოში მოპასუხე პანამური კომპანია ,,ჰ------------------–------------ის’’ კუთვნილი მსგავსი სასაქონლო ნიშნების არსებობა: ,,S--------- V------------’’ (M----- 2---- R) და ,,S----------------------’’ (M 2-----------), საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის 33-ე და 35-ე კლასის საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალისათვის: არაყი (რუსული წარმოშობის) და არყის (რუსული წარმოშობის) რეალიზაცია, რომელთა პრიორიტეტის თარიღია 27.04.2015წ., ხოლო რეგისტრაციის თარიღი - 18.08.2016წ.

 

4.11. 2017 წლის 14 თებერვალს ,,საქპატენტთან’’ არსებულმა სააპელაციო პალატის კოლეგიამ განიხილა კომპანიის ,,ფ-- ს---------–-----------------’’ (K-------------------) N1-------- სააპელაციო საჩივარი და უარი უთხრა საჩივრის ავტორს მოთხოვნის (საერთაშორისო სასაქონლო ნიშნისათვის ,,V--------------- R-------------’ (SAID. N8-------, I-------) დაცვის მინიჭება საქართველოში) დაკმაყოფილებაზე. პალატამ უარი განაცხადა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რამეთუ ჩათვალა, რომ სასაქონლო ნიშნები წარმოადგენენ აღრევამდე მსგავს სასაქონლო ნიშნებს ვიზუალური, ფონეტიკური და სემანტიკური თვალსაზრისით. [გადაწყვეტილებაში (N1-------) აღნიშნულია, შემდეგი: სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის’’ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 26 აგვისტოს N2------ ბრძანებაზე თანდართული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, განცხადებულ კომბინირებულ სასაქონლო ნიშანს ,,V--------------- R-------------’ (საიდ. N8-------, I-------) უარი ეთქვა დაცვის მინიჭებაზე, ვინაიდან იგი მსგავსია 33-ე კლასის მსგავსი საქონლის ჩამონათვალისათვის საქპატენტში კომპანიის ,,ჰ------------------–------------.’’ (H-------------------------.) სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნებისა ,,S--------- V------------’’ (რეგ. N2----, რეგ. თარიღი: 18.08.2016წ.) და ,,S--------- V-----------’’ (რეგ. N2----, რეგ. თარიღი: 18.08.2016წ.). სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სასაქონლო ნიშანი კომბინირებულია და მისი სიტყვიერი ელემენტებია ,,V--------------- R-------------’, რომელიც შესრულებულია ყვითელი და რუხი ფერის ლათინური ასოებით თეთრ და რუხ ფონზე. ნიშანზე გამოსახულია სამი ცხენი ეტლით, რომელზეც ზის მამაკაცი. ფონად კი ეტიკეტზე ჩანს ლანდშაფტი. დაპირისპირებული ნიშანი ,,S--------- V------------’’ (რეგ. N2----, რეგ. თარიღი: 18.08.2016წ.) შესრულებულია ლურჯი ფერის ლათინური ასოებით თეთრ და ლურჯ ფონზე. ნიშანზე გამოსახულია სამი ცხენი. რაც შეეხება, მეორე დაპირისპირებულ ნიშანს, ,,S--------- V-----------’’ აღნიშნული ნიშანიც წარმოადგენს კომბინირებულ სასაქონლო ნიშანს. მისი სიტყვიერი ელემენტები ,,S--------- V-----------’’ შესრულებულია რუხი ფერის ლათინური ასოებით თეთრ და რუხ ფონზე. ნიშანზე გამოსახულია სამი ცხენი. განცხადებული და დაპირისპირებული ნიშნები წარმოადგენენ აღრევამდე მსგავს სასაქონლო ნიშნებს, განცხადებულ და დაპირისპირებულ ნიშნებს აქვთ ლათინურ ენაზე შესრულებული მსგავსი სიტყვიერი ელემენტები - ,,S---------’’, რომელიც ნიშნებში წარმოადგენს დომინანტ ელემენტებს. ამასთან, სიტყვიერი ელემენტები ,,S---------’’ სამივე ნიშანში ჩაწერილია მსგავსი სტილიზებული ფორმით. აღნიშნული სიტყვიერი ელემენტს, სამივე ნიშნის შემთხვევაში, იდენტური სემანტიკა (ციმბირული) და ფონეტიკა აქვს. ნიშნებში დამატებითი სიტყვიერი ელემენტები არის აღწერილობითი, რომლებიც მიანიშნებენ საქონლის სახეობაზე, თვისებასა და გეოგრაფიულ წარმოშობაზე. შესაბამისად, აღნიშნული სიტყვიერი ელემენტები ნიშანში შედის დაუცველი ნაწილის სახით. განცხადებული და დაპირისპირებული ნიშნების გამოსახულებითი ელემენტები არ სძენს ნიშნებს საკმარის განსხვავებულობას, ვინაიდან დომინანტი ელემენტის სამივე ნიშნის შემთხვევაში არის სიტყვიერი ელემენტი ,,S---------’’, რომელზეც მოდის განმასხვავებლობის ძირითადი დატვირთვა. შესაბამისად, ჩნდება სასაქონლო ნიშნების ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. აღნიშნულის გამო, განცხადებულ ნიშანს ,,V--------------- R-------------’ (საიდ. N8-------, I-------) ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე უარი ეთქვა დაცვის მინიჭებაზე 33-ე კლასის საქონლის განცხადებული ჩამონათვალის მიმართ]. [გადაწყვეტილებაში ასევე აღინიშნა, რომ სასაქონლო ნიშნები კომბინირებულია და სიტყვიერ ნაწილთან ერთად შეიცავს გამოსახულებით ელემენტებსაც. ვიზუალური თვალსაზრისით დაპირისპირებულ ნიშნებს აქვთ მსგავსი სტრუქტურა - სამივე მათგანის ზედა და ქვედა ნაწილებში განთავსებულია სიტყვიერი ნაწილები, ხოლო ნიშნების შუა ნაწილში მოთავსებულია ცხენების გამოსახულება. ამასთან, დაპირისპირებულ სასაქონლო ნიშნებში არსებული სიტყვიერი ნაწილები ,,v----’’, c------’’, ,,s-----’’ და ა.შ. წარმოადგენენ ნიშნის დაუცველ ელემენტებს და სასაქონლო ნიშნების შედარებისას ისინი არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული. მიუხედავად აღნიშნული ელემენტების განსხვავებისა, ისინი ნიშნებს ვერ სძენენ საკმარის განმასხვავებლობას, ვინაიდან, ორივე შემთხვევაში დომინანტი ელემენტია სიტყვიერი ნაწილი ,,S---------’’ და ცხენების გამოსახულება, რომელიც სამივე სასაქონლო ნიშნის შემთხვევაში მეორდება და ვიზუალური თვალსაზრისით აღრევამდე მსგავსია. ნიშნები მსგავსია ფონეტიკური და სემანტიკური თვალსაზრისით, ვინაიდან სამივე სასაქონლო ნიშნის დომინანტი სიტყვიერი ელემენტია ,,S---------’’, რომელსაც დაპირისპირებული ნიშნების შემთხვევაში აქვს იდენტური ჟღერადობა და მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები შეიცავენ დამატებით სიტყვიერ ელემენტებს, აღნიშნული ნიშნებს ვერ სძენს საკმარის ფონეტიკურ და სემანტიკურ განმასხვავებლობას].

