განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310017002184132
საქმე N3/ბ-314-19წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტი – რ---–-----------ე
წარმომადგენელი – გ--–----------ე
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი – ზ---------–----ე
მესამე პირი – შპს ,,ბ---------------------------–-’’
წარმომადგენელი – ი-----–------–---ე
დავის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახლი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2017 წლის 22 ნოემბერს რ---–-----------ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი კომისიის 2017 წლის 24 ოქტომბრის №--- განკარგულება და კომისიას დავალებოდა გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რ---–-----------ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ქალაქ ბათუმში, ბ----ს ქუჩის N33-ში მდებარე 93.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 33.75 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობაზე;
სარჩელის მიხედვით, რ---–-----------ე ქ. ბათუმში, ბ----ს ქუჩის N33-ში ფლობს 93.00 კვ.მ. ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელზეც თვითნებურად ააშენა 33.75 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობა. 2013 წელს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას და მოითხოვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარება. კომისიის 2015 წლის 01 ოქტომბრის N-- საოქმო გადაწყვეტილებით რ---–-----------ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 01 ოქტომბრის N-- საოქმო გადაწყვეტილება რ---–-----------ის მიერ გასაჩივრდა სასამართლო წესით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის N3/679-15 გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა კომისიის 2015 წლის 01 ოქტომბრის N-- საოქმო გადაწყვეტილება და კომისიას დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის არსებითი გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რ---–-----------ის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის N3/679-15 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ კვლავ განიხილა მოსარჩელე რ---–-----------ის მოთხოვნა ქალაქ ბათუმში, ბ----ს ქუჩის N33-ში მდებარე 93.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 33.75 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. კომისიის 2017 წლის 24 ოქტომბრის №--- განკარგულებით, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ დასაბუთებით, რომ რ---–-----------ის მიერ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა საზოგადოებრივ და სატრანსპორტო ზონაში, რომლის მომიჯნავედაც განთავსებული იყო მაგისტრალური მილსადენები.
მოსარჩელე თვლის, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 24 ოქტომბრის №--- განკარგულება დაუსაბუთებელია, მისი გამოცემისას დარღვეულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მომზადებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს ,,ბ---------------------------–-’’.
მოპასუხე ქ.ბათუმის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული აქტი მიღებული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
მესამე პირის შპს ,,ბ---------------------------–-ს’’ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს ,,ბ---------------------------–-ს’’ კუთვნილი მილსადენები და მილსადენის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი კომპანიას უზუფრუქტის უფლებით გადაცემული ჰქონდა ქ.ბათუმის მერიისგან უფლებაუნარიანობის მთელი ვადით, ხოლო მისი მიმდებარე მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა ბუფერულ ზონებს და მასზე სარემონტო ან სხვა სახის სამუშაოების საწარმოებლად და ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით აუცილებელი იყო ასეთი ზონების არსებობა და მილსადენთან შეუზღუდავი დაშვება. ამასთან წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სადავო მიწის ნაკვეთთან განთავსებული გაზსადენი არ წარმოადგენდა მაგისტრალურ მილსადენს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით რ---–-----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 155-170).
ამ დასკვნამდე საქალაქო სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1.1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,ბ------------–-----------–--–-----“ შორის, 2006 წლის 28 აპრილს გაფორმებული უზუფრუქტის ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ,,ბ------------–-----------–--–-----“ სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაეცა ქ. ბათუმში, ,,თხევადი აირის ტერმინალიდან“ შპს ,,ბ------------–-----------–--–-----“ მილსადენებამდე მაბლოკირებელი მილსადენის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი შეადგენს 0,25 ჰა. რ---–-----------ის მიერ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი, ქ. ბათუმში, ბ----ს ქუჩა N33-ში მდებარე სადავო უძრავი ქონების მიმდებარედ გადის შპს ,,ბ---------------------------–-ს“ კუთვნილი მილსადენები;
2.1.2. 2013 წელს, რ---–-----------ემ განცხადებით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას და მოვითხოვა მის მიერ ქალაქ ბათუმში, ბ----ს ქუჩის N33-ში, თვითნებურად დაკავებულ 93.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 33.75 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარება. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 01 ოქტომბრის N-- საოქმო გადაწყვეტილებით, რ---–-----------ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. რ---–-----------ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა კომისიის 2015 წლის 01 ოქტომბრის N-- საოქმო გადაწყვეტილების ბათილობა და ახალი აქტის გამოცემა.
2.1.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 მარტის №(3/679-15)010310015001145859 გადაწყვეტილებით, რ---–-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 01 ოქტომბრის N-- საოქმო გადაწყვეტილება რ---–-----------ეზე ქ. ბათუმში, ბ----ს ქუჩის N33-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში; კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ბათუმში, ბ----ს ქუჩის N33-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე რ---–-----------ის მოთხოვნასთან დაკავშირებით;
2.1.4. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრების 2017 წლის 20 სექტემბრის მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების აქტის თანახმად, დათვალიერებულ იქნა რ---–-----------ის მიერ კომისიაში წარდგენილი აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის მიხედვით ქალაქ ბათუმში, ბ----ს ქუჩა N33-ში მდებარე 93.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთი მოქცეულია ერთიან ღობეში, მასზე განთავსებულია სანაპირო ზოლის გამაგრების დამხმარე ნაგებობა, გაზის ხაზოვანი ნაგებობა, ამასთან ნაკვეთი მდებარეობს სანაპირო ზოლის სიახლოვეს.
