განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.02.2020
საქმის ნომერი
330210017001771864
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული დავები
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210017001771864

საქმე №2ბ/527-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 თებერვალი, 2020 წ. ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე – ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები - გენადი მაკარიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე

 

აპელანტი - საჯარო სააქციო საზოგადოება „ხ------------------------------“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ე---------- ნ-----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ბ--–------------------ (B--------------------) (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - მ--- ყ------–---–ი

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოსარჩელე ბ--–------------------ (B--------------------) თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე საჯარო სააქციო საზოგადოება ,,ხ-----------------------------ის“ მიმართ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა სასაქონლო ნიშნის - ”З------ Z------”-ის (საერთაშორისო რეგისტრაციის რეგისტრაციის №1------, რეგისტრაციის თარიღი: 11.02.2011) რეგისტრაციის გაუქმება მოპასუხის მიერ ნიშნის გამოუყენებლობის გამო;

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო სასაქონლო ნიშანი N1------ ”З------ Z------” გამოიყენებოდა საქართველოში ბოლო 5 წლის მანძილზე, საქონლისათვის 30-ე კლასიდან. მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ სადავო და მოპასუხის კუთვნილი სასაქონლო ნიშანი არ გამოიყენებოდა საქართველოში 30-ე კლასის საქონლის მიმართ. აღნიშნული მტკიცება ეფუძნება მხოლოდ მოსარჩელის ვარაუდს. მოპასუხე საქონელს, მონიშნულს სადავო სასაქონლო ნიშნით, ყიდის აფხაზეთის ტერიტორიაზე, საქონლის შეტანა ხდება ფიზიკური პირების მეშვეობით, რომლებიც რეალიზაციას ახდენენ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ობიექტების მეშვეობით. ცნობილია ამ მოქალაქეების ვინაობა და ასევე, სოხუმში მდებარე კომპანიის დასახელება_ "ტორგოვი დომ ო----------", რომელიც ახდენს პროდუქციის რეალიზაციას.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და გაუქმდა საქართველოში დაცული, საჯარო სააქციო საზოგადოება "ხარკოვის ბისკვიტის ფაბრიკის" კუთვნილი, სასაქონლო ნიშან "З------ Z------"-ის (რომლის მონაცემებია: წარდგენის თარიღი - 2011-04-18; საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი: 1------; საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი: 2011-02-11; საქონლის კლასები: 30) რეგისტრაცია.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო სააქციო საზოგადოება „ხ------------------------------მ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

5. სააპელაციო საჩივარი ეფუნება შემდეგ გარემოებებს:

 

5.1. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით აპელანტი ასაჩივრებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებას.

 

5.2. აპელანტმა საჯარო სააქციო საზოგადოება „ხ------------------------------მ“ ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. აპელანტის განმარტავს, რომ სასამართლომ ჩათვალა, რომ უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე არ არსებობს. სინამდვილეში ფაქტობრივი გარემოება 3.2.1. და 3.2.2. უდავო ფაქტობრივი გარემოებებია. ფაქტობრივი გარემოება 3.2.3. არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან იქ აღნიშნულია, რომ საქონელის სასაქონლო ნიშნით „З------“ საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და რეალიზაცია დღესდღეობით არ განხორციელებულა. ამ ფაქტობრივ უსწორობას სასამართლო ადასტურებს იმით, რომ მოპასუხე მხარემ არ წარმოადგინა რაიმე დოკუმენტი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გადაკვეთისა.

 

აპელანტის მითითებით, მეორეს მხრივ, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ რეალურად აფხაზეთი არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია და რუსეთის ტერიტორიიდან საქონლის აფხაზეთის ტერიტორიაზე, შემოსვლისას არ მიმდინარეობს კონტროლი საქართველოს საბაჟოს მიერ, მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისათვის საქართველოს მიერ თანხმობა ეფუძნებოდა იმას, რომ შვეიცარიის მეშვეობით უნდა გაკონტროლებულიყო საქონელი, რომელიც გადაკვეთდა რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ტერიტორიას მდინარე ფსოუზე. აქედან გამომდინარე სრულიად უსაფუძვლოა და რეალობას მოწყვეტილია სასამართლოს მოთხოვნა მასზედ, რომ მოპასუხე მხარემ არ წარმოადგინა არავითარი მტკიცებულება სადაო სასაქონლო ნიშნით დაცული საქონლის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის შესახებ. ასეთი მტკიცებულების წარმოდგენა შეუძლებელია მრავალი სხვადასხვა მიზეზის გამო. აპელანტი აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ ასეთი მტკიცებულებების წარმოდგენას არ ითხოვს.