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.12. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებს.

 

4.13. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სადავოდ გამხდარი სასაქონლო ნიშნის ,,S----------------------’’ (სარეგისტრაციო ნომერი M 2-----------) რეგისტრაციის კანონიერების საკითხის გამოკვლევამდე, აუცილებელია შეფასება მიეცეს მოსარჩელის იურიდიული ინტერესს, ანუ სავალდებულოა იმის გარკვევა - დადგენა, რა შედეგის მომტანი იქნება და რა უფლებაში აღადგენს მოსარჩელეს საქართველოში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა. სარჩელით ხსენებული რეგისტრაციის ბათილობისათვის აუცილებელი წინაპირობაა ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა. ამგვარი სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელემ უნდა მოიპოვოს კონკრეტული უფლება ან აღიკვეთოს მის უფლების რეალიზაციაში ხელშეშლა. ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების (სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის) აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებისას. საკითხის ამგვარი წესით გადაწყვეტის პირობებში, ყურადღება უნდა გამახვილდეს მატერიალური მოთხოვნის პროცესუალურ სარჩელზე, რომელიც წარმოადგენს ურთიერთგადაჯაჭვულ სისტემას, რომლის ელემენტები ერთმანეთს ემყარება და ერთმანეთის საფუძველს ქმნის და თავს იყრის სსსკ-ის 180-ე მუხლში, რომლის სამართლებრივი ბუნების შესახებ საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ: აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა - საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს (მაგალითად, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ.) ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ’’ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ №ას-664-635-2016, 02.03.2017წ; №ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; № ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; № ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; № ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; № ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; № ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; №ას-407-390-2016, 10.06.2016წ; № ას-375-359-2016, 17.06.2016წ.). სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, როდესაც პირი მიმართავს სასამართლოს სარჩელით, მას აქვს გარკვეული იურიდიული ინტერესი მის მიერ აღძრული სარჩელის მიმართ, მაგრამ მხოლოდ ფორმალური ინტერესის (აღძრას სარჩელი) არსებობა არ არის საკმარისი წინაპირობა სარჩელის დასაშვებად (განსახილველად მისაღებად). როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგალითად, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, საპროცესო ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. თუ აღიარებითი მოთხოვნის ინტერესი მიკუთვნებითი ხასიათისაა, მაშინ აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებით სასამართლო პროვოცირებას გაუკეთებს ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე - ორმაგი სასარჩელო წარმოების წარმართვის აუცილებლობას, რაც კანონ შესაბამისი არაა და ეწინააღმდეგება სწრაფი, ეფექტური მართლმსაჯულების წარმართვისა და სასამართლოს ეკონომიურობის ძირითად პრინციპს.

 

4.14. საქალაქო სასამართლომ საკითხის სრულყოფის მიზნით მართებულად მოიშველია „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის’’ ევროპული კონვენცია, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია ,,სამართლიანი სასამართლოს’’ პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება [მართებული /დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის კვლევის აუცილებლობის თვალსაზრისით იხ. საქმე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 - სადაც ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის’’ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. იხ. ასევე: IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40]. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ფ---------------–---------------ს’’ გააჩნია იურიდიული ინტერესი მოითხოვოს საქართველოში მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ბათილობა, რადგან ის, როგორც აღრევამდე მსგავსი სასაქონლო ნიშნის მესაკუთრე, ახორციელებს იმავე სახეობის პროდუქტის, როგორც საქართველოში, ასევე არაერთ სხვა ქვეყანაში ექსპორტს და ამავდროულად მას რეგისტრირებული აქვს კონკრეტული სასაქონლო ნიშანი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ხოლო მოპასუხის მიერ მსგავსი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია იმავე საქონლის მიმართ იწვევს მოსარჩელის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესის ხელყოფას, რაც მდგომარეობს მისი სასაქონლო ნიშნის არაკეთილსინდისიერი განზრახვის მიზნით მისაკუთრებასა და საზოგადოებაში უკვე კარგად ცნობილი სასაქონლო ნიშნის გამოყენების გზით, არამართლზომიერი კონკურენციის განხორციელებაში. ამდენად, ამ მხრივ საქალაქო სასამართლომ სწორად გაიზიარა მოსარჩელის ინტერესი ედავა მოპასუხე ,,ჰ------------------–------------ის’’ მიერ მისი იდენტური სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობასთან მიმართებით.

