განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210119002915172
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1332 26 თებერველი, 2020 წელი ქ. ქუთაისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით,თავმჯდომარე:თამარ სვანიძე
მოსამართლეები: ლაურა მიქავა, თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი: თეონა ქიმერიძე
აპელანტი (მოსარჩელე): ბ----ი უ-----ე
წარმომადგენლები: თ-- მ------–---–ი, ა---------– ბ----------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): შპს „ა---–-----–--ი“
წარმომადგენელი: გ-------– გ--------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი: სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები:
1. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ბ---- უ-----ემ, მოპასუხე მხარედ შპს „ა---–-----–--ი“ მიუთითა და ითხოვა მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების სახით 27 000 ლარის დაკისრება, ასევე მითითებული, დაყოვნებული თანხის, 0.07%-ის გადახდა ყოველი დაყოვნებული დღისათვის, 2016 წლის აპრილიდან 2019 წლის აპრილამდე (1095 დღის), დღიური 18.9 ლარის, სულ 20 695 ლარის ოდენობით. ჯამში მოსარჩელის მოთხოვნა წარმოადგენს მოპასუხისათვის 47695 ლარის დაკისრებას.
2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2014 წლის 03 სექტემბრიდან 2016 წლის 06 აპრილამდე, შპს ,,ა---–-----–--ის’’ პარტნიორთა კრების N3 ოქმის გადაწყვეტილებით დანიშნული იქნა შპს ,,ა---–-----–--ის’’ დირექტორად. საქმიანობას ახორციელებდა კეთილსინდისიერად. ის კონტროლს უწევდა სამშენებლო მხარეს, აშენებდნენ სამშენებლო მასალების ბაზრობას, რათა გაეყიდათ ფართები და მიეღოთ შემოსავალი. მუდმივად მუშაობდა კომპანიის კეთილდღეობისთვის.
3. დირექტორის ხელფასი შეადგენდა თვეში 1500 ლარს. 2016 წლის 05 აპრილს დამფუძნებელთა კრების N6 გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან. საქმიანობის პროცესში, ხელფასი მოსარჩელეს სს „ს----------–--------ში“ ერიცხებოდა, სადაც მას მხოლოდ ორი თვის ხელფასი ჩაერიცხა: 2015 წლის 18 მაისსა და ამავე წლის 18 ივლისს, ჯამში 3000 ლარის ოდენობით. გათავისუფლების დროისათვის კომპანიას მოსარჩელის წინაშე გააჩნდა 18 თვის სახელფასო დავალიანება, რომელიც შეადგენდა 27000 ლარს, მოპასუხე აღნიშნული ვალდებულების შესრულებას თავს არიდებს.
4. მოსარჩელის განმარტებით, გარდა ძირითადი დავალიანებისა, მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდა, 2016 წლის აპრილიდან 2019 წლის აპრილამდე (1095 დღე), რაც შეადგენს 20695 ლარს. მთლიანი ასანაზღაურებელი თანხა კი შეადგენს 47695 ლარს.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხე შპს ,,ა---–-----–--ის’’ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საზოგადოების არასწორად მართვისათვის, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, მოსარჩელე გათავისუფლდა საწარმოს დირექტორობიდან. საზოგადოების არასწორად მართვა გამოიხატებოდა დირექტორის მიერ, საზოგადოებაში შესული თანხების არასწორად და არამიზნობრივად ხარჯვაში. მოსარჩელე, 19 თვის განმავლობაში განაგებდა საზოგადოების ფინანსებს, ყველა თანხის მოძრაობას, ბანკებიდან თანხის გამოტანას, თანამშრომლებზე ხელფასის გაცემას, ხელფასს იღებდა თავადაც. მოსარჩელეს ზედმეტად აქვს გატანილი კომპანიის კუთვნილი თანხა - 25549.54 ლარის ოდენობით. ღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს აუდიტორული დასკვნა, რომელიც მომზადდა შპს ,,ა---–-----–--ის’’ საბუღალტრო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად.