 

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება სოხუმში მოქმედი შპს „სავაჭრო სახლი - ო-----------“-ს მიერ სოხუმში ორცხობილის რეალიზაციაზე, დაცული სასაქონლო ნიშნით „З------“, არ იქნა მიღებული მტკიცებულების სახით, რადგან ზემოთ აღნიშნული ორგანიზაცია არ არის რეგისტრირებული საქართველოს მეწარმეთა რეესტრში და შესაბამისად, არ ჩათვალა სასამართლომ ის მეწარმე სუბიექტად. სასამართლოს ასეთი შეფასება კვლავ უგულველყობს იმ რეალურ მდგომარეობას, რომელიც შექმნილია აფხაზეთში. ასეთი შეფასება წყალს ასხამს მხოლოდ იმ პოზიციის მომხრეებზე, რომლებიც აფხაზეთს აღარ თვლიან საქართველოს ტერიტორიად. გასაკვირია სასამართლოს ასეთი შეფასება ამ საფუძვლით იმ ფაქტისა, რომ რეალურად სოხუმში იყიდებოდა პროდუქცია დაცული სადაო სასაქონლო ნიშნით. ზეპირი მოსმენისას სასამართლოზე მოპასუხის წარმომადგენელმა მოახსენა, რომ ეგრეთწოდებული დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში მოქმედი ეგრეთწოდებული სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული ცნობა, ცხადია, რომ საქართველოს სასამართლოს მიერ არ იქნებოდა მიღებული როგორც მტკიცებულება.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ მეორეს მხრივ, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს თუ რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა შპს „სავაჭრო სახლი - ო-----------“-ს მფლობელი თუ ის მოახდენდა კომპანიის რეგისტრაციას საქართველოს მეწარმეთა რეესტრში. სასამართლოს ასეთი შეფასება სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი მეწარმეების მიმართ, მითუმეტეს თუ მათი წარმოების სახეობაა მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა. ამრიგად, სასამართლოს შეფასება მასზედ, რომ სოხუმში პროდუქციის გამყიდველი ან პროდუქციით მოვაჭრე შპს „სავაჭრო სახლი - ო-----------“ არ შეიძლება ჩაითვალოს მეწარმე სუბიექტად, რადგან ის არ არის რეგისტრირებული საქართველოს მეწარმეთა რეესტრში ტენდენციურია და არ ითვალისწინებს იმ რეალურ პოლიტიკურ მდგომარეობას, რასაც ადგილი აქვს დღეს ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მოსამართლის შეფასება არასწორია როდესაც ის ამტკიცებს, რომ ვითომდა პროდუქციის სასაქონლო ნიშნით „З------“ აფხაზეთის ტერიტორიაზე გაყიდვის ფაქტს ადგილი არ ჰქონდა, რადგან მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა იმის მტკიცებულება, რომ ამ საქონელმა გადაკვეთა საზღვარი მდინარე ფსოუზე და იმპორტიორი არ არის რეგისტრირებული საქართველოს მეწარმეთა რეესტრში. ასეთი მტკიცებულებები რომც წარმოედგინა მათ ამას არავითარი კავშირი არ აქვს ამ დავასთან, რადგან მოსამართლის ამოცანა იყო დაედგინა მხოლოდ ერთი ფაქტი: იყიდებოდა თუ არა აფხაზეთში პროდუქცია სასაქონლო ნიშნით „З------“ და სასამართლოსთვის არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონოდა იმას თუ რა გზით მოხდა საქონელი საქართველოს ტერიტორიაზე. აპელანტი აღნიშნავს, რომ საქონელი კონტრაბანდული გზითაც რომ მოხვედრილიყო სოხუმში და შემდეგ გაყიდულიყო, ესეც კი უნდა ყოფილიყო საკმარისი, რომ მოსამართლეს ეს ფაქტი ჩაეთვალა სასაქონლო ნიშნის გამოყენებად. არსებითია ის, რომ მოცემული დავისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ ვის შემოჰქონდა საქონელი აფხაზეთის ტერიტორიაზე და იყო თუ არა შემომტანი პირი მეწარმე სუბიექტი მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. მოსამართლეს უნდა დაედგინა არა ის თუ ვის შემოჰქონდა საქონელი აფხაზეთის ტერიტორიაზე არამედ იყო თუ არა ეს საქონელი გაყიდული აფხაზეთის ტერიტორიაზე.

 

აპელანტის მოსაზრებით, არასწორია სასამართლოს შეფასება მასზედ, რომ არ არის დადასტურებული ის ფაქტი, რომ სადაო პროდუქციით დატვირთულმა ავტო ტრანსპორტმა გაიარა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი. ასეთი დოკუმენტის მოთხოვნა სასამართლოს მიერ სრულიად უსაფუძვლოა, რადგან ამ შემთხვევაში ლაპარაკია საბაჟო საზღვრის გადაკვეთაზე და საბაჟო საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელია მხოლოდ საბაჟო დეკლარაცია. ეს დეკლარაციები მოპასუხის მიერ წარმოდგენილია.