 

4.15. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დადგენის შემდგომ სასამართლოს შეფასების საგანია მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლების კვლევა. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, სასაქონლო ნიშანი, როგორც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი, წარმოადგენს პროდუქციის ინდივიდუალიზაციის საშუალებას, რომელიც იძლევა იურიდიული ან ფიზიკური პირების საქონლის განსხვავების საშუალებას სხვა პირების იგივე სახის საქონლისაგან. ამიტომ, ინტელექტუალური საკუთრების ამ ობიექტთან დაკავშირებით დავები ძირითადად ეხება ობიექტზე უფლების მოპოვებას ან უფლებათა დარღვევას. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია, რის გამოც ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილობის მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების კვლევა. კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული (სსკ-ის მე-7 მუხლი). არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე (სსკ-ის 152-ე მუხლი). სასაქონლო ნიშნის დარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობა ადგენს პასუხისმგებლობის სხვადასხვა ფორმებს. ინტელექტუალური საკუთრების უფლების ობიექტია სასაქონლო ნიშანი, რომლის რეგისტრაციის, სარგებლობის და დაცვის პირობები რეგლამენტირებულია „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე ამ სფეროს მომწესრიგებელი საერთაშორისო აქტებით. „სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის 3.1 მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისგან. ,,ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების’’ (TRIPS) მე-15 მუხლის შესაბამისად, ,,სასაქონლო ნიშანს შეიძლება წარმოადგენდეს ნებისმიერი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელსაც უნარი შესწევს ერთი საწარმოს საქონელი და მომსახურება სხვა საწარმოს საქონლისა და მომსახურებისაგან განასხვავოს’’.[1] ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის 3.2 მუხლის თანახმად, ასეთი სიმბოლო შეიძლება იყოს სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით. სასაქონლო ნიშანი დაცულია ”საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე. ამდენად, მოხმობილი ნორმით განმარტებულია სასაქონლო ნიშნის დეფინიცია, რომლის მიხედვითაც სასაქონლო ნიშანი არის გრაფიკულად გამოსახული სიმბოლო, რომელიც განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს მეორე საწარმოს საქონლისაგან. სასაქონლო ნიშნის მთავარი ფუნქცია სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებულ საქონელს შორის განსხვავების ხაზგასმაა. აღნიშნული ემსახურება იმ მიზანს, რომ მწარმოებლებმა შეინარჩუნონ თავიანთი ინდივიდუალურად დამახასიათებელი ნიშა და ამასთანავე მომხმარებლებმაც ადვილად გამიჯნონ, თუ რომელი კომპანიის მიერ ნაწარმოებ პროდუქტს მოიხმარენ.

 

4.16. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში - სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში, ნიცის კლასიფიკაციის 33-ე კლასში, 1----–-–---------------- ფ---------------–---------------ს’’ საკუთრებაში რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი - ,,ს---------ა’’, რომელიც როგორც რუსული არყის ერთ-ერთი სახეობა, დაცულია სხვადასხვა ქვეყანაში, კერძოდ: რუსეთის ფედერაციაში (მოწმობები N6-----------), აზერბაიჯანში (მოწმობა N2-------), უკრაინაში (მოწმობა N1-----), რუმინეთში (მოწმობა N6----), სლოვაკეთში, იტალიასა და ფინეთში (საერთაშორისო რეგისტრაციის NI----------). ფ---------------–---------------ი’’ სასაქონლო ნიშანზე ,,ს---------ა’’ განსაკუთრებული უფლების ერთადერთი მფლობელია რუსეთის ფედერაციაში და მხოლოდ რუსეთში აწარმოებს კონკრეტული არყის სახეობას. სასაქონლო ნიშნით ,,ს---------ა’’ აღბეჭდილი ალკოჰოლური პროდუქციის სასმელების რეალიზაციის უფლება საზღვარგარეთის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ეკუთვნის შპს ,,ს----------------’’. ასევე უდავო გარემოებაა, რომ 2016 წლის 18 აგვისტოს მოპასუხე ,,ჰ------------------–------------’’-მა ,,საქპატენტი’’ დაირეგისტრირა სასაქონლო ნიშანი ,,S----------------------’’ (რეგისტრაციის ნომერი - M 2-----------), ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 33-ე და 35-ე კლასების საქონლისათვის, რის გამოც მოსარჩელეს უარი ეთქვა საერთაშორისო დონეზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის საქართველოში რეგისტრაციაზე, მისი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის აღრევამდე მსგავსობის საფუძვლით. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის 6.1. მუხლის თანახმად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის იდენტურია და საქონელიც იდენტური, ხოლო ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს, ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას. მე-6 მუხლის ძალით, სასაქონლო ნიშანზე უფლების შეძენისას ნიშნის მფლობელი იძენს განსაკუთრებულ უფლებას გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი დაცული პროდუქტების/მომსახურებისათვის. ეს დაცვა მოქმედებს პრიორიტეტის პრინციპის მიხედვით უფრო ახალ სასაქონლო ნიშნებთან მიმართებით და დროის პრიორიტეტის მიუხედავად დაცულ სასაქონლო ნიშნებთან მიმართებით. კანონი განსაზღვრავს უფლების დარღვევის შემადგენლობას და ადგენს განსაკუთრებული უფლების მქონე პირის უფლებას, აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც მისი დაცული სასაქონლო ნიშნის მსგავსია. ამავე კანონის, 4.1 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლიტური საფუძველია და სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც შესაძლებელს ხდის, მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის ან საქონლის სხვა მახასიათებლების შესახებ. კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად კი, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებით საფუძვლად მიიჩნევა და სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი იმავე საქონლის მიმართ რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია (,,ა’’ პუნქტი), ასევე მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე ისეთი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსია, რომელსაც საქართველოში აქვს კარგი რეპუტაცია, და ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა (,,დ’’ პუნქტი).

