განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002730246 (საქმე №3ბ/2128-19)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
7 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - დ--------------ე;
აპელანტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტო;
წარმომადგენელი - ა--------------ი;
მოწინააღმდეგე მხარე - კ----------------------ე;
წარმომადგენელი - ი-----–-------ე;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების არარა აქტებად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება;
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტების მოთხოვნა:
1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ №------- ბრძანების არარა აქტად აღიარება.
1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 ნოემბრის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ №------- ბრძანების არარა აქტად აღიარება.
1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, კ----------------------ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) საექსპერტო და ბალისტიკური შემოწმების სამმართველოს უფროსის მოადგილის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.
1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს დაეკისროს იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო (განაცდური), გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე, ანაზღაურება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით კ----------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. არარა აქტად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ №------- ბრძანება. არარა აქტად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 ნოემბრის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ №------- ბრძანება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს დაევალა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, კ----------------------ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) საექსპერტო და ბალისტიკური შემოწმების სამმართველოს უფროსის მოადგილის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს დაეკისრა იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო (განაცდური), გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე, ანაზღაურება.
2.2. დასკვნები დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 21 სექტემბრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანებით, შსს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ყოფილი უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი - კო----------------------------------ე (პ/ნ: 2----------) დაინიშნა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საექსპერტო და ბალისტიკური შემოწმების სამმართველოს უფროსის მოადგილედ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 21 სექტემბრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანება (ს.ფ. 15).
თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის №------- ბრძანებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’, ,,ე’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) საექსპერტო და ბალისტიკური შემოწმების სამმართველოს უფროსის მოადგილე, პ---–-–--------–-------ი - კო----------------------------------ე (პ/ნ: 2----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში. საფუძველი: სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 32 ივლისის №54 საშტატო - საორგანიზაციო ბრძანება და პატაკი (ელ. ვერსია №------ 21.07.2015).
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის №------- ბრძანება (ს.ფ. 16).
დადგენილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 ნოემბრის №------- ბრძანების თანახმად, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №--- ბრძანებით დამტკიცებული წესის 37-ე მუხლის (დათხოვნა კადრების განკარგულებში ყოფნის ვადის გასვლის გამო) და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’‘ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’, ,,ე’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) ყოფილი საექსპერტო და ბალისტიკური შემოწმების სამმართველოს უფროსის მოადგილე, პ---–-–--------–-------ი - კო----------------------------------ე დათხოვნილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2015 წლის 22 ნოემბრიდან.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 ნოემბრის №------- ბრძანება (ს. ფ. 17).
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში 2015 წლის ივლისიდან 2019 წლის იანვრის ჩათვლით არსებული მონაცემებით, კ----------------------ეს (პ/ნ: 2----------) 2016 წლის დეკემბრის თვიდან, 2019 წლის იანვრის თვის ჩათვლით ერიცხებოდა ხელფასი სს ,,საქორგგაზიდან’’.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემებიდან ამონაწერი (ს.ფ. 66-69).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველი პუნქტი და დადგენილად მიიჩნია, რომ კ----------------------ეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გათავისუფლებამდე ეკავა სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საექსპერტო და ბალისტიკური შემოწმების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 21 სექტემბრის №------- ბრძანებით, შსს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ყოფილი უფროსი, პ---–-–--------–-------ი - კო----------------------------------ე დაინიშნა სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს საექსპერტო და ბალისტიკური შემოწმების სამმართველოს უფროსის მოადგილედ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული ბრძანების მიღებისას გამოყენებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №--- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 74-ე მუხლის პირველი პუნქტი (სსიპ-ის მოსამსახურეთა (გარდა სსიპ-ის უფროსის მოადგილისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება). შესაბამისად, მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, რომლის დისკრეციულ უფლებამოსილებასაც განეკუთვნება, როგორც მოსარჩელის თანამდებობის დანიშვნა, ისე მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებებს, სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული აქტები მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომლის კომპეტენციაშიც აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება არ შედიოდა. სასამართლომ განმარტა, რომ მართალია სსიპ მომსახურების სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულია, თუმცა მომსახურების სააგენტოში დასაქმებულ პირთა დანიშვნა - გათავისუფლება დეტალურად არის გაწერილი კანონმდებლობით და აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სსიპ-ის ხელმძღვანელს, შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე - კ----------------------ის თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება გამოცემული უნდა იქნეს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის და არა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ.