 

5.3. აპელანტის განმარტებით, მოსამართლემ გამოიყენა საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ, მუხლი 24-ე, მაგრამ არა სწორად განმარტა ის და შედეგად მიიღო არა სწორი გადაწყვეტილება. მართლაც, სასაქონლო ნიშანი სამრეწველო საკუთრების ისეთი ობიექტია, რომლის დანიშნულებაა კომერციულ საქმიანობაში, უფრო ზუსტად კი მომხმარებლისათვის საქონლის ან მომსახურების მიწოდების, ანუ ვაჭრობის პროცესში მომხმარებელი დააკვალიანოს პირდაპირ ან ასოცირების შედეგად საქონელის მწარმოებელზე ან მომსახურების მიმწოდებელზე. სასაქონლო ნიშანი კომერციული აღნიშვნების სახეობებს მიეკუთვნება და მისი სამართლებრივი დაცვის მთავარი მიზანია დაიცვას როგორც საქონლის მწარმოებლების ასევე საქონლის მომხმარებლების ინტერესები. მარტივად რომ ითქვას - თუ მომხმარებელი მიეჩვია რაიმე საქონელს კონკრეტული სასაქონლო ნიშნით, მაშინ ის შეიძლება შეყვანილი იქნას შეცდომაში ამ საქონლის მწარმოებლის მიმართ (ამასთან მომხმარებელმა შეიძლება არ იცოდეს ზუსტად საქონლის მწარმოებლის დასახელება. მან იცის მხოლოდ საქონელი ამ კონკრეტული სასაქონლო ნიშნით), როცა ბაზარზე ნახავს ერთგვაროვან საქონელს აღრევამდე მსგავსი სასაქონლო ნიშნით (იგულისხმება, რომ ის არის წარმოებული სხვა კომპანიის მიერ და არა იმისა, რომლის წარმოებულ საქონელსაც იცნობს მომხმარებელი). სასაქონლო ნიშნის სამართლებრივი დაცვის ამ მთავარი მიზნიდან გამომდინარე მოითხოვება, რომ თუ სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია, რითაც მის მფლობელს მინიჭებული აქვს განსაკუთრებული უფლება გამოყენებაზე საქონლის რეგისტრირებული სახეობებისათვის, მაშინ საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, ნიშნის მფლობელი ვალდებულია აწარმოოს ეს საქონელი ან გასცეს უფლება/ლიცენზია სხვა პირზე ამ საქონლის წარმოებისათვის. ლოგიკურია შედეგი ასეთი მიდგომის, რომ თუ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის გამოყენება არ ხდება, მაშინ სასაქონლო ნიშანი არ ასრულებს მისთვის განსაზღვრულ ფუნქციას ვაჭრობის პროცესში და ამასთან ერთად ხელს უშლის მესამე პირებს ისარგებლონ ამ სასაქონლო ნიშნით ან მსგავსი ნიშნით უკვე თავის სახელზე რეგისტრაციის მეშვეობით. ზ/ა - დან გამომდინარე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ვადის ადრეული შეწყვეტა მისი გარკვეულ ვადაში არ გამოყენების გამო თვით სასაქონლო ნიშნის ცნებიდან და მისთვის კანონით განსაზღვრული ფუნქციიდან გამომდინარეობს. მეორეს მხრივ, არსებობენ ისეთი ობიექტური მიზეზები, რომელთა გადალახვა ნიშნის მფლობელს არ შეუძლია და გარდა ამისა არსებობენ სხვა მიზეზებიც, რომელთა გადალახვას გარკვეული დრო სჭირდება, რათა საქონელი დატანილი სასაქონლო ნიშნით გამოჩნდეს ამა თუ იმ ქვეყნის ბაზარზე, სადაც ის არის დაცული.

 