 

4.17. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ „სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ“ პარიზის კონვენციის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტებია პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო ნიმუშები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, წარმოშობის აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა. სასაქონლო ნიშნის სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები რეგლამენტირებულია ასევე 1994 წლის 14 აპრილს დადებული საერთაშორისო შეთანხმებით „ინტელექტუალური საკუთრების უფლების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ”, რომლის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება აუკრძალოს ყველა მესამე პირს მისი თანხმობის გარეშე ვაჭრობის პროცესში იდენტური ამ მსგავსი ნიშნის გამოყენება ისეთი საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი და როდესაც ასეთმა გამოყენებამ შეიძლება წარმოქმნას არევ-დარევის ალბათობა. არევ-დარევის ალბათობა მტკიცდება მაშინ, როდესაც იდენტური ნიშნის გამოყენება ხდება საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით. ამ ნორმის მე-3 პუნქტის მიხედვით, პარიზის კონვენციის (1967წ.) მე-6bis მუხლი გამოიყენება mutatis mutandis (სათანადო ცვლილებებით) ისეთი საქონლის ან მომსახურებისათვის, რომლებიც არ არის იმ საქონლის ან მომსახურების მსგავსი, რომლებისთვისაც სასაქონლო ნიშანია რეგისტრირებული იმ პირობით, რომ ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება ასეთი საქონლის ან მომსახურებისათვის მიუთითებს კავშირზე ამ საქონელსა ან მომსახურებასა და რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს შორის და იმ პირობით, რომ ასეთმა გამოყენებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელის ინტერესებს. ხსენებული შეთანხმების მე-17 მუხლით დადგენილია სასაქონლო ნიშნის გამოყენების სფეროში გამონაკლისი, ამ ნორმის თანახმად, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დააწესონ შეზღუდული გამონაკლისები სასაქონლო ნიშნით მინიჭებული უფლებებიდან, როგორიცაა აღწერილობითი ტერმინების კეთილსინდისიერი გამოყენება იმ პირობით, რომ ასეთი სახის გამონაკლისებში გათვალისწინებული იქნება სასაქონლო ნიშნის მფლობელისა და მესამე პირების კანონიერი ინტერესები. სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის [2] შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის მფლობელს ენიჭება ერთგვაროვან ან მსგავს საქონელზე ამ ნიშნის ან მისი ვარიანტების გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ამავე კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად კი, სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებისა და დამცავი დოკუმენტების ძალაში შენარჩუნების წესებს არეგულირებს მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობა. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, საქართველოს კანონმდებლობიდან და საერთაშორისო აქტების შინაარსიდან გამომდინარე, სასაქონლო ნიშნის მთავარი დანიშნულებაა განასხვავოს საქონელი სხვა საქონლის ან მომსახურებისაგან ან განასხვავოს ერთი მეწარმე მეორე მეწარმისაგან. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონი და საერთაშორისო აქტები დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი სასაქონლო ნიშნის გამოყენებას, რომელიც არის სხვა ნიშნის რეპროდუქცია, იმიტაცია, თარგმანი, რომელიც არის სხვა ნიშნის მსგავსი ან იდენტური და რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ნიშანთან აღრევა. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ სასაქონლო ნიშნების მსგავსება უნდა დადგინდეს იმ ფაქტორთა გათვალისწინებით, რასაც რეალურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქვს ადგილი. მომხმარებელი, რომელიც სავაჭრო დაწესებულებაში მიდის, მას არ აქვს საშუალება დაწვრილებით გაარჩიოს ერთმანეთისაგან სასაქონლო ნიშნების ისეთი უმნიშვნელო ელემენტები, როგორიცაა წვრილი შრიფტით დასმული წარწერები, არამთავარი ფიგურები, მათი განლაგება. მყიდველი პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს მის მიერ უკვე შეძენილ პროდუქტზე, რომლის თვისებებმა მასში კმაყოფილება გამოიწვია და სურს კვლავ იგივე თვისებების პროდუქტი შეიძინოს. ასეთ დროს უმნიშვნელო დეტალები მომხმარებელს არ ამახსოვრდება და საერთო შთაბეჭდილების შემქმნელი სურათი ამოტივტივდება ზედაპირზე, რომლის მიხედვით მოქმედებს მომხმარებელი. ხშირ შემთხვევაში რიგითი მომხმარებელი არ არის გარკვეული მწარმოებლის ვინაობაში, მისთვის მთავარია მოძებნოს მსგავსება ადრეულ შენაძენის სასაქონლო ნიშანსა და დახლზე არსებულ სასაქონლო ნიშანს შორის. ასეთ დროს არსებითია საერთო შთაბეჭდილება, ერთიანი სურათი, სადაც დომინანტი ელემენტებია ყველაზე მნიშვნელოვანი. ინტელექტუალურ სამართალში მიჩნეულია, რომ სასაქონლო ნიშნების მსგავსება შეფასებული უნდა იქნას ჟღერადობით, გრაფიკულად, აზრობრივად. ყურადსაღებია ახლობელი ბგერებისა და ბგერათშეთანხმების განლაგება ერთმანეთის მიმართ; მარცვლების დამთხვევა; მარცვლების რაოდენობა ნიშანში; ერთნაირი და ახლობელი ბგერათშეწყობების ადგილი სასაქონლო ნიშნის შემადგენლობაში; ერთი ნიშნის შესვლა მეორეში; ახლობელი და ერთნაირი ბგერების არსებობა. სასაქონლო ნიშნის გამოყენებისას განმსაზღვრელი ფაქტორია პროდუქციის ინდივიდუალიზაცია, ანუ უკავშირებს თუ არა მომხმარებელი წარმოებულ პროდუქციას კონკრეტულ საწარმოს. მომხმარებელს აქვს საშუალება თავად აირჩიოს სასურველი პროდუქცია, რომელსაც იცნობს და ენდობა. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, სასაქონლო ნიშნის გამოყენების მიზანი სწორედ ისაა, რომ მომხმარებელს ჰქონდეს უტყუარი ინფორმაცია კონკრეტული პროდუქციის წარმოშობის, მისი მწარმოებლისა და სხვა სპეციფიკური ნიშან-თვისებების შესახებ, რის გამოც ირჩევს პროდუქტს. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მიზანი არა მხოლოდ კერძო პირთა საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველყოფაში გამოიხატება, არამედ საჯარო ინტერესშიც, რომ მომხმარებელთა არა მხოლოდ კონკრეტული წრე, არამედ პოტენციური მომხმარებელიც დაცული იყოს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის ან სხვა მახასიათებლების შესახებ შეცდომაში შემყვანი, არასწორი ინფორმაციისაგან.