საქმის განმხილველმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე და განმარტა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებული იქნა. ხოლო ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე არგუმენტირებით განმარტა, რომ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველმა სასამართლომ მიიჩნია, რომ კ----------------------ეს უნდა აუნაზღაურდეს იძულებით განაცდური ხელფასი მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი:
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს და განმარტავს შემდეგს: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 მარტის N337 დადგენილების მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ - მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, ხოლო ამავე მუხლის „ნ" ქვეპუნქტის მიხედვით კი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.
აპელანტის განმარტებით, "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესისა“, და 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების თანახმად, მინისტრი უფლებამოსილი იყო აღნიშნულ ბრძანებაზე მოეწერა ხელი. შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სამსახურის გავლის წესსა და პირობებს, ხოლო 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სამინისტროს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიუთითებს პოლიციის შესახებ კანონის მე-4 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე და განმარტავს, რომ პოლიცია ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში, სადაც დასაქმებული არიან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წოდებების მქონე პირები, აგრეთვე სხვა საჯარო მოხელეები. პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების -საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.
წარმომადგენელი აპელირებს გავლის წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო სსიპ - ების საშტატო განრიგს კურატორმინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით - სსიპ -ის ხელმძღვანელი. მიუთითებს, რომ გარდა ამისა სსიპებთან დაკავშირებით მინისტრი უფლებამოსილების დელეეგირებას აკეთებს მინისტრის მოადგილეებზე, დელეგირება არ ნიშნავს რომ ამ უფლებამოსილებას თვითონ მინისტრი ვერ გამოიყენებს, რაც აპელანტის განმარტებით, პირველ ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა უსაფუძლოდ.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე იმ შემთხვევაში თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. მიიჩნევს, რომ სწორედ რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედი გავლის წესი არის სპეციალური ნორმატიული აქტი, რომლითაც წესრიგდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი, იგი განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სამსახურის გავლის წესსა და პირობებს.
აპელანტი მიუთითებს, რომ პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს მომსახურების სააგენტოს და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით. ამავე კანონს 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით და უდავოდ მიიჩნევს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო სამსახურის გავლა თავისთავად გულისხმობს თანამდებობაზე დანიშვნას და თანამდებობიდან გათავისუფლებას.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიუთითებს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედი გავლის წესის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით, ხოლო ამავე წესის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან სხვა უფლებამოსილი პირი. ამავე წესის 72-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში აყვანა და კადრების განკარგულებიდან დათხოვნა ხდება კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანებით, მინისტრის საკურატორო სფეროში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის და ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეების - მინისტრის პირველი მოადგილის ბრძანებით, ხოლო 71-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, თანამდებობაზე დანიშვნა, თანამდებობიდან გათავისუფლება, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა სამხედრო და სპეციალური წოდების მინიჭება ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, თუ არ განხორციელდა ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილებები.
სააპელაციო საჩივრის ავტორი ასევე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და მსჯელობას განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და განმარტავს, რომ კ----------------------ე სადავო პერიოდში მუშაობდა და იღებდა ყოველთვიურ გასამრჯელოს და აპელანტი „პოლიციის შესახებ კანონის“ 36-ე მუხლის მე-4 პუნქტზე არგუმენტირებით განმარტავს, რომ "პოლიციელს უფლება არა აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში, ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში."
3.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი:
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს და განმარტავს შემდეგს: "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილების მე-5 მუხლის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს. მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე მიანიჭა სსიპ - ის ხელმძღვანელსაც, "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანების 74-ე მუხლის შესაბამისად, სსიპ-ის მოსამსახურეთა (გარდა სსიპ-ის უფროსის მოადგილისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება, თავისი ასიგნებების ფარგლებში შტატგარეშე მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლება (ხელშეკრულების გაფორმება-შეწყვეტა) ხდება სსიპ-ის ხელმძღვანელის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ. წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, ერთი მხრივ, არ დგინდება ის, რომ მინისტრს არ გააჩნია აღნიშნული უფლებამოსილება, ხოლო მეორე მხრივ, ნორმა არ განსაზღვრავს ვინ შეიძლება იყოს დირექტორის მიერ უფლებამოსილი პირი ან რა ფორმით შეიძლება განხორციელდეს უფლებამოსილება. ამდენად მიიჩნევს, რომ დირექტორის პატაკი მინისტრისადმი, რომ აიყვანოს კადრების განკარგულებაში პირი, ცალსახად ჯდება ნორმის დისპოზიციაში.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიუთითებს "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტზე და განმარტავს, რომ სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები. მიუთითებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.
წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტავს, რომ პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით, რასაც წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი". აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.