აპელანტის განმარტებით, ყოველივე ეს ასახულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით მოქმედ TRIPS (თრიპს) შეთანხმებაში, მუხლები 15-19. ამ ხელშეკრულების მონაწილეა 1999 წლიდან საქართველოც. ამ ხელშეკრულებით ნებადართულია ქვეყნებმა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესაძლებლობა დაუკავშირონ მის გამოყენებას ან არ დაუკავშირონ მას. მუხლი 19 პ.3-ის თანახმად „არ შეიძლება განაცხადზე უარის თქმა მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ განაცხადის შეტანის თარიღიდან სამწლიანი ვადის გასვლამდე ნიშნის განზრახული გამოყენება არ განხორციელებულა“. ეს ნორმა ეხება განაცხადებს სასაქონლო ნიშანზე. მუხლი 19 ადგენს ასევე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნებისათვის მინიმუმ 3 წლიან შეღავათიან ვადას არ/ან ვერ გამოყენებისათვის. ამასთან TRIPS შეთანხმება არ ახვევს თავს მონაწილე ქვეყნებს იმის ვალდებულებებს თუ რა შეიძლება ჩაითვალოს სასაქონლო ნიშნის გამოყენებად. ეს დებულებები ასახული უნდა იყოს ეროვნულ საკანონმდებლო აქტებში ქვეყნის თავისებურებების გათვალისწინებით. ინტელექტუალური საკუთრების სამართლებრივი დაცვის სფეროში ფუნდამენტური საერთაშორისო ხელშეკრულებებში „სასაქონლო ნიშნის გამოყენების“ დეფინიციის არ არსებობას სამართალმცოდნეები ხსნიან, როგორც მეტი თავისუფლების მინიჭების ამ დეფინიციაში თითოეული ქვეყნისათვის მისი ეკონომიკური მდგომარეობის თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინების შესაბამისად. მიმდინარე მომენტში სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფაქტის დადგენა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული სიზუსტითა და მოთხოვნებითაა განსაზღვრული როგორც საკანონმდებლო აქტებით ასევე სასამართლო პრაქტიკით. რაც უფრო განვითარებულია ეკონომიურად და სამართლებრივად ქვეყანა, მით უფრო მეტი სიმკაცრითაა განსაზღვრული ის მოთხოვნები, რომელთა შესრულება სავალდებულოა იმის დასადგენად, რომ ამ ქვეყანაში ადგილი აქვს სასაქონლო ნიშნის გამოყენებას. ამასთან ყველა ქვეყანაში ნიშნის არ გამოყენების შეღავათიანი ვადა განსაზღვრულია არა ნაკლები 3 წლით.

 

თუ ამა თუ იმ ქვეყანას დადგენილი აქვს მინიმალური, მეტად ლოიალური და მარტივი მოთხოვნები სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფაქტის დასადგენად, მაშინ საქართველო ასეთი ქვეყნების ლიდერთა სიაშია. მართლაც, საქართველოს კანონში სასაქონლო ნიშნების შესახებ გამოყენების დეფინიცია მოცემულია მხოლოდ ერთ მუხლში, რომლის ნომერია 24. ამ მუხლის თანახმად სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი ქმედებების ჩატარება (ერთის მაინც) თვით სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ ან მის მიერ უფლება მინიჭებული პირის მიერ, სასაქონლო ნიშნის ან მისგან უმნიშვნელოდ განსხვავებული ნიშნის - აღბეჭვდა საქონელზე - აღბეჭვდა საქონლის შეფუთვაზე, · აღბეჭვდა გარეკანზე და ბაზრობაზე წარმოდგენილ ექსპონატებზე - აღბეჭვდა სარეკლამო აბრაზე - აღბეჭვდა კომპანიის ოფიციალურ ბლანკზე - აღბეჭვდა ეტიკეტზე - რეკლამის განთავსების სხვადასხვა საშუალებები - აღნიშვნა ბეჭვდით გამოცემებში - სხვაგვარად გამოყენება. ეს არის ამ დავაში ერთად ერთი აუცილებელი და საკმარისი წყარო სამართლისა და სწორედ ის სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონის მუხლი 24 არასწორად განმარტა და არასწორად გამოიყენა პირველი ინსტანციის სასამართლომ.

 

კანონს სასაქონლო ნიშნების შესახებ არ განუსაზღვრავს და არც სხვა საკანონმდებლო აქტებში ან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში განმარტებულია ზემო ჩამოთვლილი ქმედებებისათვის რაოდენობები, დროში ხანგრძლივობები და სხვა. აპელანტი თვლის, რომ სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონის მუხლი 24 არც იმას ადგენს, რომ იქ ჩამოთვლილი ქმედებები ყველა ერთდროულად უნდა შესრულდეს, არც შესაძლებელი ქმედებების მინიმალურ ჩამონათვალს განსაზღვრავს, რაც იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ თითოეული იქ აღნიშნული ქმედების მცირე მოცულობებით ჩატარებაც კი საკმარისი უნდა იყოს იმის დასამტკიცებლად, რომ ადგილი აქვს სასაქონლო ნიშნის გამოყენებას. - ასეთი სახის დავებში არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა სასამართლოს მიერ დადგენა იმისა თუ რომელ ქმედებას ჰქონდა ადგილი იმ სიიდან, რომელიც აღნიშნულია სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონის მუხლ 24-ში. აპელანტის ღრმა რწმენით, მოსამართლეს უნდა შეეფასებინა მხოლოდ ერთი ფაქტი - ადგილი ჰქონდა თუ არა ორცხობილის გაყიდვას სოხუმში დაცული სადაო სასაქონლო ნიშნით. კანონი არ ითხოვს ნიშნის მფლობელისგან იმის მტკიცებას თუ როგორ მოხვდა ეს საქონელი საქართველოს ბაზარზე. ასეთი მოთხოვნა მაგალითად სრული უაზრობაა, როცა გამოყენება სასაქონლო ნიშნისა მტკიცდება რეკლამის განთავსებით მხოლოდ.

 

მოსამართლემ კი გადაწყვეტილება მიიღო არა იმის შეფასების საფუძველზე ჰქონდა თუ არა ადგილი სოხუმში საქონლის გაყიდვის ფაქტს, არამედ იმის შეფასებით თუ რამდენად კანონიერად იყო მოხვედრილი ეს საქონელი სოხუმში საბაჟოს გავლით, რაც აშკარად მცდარი განმარტების შედეგია კანონის მუხლი 24-ისა. ქმედებების ჩამონათვალის პოზიციაში „სხვადასხვა გამოყენება“ - უნდა განიხილებოდეს ასევე აღნიშნული სასაქონლო ნიშნით დატანილი პროდუქციის იმპორტი საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც დასტურდება ხელშეკრულებით, საბაჟო დეკლარაციებით თუ ინვოისებით. ყოველივე ეს წარდგენილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში, მაგრამ მისი შეფასება მოხდა არა სწორედ სასამართლოს მიერ და შედეგად მიღებულ იქნა არა სწორი გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ ქვემოთ აღნიშნული არა არსებითია მოცემული დავისათვის, აპელანტს მაინც საჭიროდ მიაჩნია ისევ დეტალურად წარმოადგინოს სააპელაციო სასამართლოს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები (ასლები დოკუმენტების დადასტურებული ხელშეკრულებებით, მისი თარგმანები ქართულ ენაზე დადასტურებული ნოტარიულად):

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი იყო მტკიცებულებები სასაქონლო ნიშნის «З------» გამოყენების ფაქტის დასამტკიცებლად აფხაზეთში, ანუ საქართველოს ტერიტორიის ერთ ნაწილში. 1. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება #15/13-, 4 მარტი 2013 წ. ერთის მხრივ ძირითად სარჩელზე მოპასუხე, მეორეს მხრივ შპს „სავაჭრო სახლი“. 2. შპს „სავაჭრო სახლი - ო-----------“ (,,ტორგოვი დომ ო-----------)“. 3. ინვოისი და საბაჟო დეკლარაციების ასლები თარგმანით. 4. საბაჟო დეკლარაცია 807100000/2016/002446 საქონლის გამგზავნი - მოპასუხე (აპელანტი), მიმღები (,,ტორგოვი დომ ო-----------)“. შემდგენელი ხარკოვის საბაჟო (უკრაინა). გვ.5 აღნიშნულია ნამცხვარი „З------“ - 180 შეკვრა, წონით 0,3 კგ ამ საბაჟო დეკლარაციას თანდართული ანგარიშ-ფაქტურა #81. გადამხდელი ბანკში არის 000 (,,ტორგოვი დომ ო-----------)“. აღნიშნულია ინვოისში ასევე კონტრაქტი #15/13-, 04/03/13. აღნიშნულია სხვა საქონელთან ერთად ნამცხვარი „ზოოლენდ“ 180 ცალი. 6. ელექტრონული დეკლარაცია 807100000/2014/043880 იგივე გადამხდელი და მიმღები ფორმა 143-ში ასევე აღნიშნულია ნამცხვარი „ზოოლენდი“ — 540 შეკვრა მას თანდართული აქვს ანგარიშ-ფაქტურა +1565 და 1564 (22.10.2014 წელი) აღნიშნულია ნამცხვარი „ზოოლენდი“ – 240 შეკვრა. 7. ელექტრონული დეკლარაცია 807100000/2015/001644 იგივე გადამხდელი და მიმღები ფორმა 143-ში ასევე აღნიშნულია ნამცხვარი „ზოოლენდი“ — 450 შეკვრა მას თანდართული აქვს ანგარიშ-ფაქტურა #57 და 56 (23.01.2015 წელი) აღნიშნულია ნამცხვარი „ზოოლენდი“ – 300 შეკვრა.

 

5.4. აპელანტი აღნიშნავს ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელე მხარემ არაერთხელ აღნიშნა, რომ მტკიცებულებები გაცემული უკრაინის საბაჟო სამსახურის მიერ არ არის საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ პროდუქცია ნიშნით „З------“ მოხვდა აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამასთან დაკავშირებით განმარტებულ იქნა მოპასუხის (აპელანტის) წარმომადგენლის მიერ ეს უსაფუძვლო მოსაზრება. სააპელაციო სარჩელის შედგენის მომენტში აპელანტისათვის არ არის ცნობილი თუ როგორ შეაფასა ეს განმარტება მოსამართლემ. ამიტომ აპელანტი აღვნიშნას, რომ მას კარგად აქვს გათვითცნობიერებული ის, რომ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიული ნაწილია, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. აპელანტისათვის ასევე ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომლის თანახმად არ არის აკრძალული ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული სახის საქონლის ექსპორტი, მათ შორის სურსათის. გარდა ამისა, აპელანტმა მისი კუთვნილი სასაქონლო ნიშანი არ დაარეგისტრირა ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატასთან მოქმედ სასაქონლო ნიშნების რეესტრში. რეგისტრაცია შესრულებულია საქპატენტში.