 

4.18. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, ფოტო-სურათებისა და ,,საქპატენტთან’’ არსებული სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების საფუძველზე სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მხარეთა დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები აღრევამდე მსგავსია, როგორც პროდუქციის დასახელებით, ასევე ვიზუალური თვალსაზრისითაც. ფ---------------–---------------ის’’ საკუთრებაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი ,,S---------/ V---------------/ R-------------’, ხოლო მოპასუხე ,,ჰ------------------–------------’’-მა საქპატენტში დაირეგისტრირა სასაქონლო ნიშანი ,,S--------- V-----------’’, რომელზეც ასევე აღნიშნულია ალკოჰოლური სასმელების რუსული წარმომავლობა, რაც დამატებით განაპირობებს მითითებული დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნების აღრევის საფუძველს. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ თავად სასაქონლო ნიშანი ,,ს---------ა’’ მეტ-ნაკლებად ცნობილია ქართველი მომხმარებლისათვის და ასოცირდება მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან, შესაბამისად, დამატებით მოპასუხის მიერ აღრევამდე მსგავსი სასაქონლო ნიშნის დარეგისტრირება წარმოქმნის კონკრეტული ორი პროდუქტის აღრევის საფრთხეს, რაც, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, არაკეთილსინდისიერი ქმედებაა, რამეთუ მიზნად ისახავს სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონ რეგისტრაციით ბაზარზე მარტივად დამკვიდრებას, რაც წარმოშობს სადავო სასაქონლო ნიშნის ბათილობის საფუძველს, თანახმად სპეციალური კანონის 28.1 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტისა. კანონმდებელმა აღნიშნული დანაწესით მოახდინა პირის განსაკუთრებული უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმების დანერგვა, კანონის მიზანიც სწორედ ის არის, რომ მოხდეს დარღვეული უფლების აღდგენა, კერძოდ არამატერიალური სიკეთის, კონსტიტუციით გარანტირებული ინტელექტუალური საკუთრების ხელშეუხებლობის დაცვა. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ სასაქონლო ნიშანზე უფლება საკუთრებით სარგებლობის უფლების ფარგლებში ექცევა და მისი მოპოვება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ეს არ ლახავს კეთილსინდისიერი მესამე პირების უფლებებს. ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც აპლიკანტის საავტორო უფლების დარღვევას შეეხებოდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმი (საკუთრების უფლება) ინტელექტულაურ საკუთრებასთან დაკავშირებით გამოყენებადი იყო (იხ: Eur. Court H.R.: Melnychuk v. Ukraine, Judgment o... 7 july, 2005). ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ ინტელექტუალური საკუთრება პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დაცვის ქვეშაა. დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნაც ამავე ნორმის მოქმედების ქვეშ არის, რადგანაც ის ქონებრივი ხასიათის ინტერესებს წარმოშობს. ამასთან, ისიც უდავოა, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ნამდვილი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არღვევს მესამე პირთა კანონიერ უფლებებს. აქედან გამომდინარე, რეგისტრაციის მოთხოვნასთან დაკავშირებული უფლებები პირობითია. მხარე, რომელიც მიმართავს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნით, უნდა ელოდოს, რომ მის მოთხოვნას შეისწავლიან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იმის დასადგენად, აკმაყოფილებს თუ არა ეს მოთხოვნა მატერიალურ და პროცედურულ პირობებს. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ რეგისტრირებული უფლების გაუქმების შედეგად ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის დარღვევას არ ჰქონდა ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელ კომპანიას ჰქონდა ეროვნული კანონმდებლობით აღიარებული ქონებრივი უფლებები, რომლებიც შეიძლება გაუქმებულიყო გარკვეული პირობების არსებობისას (იხ. Eur. Court H.R. Grand Chamber: Anheuser-Busch Inc. v. Portugal, Judgment of 11 january, 2007/ იხ. სუსგ, საქმე Nას-970-919-2015, 11.03.2016წ.).

 

