განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310019002945277
საქმე №3ბ/2546-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნანა დარასელია
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ნ----------ა
წარმომადგენელი - მ----------–--–--–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
წარმომადგენელი - მ-----------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება
1.1 აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ნ----------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
2.1. ნ----------ა 2008 წლის 10 დეკემბრიდან დასაქმებული იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სხვადასხვა თანამდებობაზე.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 22 ივნისის №22/06-4/01/40 ბრძანებით, საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს აპარატის მთავარი მრჩეველი - ნ----------ა, მისივე თანხმობით, გადაყვანილ იქნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის მთავარ მრჩევლად, 2017 წლის 29 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 30 ივნისის №30/06-4/01/6 ბრძანებით, შეტანილი იქნა ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 22 ივნისის №22/06-4/01/40 ბრძანებაში და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის - ნ------------ს თანამდებობა გარდაიქმნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობად.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 17 იანვრის №17/01-4/01/6 ბრძანებით შეტანილი იქნა ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 22 ივნისის №22/06-4/01/40 ბრძანებაში და ნ----------ას თანამდებობრივი სარგო განესაზღვრა 2100 ლარის ოდენობით და მიეცა მოხელის მე-10 კლასის შესაბამისი საკლასო დანამატი - 210 ლარი.
2.2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 27 დეკემბრის №27/12-4/05/3 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 17 იანვრის №17/01-4/05/1 ბრძანებაში. ამავე ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა ბრძანების დანართების შესაბამისად (№№2, 3, 4, 6, 7, 9, 10, 11 და 12).
ბრძანების №4 დანართის თანახმად, საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტი განისაზღვრა 20 საშტატო ერთეულით, მათ შორის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 8 ერთეულით, საიდანაც 2 საშტატო ერთეულზე დასაქმებული პირის კოეფიციენტი განისაზღვრა 2,6-ით და თანამდებობრივი სარგო - 2600 ლარით, 3 საშტატო ერთეულზე დასაქმებული პირის კოეფიციენტი - 2,4-ით და თანამდებობრივი სარგო - 2400 ლარით, 3 საშტატო ერთეულზე დასაქმებული პირის კოეფიციენტი - 2,1-ით და თანამდებობრივი სარგო - 2100 ლარით.
2.3. „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობისა და საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 31 დეკემბრის №31/12-4/05/1 ბრძანებით გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული რეორგანიზაცია, შესაძლო შტატების გადაადგილებით ან/და შემცირებით.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 31 დეკემბრის №31/12-4/05/1 ბრძანება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირებისათვის, მათ შორის, ნ----------ასთვის ცნობილი გახდა 2019 წლის 3 იანვარს. მათ ხელმოწერით დაადასტურეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის, მოსალოდნელი შტატების შემცირებისა და თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლებაზე ინფორმირების შესახებ.
2.4. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 21 იანვრის №21/01-4/05/1 ბრძანებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის გამართულად ჩატარების მიზნით შეიქმნა კომისია, რომელსაც ბრძანების გამოცემიდან ორ კვირაში უნდა უზრუნველეყო ადმინისტრაციის პროფესიულ საჯარო მოხელეებთან გასაუბრება. ამავე ბრძანებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოხელეებთან გასაუბრება წარმართულიყო მათ მიერ 2018 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის განხილვის ფორმატში.
2.5. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის გამართულად ჩატარების მიზნით შექმნილმა კომისიამ, 2019 წლის 31 იანვრის სხდომაზე (ოქმი №6) განიხილა მოხელეებთან გასაუბრების ფორმატი და შესაბამისი გრაფიკი. ამავე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გასაუბრებაზე დაბარებული იქნა საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტში დასაქმებული 18 (თვრამეტი) მოხელე, მათ შორის, ნ----------ა. გასაუბრებაზე გამოცხადდა ყველა დაბარებული თანამშრომელი.
სხდომაზე კომისიამ მოისმინა მოხელეების მიერ 2018 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშები. თითოეულ მოხელეს დაეთმო თანაბრად 15 წუთი საკუთარი ანგარიშის წარსადგენად და დასმულ კითხვებზე პასუხების გასაცემად. კომისიის წევრებმა კითხვები დასვეს კონკრეტული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით. ზეპირი კითხვა- პასუხისა და 2018 წლის მანძილზე შესრულებული სამუშაოს ანგარიშის განხილვის ფორმატში, მოხელეების მიერ აღწერილი იქნა თავიანთი სამუშაო გამოცდილება, მიმდინარე საქმიანობა და შესაბამისი პროცესები, ასევე, გამოითქვა მოსაზრებები აღნიშნული საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ. გასაუბრება გაიმართა ადმინისტრაციის 18 თანამშრომელთან. გასაუბრების პროცედურასთან და/ან მიმდინარეობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ დაფიქსირებულა.
2.6. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ 8 თანამშრომელს, მათ შორის, ნ----------ას 2019 წლის 14 თებერვალს ეცნობა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2019 წლის 15 თებერვალს მობილობის პროცესის დაწყებისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
2.7. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №15/03-4/05/1 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 17 იანვრის №17/01-4/05/1 ბრძანება და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 60 საშტატო ერთეულით. ამავე ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, ბრძანების დანართების შესაბამისად (№№1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12).
ბრძანების №5 დანართის თანახმად, საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი (სამსახური) განისაზღვრა 2 საშტატო ერთეულით, კერძოდ, ცენტრის (სამსახური) ხელმძღვანელი 1 საშტატო ერთეული, რომლის კოეფიციენტი განისაზღვრა 4,4-ით და თანამდებობრივი სარგო - 4400 ლარით და პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 1 საშტატო ერთეულით, რომლის კოეფიციენტი განისაზღვრა 2,1-ით და თანამდებობრივი სარგო - 2100 ლარით.
2.8. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №15/03-4/01/9 ბრძანებით, რეორგანიზაციის გამო სტრუქტურული ერთეულის გაუქმებისა და შესაბამისად, საშტატო თანამდებობის შემცირებასთან დაკავშირებით, ნ----------ა გათავისუფლდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან, 2019 წლის 17 მარტიდან. ამავე ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნ----------ას მიეცა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
2.9. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 30 ივნისის №30/06-4/01/21 ბრძანებით შეტანილი იქნა ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 22 ივნისის №22/06-4/01/40 ბრძანებაში და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის შ------------------ძის თანამდებობა გარდაიქმნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობად.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №15/03-4/01/65 ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 116-ე მუხლის, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცალკეული თანამდების პირებისათვის უფლებამოსილებათა დელეგირებისა და კომპეტენციების გამიჯვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 5 ნოემბრის №05/11/12 განკარგულების პირველი პუნქტისა და „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №15/03-4/05/1 ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შტატით გათვალისწინებული თანამდებობის გაუქმებასთან დაკავშირებით, შ------------------ძე, მისივე თანხმობით გადაყვანილი იქნა იმავე იერარქიული რანგისა და ფუნქციურად მსგავს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (სამსახური) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. ამავე ბრძანებით მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 2100 ლარით და მიეცა მოხელის მე-8 კლასის შესაბამისი საკლასო დანამატი - 168 ლარი.
3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №15/03-4/01/9 ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ნ----------ას მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია დასახლებული მუხლების საფუძველზე, კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ნ----------ას სამსახურში აღდგენის შესახებ და აუნაზღაუროს იძულებით განაცდური, გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისთვის.
სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.
დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ნ----------ა წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დასაქმებულ პირს. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე უნდა გავრცელდეს მითითებული ნორმატიული აქტებით დადგენილი რეგულაციები.
დადგენილია, რომ „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 17 იანვრის №17/01-4/05/1 ბრძანებაში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტში პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 8 ერთეულიდან 2 საშტატო ერთეულზე დასაქმებული პირის კოეფიციენტი განისაზღვრებოდა 2,6-ით და თანამდებობრივი სარგო - 2600 ლარით, 3 საშტატო ერთეულზე დასაქმებული პირის კოეფიციენტი - 2,4-ით და თანამდებობრივი სარგო - 2400 ლარით, 3 საშტატო ერთეულზე დასაქმებული პირის კოეფიციენტი - 2,1-ით და თანამდებობრივი სარგო - 2100 ლარით. ამასთან, ნ----------ას თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 2100 (ორიათასი) ლარს, ასევე, მოხელის მე-10 კლასის შესაბამის საკლასო დანამატს - 210 (ორასათი) ლარს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. ამავე კანონის 103-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.
მითითებული კანონის 104-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საამისოდ უფლებამოსილი პირი. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბიუროს, საჯარო დაწესებულების მოხელეების ინტერესებიდან გამომდინარე.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია, რომ „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობისა და საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 31 დეკემბრის №31/12-4/05/1 ბრძანებით გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული რეორგანიზაცია, შესაძლო შტატების გადაადგილებით ან/და შემცირებით.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 31 დეკემბრის №31/12-4/05/1 ბრძანება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირებისათვის, მათ შორის, ნ----------ასთვის ცნობილი გახდა 2019 წლის 3 იანვარს. მათ ხელმოწერით დაადასტურეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის, მოსალოდნელი შტატების შემცირებისა და თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლებაზე ინფორმირების შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 21 იანვრის №21/01-4/05/1 ბრძანებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის გამართულად ჩატარების მიზნით შეიქმნა კომისია, რომელმაც უზრუნველყო მოხელეებთან გასაუბრება, კერძოდ, კომისიამ მოისმინა მოხელეების მიერ 2018 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშები, მიმდინარე საქმიანობა და შესაბამისი პროცესები, ასევე, გამოითქვა მოსაზრებები აღნიშნული საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ. გასაუბრება გაიმართა ადმინისტრაციის 18 თანამშრომელთან, მათ შორის, მოსარჩელესთან. კომისიამ 2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმში დააფიქსირა, რომ გასაუბრების პროცედურასთან და/ან მიმდინარეობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ დაფიქსირებულა.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №15/03-4/05/1 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 17 იანვრის №17/01-4/05/1 ბრძანება. ამავე ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, ბრძანების დანართების შესაბამისად. ბრძანების №5 დანართის თანახმად, საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი (სამსახური) განისაზღვრა 2 საშტატო ერთეულით, კერძოდ, ცენტრის (სამსახური) ხელმძღვანელი - 1 საშტატო ერთეული, რომლის კოეფიციენტი განისაზღვრა 4,4-ით და თანამდებობრივი სარგო - 4400 ლარით და პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 1 საშტატო ერთეულით, რომლის კოეფიციენტი განისაზღვრა 2,1-ით და თანამდებობრივი სარგო - 2100 ლარით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს ადგილი ჰქონდა თუ არა იმ სტრუქტურულ ერთეულში რეორგანიზაციას და შტატების შემცირებას, სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე, კერძოდ, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციულ ორგანოში განხორციელებული ცვლილების შედეგად რა მდგომარეობაში დარჩა კონკრეტულად მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული.
სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულების მე-4 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულები. გასაჩივრებული აქტის გამოცემამდე მოქმედი მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეულები იყო: ა) საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტი; ბ) იურიდიული დეპარტამენტი; გ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი; დ) პროტოკოლის დეპარტამენტი; ე) დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტი; ვ) კორესპონდენციის მართვის დეპარტამენტი; ზ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი; თ) ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი; ი) საფინანსო დეპარტამენტი; კ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი. ამასთან, ხსენებულ ბრძანებულებაში 2019 წლის 14 მარტს განხორციელებული ცვლილების თანახმად, ადმინისტრაციის პირველად სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენდა: ა) პროტოკოლის სამსახური; ბ) მედიაცენტრი (სამსახური); გ) საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი (სამსახური); დ) იურიდიული სამსახური; ე) დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახური; ვ) მოქალაქეებთან ურთიერთობისა და კორესპონდენციის მართვის სამსახური; ზ) საფინანსო სამსახური; თ) სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულების მე-5 მუხლით (გასაჩივრებული აქტის ამოქმედებამდე მოქმედი რედაქცია) განისაზღვრა თითოეული სტრუქტურული ერთეულის ფუნქციები, კერძოდ, მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის ფუნქციებს წარმოადგენდა: ა) ადმინისტრაციის საბიუჯეტო სახსრებისა და რესურსების ეფექტიანი და ეკონომიური გამოყენების, ინფორმაციისა და ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული აქტივების დაცვის მექანიზმების შეფასება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი წინადადებების მომზადება; ბ) ადმინისტრაციის უფროსის მიერ ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მონიტორინგისა და კოორდინაციის მიზნით, ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; გ) ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი; დ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის საქმიანობის ანალიტიკური უზრუნველყოფა; ე) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის სახსრების მიზნობრივი და რაციონალური ხარჯვის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების მომზადება; საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის ხარჯვის მონიტორინგი და ანგარიშგება ადმინისტრაციის უფროსის წინაშე; ვ) ადმინისტრაციაში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, სტრუქტურული ერთეულების კოორდინაცია ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად; ზ) ქვეყნის შიგნით საქართველოს პრეზიდენტის (საპროტოკოლო ღონისძიებების გარდა), ასევე ადმინისტრაციის უფროსის ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში; თ) ადმინისტრაციის მართვის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრის ხელშეწყობა; ი) ადმინისტრაციის სტრატეგიული განვითარების სხვადასხვა მიმართულების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება, ახალი პროცესების/პროდუქტების დანერგვა კომპეტენციის ფარგლებში; კ) ადმინისტრაციის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (სამსახური) ფუნქციებია: ა) საგარეო ურთიერთობის მიმართულებით საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის ანალიტიკური უზრუნველყოფა; ბ) საქართველოსა და სხვადასხვა სახელმწიფოების ორმხრივი ურთიერთობის პრობლემატიკის კვლევა და ანალიზი; გ) რეგიონულ ჭრილში მიმდინარე პროცესების კვლევა და ანალიზი; დ) საქართველოს მრავალმხრივი საგარეო პოლიტიკის საკითხების კვლევა და ანალიზი; ე) საერთაშორისო და მსოფლიო ანალიტიკური ორგანიზაციების დოკუმენტებში საქართველოს შესახებ შეფასებების მიმოხილვა და ანალიზი; ვ) საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური გამოსვლებისა და მიმართვების ტექსტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; ზ) საერთაშორისო ურთიერთობისა და საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის სფეროში სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; თ) საგარეო პოლიტიკის ანალიზის, საგარეო ურთიერთობისა და სტრატეგიის საკითხებზე მომუშავე აკადემიურ და დამოუკიდებელ კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობა ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით; ი) საერთაშორისო ურთიერთობის და საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის სფეროში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა.
სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის №ბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.
ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის №ბს-311-311 (კ-18) განჩინების თანახმად, „ის გარემოება, რომ შესაძლოა ფუნქციათა ნაწილი ერთმანეთის მსგავსია, არ გულისხმობს იმას, რომ ნ. გ-ას მიერ კონკრეტულ პერიოდში დაკავებული თანამდებობა (დაკისრებული მოვალეობები) თავისი ფუნქციური დატვირთვით კვლავ არსებობდა. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის შედეგად ადგილი ჰქონდა ძველი საშტატო ერთეულის გაუქმებას“.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ მოცემულ შემთხვევაში გაუქმდა საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტი, სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე და შეიქმნა საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი (სამსახური), მსგავსი და არა იდენტური ფუნქციებით. ამასთან, ორივე სტრუქტურულ ერთეულში არსებობდა პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა, თუმცა განსხვავებული ოდენობით, კერძოდ, ცვლილებამდე არსებულ დეპარტამენტში განსაზღვრული 8 საშტატო ერთეულის ნაცვლად ახალ სამსახურში იგი განისაზღვრა 1 შტატით.
სასამართლომ მხარეთა ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 30 ივნისის №30/06-4/01/21 ბრძანებასა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №15/03-4/01/65 ბრძანებაზე. აღნიშნული ბრძანებებით დგინდება, რომ რეორგანიზაციამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დასაქმებული შ------------------ძე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, ასევე, 116-ე მუხლის გათვალისწინებით, მისივე თანხმობით, გადაყვანილი იქნა იმავე იერარქიული რანგისა და ფუნქციურად მსგავს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (სამსახური) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. ამასთან, მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 2100 ლარით და მიეცა მოხელის მე-8 კლასის შესაბამისი საკლასო დანამატი - 168 ლარი.
სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, მოხელის გადაყვანა გულისხმობს მოხელისათვის იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი სხვა ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მინიჭებას იმავე საჯარო დაწესებულებაში ან მის სისტემაში (ჰორიზონტალური გადაყვანა). მოხელის გადაყვანა დასაშვებია: ა) მოხელის ინიციატივით, ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით; ბ) საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის დასაბუთებული გადაწყვეტილებითა და მოხელის თანხმობით. ამასთან, ამავე ნორმატიული აქტის 116-ე მუხლის მიხედვით, მოხელე ქალი არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან მოხელის შეფასების შედეგების გამო.
სასამართლოს მოსაზრებით ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ კანონმდებლობა რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებული პირის გათავისუფლებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს საშტატო ერთეულის სრულად გაუქმებას, როდესაც ამგვარი შტატი იმავე ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს, ხოლო განსახილველ შემთხვევაში გაუქმებული სტრუქტურული ერთეულის ნაცვლად შეიქმნა მსგავსი ფუნქციებით ახალი სტრუქტურული ერთეული, სადაც არსებობდა იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი თანამდებობა, რომელზეც მოსარჩელე გათავისუფლებამდე იყო დასაქმებული, მაგრამ ადგილი ჰქონდა რაოდენობრივ ცვლილებას. უდავო გარემოებებს წარმოადგენს, რომ საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტში პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა არსებობდა 8 შტატით, რომელზეც სხვა პირებთან ერთად დასაქმებულნი იყვნენ ნ----------ა და შ------------------ძე, ხოლო ახლადშექმნილ საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკურ ცენტრში (სამსახური) მითითებული თანამდებობა განისაზღვრა მხოლოდ ერთი ერთეულით და მასზე დასაქმდა შ------------------ძე. იმის გათვალისწინებით, რომ ამ უკანასკნელის გათავისუფლება შეუძლებელი იყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 116-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის გამო, ასევე, სახეზეა რეორგანიზაცია საშტატო ერთეულების შემცირებით (საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი (სამსახური) მხოლოდ ერთი პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობით ჩამოყალიბდა), სასამართლომ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია გასაჩივრებული ბრძანების კანონიერებისა და მოსარჩელის მითითებულ თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის შესახებ. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა- განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე არ იქნა გაზიარებული. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ------------ს სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №15/03-4/01/9 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ასევე დაუსაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
სასამართლომ განმარტა, აქედან გამომდინარეობს, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში. ამასთან, ვინაიდან სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული ბრძანება, ნ----------ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, სასამართლომ აღნიშნა, რომ არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაევალოს მოსარჩელისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი არ იზიარებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გასაუბრების სხდომის ოქმთან მიმართებით სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ გარემოებებს, ვინაიდან ოქში მხოლოდ ზოგადი მითითებებია დეპარტამენტის თანამშრომლებთან ჩატარებული გასაუბრების შესახებ, არ არის დაფიქსირებული კონკრეტული კითხვები და პასუხები თითოეული გასაუბრებაზე დაბარებულ თანამშრომელთა მიმართ და მათ შორის არც აპელანტი ნ----------ას მიმართ. აპელანტი მიუთითებს სასამართლო გადაწყვეტილებაზე (სუსგ Nობს-1284(კ 18)) და თვლის, იმ გარემოების დადგენისათვის, რომ გასაუბრების მიმდინარეობისას თითოეულ კანდიდატთან მიმართებით დასმული შეკითხვები იყო შინაარსობრივად ადეკვატური და თანამშრომლები იმყოფებოდნენ თანაბარ პირობებში, N6 ოქმი ამ ფაქტის დადგენის შესაძლებლობას არ იძლევა.
აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ისე დაადგინა რომ შ------------------ძე და ნ----------ა თანამდებობები ფუნქციური უფლებამოსილებიდან გამომდინარე იყო იდენტური, რომ არ დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტაციას სამუშაო აღწერილობებთან დაკავშირებით. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა თავად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს შესაგებელში დაფიქსირებული პოზიცია, კერძოდ, „...გარდა ამ განყოფილებაში არსებული საშტატო თანამდებობებისა, დეპარტამენტში იყო 1 ხელმძღვანელის, 1- მოადგილის და 8 - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის შტატი. ამასთან, საგარეო ურთიერთობების სფეროში საინფორმაციო-ანალიტიკური და საკორესპონდენციო მასალების მომზადებას უზრუნველყოფდა 3 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ნ----------ა, ს----–---------ე და ა-------------ე.
აპელანტი აღნიშნავს, პრეზინდეტის ადმინისტრაციაში მართლაც განხორციელდა რეორგანიზაციის პროცესი. რეორგანიზაციის პროცესში ადმინისტრაციაში შეიცვალა სტრუქტურა, გაერთიანდა ან გარდაიქმნა ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფები, თუმცა თვლის, რომ სადავოა სწორედ ის გარემოება, რომ უშუალოდ ნ----------ას შტატის გაუქმება, იმ ფუნქციური დატვირთვით, როგორც ეს რეორგანიზაციამდე არსებობდა, მოცემულ რეორგანიზაციას არ მოჰყოლია.
აპელანტი მიიჩნევს, რომ 2019 წლის 15 მარტის რეორგანიზაციის შემდგომ უწყებაში არსებული საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი (სამსახური) იგივე უფლებამოსილების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულია, რა უფლებამოსილებასაც ნ----------ა უშულოდ ასრულებდა წლების განმავლობაში. რეორგანიზაციის შემდგომ არსებული N963 ბრძანებულება იმეორებს იმ უფლებამოსილებას, რაც მანამდე საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის ფუნქცია მოვალეობათა ნაწილს წარმოადგენდა. ცვლილება შეეხო მხოლოდ იმას, რომ აღნიშნული ფუნქციები უფრო დეტალურად გაიწერა ბრძანებულებაში.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს რეორგანიზაციამე საორგანიზაციო მართვისა და კორდინირების დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სამუშაო აღწერილობებზე, რომელიც განსხვავებულ უფლებამოსილებებს უდგენს ამავე დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტებს. აპელანტის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გაანალიზდეს უშუალოდ ნ----------ას უფლებამოსილებები, რასაც იგი გათავისუფლებამდე ასრულებდა. აპელანტი აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოწოდებულ მასალაში ნათლად ჩანს, რომ გათავისუფლებამდე ნ----------ას, როგორც საორგანიზაციო მართვისა და კორდინირების დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ფუნქცია - მოვალეობებს წარმოადგენდა: „საგარეო ურთიერთობის სფეროში საინფორმაციო - ანალიტიკური და საკორესპონდენციო მასალის მომზადება". რეორგანიზაციის შემდგომ არსებული სამუშაო აღწერილობების თანახმად საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (სამსახურის) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის უფლებამოვალობებს წარმოადგენს: „საერთაშორისო და მსოფლიო ანალიტიკური ორგანიზაციების დოკუმენტებში საქართველოს შესახებ შეფასებების მიმოხილვა, შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება და სისტემატიზაცია; საგარეო ურთიერთობის საკითხთან დაკაშვირებული სხვადასხვა მასალის თარგმნა; საგარეო პოლიტიკური პროცესების შესწავლა და ანალიზი; ადმინისტრაციაში შემოსული ანალიტიკური მასალის დამუშავება; ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით შესაბამისი ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და ანალიზი; სოციალურ თემატიკასთან დაკავშირებით ინფორმაციის პერიოდული მოძიება, დამუშავება და ანალიზი; შუალედური გადაწყვეტილებების მიღება, დასახული ამოცანების შესრულებისას და რეკომენდაციების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში; ფსაჭიროების შემთხვევაში შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშის მომზადება; დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და სათანადო დროული რეაგირება, კომპეტენციის ფარგლებში; ორგანიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.“
აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნულ უფლებამოსილებათა ანალიზი მიუთითებს, რომ რეორგანიზაციის შემდგომ უფრო დეტალურად გაიწერა ის უფლებამოსილებები, რასაც მანამდეც ასრულებდა საორგანიზაციო მართვისა და კორდინირების დეპარტამენტი საგარეო პოლიტიკის ანალიზის მიმართულებით ასრულებდა. გარდა ამისა, აპელანტი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის N15/03-4/05/1 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხა ითვალისწინებს საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრში(სამსახური) 1 - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულს. რეორგანიზაციამდე არსებული საშტატო ნუსხით საორგანიზაციო მართვისა და კორდინირების დეპარტამენტში 8 - პირველი კატეგორიის სპეციალისტის საშტატო ერთეული იყო გათვალისწინებული თუმცა სხვადასხვა ფუნქციებით. თუმცა, უშუალოდ იმ ფუნქცია მოვალეობებს, რაც საგარეო პოლიტიკის ანალიზს ეხება, მოიცავდა მოსარჩელე ნ----------ას საქმიანობა.
აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ შ------------------ძეს, რომელიც ამჟამად იკავებს სადავო თანამდებობას, იცავს საჯარო სამსახურის შესახებ 116-ე მუხლი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 116-ე მუხლი არის ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც მიმართულია დაიცვას საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა 3 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური ინტერესები. აპელანტი თვლის, მართალია აღნიშნული მუხლი არაპირდაპირ მიემართება საჯარო მოხელეებს, თუმცა ნორმა სწორედ ბავშვის ინტერესების დაცვასა და მათთვის სოციალური გარანტიების შექმნის მიზანს ემსახურება. შესაბამისად, ამ მუხლის არსებობა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში მისი მიზნიდან გამომდინარე ცალსახად მნიშვნელოვანია. თუმცა, აპელანტი მხარის მხრიდან აღნიშნული დავის მოტივაცია ისაა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვამ არ უნდა შელახოს სხვა პირის უფლებები და ინტერესები. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მართალია დაცული იქნა შ------------------ძის უფლებები, საჯარო სამსახურის 116-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, თუმცა შელახულ იქნა აპელანტ ნ----------ას კონსტიტუციით გარანტირებული შრომითი უფლებები, ვინაიდან, არც მოპასუხე ხდიდა სადავოდ, რომ საგარეო პოლიტიკის ანალიზის მიმართულების უფლებამოსილებებს არა შ------------------ძე, არამედ ნ----------ა ასრულებდა. შესაბამისად, აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული და დასაბუთებული აღნიშნული გარემობები.
ამდენად, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სრულად დაკმაყოფილდეს ნ----------ას სარჩელი.
სამოტივაციო ნაწილი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.2. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება - დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მიიჩნევს მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე მიღებულად, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის პროცესში არ დაურღვევია კანონი, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით დადგენილ საფუძვლებს.
პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტის მიერ 2020 წლის 23 იანვრის სასამართლო სხდომაზე დაზუსტდა მეორე სასარჩელო მოთხოვნა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის საფუძველზე, მან ითხოვა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 25 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 23 სექტემბრის N23/09-4/05/2 ბრძანებაში შეტანილი იქნა ცვლილება საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებში, რომლითაც გაუქმებულია ნ----------ას შტატი, თუმცა ის უფლებამოსილებები, რასაც ნ----------ა ახორციელდებდა გათავისუფლებამდე, კვლავ რჩება და შედის საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებისა და კონსულტანტების, ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირთა უფლებამოსილებებში.
სააპელაციო სასამართლო, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს შეფასდეს, მართლზომიერია თუ არა რეორგანიზაციის მოტივით მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და ხომ არ ჰქონდა ადგილი გათავისუფლების ფორმალურ საფუძველს, რამაც ხელყო საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული შრომის უფლება.
სააპელაციო სასამართლო კვლავ ადასტურებს არაერთ გადაწყვეტილებაში ასახულ მოსაზრებას და თვლის, რომ მიმდინარე სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებები არ შეიძლება გახდეს აღიარებული შრომითი უფლებების ხელყოფის საფუძველი და ნებისმიერი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ე.წ. ,,გონივრულობის“ პრინციპს, რომელიც დაშვებული და გამართლებული უნდა იყოს ქვეყანაში მოქმედი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე.
საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზების სამართლებრივ საფუძვლებს არეგულირებს საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“. მითითებული კანონის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 103-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.
ამავე კანონის 108-ე მუხლის ,,ბ'' ქვეპუნქტი ითვალისწინებს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ხოლო კანონის 110-ე მუხლის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. ამდენად, მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ რეორგანიზაციის შედეგად საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთ კანონისმიერ საფუძვლად მიჩნეულია - შტატების შემცირება.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტაციას შტატების ფუნქციურ დატვირთვასთან დაკავშირებით და მიუთითებს შემდეგზე:
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 17 იანვრის №17/01-4/05/1 ბრძანებაში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტში პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 8 ერთეულიდან 2 საშტატო ერთეულზე დასაქმებული პირის კოეფიციენტი განისაზღვრებოდა 2,6-ით და თანამდებობრივი სარგო - 2600 ლარით, 3 საშტატო ერთეულზე დასაქმებული პირის კოეფიციენტი - 2,4-ით და თანამდებობრივი სარგო - 2400 ლარით, 3 საშტატო ერთეულზე დასაქმებული პირის კოეფიციენტი - 2,1-ით და თანამდებობრივი სარგო - 2100 ლარით. ამასთან, ნ----------ას თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 2100 (ორიათასი) ლარს, ასევე, მოხელის მე-10 კლასის შესაბამის საკლასო დანამატს - 210 (ორასათი) ლარს.
„საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობისა და საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 31 დეკემბრის №31/12-4/05/1 ბრძანებით გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული რეორგანიზაცია, შესაძლო შტატების გადაადგილებით ან/და შემცირებით.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №15/03-4/05/1 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 17 იანვრის №17/01-4/05/1 ბრძანება. ამავე ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, ბრძანების დანართების შესაბამისად. ბრძანების №5 დანართის თანახმად, საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი (სამსახური) განისაზღვრა 2 საშტატო ერთეულით, კერძოდ, ცენტრის (სამსახური) ხელმძღვანელი - 1 საშტატო ერთეული, რომლის კოეფიციენტი განისაზღვრა 4,4-ით და თანამდებობრივი სარგო - 4400 ლარით და პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 1 საშტატო ერთეულით, რომლის კოეფიციენტი განისაზღვრა 2,1-ით და თანამდებობრივი სარგო - 2100 ლარით.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულების მე-4 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულები. გასაჩივრებული აქტის გამოცემამდე მოქმედი მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეულები იყო: ა) საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტი; ბ) იურიდიული დეპარტამენტი; გ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი; დ) პროტოკოლის დეპარტამენტი; ე) დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტი; ვ) კორესპონდენციის მართვის დეპარტამენტი; ზ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი; თ) ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი; ი) საფინანსო დეპარტამენტი; კ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი. ამასთან, ხსენებულ ბრძანებულებაში 2019 წლის 14 მარტს განხორციელებული ცვლილების თანახმად, ადმინისტრაციის პირველად სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენდა: ა) პროტოკოლის სამსახური; ბ) მედიაცენტრი (სამსახური); გ) საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი (სამსახური); დ) იურიდიული სამსახური; ე) დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახური; ვ) მოქალაქეებთან ურთიერთობისა და კორესპონდენციის მართვის სამსახური; ზ) საფინანსო სამსახური; თ) სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულების მე-5 მუხლით (გასაჩივრებული აქტის ამოქმედებამდე მოქმედი რედაქცია) განისაზღვრა თითოეული სტრუქტურული ერთეულის ფუნქციები, კერძოდ, მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის ფუნქციებს წარმოადგენდა: ა) ადმინისტრაციის საბიუჯეტო სახსრებისა და რესურსების ეფექტიანი და ეკონომიური გამოყენების, ინფორმაციისა და ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული აქტივების დაცვის მექანიზმების შეფასება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი წინადადებების მომზადება; ბ) ადმინისტრაციის უფროსის მიერ ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მონიტორინგისა და კოორდინაციის მიზნით, ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; გ) ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი; დ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის საქმიანობის ანალიტიკური უზრუნველყოფა; ე) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის სახსრების მიზნობრივი და რაციონალური ხარჯვის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების მომზადება; საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის ხარჯვის მონიტორინგი და ანგარიშგება ადმინისტრაციის უფროსის წინაშე; ვ) ადმინისტრაციაში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, სტრუქტურული ერთეულების კოორდინაცია ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად; ზ) ქვეყნის შიგნით საქართველოს პრეზიდენტის (საპროტოკოლო ღონისძიებების გარდა), ასევე ადმინისტრაციის უფროსის ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში; თ) ადმინისტრაციის მართვის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრის ხელშეწყობა; ი) ადმინისტრაციის სტრატეგიული განვითარების სხვადასხვა მიმართულების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება, ახალი პროცესების/პროდუქტების დანერგვა კომპეტენციის ფარგლებში; კ) ადმინისტრაციის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (სამსახური) ფუნქციებია: ა) საგარეო ურთიერთობის მიმართულებით საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის ანალიტიკური უზრუნველყოფა; ბ) საქართველოსა და სხვადასხვა სახელმწიფოების ორმხრივი ურთიერთობის პრობლემატიკის კვლევა და ანალიზი; გ) რეგიონულ ჭრილში მიმდინარე პროცესების კვლევა და ანალიზი; დ) საქართველოს მრავალმხრივი საგარეო პოლიტიკის საკითხების კვლევა და ანალიზი; ე) საერთაშორისო და მსოფლიო ანალიტიკური ორგანიზაციების დოკუმენტებში საქართველოს შესახებ შეფასებების მიმოხილვა და ანალიზი; ვ) საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური გამოსვლებისა და მიმართვების ტექსტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; ზ) საერთაშორისო ურთიერთობისა და საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის სფეროში სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; თ) საგარეო პოლიტიკის ანალიზის, საგარეო ურთიერთობისა და სტრატეგიის საკითხებზე მომუშავე აკადემიურ და დამოუკიდებელ კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობა ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით; ი) საერთაშორისო ურთიერთობის და საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის სფეროში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა.
მითითებული რეგულაციების პირობებში სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ კანონმდებლობა რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებული პირის გათავისუფლებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს საშტატო ერთეულის სრულად გაუქმებას, როდესაც ამგვარი შტატი იმავე ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს, ხოლო განსახილველ შემთხვევაში გაუქმებული სტრუქტურული ერთეულის ნაცვლად შეიქმნა მსგავსი ფუნქციებით ახალი სტრუქტურული ერთეული, სადაც არსებობდა იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი თანამდებობა, რომელზეც მოსარჩელე გათავისუფლებამდე იყო დასაქმებული, მაგრამ ადგილი ჰქონდა რაოდენობრივ ცვლილებას.
ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა მოსარჩელის დათხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი. თუმცა, ნ----------ას სააპელაციო საჩივარში შ. ხ--------იძის გადაყვანასთან მიმართებით განცხადებულ არგუმენტაციასთან მიმართებით იზიარებს რა პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 116-ე მუხლზე არგუმენტირებას, საააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებით განმარტოს, რომ რამდენადაც, კანონისმიერი საფუძველი ხშირ შემთხვევაში უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი პირის არჩევანის თავისუფლებას, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პრინციპულია, კანონისმიერი საფუძვლების არსებობის პარალელურად, სუბიექტურობისა და ეჭვის გამორიცხვის მიზნით, დადასტურდეს, რომ მუშაკის დათხოვნა დამყარებულია გონივრულ საფუძველზე, მომდინარეობს დაწესებულების ოპერატიული საჭიროებიდან და არ არის მიმართული ცალკეული ინდივიდის უფლებების ხელყოფისაკენ.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პრინციპული განმასხვავებელი, რაც განაპირობებს სასამართლოს მხრიდან საკითხის კონკრეტულ გადაწყვეტას და აპელანტის პოზიციის უარყოფას, მდგომარეობს იმაში, რომ განსახილველ შემთხვევაში გაუქმდა საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტი, სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე და შეიქმნა საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი (სამსახური), მსგავსი და არა იდენტური ფუნქციებით. ამასთან, ორივე სტრუქტურულ ერთეულში არსებობდა პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა, თუმცა განსხვავებული ოდენობით, კერძოდ, ცვლილებამდე არსებულ დეპარტამენტში განსაზღვრული 8 საშტატო ერთეულის ნაცვლად ახალ სამსახურში იგი განისაზღვრა 1 შტატით.
სასამართლომ მხარეთა ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 30 ივნისის №30/06-4/01/21 ბრძანებასა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №15/03-4/01/65 ბრძანებაზე. აღნიშნული ბრძანებებით დგინდება, რომ რეორგანიზაციამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დასაქმებული შ------------------ძე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, ასევე, 116-ე მუხლის გათვალისწინებით, მისივე თანხმობით, გადაყვანილი იქნა იმავე იერარქიული რანგისა და ფუნქციურად მსგავს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (სამსახური) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. ამასთან, მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 2100 ლარით და მიეცა მოხელის მე-8 კლასის შესაბამისი საკლასო დანამატი - 168 ლარი.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და მარეგულირებებლი აქტების შეფასების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტში პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა არსებობდა 8 შტატით, რომელზეც სხვა პირებთან ერთად დასაქმებულნი იყვნენ ნ----------ა და შ------------------ძე, ხოლო ახლადშექმნილ საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკურ ცენტრში (სამსახური) მითითებული თანამდებობა განისაზღვრა მხოლოდ ერთი ერთეულით და მასზე დასაქმდა შ------------------ძე. იმის გათვალისწინებით, რომ ამ უკანასკნელის გათავისუფლება შეუძლებელი იყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 116-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის გამო, ასევე, სახეზეა რეორგანიზაცია საშტატო ერთეულების შემცირებით (საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი (სამსახური) მხოლოდ ერთი პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობით ჩამოყალიბდა), რა მოცემულობითაც სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოხელის, მიკერძოებულობისაგან დაცვის გარანტად რჩება მხოლოდ შეფასება, შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობა და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება, არსებული საკანონმდებლო რეგულაციების პირობებში, იძლევა თუ არა საკითხის ამ სახით გადაწყვეტის შესაძლებლობას და აკმაყოფილებს თუ არა კანონიერების პრინციპს. სააპელაციო სასამართლო თვლის, შტატების შემცირების და 1 საშტატო ერთეულის პირობებში საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 116-ე მუხლის კანონისმიერი ბოჭვის პირობებში, სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი მოტივაცია, არ ქმნის რომელიმე ზემოაღნიშნული პრინციპის დარღვევის დადასტურების, სადავო აქტის ბათილობისა და გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზარებს აპელანტის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი არ იძლევა ფაქტების ზუსტად ასახვისა და შეფასების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში სხვაგვარი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული, რამეთუ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 21 იანვრის №21/01-4/05/1 ბრძანებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის გამართულად ჩატარების მიზნით კომისია სარეკომენდაციო დანიშნულების მიზნით იქნა შექმნილი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სახეზე იყო რეორგანიზაცია საშტატო ერთეულების შემცირებით. ამდენად, ოქმში, როგორც ფაქტის ამსახველი დოკუმენტისათვის წაყენებული მოთხოვნების - სიზუსტისა და რელევანტურობის არსებობა/არარსებობა, არ ცვლის შტატების შემცირების მოცემულობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლო ნ----------ას მეორე და მესამე სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სახეზე არის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები, ხოლო მოხელის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება პირდაპირ უკავშირდება მოსარჩელის დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის და განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე საკანონმდებლო აქტის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტი - ნ----------ა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ----------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ნანა დარასელია