 

აპელანტი ანუ ძირითად სარჩელზე მოპასუხე მხარე ვერ უზრუნველყოფდა რაიმე ოფიციალური დოკუმენტის წარმოდგენას, რომელიც დაადასტურებდა საქონლის გადაკვეთას „აფხაზეთის რესპუბლიკის“ საბაჟო საზღვრისა. პირველ რიგში იმიტომ, რომ მსგავს ცნობების ე.წ. აფხაზეთის საბაჟო არ გასცემს და რომც გასცეს რა ძალა ექნებათ ამ ცნობებს საქართველოს სასამართლოში. საკონდიტრო ნაწარმი ორცხობილას სახით მიეწოდება მფლობელებს ძირითადად სახმელეთო ტრანსპორტის მეშვეობით. უკრაინიდან, განსაკუთრებით ხარკოვიდან, ტრანსპორტის გადაადგილება საქართველოს მიმართულებით ხდება რუსეთის ტერიტორიის გავლით და ასეთი ქმედება ცნობილ რისკებთანაა დაკავშირებული. ეს არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოს კომპანიები არ ყიდულობენ ნამცხვარს წარმოებულს ხარკოვში. აპელანტს იმედი აქვს, რომ ეს მგდომარეობა გამოსწორდება და მის მიერ წარმოებული საქონელი ფართოდ იქნება წარმოდგენილი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

 

ამჟამად თბილისის მაღაზიებში იყიდება მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოებული ნამცხვრები, კრეკერები სასაქონლო ნიშნით “Z--”. მიუხედავად იმისა, რომ „საქპატენტმა" ჩათვალა სასაქონლო ნიშნები “Z--” და „З------“ აღრევის შესაძლებლობამდე მსგავსად, აპელანტი არ აპირებს დაიწყოს ქმედებები მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოებული პროდუქციის “Z--’’ განდევნისათვის საქართველოს ბაზრიდან, მის ხელთ არსებული კანონით მინიჭებული უფლებების გამოყენებით. აპელანტს არ აქვს ეს მიზნად. მომავალში ის არ გამორიცხავს თანაარსებობას საქართველოში ამ ორი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციისა მსგავსი სასაქონლო ნიშნებით “Z--” და „З------“. აპელანტი იმ პოზიციაზე, რომ საქონლის ხარისხმა და ფასმა უზრუნველყოს კომერციული წარმატებები და არა იმ გზებმა, რომელსაც მიმართა მოწინააღმდეგე მხარემ. შესაბამისად, სასამართლოს მოთხოვნები მტკიცებულებების არ წარმოდგენის შესახებ სრულიად უსაფუძვლოა და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, იმის გამო, რომ ასეთი მტკიცებულებები არ არსებობდა. ფაქტი ერთია, რომ სოხუმში გასული წლების განმავლობაში იყიდებოდა პროდუქცია დაცული სასაქონლო ნიშნით „З------“ რაც საკმარისია იმისათვის, რომ აღიარებულ იქნას ნიშნის გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე ყოველგვარი სხვა რაიმე დამატებითი სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული მტკიცებულებების წარდგენის გარეშე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მოითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მიერ გამოტანილი იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სარჩელი, მოპასუხის მხრიდან სასაქონლო ნიშნის გამოყენების საკმარისი მტკიცებულებების წარდგენის გამო.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჯარო სააქციო საზოგადოება „ხ------------------------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

7. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობას გააჩნია ლეგიტიმური საფუძველი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 20-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია.

 

ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთ ობიექტს წარმოადგენს სასაქონლო ნიშანი. სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ”. გარდა ამისა, აღნიშნული ობიექტების სამართლებრივი დაცვის საფუძველს წარმოადგენს “სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია”, რომელიც საქართველოში ძალაშია 1993 წლის 14 ივნისიდან.

 

“სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის“ მე- 6 septies მუხლის თანახმად, (1) იმ შემთხვევაში, როდესაც კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში დაცული ნიშნის მფლობელი პირის, რწმუნებული ან წარმომადგენელი, კავშირის ერთ ან მეტ ქვეყანაში მფლობელის ნებართვის გარეშე შეიტანს განაცხადს თავის სახელზე ნიშნის რეგისტრაციაზე, მფლობელს უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მოთხოვნილ რეგისტრაციას ან მოითხოვოს მისი გაუქმება, ან თუ ქვეყნის კანონი ამის ნებას იძლევა, აღნიშნული რეგისტრაციის გადაფორმება მის სასარგებლოდ, გარდა შემთხვევისა, როდესაც ასეთი რწმუნებული ან წარმომადგენელი დაასაბუთებს თავისი მოქმედების მართლზომიერებას. (2) ნიშნის მფლობელს, ზემოთ მოყვანილი (1) პუნქტიდან გამომდინარე, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს რწმუნებულის ან წარმომადგენლის მიერ ნიშნის გამოყენებას, თუ მას ასეთი გამოყენებაზე ნებართვა არ გაუცია.