4.19. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის 28.1. მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით. ამდენად, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ბათილობის უპირობო საფუძველია მოქმედების არაკეთილსინდისიერად განხორციელება. კონკრეტულ შემთხვევაში, დავის გადაწყვეტის მიზნებიდან გამომდინარე სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხე კომპანიის ქმედების კეთილსინდისიერების კვლევა, ის, თუ რამდენად მართლზომიერი განზრახვით მოქმედებდა პირი საქართველოს ბაზარზე უკვე არსებული სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისას. სამოქალაქო კოდექსის 8.3 მუხლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ კეთილსინდისიერების პრინციპი არის ის ბერკეტი, რომლითაც უნდა დაბალანსდეს მხარეთა ინტერესები. ეს პრინციპი გამოიყენება სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა წინააღმდეგ, რომლებისთვისაც ნების ავტონომია ბაზარზე დაუსაბუთებელი (უსაფუძვლო) უპირატესობის მიღების საშუალებად იქცა. კეთილსინდისიერების ერთიანი ცნების შემუშავება შეუძლებელია. სუბიექტის თითოეული ქმედების კეთილსინდისიერების პრინციპთან შესაბამისობაში ანალიზის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული თითოეული ურთიერთობის სპეციფიკა ამ ურთიერთობის ჩამოყალიბება-განვითარების თავისებურებები. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისას არაკეთილსინდისიერი განზრახვის დასადგენად მხედველობაში უნდა იქნას მიღებული გარემოებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა კონკრეტული განაცხადის შეტანის მომენტისათვის. პარიზის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთაა. კონვენციის მე-10bis მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კავშირის ქვეყნები ვალდებულები არიან უზრუნველყონ კავშირის მოქალაქეები არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ეფექტიანი დაცვით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტს შეადგენს კონკურენციის ნებისმიერი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის პატიოსან ჩვევებს, ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, აკრძალულია ისეთი ხასიათის მქონე ყველა ქმედება, რომელსაც შეუძლია რაიმე გზით გამოიწვიოს აღრევა კონკურენტის დაწესებულების, საქონლის, სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის მიმართ. ამდენად, სადავო სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობა წარმოადგენს მეწარმე სუბიექტის უფლების დაცვის მექანიზმს, როდესაც სახეზეა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გაწევის მიზნით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ფაქტი. არაკეთილსინდისიერი განზრახვით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას დაუშვებლად მიიჩნევს სამრეწველო საკუთრების დაცვის 1882 წლის 20 მარტის პარიზის კონვენცია და შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ დაუშვებელია რაიმე ხანდაზმულობის ვადის დაწესება იმ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობისთვის, რომელიც რეგისტრირებულია ან გამოიყენება არაკეთილსინდისიერი განზრახვით, ასევე ევროსაბჭოს 2009 წლის 26 თებერვლის 207/2009 რეგულაციის (COUNCIL REGULATION (EC) NO 207/2009 OF 26 FEBRUARY 2009 ON THE COMMUNITY TRADE MARK) 52(1)(ბ) მუხლის თანახმად, არაკეთილსინდისიერი განზრახვისას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარი უნდა ითქვას ან იგი ბათილად იქნას გამოცხადებული. ანალოგიური პრინციპია მითითებული ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის 2008 წლის 22 ოქტომბრის 2008/95EC დირექტივაშიც, რომლის 3 (2)(დ) მუხლის თანახმად, წევრ სახელმწიფოებს უფლებამოსილება ენიჭებათ არაკეთილსინდისიერი განზრახვისას უარი განაცხადონ სასაქონლო ნიშნს რეგისტრაციაზე ან ბათილად ცნონ უკვე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი. არაკეთილსინდისიერი განზრახვის ცნების ზუსტი განმარტება არ არსებობს, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ცნებას აქვს ფართო შინაარსი და უნდა განიმარტოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან როგორც ლიტერატურასა და უცხოურ სასამართლო პრაქტიკაში აღნიშნულია, შეუძლებელია ამომწურავად დადგინდეს ის კრიტერიუმები, რომლებიც ,,არაკეთილსინდისიერი განზრახვის ცნებას ახასიათებს. ამ თემაზე ევროპის სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში (Chokoladefabriken lindts&Sprungli AG v Franz Hauswirth Gmbh, case c-529/07, 11 june 2009) განმარტებულია, რომ არაკეთილსინდისიერი განზრახვის დადგენის რელევანტური მომენტი განმცხადებლის მიერ სასაქონლო ნიშნის სარეგისტრაციო განაცხადის შეტანის დროა. უმნიშვნელოვანეს ფაქტორებს შორისაა აპლიკანტის ცოდნა, რომ მესამე პირი ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში უკვე იყენებს იდენტურ ან ანალოგიურ სასაქონლო ნიშანს. ასევე მხედველობაში უნდა იქნას მიღებული საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც აჩვენებს რამდენად შეესაბამებოდა აპლიკანტის მოქმედება კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ბიზნესმენისთვის დამახასიათებელი გულმოდგინების სტანდარტებს. შესაბამისად, აღნიშნული ვლინდება იმაში, რომ აპლიკანტმა იცის რა სასაქონლო ნიშნის რეპუტაციისა და მისი გამოყენების შესახებ, არეგისტრირებს იდენტურ სასაქონლო ნიშანს იმ განზრახვით, რომ შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი, მოტყუებით გაუჩინოს მოლოდინი, რომ მას საქმე ცნობილ სასაქონლო ნიშანთან აქვს და ამით უსაფუძვლო და დაუმსახურებელი სარგებელი მიიღოს. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, სხვადასხვა საერთაშორისო თუ შიდა ეროვნული სასამართლოების პრეცედენტული გადაწყვეტილებებისა და დოქტრინაში გამოთქმული მოსაზრებების ანალიზის შედეგად შეიძლება იმ ძირითადი კრიტერიუმების გამოყოფა, რომლებიც ,,არაკეთილსინდისიერი განზრახვის“ არსებობას დაადასტურებს: (i) არაკეთილსინდისიერი განზრახვა უნდა არსებობდეს სარეგისტრაციო განაცხადის გაკეთების დროისთვის. ამავე დროს რეგისტრაციის შემდგომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სავსებით შესაძლებელია განცხადების გაკეთებისას არსებული მდგომარეობის post faqtum დადგენა; (ii) არაკეთილსინდისიერი განზრახვის არსებობის დადასტურება უნდა მოხდეს იმგვარი მტკიცებულებების წარდგენით, რომლებიც ადასტურებენ კეთილსინდისიერ ქცევასთან შეუთავსებელი ფაქტობრივი გარემოებების არსებობას; (iii) არაკეთილსინდისიერი განზრახვა იმგვარ ქმედებებს გულისხმობს, რომლებიც გამოცდილი და გონიერი მეწარმისათვის დამახასიათებელ გულმოდგინებისა და ეთიკის სტანდარტებისგან გადახვევას წარმოადგენს; (iv) არაკეთილსინდისიერი განზრახვის დადგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება; (v) განმცხადებლის ცოდნა სასაქონლო ნიშნის მესამე პირის მიერ გამოყენებასთან დაკავშირებით; (vi) მოპასუხის პირადი წარმოდგენები არაკეთილსინდისიერ განზრახვასთან დაკავშირებით არარელევანტურია-გამოსაყენებელი ტესტია გამოცდილი და გონიერი ადამიანის ჰორიზონტიდან დანახვა და შეფასება.