აპელანტი "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონისა და "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებულ წესსზე არგუმენტირებით განმარტავს, რომ პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვისა. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში პოლიციელს, სამხედრო მოსამსახურეს, საჯარო მოხელესა და სამოქალაქო პირს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ფულადი სარგო (მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. ზემოაღნიშნული წესის 35-ე მუხლის მეორე პუნქტის "დ" ქვეპუნქტის მითითებით განმარტავს, რომ პირი შეიძლება თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, ისევე როგორც კადრების განკარგულებაში აყვანა, პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი წარმოადგენს კანონშესაბამისს და არ არსებობს სადავო აქტების არარად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო საჩივარში წარმომადგენელი მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის" პირველი მუხლის მე-3 პრიმა პუნქტს და განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის მოქმედება სამინისტროს მოსამსახურეზე, როგორც სპეციალური ნორმებით მოწესრიგებული ურთიერთობის სუბიექტზე, ვრცელდება მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 51-ე, 64-ე, 66-ე და 103-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში." ყურადსაღებად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თუნდაც ზემოაღნიშნული მსჯელობის გაუზიარებლობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანებების არარა ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად მიჩნევის შემთხვევაშიც დაუსაბუთებელი და უკანონოა, პირის თანამდებობაზე აღდგენა და სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის“ განაცდურის ანაზღაურების დაკისრება. მიიჩნევს, რომ შეუძლებელია არარა ადმინისტრაციულ - სამართლებრივმა აქტმა მის ადრესატს მიაყენოს რაიმე სახის ზიანი, რადგან მას იურიდიული ძალა არ გააჩნია.
აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს განაცდურის ანაზღაურების ნაწილშიც, მიუთითებს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონს, "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლი მე-4 პუნქტს და განმარტავს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაცია იმპერატიულია და მის მიზანს წარმოადგენს საჯარო სამსახურის ინტერესთა შეუთავსებლობისგან დაცვა, რასაც ეწინააღმდეგება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
პირველყოვლისა პალატა აღნიშნავს, რომ დავის საგანას წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ №------- ბრძანებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 ნოემბრის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ №------- ბრძანების არარა აქტად აღიარება. ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოსათვის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, კ----------------------ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) საექსპერტო და ბალისტიკური შემოწმების სამმართველოს უფროსის მოადგილის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოსათვის იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური) დაკისრება გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე.
საკითხზე მსჯელობის მიზნით პალატა მიუთითებს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, კერძოდ - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.
მოცემული დავის ფარგლებში ვინაიდან აპელანტები - ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები სრულად ასაჩივრებენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას პალატამ უნდა იმსჯელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მოსარჩელესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) საექსპერტო და ბალისტიკური შემოწმების სამმართველოს უფროსის მოადგილის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, ასევე, იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური) ანაზღაურებაზე, გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე.
პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ხოლო მე-4 პუნქტით სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობად ითვლება შრომითი ურთიერთობა არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას.
მოცემულ შემთხვევაში პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ კ----------------------ეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გათავისუფლებამდე ეკავა სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საექსპერტო და ბალისტიკური შემოწმების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
პალატა მიუთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაზე, რომლის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ხოლო მე- 9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
პალატა ასევე მიუთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №--- ბრძანებაზე, რომელიც განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. აღნიშნული ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის, წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს. ამავე ბრძანების მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე არის პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე, ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, სსიპ-ის მოსამსახურე არის სსიპ-ის პოლიციელი, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე, ხოლო ამავე მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში ან სსიპ-ში, მინიჭებული აქვს შესაბამისი სპეციალური წოდება და დადებული აქვს პოლიციელის ფიცი.
აღნიშნული ბრძანება განსხვავებულად აწესრიგებს სამინისტროს მოსამსახურისა და სსიპ-ის მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის თუ თანამდებობიდან გათავისუფლების წესს. კერძოდ, აღნიშნული ბრძანების 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან სხვა უფლებამოსილი პირი, ხოლო 71-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, თანამდებობაზე დანიშვნა, თანამდებობიდან გათავისუფლება, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭება ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, თუ არ განხორციელდა ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილებები.
რაც შეეხება, სსიპ-ის მოსამსახურეს, პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ბრძანების 74-ე მუხლით გათვალისწინებულია სპეციალური ნორმები სსიპ-თან დაკავშირებით. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურეთა (გარდა სსიპ-ის უფროსის მოადგილისა) თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებას, ასევე საკუთარი ასიგნებების ფარგლებში შტატგარეშე მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლებას (ხელშეკრულების გაფორმება-შეწყვეტა) ახორციელებს სსიპ-ის ხელმძღვანელი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი. სსიპ „112“-ის დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამავე სსიპ-ის დირექტორი.
