განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.11.2019
საქმის ნომერი
140310017002011563
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
პრივატიზაციის თაობაზე
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140310017002011563 (N 3ბ/1729-19)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

თავმჯდომარე: გიორგი გოგიაშვილი

მოსამართლე: ილონა თოდუა, შოთა გეწაძე

 

აპელანტი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

 

წარმომადგენელი - ს--–--------–---;

 

მოწინააღმდეგე მხარე - შ-----------ი“

 

დავის საგანი - სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის დაკისრება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა:

 

1.1. აპელანტი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ითხოვს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შ-----------ს“ დაეკისრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაუბრუნებლობის გამო 36 372 (ოცდათექვსმეტი ათას სამას სამოცდათორმეტი) აშშ დოლარის ეკვივალენტური ლარის ოდენობით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ გადახდა; შემცირდა პირგასამტეხლოს ოდენობა და მოპასუხე შ-----------ს“ მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა, 500 (ხუთასი) აშშ დოლარის ოდენობით, ექვივალენტით ლარში.

 

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. 2007 წლის 26 ივნისს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს და შ-----------ს“ შორის დაიდო №-- საიჯარო ხელშეკრულება, რომლითაც იჯარა-გამოსყიდვის უფლებით 48 501 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად შ-----------ს“ გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2 ტრაქტორი და 2 სხვა დანარჩენი მოწყობილობა. საპრივატიზებო ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, მაგრამ არაუგვიანეს 2014 წლის 26 მაისის.

 

სასამართლო დაეყდრნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2007 წლის 26 ივნისს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს და შ-----------ს“ შორის დადებული №-- საიჯარო ხელშეკრულება. მიღება-ჩაბარების აქტი;

 

2.2.2. სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, შ-----------ი“ 2016 წლის 28 მარტიდან გათავისუფლდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან (საპრივატიზებო სააფასურის გადახდის ვალდებულების გარდა), ეპატია სახელშეკრულებო ვალდებულებების (მათ შორის საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულება გადაუვადდა 2017 წლის 1 იანვრამდე. გათავისუფლდა 2014 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან; ეპატია საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო. 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, სააგენტოს წერილებით მოპასუხეს განესაზღვრა საპრივატიზებო თანხის საიჯარო ქირის და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის საბოლოო ვადა.

სასამართლო დაეყდრნო შემდეგ მტკიცებულებას:

2016 წლის 26 აგვისტოს №4------ წერილი;

2016 წლის 24 ივნისის №4------ წერილი;

2017 წლის 02 მარტის №4------ წერილი;

 

2.2.3. ვინაიდან მოპასუხის მიერ საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები კანონით დადგენილ ვადაში არ შესრულებულა, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება 2017 წლის 1 იანვრიდან მიიჩნევა შეწყვეტილად.

 

სასამართლო დაეყდრნო შემდეგ მტკიცებულებას:

მხარის ახსნა-განმარტება;

 

2.2.4 შ------------ს გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 02 ნოემბრის №1------- წერილი, რომლითაც მოეთხოვა 2007 წლის 26 ივნისს გაფორმებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის 2 ტრაქტორის და 2 სხვა მოწყობილობის სახელმწიფოსთვის უკან დაბრუნება, თუმცა აღნიშნული ვალდებულება არ შესრულდა.

 

სასამართლო დაეყდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 02 ნოემბრის №1-------

წერილი;

- №1------- წერილის ჩაბარების დამადასტურებელი ფოსტის შეტყობინების ბარათი;

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.3.1. საქალაქო სასამართლომ განმარტა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

2.3.2. 2007 წლის 26 ივნისს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს და შ-----------ს“ შორის დაიდო №-- საიჯარო ხელშეკრულება, რომლითაც იჯარა-გამოსყიდვის უფლებით 48 501 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად შ-----------ს“ გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2 ტრაქტორი და 2 სხვა დანარჩენი მოწყობილობა, ”სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ კანონის საფუძველზე, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა 2010 წლის 21 ივლისის კანონით ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“, რომლის 481 მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად: ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შემძენი (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გათავისუფლდა სახელშეკრულებო ვალდებულებისაგან, ეპატია სახელშეკრულებო ვალდებულებების (მათ შორის საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) შეუსრულებლობა, 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულება გადაუვადდა 2017 წლის 1 იანვრამდე, გათავისუფლდა

2014 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან,ეპატია საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2016 წლის

1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო.

 

2.3.3. კანონი ”სახელმწიფო ქონების შესახებ” აწესრიგებს საქართველოს ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რის საფუძველზეც გადაეცა აღნიშნული სახელმწიფო ქონება (ტექნიკა) შ------------ს“ იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის და რათა შეესრულებინა საჯარო უფლებამოსილება - სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. ამ შემთხვევაში სწორედ საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით დაიდო ხელშეკრულება. ამ მიზნის გათვალისწინებით, აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები, ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მეორე ნაწილით თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა პირობები, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, ”მოიჯარე” მიიღებდა გაფრთხილებას წერილობით სახით, სადაც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ჯარიმდება დარჩენილი საიჯარო ქონების ღირებულების და/ან გადასახდელი ქირის 0,1%-ით. ხელშეკრულების 3.1. პუქტით ”მოიჯარეს” ასევე განესაზღვრა ვალდებულება საპრივატიზებო ღირებულების გადახდის გრაფიკის მიხედვით, რაც არ შესრულდა. და ვინაიდან გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა მხარეებს შორის ურთიერთობა წესრიგდება კანონით სახელმწიფო ქონების შესახებ, მეიჯარემ (სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ) ამ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით წერილით მიმართა მოიჯარეს და განუსაზღვრა დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადა. ასევე შეახსენა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოსალოდნელი პირგასამტეხლოს ოდენობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

ამავე კოდექსის 419-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მოითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას მოპასუხე მხარისათვის. რაც სასამართლოს მიაჩნია, რომ საფუძვლიანია, რადგან შ----------ს“ არ შეუსრულებია ხელშკრულების პირობები და უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო, რაც შეეხება მის ოდენობას სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი, არათანაზომიერი და არაგონივრული ვითარებისას, როდესაც კანონით გამოიხატა ნება შეღავათი გაწეულიყო იმ პირთა მიმართ, ვინც ვერ შეასრულა ვალდებულება. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეამცირა და განსაზღვრა 500 (ხუთასი) აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში.

 

რაც შეეხება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაუბრუნებლობის გამო შ-------------ისთვის“ 36 372 (ოცდათექქვსმეტი ათას სამას სამოცდათორმეტი) აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში დაკისრების მოთხოვნის შესახებ, ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშანვს, რომ ვინაიდან შ-----------ის“ მიერ სააპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები კანონით დადგენილ ვადაში არ შესრულდა, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება 2017 წლის 1 იანვრიდან მიიჩნევა შეწყვეტილად და მოძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, შესაბამისად იგი ექვემდებარება დაბრუნებას.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შ-----------ს“ გაეგზავნა 2017 წლის 02 ნოემბრის №1------- წერილი, 2007 წლის 21 ივნისს გაფორმებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული სასოფლო-საამეურნეო ტექნიკის სახელმწიფოსთვის დაბრუნების შესახებ, თუმცა შ-----------ის“ მხრიდან აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა შ-----------ისთვის“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაუბრუნებლობის გამო 36 372 (ოცდათექვსმეტი ათას სამას სამოცდათორმეტი) აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი, არათანაზომიერი და არაგონივრული, ვითარებისას, როდესაც კანონით გამოიხატა ნება შეღავათი გაწეულიყო იმ პირთა მიმართ, ვინც ვერ შეასრულა ვალდებულება. აქედან გამომდინარე სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობამდე.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის გარემოებას, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ მან გამოიყენა სწორედ ის ნორმები, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კი მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმეზე ხელახალი გადაწყვეტილების მიღებით, სსიპ სახელომწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ სრულიად მართებულად დაადგინა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რის გამოც მას ეკისრებოა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, თუმცა არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვითაც: ,,მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი,არათანაზომიერი და არაგონივრული, ვითარებისას, როდესაც კანონით გამოიხატა ნება შეღავათი გაწეულიყო იმ პირთა მიმართ, ვინც ვერ შეასრულა ვალდებულება.