 

4.20. განსახილველ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ,,ჰ------------------–------------’’ არაკეთილსინდისიერი განზრახვით მოქმედებდა მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის აღრევამდე მსგავსი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისას, რამეთუ დგინდება, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო მოსარჩელის უფლების თაობაზე, ასევე ცნობილი იყო კონკრეტული პროდუქციის საქართველოს ბაზარზე გავრცელება, რამაც განაპირობა მისი მხრიდან მოთხოვნადი სასაქონლო ნიშნის მსგავსი სასაქონლო ნიშნის დარეგისტრირება, რათა მარტივად დამკვიდრებულიყო ბაზარზე და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გაწევის გზით მიეღო შემოსავალი. მითითებული ქმედებები დამაზიანებელია როგორც მოსარჩელე კომპანიის უფლებებისათვის და მისი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის, ასევე აზიანებს მომხმარებლის ინტერესებს. ყოველივე აღნიშნული კი, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, წარმოშობს სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილობის საფუძველს. ამასთან, მართალია საქპატენტმა დაარეგისტრირა მოპასუხის საკუთრებაში სასაქონლო ნიშანი, მაგრამ ეს ვერ გახდება იმის წინაპირობა, რომ სასამართლომ მიიჩნიოს ეს სასაქონლო ნიშანი კეთილსინდისიერად დარეგისტრირებულად, ვინაიდან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის არაკეთილსინდისიერად შეფასებაზე უფლებამოსილი ორგანო არის მხოლოდ სასამართლო და მხოლოდ მას შეუძლია ამ ფაქტის დადგენის დროს ბათილად ცნოს უკვე დარეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შემაფერხებელ (შემაკავებელ) გარემოებას, გარდა ძნელად დასაძლევ ან საერთოდ დაუძლეველ ფორმალურ ფაქტობრივ გარემოებათა არსებობისა, როგორიცაა ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან აღრევამდე მსგავსი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ან/და საყოველთაოდ ცნობილად აღიარებისა, წარმოადგენს აგრეთვე პირის არაკეთილსინდისიერი ქცევა, როდესაც არსებობს არაკეთილსინდისიერ პირთა მიერ სხვისი, კარგი რეპუტაციისა და მაღალი ცნობადობის მქონე, მაგრამ საქართველოში დაურეგისტრირებელ სასაქონლო ნიშნების მითვისებისა და საკუთარ სახელზე რეგისტრაციის შესაძლებლობა. სწორედ აღნიშნულის გამო, კანონმდებელი შეეცადა ისეთი სიტუაციის სამართლებრივ მოწესრიგებას, როდესაც ფორმალური ბარიერი სასაქონლო ნიშნის დასარეგისტრირებლად ფაქტობრივად არ არსებობს და ერთადერთ უხილავ ბარიერს მხოლოდ განმცხადებლის კეთილსინდისიერება წარმოადგენს, რითაც ბოროტად სარგებლობს არაკეთილსინდისიერი სუბიექტები და დგება აღნიშნული ქმედების შედეგების აღკვეთის აუცილებლობა. საქპატენტის მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმა სადავო ნიშნის არსებობის გამო, არ წარმოადგენს მისი ქმედების გამამართლებელ ან/და კანონიერების დამადასტურებელ ფაქტობრივ გარემოებას, რადგან რეგისტრაციის კანონიერება მოსწრება-დასწრებაზე არაა დამოკიდებული. სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციისათვის, დროში პრიორიტეტის არსებობა არ წარმოადგენს დაუძლეველ ბარიერს, თუკი სხვისი სასაქონლო ნიშნების უკანონო მითვისებასთან გვაქვს საქმე. პირიქით საქპატენტის გადაწყვეტილება ადასტურებს ფაქტს, რომ დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები აღრევამდე მსგავსია, რაც თავის მხრივ ასაბუთებს მოსარჩელის მტკიცებას მოპასუხის არაკეთილსინდისიერი განზრახვის არსებობასთან მიმართებით.

 

