განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119003170004
№1/ბ-161-2020 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 მარტი, 2020 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------ მ---------ის ძე ბ------ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პირადი №55201031061, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ხონის რაიონი, სოფელი საწულუკიძეო; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ქუთაისი, რ. თაბუკაშვილის ქუჩა №6-
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ------ ბ------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 27 ივნისს, დილის საათებში, მ------ ბ------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მ----- ნ-------–---–ს. კერძოდ, მობილური ტელეფონის საშუალებით გაუგზავნა შეტყობინება, რომ თავს მოაჭრიდა. მ------ ბ------ის ქმედების შედეგად მ----- ნ-------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის განაჩენით მ------ ბ------ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ---–ა ტ-------ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მ------ ბ------ის საქართველოს 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა მ----- ნ-------–---–მა სასამართლო სხდომაზე ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმის სახით დაკითხული ბ--–- ხ----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის მ----- ნ-------–---–ის მეზობელი. მას ნორმალური, კარგი ურთიერთობა ჰქონდა ორივე მხარესთან. მ-----სა და მ------ს შორის მოხდა კონფლიქტი, კონფლიქტი წარმოიშვა მეგობარ ქალთან ურთიერთობის გამო, რომელთანაც მ------ს ჰქონდა ნორმალური ურთიერთობა, ესალმებოდა მას, ზოგადად კორპუსში ყველა ესალმება ერთმანეთს. მან არ იცის რეალურად რა ურთიერთობა ჰქონდა მ------ს იმ ქალთან, მაგრამ კონფლიქტის მიზეზი ეს იყო. თავად კონფლიქტს ის არ შესწრებია, თუმცა მან იცის მუქარის შემცველი სმს-ების შესახებ, რომელიც მას წააკითხა მ-----მ და გამოძახებული იყო პატრული ამის თაობაზე. შემთხვევის დღიდან დიდი დროის გასვლის გამო, მას ზუსტად არ ახსოვს თუ რა სახის სმს-ები იყო, თუმცა მ-----მ უთხრა მას, რომ არ სიამოვნებდა მსგავსი სმს-ები. ბ--–- ხ----–--ის განმარტებით მ----- ნ-------–---–ი და მ------ ბ------ე 5 წელია რაც არიან ცოლ-ქმარი. კონფლიქტამდე და კონფლიქტის შემდეგაც მათი ურთიერთობა იდეალური იყო. როგორც მისთვის არის ცნობილი კონფლიქტი იქვე დასრულდა, არაფერი არ მომხდარა, მხოლოდ შემდეგ იყო ეს ,,ესემესები’’.
მოწმის სახით დაკითხული, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების გამომძიებელ - ლ---ნ ც----ს ჩვენებით დადგენილია, რომ - 2019 წლის 27 ივნისს დაიწყო გამოძიება მ----- ნ-------–---–ის შეტყობინების საფუძველზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ გამოკითხული იქნა შეტყობინების ინიციატორი მ----- ნ-------–---–ი და ბ--–- ხ----–--ე, ასევე მის მიერ დათვალიერებული იქნა მ----- ნ-------–---–ის მიერ წარმოდგენილი DVD დისკი. ლ---ნ ც----მ განმარტა, რომ მოწმედ გამოკითხული მ----- ნ-------–---–ი უთითებდა მისი მეუღლის ტელეფონის ნომერს, ეს ნომერი ნამდვილად მისი მეუღლის იყო, რომელსაც ის წლების განმავლობაში იყენებდა და სწორედ ამ ნომრიდან იყო გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. თუმცა რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, რომ ეს ნომერი ნამდვილად მ------ ბ------ეს ეკუთვნოდა მოპოვებული არ ყოფილა. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.
№1------ 27/06/2019 15:37 შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო საპატრულო სამსახურის (ქუთაისი) ,,112“ საპატრულო ეკიპაჟიდან გ. გიგატაძემ აცნობა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებას, რომ ქუთაისში ხუნდაძის ქუჩა №6-ბ. 38-ში ითხოვა დახმარება მ----- ნ-------–---–მა, რომლის განმარტებით მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მ------ ბ------ე ტელეფონის საშუალებით უგზავნის მუქარის შემცველ შეტყობინებებს.
წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერით №0----5 ირკვევა, რომ აღნიშნული ორდერი გაცემულია 2019 წლის 27 ივნისს, დაზარალებულის განმარტებით, მოძალადემ მსხვერპლს მიწერა მუქარის შემცველი სმს-ები, რომლებშიც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ორდერის თანახმად მ------ ბ------ეს აეკრძალა მ----- ნ-------–---–თან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.
ვინაიდან მხარეებმა სხვა მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნიეს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სააპელაციო პალატას მ------ ბ------ის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით, მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა წარდგენილი ბრალდება.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს სიცოცხლის მოსპობის მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებული ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია აღიქვა თუ არა მუქარა რეალურად და განიცადა თუ არა შიში, ვინაიდან მუქარის განხორციელების შიში, სუბიექტური აღქმაა. ხოლო ყველა სხვა პირის განმარტება, არის მხოლოდ ვარაუდი. მოცემულ შემთხვევაში კი დაზარალებულმა მ----- ნ-------–---–მა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, დაუდგენელია ამ ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადეს თუ არა ფიზიკური ტკივილი და ან ტანჯვა და რეალურად აღიქვა თუ არა სხეულის დაზიანების მუქარა.
პალატა ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს იმას, რომ საქმეში წარმოდგენილია დანაშაულის შესახებ შეტყობინება და სხვა მასალები, რომლებშიც ასახულია დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ, თუმცა ამ ინფორმაციის პირველწყარომ მ----- ნ-------–---–მა სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა ხსენებული ინფორმაციის რეალურობა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს აზრით მ------ ბ------ის მიერ, მეუღლის - მ----- ნ-------–---–ის მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარისად, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებობს ხსენებულ მოწმეთა ჩვენებები, რომლების თანახმადაც მ------ ბ------ის მიერ თითქოს განხორციელდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, თუმცა ეს მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ წარდგენილ ბრალს და ისინი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხული ბ--–- ხ----–--ის, ასევე პოლიციის თანამშრომლების: ლ---ნ ც----ს ჩვენებებს, ისინი განმარტავენ დაზარალებულ მ----- ნ-------–---–ის მონათხრობს, მისი მეუღლის მ------ ბ------ის მხრიდან მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. ამდენად, ყველა ეს ჩვენება თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ ის ეფუძნება მეორად წყაროს და თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო. აღნიშნულ მოწმეებს საკუთარი თვალით არ დაუნახავათ ან სხვაგვარად არ აღუქვიათ (არ მოუსმენიათ) მ------ ბ------ის მიერ განხორციელებული ქმედება. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ჩვენებების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სხვა მოწმის ჩვენება, რომლის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იქნებოდა ღირებული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.
გარდა ამისა, სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.
საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე“Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“,საჩივრები: N26766/05 და N22228/06).
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ---–ა ტ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ---–ა ტ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის განაჩენი მ------ ბ------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
მ------ ბ------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
მ------ ბ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს მ----- ნ-------–---–ს (პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარი.
გამართლებულ მ------ ბ------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
ნივთიერი მტკიცებულება დისკი, მასზე ჩაწერილი ფოტოებით, რომელიც ერთვის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე