განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310019002908374
საქმე №3ბ/2880-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნანა დარასელია
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური
წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ც------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება
1.1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ც------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №8-- ბრძანება და მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ც------------ აღდგენილ იქნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტში, სოციალური მუშაკის თანამდებობაზე; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურს დაევალა ც------------ს სასარგებლოდ სამსახურიდან დათხოვნის დღიდან აღდგენამდე პერიოდისათვის განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელო) ანაზღაურება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
2.1. დადგენილია, რომ ც------------ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში დასაქმებული იყო 2003 წლის 2 სექტემბრიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 აგვისტოს №4388 ბრძანებით, 2015 წლის 1 სექტემბრიდან ც------------- გადაყვანილ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილებაში, სოციალური მუშაკის თანამდებობაზე.
2.2. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ოქტომბრის №1917 განკარგულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს მიეცა თანხმობა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები და შრომის ანაზღაურების ფონდები განსაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის MOC 3 18 00004511 ბრძანებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 1 თებერვლის №772 ბრძანება და დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, დანართი №1-ისა და დანართი №2-ის შესაბამისად.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის MOC 3 18 00004511 ბრძანების დანართი №2-ის ამონაწერით დგინდება, რომ სოციალური განყოფილება ჩამოყალიბდა 14 საშტატო ერთეულით, მათ შორის იყო განყოფილების უფროსის 1 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1 405 ლარი), სოციალური მუშაკის 10 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1 065 ლარი) და ფსიქოლოგის 3 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1 065 ლარი).
პენიტენციურ დეპარტამენტში სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოსა და პენიტენციურ დაწესებულებებში სოციალური მუშაკის შტატი განისაზღვრა 124 ერთეულით, მათ შორის, სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოში - 8 შტატი და პენიტენციურ დაწესებულებებში - 116 შტატი.
2.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის №6 პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების სოციალური მუშაკი - ც------------ 2019 წლის 10 იანვარს გაფრთხილებულ იქნა 2019 წლის 15 თებერვლიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და შტატების მოსალოდნელი შემცირებიდან გამომდინარე, სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების/ დათხოვნის შესახებ.
2.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №6 პენიტენციური დაწესებულების სოციალურმა მუშაკმა ც------------მ გაიარა ტესტირება. ტესტირებისას მან მიიღო: ქართულში მაქსიმალური 80 ქულიდან 55 ქულა, უნარებში მაქსიმალური 80 ქულიდან 29 ქულა და პროფესიულში მაქსიმუმი 30 ქულიდან 16 ქულა.
ამავე რეორგანიზაციის ფარგლებში, 2019 წლის 30 იანვარს, 31 იანვარს და 01 თებერვალს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეულ მოსამსახურეებთან, მათ შორის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოსა და პენიტენციური დაწესებულებების სოციალური განყოფილების მოსამსახურეებთან, პენიტენციური დაწესებულებების სექტორისა და არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილების სოციალურ მუშაკებსა და ფსიქოლოგებთან გაიმართა გასაუბრება.
კომისიის თავმჯდომარემ სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსს, უფროსის მოადგილეებს, პენიტენციური დაწესებულებების სოციალური განყოფილებების ყველა მოსამსახურეს განუმარტა, რომ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანების შესაბამისად, გაუქმდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველო, პენიტენციური დაწესებულებების სოციალური განყოფილებები და ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურული ერთეული - მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი, შემდეგი ახალი საშტატო ერთეულებით (განსხვავებული უფლება-მოვალეობებით): უფროსი, უფროსის მოადგილე, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. ამასთან, განემარტათ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები: მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე ზრუნვა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
ამასთან, პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე სოციალური განყოფილების მოსამსახურეებთან, პენიტენციური დაწესებულებების სექტორისა და არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილების სოციალურ მუშაკებსა და ფსიქოლოგებს გასაუბრების მსვლელობისას დაუსვეს შემდეგი ერთგვაროვანი კითხვები: რა არის სოციალური სამუშაო, რა ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებს სოციალური მუშაკი და რა სერვისს უნდა აწვდიდეს; ვინ არის მათი ბენეფიციარი; სად ხედავს თავს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში და თუ წარმოუდგენია თავი მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის სოციალურ მუშაკად.
გასაუბრების ოქმიდან ამონაწერის თანახმად, ზემოხსენებულ კითხვებზე პასუხის გაცემა და სოციალური მუშაკის ფუნქცია-მოვალეობების ჩამოყალიბება, ასევე, პრაქტიკიდან კონკრეტული საქმის მასალების დასახელება გაუჭირდათ მოსამსახურეთა ნაწილს, მათ შორის, №6 პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების სოციალურ მუშაკს ც------------ს. მან კომისიის წინაშე თავი ვერ წარმოაჩინა და გასაუბრებისას აღნიშნა, რომ დაწესებულებაში ასრულებს ადმინისტრაციულ ფუნქციას.
2.5. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 14 თებერვლის №295 განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ოქტომბრის №1917 განკარგულება. ამავე განკარგულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს მიეცა თანხმობა განესაზღვრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები და შრომის ანაზღაურების ფონდები, დანართი №1-ის შესაბამისად, 2019 წლის 15 თებერვლიდან.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის №457 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის №4511 ბრძანება და დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, დანართი №1-ის შესაბამისად.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის №457 ბრძანების დანართი №1-ის ამონაწერით დგინდება, რომ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი ჩამოყალიბდა დეპარტამენტის უფროსის 1 შტატით (თანამდებობრივი სარგო 3 800 ლარი), დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 1 შტატი (თანამდებობრივი სარგო 3 600 ლარი), სოციალური მუშაკის 90 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1 300 ლარი) და ფსიქოლოგის 40 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1200 ლარი).
2.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №8-- ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის №6 პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების სოციალურ მუშაკი ც------------ გათავისუფლდა სამსახურიდან.
2.7. დადგენილია, რომ რეორგანიზაციის დასრულების დროისათვის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტში იყო სოციალური მუშაკის 90 საშტატო ერთეული. აქედან 77 საშტატო ერთეული იყო შევსებული, ხოლო 13 საშტატო ერთეული იყო ვაკანტური. რეორგანიზაციის შემდეგომ, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია- რეაბილიტაციის დეპარტამენტში სოციალურ მუშაკთა საშტატო ერთეულის რაოდენობა არ შეცვლილა.
ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის 1 აპრილის და 2019 წლის 14 აგვისტოს მდგომარეობით, გამოცხადებული იყო კონკურსი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის სოციალური მუშაკის (შემთხვევის მმართველი, სარეაბილიტაციო მომსახურების მიმწოდებელი, შემთხვევის ადმინისტრატორი) თანამდებობებზე, სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში.
3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №8-- ბრძანება, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
სასამართლომ, პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე, უნდა იმსჯელოს შეესაბამება, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს მოსარჩელე ც------------ს მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისა და ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებზე.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ ც------------ დასაქმებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის №6 პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების სოციალური მუშაკის თანამდებობაზე. შესაბამისად, მოსარჩელე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე უნდა გავრცელდეს მითითებული საკანონმდებლო აქტით დადგენილი რეგულაციები.
სასამართლომ უპირველეს ყოვლისა მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულებაზე. დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად, სამსახურს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურიდირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №8-- ბრძანებით, ამავე სამსახურის №6 პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების სოციალური მუშაკი ც------------ გათავისუფლდა სამსახურიდან.
სასამართლომ განმარტა, რომ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილი/ გათავისუფლებულ იქნეს სამსახურის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ ერთეულის, პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ, როგორც საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.
ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ცვლილება, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება და/ან გაუქმება, წარმოადგენს მოხელის გათავისუფლების საფუძველს, ხოლო საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი. აქედან გამომდინარე, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა თუ არა იმ საშტატო ერთეულის შემცირებას/გაუქმებას, რომელზეც მოსარჩელე იყო დასაქმებული, კერძოდ, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციულ ორგანოში განხორციელებული ცვლილების შედეგად, რა მდგომარეობაში დარჩა კონკრეტულად მისი საშტატო ერთეული.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით, კერძოდ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის MOC 3 18 00004511 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, პენიტენციურ დეპარტამენტში სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოსა და პენიტენციურ დაწესებულებებში სოციალური მუშაკის შტატი განისაზღვრა 124 ერთეულით, მათ შორის, სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოში - 8 შტატი და პენიტენციურ დაწესებულებებში - 116 შტატი. ამასთან, №6 პენიტენციურ დაწესებულებაში სოციალური განყოფილება ჩამოყალიბდა 14 საშტატო ერთეულით, მათ შორის იყო განყოფილების უფროსის 1 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1 405 ლარი), სოციალური მუშაკის 10 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1 065 ლარი) და ფსიქოლოგის 3 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1 065 ლარი).
ასევე დადგენილია, რომ განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, გაუქმდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველო, პენიტენციური დაწესებულებების სოციალური განყოფილებები და ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურული ერთეული - მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი. ამასთან, ახლადშექმნილ დეპარტამენტში განისაზღვრა დეპარტამენტის უფროსის 1 შტატი (თანამდებობრივი სარგო 3 800 ლარი), დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 1 შტატი (თანამდებობრივი სარგო 3 600 ლარი), სოციალური მუშაკის 90 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1 300 ლარი) და ფსიქოლოგის 40 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1200 ლარი).
ამდენად, რეორგანიზაციამდე სპეციალურ პენიტენციურ დეპარტამენტში განსაზღვრული სოციალური მუშაკის 116 შტატი გადანაწილებული იყო სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში. ცვლილების შედეგად კი ერთიანად განისაზღვრა სოციალური მუშაკის საშტატო რაოდენობა და მათმა რიცხვმა შეადგინა 90. აქედან გამომდინარე დგინდება, რომ თანამდებობა, რომელიც მოსარჩელეს გათავისუფლებამდე ჰქონდა დაკავებული, მთლიანად არ გაუქმებულა, საშტატო ერთეულთა რაოდენობა შემცირდა.
სასამართლომ მხარეთა ყურადღება გაამახვილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, 2019 წლის 30 იანვარს, 31 იანვარს და 01 თებერვალს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეულ მოსამსახურეებთან, მათ შორის, სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოსა და პენიტენციურ დაწესებულებების სოციალური განყოფილებების სოციალურ მუშაკებთან და ფსიქოლოგებთან გამართული გასაუბრების ოქმზე. მასში აღნიშნულია, რომ კომისიის თავმჯდომარემ სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსს, უფროსის მოადგილეებს, პენიტენციური დაწესებულებების სოციალური განყოფილებების ყველა მოსამსახურეს განუმარტა, რომ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანების შესაბამისად, გაუქმდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველო, პენიტენციური დაწესებულებების სოციალური განყოფილებები და ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურული ერთეული - მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი, შემდეგი ახალი საშტატო ერთეულებით (განსხვავებული უფლება-მოვალეობებით): უფროსი, უფროსის მოადგილე, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. ამასთან, განემარტათ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები: მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე ზრუნვა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-12 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია სოციალური განყოფილების ფუნქციები, კერძოდ: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი საქმისწარმოება და სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მათი ახლო ნათესავის მიღება და მათთვის საჭირო/მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადების, მოთხოვნისა და საჩივრის განხილვა, კოორდინაციის გაწევა და მათზე რეაგირება; დ) ბრალდებულისაგან/მსჯავრდებულისგან მიღებული წერილის გაგზავნამდე, აგრეთვე შემოსული წერილის ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადაცემამდე შენახვა და მიმოწერის საიდუმლოების დაცვა; ე) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის საბიბლიოთეკო მომსახურებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ვ) მოშიმშილე ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან შესაბამისი მუშაობის წარმოება; ზ) სუიციდის რისკის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოვლენასა და მათთვის ფსიქოსოციალური დახმარების გაწევაში სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის საქმიანობისთვის ხელშეწყობა; თ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა დახასიათების მომზადება; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აპელირება სოციალური განყოფილებების ლიკვიდაციასა და ერთიანი ცენტრალიზებული სახით სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბების შედეგად მოსარჩელის ავტომატურად სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველთან დაკავშირებით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში შეიცვალა საჯარო დაწესებულების სტრუქტურა, თუმცა გაუქმებული სტრუქტურული ერთეულების მსგავსი ფუნქციებით ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურული ერთეული, რაოდენობრივად შემცირებული საშტატო ერთეულებით. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ც------------ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მან გადაწყვეტილების მიღებისას არ იმსჯელა ახლადშექმნილ სტრუქტურულ ერთეულში არსებული მსგავსი ფუნქციების მქონე თანამდებობაზე, თუ რატომ არ იყო ც------------ს დასაქმების შესაძლებლობა, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც რეორგანიზაციის შემდეგ 13 საშტატო ერთეული დარჩა ვაკანტური სახით.
სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებული ტესტირების შედეგსა და სპეციალური კომისიის გასაუბრების ოქმზე მოპასუხის მითითება, ვინაიდან მასზე საუბარი არ არის გასაჩივრებულ ბრძანებაში. გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი თუ აღნიშნული გახდა საფუძველი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებისა, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრებოდა ვალდებულება წინაწარ განესაზღვრა, თუ რა კრიტერიუმებით მოხდებოდა ამ პირთა შეფასება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, სასამართლომ ვერ გაიზიარა სპეციალური კომისიის გასაუბრების ოქმში დაფიქსირებული ის გარემოება, რომ ოქმში მითითებულ კითხვებზე ც------------ს პასუხების გაცემა და ფუნქცია-მოვალეობების ჩამოყალიბება გაუჭირდა ანდა მან ვერ წარმოაჩინა თავი კომისიის წინაშე. სასამართლომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს საყურადღებოდ აღნიშნა, რომ გასაუბრების პროცესი არის შეფასებითი და საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის, ხსენებული გასაუბრების ოქმით არ დასტურდება კონკრეტულად დასმული კითხვების შინაარსი ან/და მოსარჩელის მხრიდან მათზე გაცემული პასუხები, ისევე როგორც ტესტირების შედეგებით ახალ საშტატო ერთეულთან არსებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში აუცილებელი იყო დასაქმებული პირების შეფასების კრიტერიუმების წინასწარ განსაზღვრა და გასაუბრების პროცესის ობიექტურად წარმართვის დამადასტურებელი დოკუმენტის შექმნა, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია.
სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.
სასამართლო მიუთითა, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ამდენად, სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზების პირობებში მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №8-- ბრძანება, ც------------ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან იგი მიღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამასთან, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ იქნა დათხოვნილი/გათავისუფლებული, ექვემდებარება სამსახურში აღდგენას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებული პირის განცხადება სამსახურში აღდგენის შესახებ.
ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის22 თებერვლის №8-- ბრძანება, ც------------ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც იგი აღდგენილ იქნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია- რეაბილიტაციის დეპარტამენტში, სოციალური მუშაკის თანამდებობაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ, ასევე დასაბუთებულია მხარის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
სასამართლომ განმარტა, რომ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი/გათავისუფლებული სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს იძულებით გაცდენილი პერიოდისათვის ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
აღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარეობს, რომ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია სამსახურში აღდგენასთან. ვინაიდან, მოცემული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ც------------ს გათავისუფლების შესახებ მიღებული ბრძანება და ამავე დროს, საჯარო დაწესებულებას დაევალა მისი კონკრეტულ თანამდებობაზე აღდგენა, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა მოსარჩელის სამსახურში იძულებითი არყოფნის პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველი. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ იძულებითი განაცდური მოიცავს ხელფასის ისეთ განაკვეთებს, რომლის მიღება გარანტირებულია საჯარო მოხელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში და არ არის დამოკიდებული შრომის შედეგებზე, სხვა ფაქტორებზე. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს ც-------------ს სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან აღდგენამდე პერიოდისათვის.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი განმარტავს, რომ განხორციელებულმა რეორგანიზაციამ გამოიწვია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი საშტატო რიცხოვნობის დამტკიცება. განხორციელებული ცვლილებების თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებებში ლიკვიდირებულ იქნა საოციალური განყოფილებები და ჩამოყალიბდა ცენტრალიზებული მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია რეაბილიტაციის დეპარტამენტი, რასაც მოჰყვა შტატების შემცირება.
პენიტენციურ დეპარტამენტში სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოსა და პენიტენციურ დაწესებულებებში სოციალური მუშაკის 124 საშტატო ერთეული იყო, 8 საშტატო ერთეული სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოში და პენიტენციურ დაწესებულებებში 116.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის N457 ბრძანებით (დანართი N1) დასტურდება ის გარემოება რომ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია რეაბილიტაციის დეპარტამენტში სოციალური მუშაკების საშტატო ერთეულების რაოდენობა შემცირდა და ნაცვლად 116-ისა განისაზღვრა 90.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის N8-- ბრძანების თანახმად, ც------------ დათხოვნილ იქნა სამსახურიდან, რეორგანიზაციის საფუძველზე, შტატების შემცირების გამო.
აპელანტი აღნიშნავს, რომ სადავო გადაწყვეტილებაში სასამართლო აქცენტს აკეთებს ბრძანების სათანადოდ დასაბუთებაზე, გადაწყვეტილებაში საუბარი არის თანამშრომლებთან ჩატარებულ გასაუბრებაზე, სადაც სასამართლო მიუთითებს რომ გასაუბრების ოქმის ამონაწერი არის ბუნდოვანი. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა უშუალოდ ც------------ს გასაუბრების დეტალებზე, კერძოდ იმ საკითხზე, რომ დაწესებულების სოციალურმა მუშაკმა გასაუბრებაზე განაცხადა, რომ დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში ასრულებდა ადმინისტრაციულ ფუნქციებს.
აპელანტი განმარტავს, რომ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმის შინაარსს განსაზღვრავს თითოეული საჯარო დაწესებულება თავისი სპეციფიკისა და რეორგანიზაციის მიზნიდან გამომდინარე. ც------------ს სამსახურიდან გათავისუფლება განაპირობა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განხორციელებულმა სტრუქტურულმა რეორგანიზაციამ, რომელიც უშუალოდ შეეხო მანამდე მის მიერ დაკავებულ თანამდებობას.
აპელანტი თვლის, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის N8-- ბრძანება, ც------------ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სრულად შეესაბამება კანონმდებლობით განსაზრვრულ მოთხოვნებს და არ არსებობს მისი ბათილობის ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.2. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება - დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მიიჩნევს მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე მიღებულად, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის პროცესში არ დაურღვევია კანონი, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით დადგენილ საფუძვლებს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ლიკვიდირებულ იქნა საოციალური განყოფილებები და ჩამოყალიბდა ცენტრალიზებული მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია რეაბილიტაციის დეპარტამენტი, რასაც მოჰყვა შტატების შემცირება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების შეჯერება აძლევს საფუძველს დაადასტუროს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და თვლის, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
პალატა განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.
კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისა და ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებზე.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ ც------------ დასაქმებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის №6 პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების სოციალური მუშაკის თანამდებობაზე. შესაბამისად, მოსარჩელე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე უნდა გავრცელდეს მითითებული საკანონმდებლო აქტით დადგენილი რეგულაციები.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 103-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.
ამავე კანონის 108-ე მუხლის ,,ბ'' ქვეპუნქტი ითვალისწინებს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ხოლო კანონის 110-ე მუხლის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. ამდენად, მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ რეორგანიზაციის შედეგად საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთ კანონისმიერ საფუძვლად მიჩნეულია - შტატების შემცირება.
ანალოგიური შინაარსის დანაწესს შეიცავს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის 31-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილი/ გათავისუფლებულ იქნეს სამსახურის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ ერთეულის, პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო.
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით სწორად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ, როგორც საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.
საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ცვლილება, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება და/ან გაუქმება, წარმოადგენს მოხელის გათავისუფლების საფუძველს, ხოლო საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი. აქედან გამომდინარე, სადავო აქტის კანონიერების შემოწმების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, დადგინდეს განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა თუ არა იმ საშტატო ერთეულის შემცირებას/გაუქმებას, რომელზეც მოსარჩელე იყო დასაქმებული, კერძოდ, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციულ ორგანოში განხორციელებული ცვლილების შედეგად, რა მდგომარეობაში დარჩა კონკრეტულად მისი საშტატო ერთეული.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით, კერძოდ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის MOC 3 18 00004511 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, პენიტენციურ დეპარტამენტში სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოსა და პენიტენციურ დაწესებულებებში სოციალური მუშაკის შტატი განისაზღვრა 124 ერთეულით, მათ შორის, სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოში - 8 შტატი და პენიტენციურ დაწესებულებებში - 116 შტატი. ამასთან, №6 პენიტენციურ დაწესებულებაში სოციალური განყოფილება ჩამოყალიბდა 14 საშტატო ერთეულით, მათ შორის იყო განყოფილების უფროსის 1 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1 405 ლარი), სოციალური მუშაკის 10 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1 065 ლარი) და ფსიქოლოგის 3 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1 065 ლარი).
ასევე დადგენილია, რომ განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, გაუქმდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველო, პენიტენციური დაწესებულებების სოციალური განყოფილებები და ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურული ერთეული - მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი. ამასთან, ახლადშექმნილ დეპარტამენტში განისაზღვრა დეპარტამენტის უფროსის 1 შტატი (თანამდებობრივი სარგო 3 800 ლარი), დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 1 შტატი (თანამდებობრივი სარგო 3 600 ლარი), სოციალური მუშაკის 90 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1 300 ლარი) და ფსიქოლოგის 40 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1200 ლარი).
ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ რეორგანიზაციამდე სპეციალურ პენიტენციურ დეპარტამენტში განსაზღვრული სოციალური მუშაკის 116 შტატი გადანაწილებული იყო სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში. ცვლილების შედეგად კი ერთიანად განისაზღვრა სოციალური მუშაკის საშტატო რაოდენობა და მათმა რიცხვმა შეადგინა 90. აქედან გამომდინარე დგინდება, რომ თანამდებობა, რომელიც მოსარჩელეს გათავისუფლებამდე ჰქონდა დაკავებული, მთლიანად არ გაუქმებულა, შემცირდა საშტატო ერთეულთა რაოდენობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში შეიცვალა საჯარო დაწესებულების სტრუქტურა, თუმცა გაუქმებული სტრუქტურული ერთეულების მსგავსი ფუნქციებით ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურული ერთეული, რაოდენობრივად შემცირებული საშტატო ერთეულებით. შესაბამისად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ც------------ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მან გადაწყვეტილების მიღებისას არ იმსჯელა ახლადშექმნილ სტრუქტურულ ერთეულში არსებული მსგავსი ფუნქციების მქონე თანამდებობაზე, თუ რატომ არ იყო ც------------ს დასაქმების შესაძლებლობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც რეორგანიზაციის შემდეგ 13 საშტატო ერთეული დარჩა ვაკანტური სახით.
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის მარეგულირებელი აქტებით განსაზღვრული საშტატო ერთეულებისა და მათი ფუნქციური დატვირთვის მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლო კვლავ მიაქცევს ყურადღებას სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების დანაწესს, რომელიც შტატების შემცირებას მიიჩნევს გათავისუფლების თანმდევ და უპირობო საფუძვლად და თვლის, რომ აპელანტის არგუმენტაცია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ლიკვიდირებულ იქნა საოციალური განყოფილებები და ჩამოყალიბდა ცენტრალიზებული მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია რეაბილიტაციის დეპარტამენტი, რასაც მოჰყვა შტატების შემცირება, წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ რეგულაციებთან არასწორ მისადაგებას, აპელანტის მხრიდან ადგილი აქვს ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივად არასწორ შეფასებას, რომელიც არ გამომდინარეობს მარეგულირებელი აქტის შინაარსიდან.
სააპელაციო სასამართლოს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში ადგილი არ ჰქონია შტატების შემცირებას აძლევს საფუძველს, დაადასტუროს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება ც------------ს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობის თაობაზე და თვლის, რომ სადავო აქტი არ შეესაბამება მისი გამოცემის ფაქტობრივ და მატერიალურ საფუძვლებს, რაც ქმნის მისი ბათილობის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით დადგენილ საფუძვლებს. შესაბამისად, არ არსებობს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის გაზიარების, მისი დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გასაუბრების ოქმების შინაარსზე აპელირებას და მიუთითებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №8-- ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებზე. კერძოდ დადგენილია, რომ სადავო აქტით მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს შტატების შემცირება, რა პირობებშიც მხარის არგუმენტაციას გასაუბრების თაობაზე, არარელევანტურია და არ არსებობს ამ მიმართებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლო ც------------ს მეორე და მესამე სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სახეზეა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები, ხოლო მოხელის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება პირდაპირ უკავშირდება მოსარჩელის დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, შესაბამისად, ასევე საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის და განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს მოცემული საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; ხოლო თავის მხრივ აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ უნდა იქნას მიჩნეული.
6. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ნანა დარასელია