6. მოსარჩელემ, გათავისუფლების შემდეგაც, 2016 წლის 19 აპრილს, თვითნებურად გაიტანა სს ,,ს----------–--------იდან’’ 5489 ლარი, მას ჯამში ბანკების მეშვეობით გატანილი აქვს 347436.08 ლარი. ბ---- უ-----ის მიერ კომპანიის საჭიროებისთვის გახარჯული თანხა შეადგენს 326996.45 ლარს. 89 699.15 ლარი შეტანილია ბანკში, 82787.3 ლარით გასტუმრებულია მომწოდებლის დავალიანება, 114605 ლარი შადგენს ფიზიკური პირებისთვის შესრულებული სამუშაოების ღირებულების თანხას. მიღებულ და დახარჯულ თანხებს შორის სხვაობა შეადგენს 20439.63 ლარს, რაც წარმოადგენს მის სარგებელს. კომპანიას მოსარჩელის წინაშე დავალიანება არ გააჩნია, პირიქით, მას ზედმეტად აქვს წაღებული 25549.54 ლარი.
7. მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
სარჩელის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
8. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით: ბ----ი უ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოპასუხე შპს ,,ა---–-----–--ის’’ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქ-------ი, ა--–-------–----------, ს/კ 0------------------ - ყადაღის დადების თაობაზე;
სასამართლომ დადაგენილიად მიიჩნია:
9.მოსარჩელე ბ---- უ-----ე, 2014 წლის 02 სექტემბრის შპს ,,ა---–-----–--ის’’ დამფუძნებელ პარტნიორთა კრების N 3 ოქმის საფუძველზე დაინიშნა ამ ორგანიზაციის დირექტორად. მისი ხელფასი თვეში შეადგენდა 1500 ლარს, ხოლო 2016 წლის 06 აპრილის დამფუძნებელ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით (ოქმი N6), გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე.
10. შპს ,,ე-–-----------ის’’ მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ შემოწმებულ იქნა შპს ,,ა---–-----–--ში’’ ბ---- უ-----ის დირექტორობის პერიოდი და აღმოჩნდა, რომ მას საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით ხელფასის სახით უნდა მიეღო 35625 ლარი, რომელიც ბანკის ამონაწერების თანახმად მიღებული აქვს სრულად და შესაბამისი დეკლარაცია წარდგენილია საგადასახადო ორგანოში. 20125 ლარი დეკლარირებულია მოსარჩელის დირექტორობის დროს, ხოლო ხელფასის სახით მიღებული დანარჩენი 15500 ლარი, საგადასახადო ორგანოში დეკლარირებულია მისი დირექტორობის შემდეგ. შესაბამისად მოსარჩელეს შპს ,,ა---–-----–--იდან’’ დარიცხული ხელფასის სახით მიღებული აქვს 35625 ლარი, სარგებლის სახით 25549.54 ლარი, სულ 61174.54 ლარი.
11. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 361-ე მუხლი, საქართველოს შრომის კოდექსი და საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
12. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ ბ---- უ-----ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.
13. აპელანტის განმარტებით: ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არასწორად გაიზიარა შპს "ე-–-----------ის" დასკვნაში ასახული გარემოებები.
14. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია საბანკო ამონაწერი, სადაც უნდა განხორციელებულიყო ჩარიცხვა მოსარჩელის კუთვნილი ხელფასისა, თვეში 1500 ლარის ოდენობით. ამონაწერი მოიცავს ბ---------ის დირექტორობის, ანუ 01.09.2014წ. დან 05.04.2016 წლამდე პერიოდს, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ ბ---------ეს ჩარიცხული აქვს მხოლოდ ორი თვის ხელფასი 2015 წლის 18 მაისს და ამავე წლის 08 ივლისს, ანუ დირექტორობის პერიოდში მას ჯამში ხელფასის სახით მიღებული აქვს მხოლოდ 3000 ლარი. მოპასუხემ კი სასამართლოს ვერ წარუდგინა სათანადო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბ---------ის მიერ ხელფასის მიღების ფაქტს, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო სახელფასო უწყისი, საბანკო ქვითარი და სხვა. თუ ორჯერ განხორციელდა მოსარჩელისთვის ხელფასის ჩარიცხვა მის ანგარიშზე მისივე დირექტორობის პერიოდში, მაშინ რატომ არ განხორცილედა სხვა პერიოდში თანხის ჩარიცხვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
16. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
17. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ბ---- უ-----ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები შემდეგი გარემოებების გამო:
18. შპს „ა---–-----–--ის“ დამფუძნებელ პარტნიორთა, 2014 წლის 02 სექტემბრის N3 კრების ოქმის გადაწყვეტილებით შპს „ა---–-----–--ის“ დირექტორად დაინიშნა ბ---- უ-----ე. (იხ.ტ.1. ს.ფ.18).
19. შპს „ა---–-----–--ის“ დამფუძნებელ პარტნიორთა, 2016 წლის 6 აპრილის N6 კრების ოქმის გადაწყვეტილებით, ბ---- უ-----ე გათავისუფლდა შპს „ა---–-----–--ის“ დირექტორის თანამდებობიდან. (იხ.ტ.1. ს.ფ.21).
20. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით დადგენილია, რომ ბ---- უ-----ეს შპს-ს დირექტორობის პერიოდში, 01.09.2014წ. დან 05.04.2016 წლამდე სს „ს----------–--------ის“ მეშვეობით ხელფასის სახით ჩარიცხული აქვს ორი თვის ხელფასი 18.05.2015წ. და 08.07.2015 წ. 1500-1500 ლარის, ჯამში 3000 ლარის ოდენობით. (იხ.ტ.1. ს.ფ.25-28).
21. მოპასუხე მხარემ, სახელფასო დავალიანების არ არსებობის ფაქტის დასადასტურებლად (რაც მოპასუხის მტკიცების საგანს წარმოადგენდა), სასამართლოს წარუდგინა შპს „ე-–-----------ის“ დასკვნა. დასკვნის თანახმად: ბ---- უ-----ეს შპს „ა---–-----–--იდან“ დარიცხული ხელფასის სახით მიღებული აქვს 35 625 ლარი, ხოლო სარგებლის სახით 25 549,54 ლარი, ორივე სახით დარიცხულმა შემოსავლმა შეადგინა 61 174,54 ლარი. (ტ.1. ს.ფ. 66-67).
22. მითითებული დასკვნის კვლევით ნაწილში, დასკვნის ავტორი აღნიშნავს, რომ: [ბ---- უ-----ე შპს „ა---–-----–--ის“ დირექტორად დაინიშნა 2014 წლის 3 სექტემბერს და დირექტორად მუშაობდა 2016 წლის 5 აპრილის ჩათვლით. ამ პერიოდში მას წარმოდგენილი საბუღალტრო ჩანაწერებიდან და ბანკის ამონაწერიდან, როგორც ანგარიშვალდებულ პირს მიღებული აქვს 341 947.08 ლარი, მათ შორის ს----------–--------იდან გატანილი აქვს 168 777,88 ლარი და ვითიბი ბანკიდან -173 169.2 ლარი. მას შემდეგ, რაც ბ---- უ-----ე გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან, 2016 წლის 19 აპრილს მან სს ს----------–--------იდან გაიტანა 5489 ლარი. ბ---- უ-----ეს ბანკიდან კანონიერად და თვითნებურად, სულ მიღებული აქვს 347 436.08 ლარი. ამავე პერიოდში ბ---- უ-----ის, როგორც ანგარიშვალდებული პირის მიერ კომპანიის საჭიროებისთვის გახარჯულმა თანხამ შეადგინა 326 996,45 ლარი. გახარჯული თანხებიდან 89 699, 15 ლარი შეტანილი არის ბანკში, 82 787.3 ლარით გასტუმრებულია მომწოდებლების დავალიანება, 114 605 ლარი გადახდილია ფიზიკური პირებისთვის შესრულებული სამუშაოების ღირებულების თანხა, 39 905 ლარი გადახდილია თანამშრომლებზე ხელფასის სახით (დანართი ანგარიშვალდებული პირის ბარათი 32 ფურცელი, ბ---- უ-----ის მიერ მიღებული ხელფაისი ბარათი 3 ფურცელი, განაცემთა ინფორმაციის ცხრილი 1 ფურცელი). რაც შეეხება ბ---- უ-----ის მიერ მიღებულ და გახარჯულ თანხებს შორის სხვაობას - 20 439,63 ლარს, რადგანაც აღნიშნული არ იქნა კომპანიაში დაბრუნებული და არც მისი მომწოდებლებისთვის გადახდა დაფიქსირდა, კომპანიის მიერ ეს თანხა ჩათვლილი იქნა ბ---- უ-----ის მიერ მიღებულ სარგებლად და დაბეგრილი იქნა საშემოსავლო გადასახადით ხელფასის კუთვნილი განაკვეთების შესაბამისად. სულ ბ---- უ-----ეს დირექტორად მუშაობის პერიოდში დარიცხული ხელფასის სახით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, რომელიც კავდება გაცემის დროს) უნდა მიეღო 35 625 (1875 *19) ლარი, რომელიც ბანკის ამონაწერების შესაბამისად მას მიღებული აქვს სრულად (თანხა მიღებულია ბანკიდან და ანგარიშვალდებული პირიდან, როგორც ხელფასი) და აღნიშნულის შესახებ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია საგადასახადო ორგანოში. ამ 35 625 ლარიდან 20125 ლარი საგადასახადო ორგანოში დეკლარირებულია თვითონ ბ---- უ-----ის დირექტორობის დროს (ინფორმაცია საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დასაკავებელი გადასახადის შესახებ, დანართი 12 ფურცელი, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათი დანართი 16 ფურცელი), რაც შეეხება ხელფასის სახით მიღებულ დაარჩენ 15 500 ლარს იგი საგადასახადო ორგანოში დეკლარირებული იქნა მისი დირექტორობის შემდგომ. ბანკიდან მიღებული და გასტუმრებული თანხების შემდეგ, ბ---- უ-----ეს კვლავ დარჩა გაუხარჯავი თანხა 20 439,63 ლარის ოდენობით. ამ თანხიდან 5489 ლარი ბ---- უ-----ეს გატანილი აქვს ბანკიდან მაშინ, როცა მისი უფლებამოსილება მას აღარ გააჩნდა. რადგან ბ---- უ-----ე ამ თანხას არ აბრუნებდა კომპანიის მიერ იგი ჩათვლილი იქნა მის მიერ მიღებულ სარგებლად და დაბეგრილი იქნა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადით.] (იხ.ტ.1. ს.ფ. 66-67);
23. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, მითითებული დასკვნის განმარტებისა და შევსების მიზნით, სხდომაზე მოწვეული იქნა დასკვნის ავტორი თ----- კ-------ე, რომელმაც განმარტა, რომ აუდიტორული დასკვნა მან შეადგინა საწარმოში დაცულ ბუღალტრულ მონაცემებზე და საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით. მითითებული დოკუმენტაციიდან ვლინდება თუ რა თანხა გაიტანა ბანკებიდან ბ---- უ-----ემ, ამასთან რა თანხა, რა მიზნობრიობით გახარჯა. აღნიშნული დოკუმენტაცია დანართის სახით ერთვის დასკვნას.
24. იმისათვის, რომ დასკვნაში ასახული გაანგარიშება ნათელი ყოფილიყო სასამართლოსთვის, მოსამართლის შეთავაზებით, დასკვნის ავტორმა მაგალითისთვის გაშიფრა 2015 წლის 26 იანვარს ბ---- უ-----ის მიერ განხორციელებული ოპერაციები. ექსპერტის მითითებით, საბუღალტრო დოკუმენტაციის შესწავლით დგინდება, რომ ბ---- უ-----ის დირექტორობის პერიოდში ბანკიდან გამოქონდა თანხები, რომლსაც შემდგომ ანაწილებდა, მათ შორის ხელფასებზე (თავის თავზეც) ამიტომაც საკუთრივ მხოლოდ თავის ხელფასის გამოტანა მხოლოდ 2-ჯერ მოახდინა. დანარჩენ შემთხვევაში კი გამოქონდა გაცილებით მეტი ოდენობის თანხები, ვიდრე საკუთრივ მისი ხელფასი იყო (1500 ლარი) ამიტომაც დანიშნულებაში ასეთ დროს არ მიუთითებდა-ხელფასი. თუმცა დოკუმენტაციის შემოწმებით დგინდება, რომ სხვადასხვა დროს გამოტანილ თანხებს იგი ანაწილებდა სხვადასხვა დანიშნულებით, მათ შორის ხელფასის გასაცემადაც და მათ შორის თავის თავზეც. ასე მაგ: საქმეში, ს.ფ. 192-ზე განთავსებულია საბუღალტრო ელექტრნული დოკუმენტაციის ქაღალდური ვერსია, რომელშიც ასახულია, რომ 2015 წლის 26 იანვარს, ბ---- უ-----ემ ბანკიდან გაიტანა 2150 ლარი; ქვედა გრაფაში მითითებულია, რომ ამ თანხიდან მან პირადად ხელფასის სახით მიიღო 1500 ლარი, რეზო მამასახლისს ხელფასის სახით გადასცა 500 ლარი, ვლადიმერ გუბელაძეს კი 150 ლარი; იგივე ინფორმაციაა ასახული ს.ფ. 78-ზე განთავსებულ საბანკო ამონაწერზე, სადაც მითითებულია, რომ ბ--------ემ, 2015 წლის 26 იანვარს ბანკიდან გაიტანა 2150 ლარი ხელფასების გაცემის მიზნით. ს.ფ.215-ზე განთავსებული დოკუმენტით კი დგინდება ამ თანხების საგადასახადო ორგანოში დეკლარირება. ექსპერტის მითითებით, ყოველი კონკრეტული ტრანზაქციის ამგარად შესწავლის შემდგომ მომზადდა მის მიერ დასკვნა, რა დროსაც გამოიკვეთა, რომ ბ---- უ-----ეს 2014 წლის 03 სექტემბრიდან 2016 წლის 5 აპრილის ჩათვლით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, საწარმოდან ხელფასის სახით მიღებული აქვს 35 625 ლარი (19 თვე *1875 ლარზე = 35 625 ლარს). აღნიშნული თანხა კომპანიის მიერ დეკლარირებულია საგადასახადო ორგანოში. ეს თანხა არის ხელზე გაცემული თანხა; საწარმოს საქმიანობის პროცესში შესაძლებელია გარკვეული ქმედებები განხორციელდეს, როგორც ზეპირად, ისე წერილობით. როგორც წესი პირველადი დოკუმენტის შედგენაზე (უწყისი იქნება ეს თუ ხელშეკრულება) და მის სისწორეზე პასუხისმგებელი პირი არის დირექტორი. აღნიშნული თანხის, ანუ პირადი ხელფასის გარდა (დარიცხული 35 625 ლარი), ბ---- უ-----ეს დამატებით მიღებული აქვს 20 439,63 ლარი, რომლის მიზნობრიობა საქმის მასალებით დაუდასტურებელია.
25. სააპელაციო პალატა სარწმუნოდ მიიჩნევს შპს „ელითაუდიტის“ მიერ გაცემულ დასკვნას იმ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომ შპს „ახალ ქალაქს არ გააჩნია ბ---- უ-----ის მიმართ დავალიანება.
სამართლებრივი დასაბუთება:
26. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დირექტორისა და სამეწარმეო იურიდიულ პირს შორის წარმოშობილი ურთიერთობა, მიუხედავად სხვადასხვა სახელშეკრულებო ურთიერთობასთან მსგავსებისა, ყველაზე ახლოს მაინც შრომის კოდექსის მოწესრიგებასთან დგას, თუმცა, შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც შრომითი ურთიერთობის დეფინიციას წარმოადგენს და ამ ურთიერთობისათვის დამახასიათებელ ძირითად ნიშნებს გამოკვეთავს, ადგენს დაქვემდებარებულ შრომას, კერძოდ, სამუშაოს შესრულება ხდება დამსაქმებლის მითითების შესაბამისად ხელფასის ანაზღაურების სანაცვლოდ. სწორედ უმთავრესი ნიშანი, რაც განასხვავებს კომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მხრიდან მოვალეობათა შესრულებას, ეს არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით რეგულირებული ავტონომიურობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების დირექტორი არ წარმოადგენს მის თანამდებობაზე გამამწესებელ პირთან დამოკიდებულებაში მყოფ პირს, არამედ, იგი თავისუფალია და საკუთარ საქმიანობას, საზოგადოების წესდებისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით ახორციელებს კომერსანტის გულისხმიერებით, იმ მიზნით, რომ მის მიერ მიღებული მენეჯერული გადაწყვეტილებები ორიენტირებულია მეწარმე სუბიექტის ინტერესების გაუმჯობესება-გამყარებისკენ. (იხ.სუსგ. Nას 650-606-2017წ).
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკით, არაერთხელ განიმარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს (ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით); საკორპორაციო სამართალი ერთმანეთისაგან განასხვავებს საწარმოს დირექტორის დანიშვნასა და მის შრომით თანამდებობაზე გამწესებას. პირის დანიშვნის ცნება მოიაზრებს დირექტორის დანიშვნას მის ორგანულ თანამდებობაზე, რაც ამ აქტის კორპორაციულსამართლებრივ და ცალმხრივ ხასიათზე მიუთითებს. იგი დირექტორის დანიშვნის ფაქტის მარეგისტრირებელი ორგანოს მეშვეობით გასაჯაროებისა და შესაბამისად, დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის ნების სისრულეში მოყვანის საფუძველია. სწორედ რეგისტრაციის მომენტიდან ხდება დირექტორი უფლებამოსილი, განახორციელოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი, რაც შეეხება შრომით თანამდებობაზე გამწესების აქტს, იგი წარმოადგენს იურიდიულ პირსა და დირექტორს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა.
28. ვინაიდან კერძო სამართლის მარეგულირებელი არც ერთი ნორმა არ არ აწესრიგებს საწარმოსა და მის დირექტორს შორის წარმოშობილ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას, დღის წესრიგში არა ერთი დავის განხილვისას დადგა ამ საკითხის გადაჭრის აუცილებლობა (სპეცილური კანონი _ „მეწარმეთა შესახებ“, როგორც ზემოთ აღინიშნა, მიუთითებს მხოლოდ წესდებაზე, ამავე კანონსა და ხელშეკრულებაზე), ამ მხრივ კი, სასამართლო პრაქტიკამ განსაზღვრა, რომ შესაფასებელი სამართალურთიერთობა ყველაზე ახლოს დავალების ხელშეკრულებასთან დგას, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას. რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის ძალით, დავალება შეიძლება იყოს სასყიდლიანი.
29. პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამეწარმეო იურიდიულ პირსა და მის წარმომადგენლობითი/ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების დავალების სამართლებრივ ურთიერთობად მიჩნევის მიუხედავად, ამ ურთიერთობას ასევე გააჩნია დასაქმებული დირექტორის მინიმალური სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველმყოფი მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია შრომითი ურთიერთობისათვის. „ევროპის სოციალური ქარტია“ აღიარებს დასაქმებულის დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებებიდან გამომდინარეობს და შეეხება ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა შრომის უფლება, რომელიც თავის თავში მოიცავს შრომის თავისუფლებას, უფლებას შრომის სამართლიან პირობებზე, სამართლიანი ანაზღაურების უფლებას, უფლებას შვებულებაზე და სხვა, რაც, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შესაძლოა, უფრო დეტალურად იქნას მოწესრიგებული იურიდიული პირის წესდებითა და დირექტორთან გაფორმებული ვალდებულებით-სამართლებრივი აქტით (იხ. სუსგ№ას-1154-1074-2017; 23 თებერვალი, 2018 წელი);
30. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის არსებობდა სასყიდლიანი დავალება, რომლის ფარგლებშიც მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ გასამრჯელოს გადახდა, რომელიც შეადგენდა თეში 1500 ლარს (დარიცხული სახხით 1875 ლარს).
31. პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხის ძირითად შედავებაზე, რომელიც გასამრჯელოს სრულად გადახდას შეეხება.
32. საქმეზე წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნით, რომელიც თავის მხრივ საწარმოში დაცულ პირველად საბუღალტრო დოკუმენტაციას ემყარება, მოპასუხე მხარემ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სასამსახურო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაური მოსარჩელე ბ---- უ-----ეს მიღებული აქვს, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.
33. პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილს, რომელიც დავალიანების დაყოვნების გამო, პირგასამტეხლოს დაკისრებას შეეხება, რამდენადაც ამ საკითხს არეგულირებს შრომის კოდექსის 31-ე (3) მუხლი, რომელიც, როგორც აღინიშნა, წინამდებარე ურთიერთობის მიმართ არ ვრცელდება, ამასთან არც თანხის დაყოვნებაა დადასტურებული;
საპროცესო ხარჯები
34. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
35. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბ----ი უ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
თავმჯდომარე: მოსამართლეები: თამარ სვანიძე ლაურა მიქავა თეიმურაზ სიხარულიძე