 

სსიპ სახელწიმფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შ-----------ს“ შორის 26.06.2007 წ გაფორმებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, შ-----------ს“ იჯარა გამოსყიდვის უფლებით 48 501 აშშ დოლარის ექვივალნეტი ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2 ტრაქტორი და 2 სხვა მოწყობილობა. საპრივატიზებო ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, მაგრამ არაუგვიანეს 2014 წლის 26 მაისისა.”სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 481-ე მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შემძენი (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გათავისუფლდა სახელშეკრულებო ვალდებულებისაგან, ეპატია სახელშეკრულებო ვალდებულებების (მათ შორის საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) შეუსრულებლობა, 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულება გადაუვადდა 2017 წლის 1 იანვრამდე, გათავისუფლდა 2014 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან, ეპატია საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გარდა იმ შეღავათებისა რაც კანონმა დააწესა, მყიდველი ვერ ისარგებლებდა სხვა სახის შეღავათებით, სარჩელში მოთხოვნილი პირგასამტეხლო არც კანონით გაუქმებულა და არც შემცირებულა, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნა, რომ ვინაიდან რიგი შეღავათები დაუწესდა კანონმა მყიდველს, ამდენად მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაც უნდა შემცირებულიყო, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს მოცემული ფაქტობრივი გარემოებების ლოგიკური და სამართლებრივი ანალიზიდან.

 

ხელშეკრულების 5.3 მუხლით გათვალისწინებული პირაგსამტეხლო 0,1% ოდენობით, გამომდინარეობს ,,სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 31 მარტის N------- ბრძანების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტიდან, რომლის თანახმადაც, საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში "მოიჯარე" იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა და ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ჯარიმდება დარჩენილი საიჯარო ქონების ღირებულების და/ან გადასახდელი ქირის 0.1%-ით.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ნორმატირული აქტისა და მხარეთა შორის ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად დადებული ხელშეკრუელბით განისაზღვრება პირგასამტეხლოს ოდენობა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. ამავე კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი და შეამცირა მისი მოსაზრებით - შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, სასამართლოს არ უმსჯელია თუ რა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები დაედო საფუძვლად პირგასამტეხლოს შემცირებას ან რა მოტივით შემაცირა პირგასამტეხლო მოცემული ოდენობით. სასამართლოს მსჯელობა მოცემულ ნაწილში სრულიად დაუსაბუთებელია. აპელანტი უთითებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (Nას-819-771-2012), სადაც საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ,,პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს, იმას თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობის და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიკური ინტერესი“. თუმცა, აღნიშნულ გარემოებებზე, სასამართლოს არ უმსჯელია და არ დაუკონკრეტებია, თუ რატომ მიიჩნია, ძირითად შეუსრულებელ ვალდებულებასთან თანაფარდობის გათვალისიწნებით შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ სააგენტოს მიერ მოთხოვნილი თანხა.

 

პირგასამტეხლოს ოდენობა იმთავითვე იყო გათვალისიწნებული მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებით. ვინაიდან სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია წარმოადგენს საჯარო სამართლებრივ ურთიერთობას, სადაც სახელმწიფო გვევლინება ამ ქონების ექსკლუზიური გაყიდვის უფლების მქონე სუბიექტად, სახელმწიფო ქონების განკარგვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, კანონქვემდებარე ნორმატირული აქტებით დეტალურად იქნა რეგლამენტირებული სახელმწიფო ქონების შემძენი სუბიექტის პასუხისმგებლობა. ამდენად, შ-----------ისთვის“ კონკრეტული ოდენობის პირგსამტეხლოს თანხის განსაზღვრისას გამყიდველი ხელმძღვანელობდა როგორც ზემოხსნებული ნორმებით, ასევე მხარეთა მიერ შეთანხმებული ხელშეკრულების არსებითი პირობების შესაბამისად. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გააჩნდა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები შეუსრულებელ ვალდებულების თანაფარდობის გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს მოტივაციით შეემცირებინა მოთხოვნილი თანხა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 მარტს მიღებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში უნდა გაუქმდეს და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელის სრულად დაკმაყოფიელბის თაობაზე.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით. კანონი ”სახელმწიფო ქონების შესახებ” აწესრიგებს საქართველოს ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რის საფუძველზეც გადაეცა აღნიშნული სახელმწიფო ქონება (ტექნიკა) შ------------ს“ იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის და რათა შეესრულებინა საჯარო უფლებამოსილება - სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. ამ შემთხვევაში სწორედ საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით დაიდო ხელშეკრულება. ამ მიზნის გათვალისწინებით, აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები, ხელშეკრულებათა შესახებ.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტაცნიის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ 2007 წლის 26 ივნისს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს და შ-----------ს“ შორის დაიდო №-- საიჯარო ხელშეკრულება, რომლითაც იჯარა-გამოსყიდვის უფლებით 48 501 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად შ-----------ს“ გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2 ტრაქტორი და 2 სხვა დანარჩენი მოწყობილობა, ”სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ კანონის საფუძველზე, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა 2010 წლის 21 ივლისის კანონით ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“, რომლის 481 მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად: ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შემძენი (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გათავისუფლდა სახელშეკრულებო ვალდებულებისაგან, ეპატია სახელშეკრულებო ვალდებულებების (მათ შორის საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) შეუსრულებლობა, 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულება გადაუვადდა 2017 წლის 1 იანვრამდე, გათავისუფლდა 2014 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან, ეპატია საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა რეგულირდება კონკრეტული წესებით და მოითხოვს მოსარგებლისაგან სარგებლობის სანაცვლოდ გარკვეული საზღაურის გადახდას. კანონი ამავე ვალდებულებას აკისრებს ასევე იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმების (მაგ., იჯარის ხელშეკრულება) ანუ სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სამეწარმეო მიზნებისათვის სარგებლობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ, ხოლო 66-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში მითითებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა.

 

პალატა, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ვინაიდან მოპასუხის მიერ საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები კანონით დადგენილ ვადაში არ შესრულებულა, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება 2017 წლის 1 იანვრიდან მიიჩნევა შეწყვეტილად. ამასთან, ხელშეკრულების 5.3 მუხლით გათვალისწინებული პირაგსამტეხლო 0,1% ოდენობით, გამომდინარეობს ,,სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 31 მარტის N------- ბრძანების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტიდან, რომლის თანახმადაც, საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში "მოიჯარე" იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა და ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ჯარიმდება დარჩენილი საიჯარო ქონების ღირებულების და/ან გადასახდელი ქირის 0.1%-ით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას. აღნიშნული კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება დაკავშირებულია ძირითადი ვალდებულების ჯეროვნად და დროულად შესრულებასთან. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პირგასამტეხლოს რამდენიმე ფუნქცია აქვს: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციაა, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) პირგასამტეხლოს ფუნქცია, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა; გ) პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ამრიგად, პალატის განმარტებით, ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს, ერთი მხრივ, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს და მეორე მხრივ, იგი განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებას ემსახურება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, ისე სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ფორმას, პირგასამტეხლო აიძულებს მოვალეს, დროულად და ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობისას დამატებით იცავს კრედიტორის უფლებებს და უმსუბუქებს შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებს, აუცილებელია, რომ მხარეთა შორის შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე დაიდოს კანონით განსაზღვრული წესით, მკაფიოდ და არა ორაზროვნად ჩამოყალიბებული სახით, რათა მოვალისთვის იმთავითვე ცნობილი და ნათელი იყოს ვალდებულების რა სახით და ფორმით შეუსრულებლობა გამოიწვევს პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობას და რა ოდენობით, ასევე, პირგასამტეხლო დადგენილი და განსაზღვრული უნდა იყოს შესაბამისი მიზნების მისაღწევად.

 

სააპელაციო პალატა უთითებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (Nბს-1092(კ-18), 29.11.2019 წელი), სადაც განმარტებულია, რომ ,,სამოქალაქო კოდექსი სასამართლოს აღჭურავს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილებით. სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობა არ წარმოადგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის შემთხვევაში სასამართლო აფასებს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი თანხის თანაზომიერებასა და გონივრულობას. ის, რომ შპს „…ს“ არ აღუძრავს შეგებებული სარჩელი პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნით და შესაძლოა განსახილველი დავის დაწყებამდე აღნიშნული მოთხოვნა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის არ წარუდგენია, არ გამორიცხავდა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ არ დასტურდება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების გაცდენა, რადგან დავის საგანი იყო შპს „…ისათვის“ კონკრეტული ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრება, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ არა მარტო ზოგადად პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობას, არამედ პირგასამტეხლოს კონკრეტული ოდენობით დაკისრების მართლზომიერების შეფასების შესაძლებლობასაც.“

 

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება, არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელისთვის პირგასამტეხლოს სახის - 500 (ხუთასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრება არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, რის გამოც სახეზეა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს (6401.48 აშშ დოლარი) შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა და შესაბამისად, მისი შემცირების წინაპირობები.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ვერ დაადასტურა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა და პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას შ-----------ისთვის“ პირგასამტეხლოს შემცირებისა და 500 (ხუთასი) აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე: გიორგი გოგიაშვილი

 

მოსამართლე: ილონა თოდუა

 

შოთა გეწაძე