4.21. ამდენად, საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ,,ჰ------------------–------------ის’’ მიერ სადავო სასაქონლო ნიშნის საკუთარ სახელზე რეგისტრაცია განხორციელდა არაკეთილსინდისიერი გაზნრახვით. საქალაქო სასამართლომ სადავო შემთხვევაში სწორად მიიჩნია დადასტურებულად გარემოება მოსარჩელის უფლების პრიმატთან მიმართებით მოახდინოს საერთაშორისო დონეზე მის საკუთრებად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის საქართველოში რეგისტრაცია, რამეთუ საქმეზე დადგენილი ფაქტებით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ საერთაშორისო რეგისტრაცია კონკრეტული სასაქონლო ნიშნის მიმართ განხორციელებულია 22.06.1--- წლიდან და სასაქონლო ნიშანი ,,ს---------ა’’ მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულია არაერთ ქვეყანაში. ასევე, ფაქტია, რომ იგი ახორციელებს ,,ს---------ას’’ ბრენდით წარმოებული არყის საერთაშორისო დონეზე, მათ შორის საქართველოში რეალიზაციას, შესაბამისი მეწარმე სუბიექტების (დისტრიბუტორების) დახმარებით. მეორეს მხრივ, მოპასუხემ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნით საქართველოს საპატენტო უწყებას მიმართა 2015 წელს, რისი რეგისტრაციაც განხორციელდა 2016 წელს. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ქართველი მომხმარებლისათვის მეტ-ნაკლები ცნობადობა გააჩნია არაყ ,,ს---------ას’’, რამეთუ წლებია ხორციელდება მისი რეალიზება და კონკრეტული არყის წარმოება ხორციელდებოდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის ეტაპზე, შესაბამისად, ორი სხვადასხვა მწარმოებლის მიერ დამზადებული ,,ს---------ას’’ სახელწოდების ალკოჰოლური სასმელი (არაყი) მომხმარებელში იწვევს აღრევას, რაც რეალურად აზიანებს ბაზარზე უკვე დამკვიდრებული მეწარმის ინტერესებს, ქმნის არაკეთილსინდისიერ კონკურენციას და ამავდროულად შეცდომაში შემყვანია მომხმარებლისათვის და რაც მთავარია აღრევადია, როგორც დასახელების, ასევე ვიზუალური თვალსაზრისით, რაც დასტურდება არა მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არამედ თავად საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის კოლეგიის გადაწყვეტილებითაც, რომელიც დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის საინტერესოა, რამდენადაც მისი უარი ძირითადად ეფუძნება დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნების იდენტურობასა და აღრევამდე მსგავსებას. კონკრეტული გადაწყვეტილებით აღწერილია დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნების ის მახასიათებლები, რომლებიც განაპირობებს იდენტური საქონლის აღრევის საფუძველს. შესაბამისად, დგინდება, რომ მოპასუხის მიერ არაკეთილსინდისიერი განზრახვით დარეგისტრირდა საქართველოს ბაზარზე უკვე რეალიზაციაში არსებული ალკოჰოლური სასმელის ,,ს---------ას’’ იდენტურად მსგავსი სასაქონლო ნიშანი, რაც ლოგიკურია განპირობებული იყო კონკრეტულ ბაზარზე უკვე ცნობადი სასაქონლო ნიშნის გამოყენების საფუძვლით არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გაწევის მიზნით მარტივად დამკვიდრების საფუძვლით. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით გაექარწყლებინა მოსარჩელის მტკიცება მის არაკეთილსინდისიერებასთან (არაკეთილსინდისიერ განზრახვაში იგულისხმება იმდენად დიდი მსგავსების მქონე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოპასუხის მიერ, რომელმაც მსგავსების გამო აღრევა გამოიწვია) მიმართებით. იმ ვითარებაში კი, როდესაც საერთაშორისო დონეზე უკვე დაცული იყო სასაქონლო ნიშანი, ამავდროულად პროდუქციის რეალიზება ხორციელდებოდა საქართველოს ბაზარზეც და მიუხედავად აღნიშნული ფაქტისა, მოპასუხე ახორციელებს მსგავსი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას, ჩნდება გონივრული ვარაუდის საფუძველი მის არაკეთილსინდისიერ განზრახვასთან მიმართებით. შესაბამისად, მხარეს ევალებოდა ედასტურებინა ის გამომრიცხავი საფუძვლები, რის გამოც მის მიერ დარეგისტრირდა აღრევამდე მსგავსი სასაქონლო ნიშანი. კერძოდ, ,,ჰ------------------–------------.’’-ის რეგისტრირებული სადავო სასაქონლო ნიშანი (,,S----------------------’’) წარმოადგენს მოსარჩელის ამავე დასახელებისა და გამოსახულების მქონე პოპულარული სასაქონლო ნიშნის იდენტურ, მომხმარებლის შეცდომაში შემყვან სასაქონლო ნიშანს (ეტიკეტის გამოსახულება), რომელიც განკუთვნილია იმავე სახის პროდუქციის - არყისთვის. მითითებული გარემოებები აშკარას ხდის, რომ მოპასუხის მიერ სასაქონლო ნიშნის საქართველოში დარეგისტრირება არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გაწევის განზრახვით იქნა განხორციელებული და მოსარჩელის პროდუქციის რეპუტაციით სარგებლობასა და იოლი მოგების მიღებას ისახავს მიზნად, რითაც საფრთხე ექმნება მოსარჩელის პროდუქციის რეპუტაციასა და მის ფინანსურ ინტერესებს. გარდა ამისა, სადავო სასაქონლო ნიშანი ზღუდავს მოსარჩელის უფლებას საქართველოში დაარეგისტრიროს მსგავსი დასახელების სასაქონლო ნიშანი/ნიშნები, შედეგად კი დაიცვას საკუთარი თავი და მომხმარებელი პროდუქციის აღრევის საფრთხისაგან. ზემოხსენებული სადავო ნიშნის რეგისტრაციით უხეშად ილახება მოსარჩელის ინტერესები, რადგან მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქმედებით ფ---------------–---------------ს’’ ეზღუდება საქართველოს ბაზარზე თავისუფალი ოპერირების უფლება და მის მფლობელ ,,ჰ------------------–------------.’’-ის საქართველოში ანიჭებს დაუმსახურებელ უპირატესობას სადავო სასაქონლო ნიშნის გამოსაყენებლად სამოქალაქო ბრუნვაში. სააპელაციო პალატაც მოპასუხის კეთილსინდისიერების შეფასებისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მის მიერ ბოთლირებულ არაყზე აღნიშნულია საქონლის რუსული წარმომავლობა, მაშინ როდესაც რეალურად არყის ჩამოსხმა არ ხორციელდება რუსეთში, რაც წარმოშობს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას. ამავდროულად, სააპელაციო პალატაც არ იზიარებს მოპასუხის იმ მიდგომას, რომ ,,ს---------ა’’ თითქოს წარმოადგენს გვარეობით ნიშანს და მისი დამზადების ტექნოლოგია მარტივი გზით შესაძლებელია აწარმოოს ნებისმიერმა სუბიექტმა. გარემოება, რომ სასაქონლო ნიშანი უკვე რეგისტრირებული ჰქონდა მოპასუხეს და ხორციელდებოდა აღნიშნული საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზება, ცნობილი იყო მოპასუხისათვის, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, მის მიერ დარეგისტრირდა ანალოგიურ საქონელზე აღრევამდე მსგავსი სასაქონლო ნიშანი, რომელიც არა მხოლოდ ჟღერადობით, არამედ ვიზუალური თვალსაზრისითაც მსგავსია მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნისა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჰ------------------–-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

თავმჯდომარე მერაბ ლომიძე

 

მოსამართლეები გელა ქირია

 

გოგიტა თოთოსაშვილი