პალატა მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით დამტკიცებულ „სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულებაზე“ (სადავო პერიოდში მოქმედი), რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.
დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 21 სექტემბრის №------- ბრძანებით, შსს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ყოფილი უფროსი, პ---–-–--------–-------ი - კო----------------------------------ე დაინიშნა სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს საექსპერტო და ბალისტიკური შემოწმების სამმართველოს უფროსის მოადგილედ.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული ბრძანების მიღებისას გამოყენებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №--- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 74-ე მუხლის პირველი პუნქტი (სსიპ-ის მოსამსახურეთა (გარდა სსიპ-ის უფროსის მოადგილისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება). შესაბამისად, თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, რომლის დისკრეციულ უფლებამოსილებასაც განეკუთვნება, როგორც მოსარჩელის თანამდებობის დანიშვნა, ისე მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებებს, აღნიშნული აქტები მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომლის კომპეტენციაშიც აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება არ შედიოდა.
პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს მიერ სააპელციო საჩივრებში მითითებულ არგუმენტებს და მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მართალია სსიპ მომსახურების სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულია, თუმცა მომსახურების სააგენტოში დასაქმებულ პირთა დანიშვნა - გათავისუფლება დეტალურად არის გაწერილი კანონმდებლობით და აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სსიპ-ის ხელმძღვანელს, შესაბამისად საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე - კ----------------------ის თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება გამოცემული უნდა იქნეს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის და არა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ.
პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლზე და განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონის მოთხოვნათა დარღვევით ყოველთვის არ წარმოშობს მისი არარა აქტად ცნობის საფუძველს. როგორც კანონიერი, ისე უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, განსხვავებით არარა ადმინისტრაციული აქტისაგან, მისი გამოცემის მომენტიდან იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას - საჩივრისა და სარჩელის შეტანის ვადის გასვლის შემდეგ ხდება შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე. ხოლო არარა აქტი გამოცემისთანავე არარაა, ვერ ახდენს იურიდიულ ზემოქმედებას, ანუ იურიდიული ძალის არმქონეა, არ შეუძლია შეცვალოს სამართლებრივი მდგომარეობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის №------- ბრძანება კ----------------------ის „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 ნოემბრის №------- ბრძანება მოსარჩელის „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ მიღებულია არაუფლებამოსილი პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, რაც მოცემული სადავო აქტების არარა აქტებად აღიარების წინაპირობაა.
რაც შეეხება მოთხოვნას - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, კ----------------------ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) საექსპერტო და ბალისტიკური შემოწმების სამმართველოს უფროსის მოადგილის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მოხელე აღდგენილი უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებული იქნა. ამდენად, საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად იმსჯელა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, რომლითაც კ----------------------ე აღდგება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) საექსპერტო და ბალისტიკური შემოწმების სამმართველოს უფროსის მოადგილის ან მის ტოლფას თანამდებობაზე.
რაც შეეხება მოთხოვნას - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს დაეკისროს იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო (განაცდური), გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე, ანაზღაურება, პალატა ვერ დაეთანხმება და ვერ გაიზიარებს აპელანტების არგუმენტებს აღნიშნულ საკითხშიც და მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო. პალატა ასევე, მიუთითებს ამავე კანონის 112-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო.
რაც შეეხება აპელანტების იმ არგუმენტს, რომ სადავო ბრძანების გამოცემის შემდეგ კონსტანტინზე ზარნაძე დასაქმებული იყო სხვა ორგანიზაციაში, სადაც იღებდა თანამდებობრივ სარგოს და რომ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სხვა სამსახურში მიღებული ხელფასის ოდენობა, მათ შორის სხვაობა დაექვემდებაროს ანაზღაურებას და არა სრული განაცდური თანამდებობრივი სარგო, პალატა აღნიშნულ არგუმენტს ვერ გაიზიარებს და მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანებების საფუძველზე მიყენებული ზიანი - იძულებით განაცდური თანამდებობრივი სარგო, ვერ იქნება კომპენსირებული სხვა დამსაქმებლის მიერ გაცემული ხელფასით. მოსარჩელის მიერ სხვა სამსახურში დასაქმების ფაქტი ვერ გააქარწყლებს მოპასუხის პასუხისმგებლობას აანაზღაუროს მიყენებული ზიანი სრული ოდენობით. ამდენად პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და მსჯელობას აღნიშნულ ნაწილშიც.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები:
6.1. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII 3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ძალაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე გიორგი გოგიაშვილი