 

„სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომ -საქონელი). ამავე მუხლის მესამე პუნქტით, სასაქონლო ნიშანი დაცულია ”საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.

 

”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას აუქმებს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ: ა) სასაქონლო ნიშანი არ გამოიყენებოდა უწყვეტად 5 წლის განმავლობაში იმ საქონელზე, რომლის მიმართაც არის ეს ნიშანი რეგისტრირებული საქართველოში. თუ ნიშნის გამოყენება დაიწყო ან განახლდა აღნიშნული ხუთწლიანი ვადის გასვლიდან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის შეტანამდე შუალედში, არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება; ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ სასაქონლო ნიშნის გამოუყენებლობა მისი ნებისაგან დამოუკიდებლად წარმოშობილი გარემოებებით არის განპირობებული. ასეთ გარემოებებად ჩაითვლება, მაგალითად, სასაქონლო ნიშნით დაცულ საქონელთან დაკავშირებით დაწესებული იმპორტის შეზღუდვები ან ხელისუფლების მიერ დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

8. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტის 2016 წლის 29 სექტემბრის N2--- ბრძანებით, ბ--–------------------ (B--------------------)-ს მიენიჭა დაცვა აღნიშნული კომპანიის საერთაშორისო სასაქონლო ნიშანს I------- (საიდენტიფიკაციო N8------) საქონლისა და მომსახურების განცხადებული ჩამონათვალის ნაწილის მიმართ, სახელდობრ, ბრძანებას თანდართული ექსპერტიზის თანახმად, დაცვა საერთაშორისო ნიშანს მიენიჭა 29-ე და 31-ე კლასებში შემავალი საქონლისა და/ან მომსახურების მიმართ, ხოლო დაცვაზე უარი ეთქვა 30-ე კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სიტყვიერი ნიშანი ”З--” ჟღერადობით მსგავსია მადრიდის შეთანხმების ოქმით და საქართველოში დაცული კომპანიის P------------------------------- "K---------------------------"-ს კუთვნილი სასაქონლო ნიშნისა ”З------ Z------”, 30-ე კლასის საქონლის მსგავსი ჩამონათვლისათვის. დაპირისპირებული ნიშანი ”З------ Z------” (შესრულებული კირილიცაზე და ლათინური ანბანით) მთლიანად მოიცავს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ლათინური ანბანით შესრულებულ ნიშანს ”Z--”, რაც ნიშნებს შორის აღრევისა და შესაბამისად, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას ქმნის 30-ე კლასის საქონლის მსგავსი ჩამონათვილისათვის. ზემოთქმული კი წარმოადგენს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნიშნის დაცვაზე ნაწილობრივი უარის თქმის საფუძველს.

 

- ,,ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების ოქმის“ მიხედვით, საქართველოში დაცულია სასაქონლო ნიშანი ”З------ Z------”, მისი მონაცემებია: წარდგენის თარიღი: 2011-04-18; საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი: 1------; საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი: 2011-02-11; მფლობელი: P------------------------------- "K---------------------------“; მისამართი: v--------------------------------; საქონლის კლასი: 30; ძალაშია და მოქმედების ვადაა 2021-02-11 (იხ. ცნობა საქპატენტიდან, ტომი 1, ს.ფ. 60).

 

- პალატას ასევე, დადგენილად მიაჩნია, რომ აპელანტს, მისი კუთვნილი სასაქონლო ნიშნით ”З------ Z------” ნიშანდებული რაიმე საქონლის/პროდუქციის, მათ შორის 30-ე კლასში შემავალი საქონლის ჩამონათვალის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და მისი საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაცია უწყვეტად 5 წლის განმავლობაში, დღეის მდგომარეობით არ განუხორციელებია.

 

9. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ შპს ,,სავაჭრო სახლი - ო-----------“ არ არის რეგისტრირებული საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, შესაბამისად, აღნიშნული კომპანია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მეწარმე სუბიექტად არ ითვლება. მოპასუხის განმარტებით, სასაქონლო ნიშნით _ ”З------ Z------” ნიშანდებული პროდუქცია იყიდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, საქონლის შემოტანა ხდება ფიზიკური პირების მეშვეობით, პროდუქციის საცალო რეალიზაცია ხორციელდება აფხაზეთში და დასახელებული კომპანია ,,ტორგოვი დომ ო-----------“ (სავაჭრო სახლი - ო-----------) რეგისტრირებულია საქართველოში. თუმცა, მოპასუხეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, გარდა მითითებული შპს-ს დირექტორის წერილისა, რომელიც ადასტურებს მოპასუხის პროდუქციის აფხაზეთის ტერიტორიაზე რეალიზაციას. ასევე არ არის მტკიცებულებები იმისა, რომ მითითებული იურიდიული პირი ნამდვილად რეგისტრირებულია. ასევე, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საავტომობილო გადაზიდვის დეკლარაციების თანახმად, სსს "ხ------------------------------" უგზავნიდა საკონდიტრო ნაწარმს შპს ,,სავაჭრო სახლ - ო----------ს“, მათ შორის, ნამცხვარ _ ”З------“-ს აღნიშნული პროდუქციის უკრაინის სახელმწიფო საბაჟოების გავლა დადასტურებულია, თუმცა არცერთი მტკიცებულებით არ მტკიცდება, რომ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გავლით სადავო პროდუქციით დატვირთულმა ავტოტრანსპორტმა გაიარა თუ არა საქართველოს სახელმწიფო საბაჟო, ან თუნდაც საბაჟოს გვერდის ავლით, რაიმე სხვა გზით, შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, უშუალოდ სადავო საქონელი და რომ იგი იყიდებოდა სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე. საქმეში არ არის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე აღნიშნული საქონლის შემოტანის და მისი რეალიზაციის ფაქტიც. შპს ,,სავაჭრო სახლი - ო-----------ს“ მომსახურე ბანკი მდებარეობს არა საქართველოს ტერიტორიაზე, თუნდაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, არამედ რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ სოჭში. წარმოდგენილი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების თანახმად, ამ ბანკის სახელწოდებაა "მ----------------------------–---–ი" (იხ. დეკლარაციები, ანგარიშფაქტურები, ტ. 1, ს.ფ. 257-302; ხელშეკრულება;);

 

10. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ სასაქონლო ნიშნით ”З------ Z------” დატანილი პროდუქციის იმპორტი საქართველოს ტერიტორიაზე, დასტურდება ხელშეკრულებით, საბაჟო დეკლარაციებით და ინვოისებით, რაც წარდგენილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში, მაგრამ მისი შეფასება მოხდა არასწორედ სასამართლოს მიერ და შედეგად მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი მოქმედებს, საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას ადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს, კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას აფუძნებს, მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული, დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები.

 

აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი იმგვარად ნაწილდება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელის მიერ რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანის ”З------ Z------” იმპორტი ხორციელდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე უწყვეტად 5 წლის განმავლობაში, აპელანტს ეკისრებოდა, აღნიშნული კი საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება, რომ სადავო სასაქონლო ნიშნით, ყიდის აფხაზეთის ტერიტორიაზე, საქონლის შეტანა ხდება ფიზიკური პირების მეშვეობით, რომლებიც რეალიზაციას ახდენენ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ობიექტების მეშვეობით-ასევე, სოხუმში მდებარე კომპანიის "ტორგოვი დომ ო----------" მეშვეობით ახდენს პროდუქციის რეალიზაციას, რეგისტრირებული ნიშნის ბათილად ცნობაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება.

 

რაც შეეხება მოსარჩელეს, მის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას სასაქონლო ნიშნის, სადავო ”З------ Z------” რეგისტრაციის ბათილად ცნობის დადასტურება წარმოადგენდა, რაც საქმეში არსებული საქპატენტის ცნობებით უდავოდ დასტურდება.

 

11. პალატა აღნიშნავს, რომ საჩივრში მითითებული პრეტენზიებიდან ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81.).

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებანი და არასწორად განმარტა საქართველოს კანონის ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეფუძნება კანონის არასწორ გამოყენებასა და განმარტებას. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის დავის მონაწილე მხარეთა მიზანს წარმოადგენდა სსსკ-ში მოქმედი მტკიცების სტანდარტის საფუძველზე იმ გარემოებების სარწმუნოდ და სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება, რომლებზეც ისინი თავის პოზიციას აფუძნებდნენ, ვინაიდან სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმების ანალიზის შესაბამისად, სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ არ დადგინდა მოპასუხე კომპანიის მიერ სასაქონლო ნიშნის _ ”З------ Z------”-ის გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე, უწყვეტად 5 წლის (და მეტის ხნის) განმავლობაში. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ აღნიშნული მოცემულობის პირობებში მოპასუხეს ეკისრებოდა საწინააღმდეგო გარემოებების არსებობის მტკიცების ტვირთი, თუმცა ამგვარი საპროცესო მოვალეობა მხარეს არ შეუსრულებია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი დასაბუთების მიმართ დასაშვები და დასაკმაყოფილებელი სააპელაციო საჩივარი არ წარმოდგენილა.

 

12. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტმა ვერ შეძლო დაემტკიცებინა გარემოებები, რომელზედაც ამყარებდა თავის მოთხოვნას გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით და გაებათილებინა მტკიცებულებები რომელსაც ეყრდნობა გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება.

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 53-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. საჯარო სააქციო საზოგადოება "ხ-----------------------------ის" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით დასაბუთებული განჩინების მხარისათვის გადაცემიდან 21 დღის ვადაში;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

 

მოსამართლეები გენადი მაკარიძე

 

ლაშა ქოჩიაშვილი