2.1.5. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 24 ოქტომბრის N--- განკარგულებით, განხილულ იქნა რ---–-----------ის 2017 წლის 16 ივნისის N-------- განცხადება საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 01 ოქტომბრის N-- საოქმო გადაწყვეტილების (რ---–-----------ის ნაწილში) ბათილად ცნობის და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა ქალაქ ბათუმში, ბ----ს ქუჩის N33-ში მდებარე 93.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 33.75 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონით, საქართველოს მთვარობის 2016 წლის 28 ივლისის №376 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ და განმარტა, რომ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დასადასტურებლად და დაინტერსებული პირის სასარგებლოდ მის დასაკანონებლად აუცილებელია კუმულატიურად ორი ფაქტორის არსებობა: პირველი - მიწის ნაკვეთზე, რომლის მომიჯნავედ მოხდა მიწის ნაკვეთის დაუფლება, განთავსებული უნდა იყოს საცხოვრებელი სახლი ან რაიმე შენობა და მეორე - დაუფლებული მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე.
საქალაქო სასამართლომ ადგილზე დათვალიერების ოქმზე მითითებით დაადგინა, რომ რ---–-----------ის მიერ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო ერთიან ღობეში, მასზე განთავსებული იყო სანაპირო ზოლის გამაგრების დამხმარე ნაგებობა, ნაკვეთი მდებარეობდა სანაპირო ზოლის სიახლოვეს და მიმდებარედ გადიოდა შპს ,,ბ---------------------------–-ს“ კუთვნილი მილსადენები, რა გარემეობაც ,,მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესი და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N365 დადგენილებისა და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, გამორიცხავდა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარების შესაძლებლობას, შესაბამისად სასამართლომ დაასკვნა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რა გარემოებაც რ---–-----------ის სარჩელის ურყოფის საფუძველს წარმოდგენდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა რ---–-----------ემ, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, შემდეგი საფუძვლებით:
3.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ ასახა საქმისათვის მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, საქმის არსებითი განხილვისას, 2019 წლის 08 ივლისის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მესამე პირის, შპს ,,ბ------------–-----------–--–----’’-ს წარმომადგენელმა მიუთითა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ორ ფაქტობრივ გარემოებაზე; პირველი, რომ ის გაზსადენი, რომლის გამოც ბათუმის აღიარების კომისიამ უარი უთხრა რ---–-----------ეს მის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე, არ წარმოადგენდა მაგისტრალურ მილსადენს, და მეორე, რომ ამ გაზსადენსა და რ---–-----------ის მიერ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს შორის არსებული დაშორება შეადგენდა 4 მეტრს, რაც გაზსადენთან შეუზღუდავი დაშვებისათვის სავსებით საკმარისი იყო;
3.1.2. აპელანტის მოსაზრებით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაა ის, რომ გაზსადენი, რომლის გამოც მას (რ---–-----------ეს) უარი ეთქვა მის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, არ წარმოადგენდა მაგისტრალურ მილსადენს. შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო ამ ფაქტობრივ გარემოებისათვის მიეცა სამართლებრივი შეფასება და ისე მიეღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
აპელანტის მითითებით, გაზსადენის დაცვის ზონების დადგენის მიზნით ვერ იქნებოდა გამოყენებული ,,მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესი და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N365 დადგენილება, რადგან აღნიშნული დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წესი ადგენს მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) და მაგისტრალურ მილსადენებთან დაკავშირებული ობიექტების დაცვის ზონებს და ამ ზონებში მოქმედ შეზღუდვებსა და რეგულირების პირობებს. მე-2 პუნქტის თანახმად, წესის მიზანია მაგისტრალური მილსადენების და მაგისტრალურ მილსადენებთან დაკავშირებული ობიექტების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა, ექსპლუატაციის უსაფრთხო პირობების შექმნა, სანიტარიული ნორმების დაცვა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ეს წესი გამოიყენება მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის) და მაგისტრალურ მილსადენებთან დაკავშირებული ობიექტების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს, ასევე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე შესაბამის სამუშაოთა წარმოებისას. ანუ, რადგან შპს "ბ------------–-----------–---–----"-ს გაზსადენი არ არის მაგისტრალური მილსადენი, მასთან დაკავშირებული არცერთი საკითხის რეგულირებისას არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული ,,მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესი და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N365 დადგენილება და "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო’’ ქვეპუნქტი;
3.1.3. აპელანტის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N365 დადგენილებით დამტკიცებული "მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესი და მათი დაცვის ზონების" თანახმად, მილსადენი, რომელიც გათვალისწინებულია ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისათვის, მაგრამ გამოიყენება მათი განაწილებისათვის და მომხმარებლისათვის მისაწოდებლად, წესის მიზნებისათვის არ წარმოადგენს მაგისტრალურ მილსადენს. მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ სადავო გაზსადენი განკუთვნილია თხევადი გაზის ტრანსპორტირებისათვის, ხოლო თხევადი გაზის ტრანსპორტირება ხდება არა უწყვეტად, არამედ თხევადი გაზი იტვირთება რკინიგზის ვაგონებზე, მიწოდების ადგილიდან ვაგონებით ხდება მისი ტრანსპორტირება ბათუმამდე, ამის შემდეგ თხევადი გაზი ინახება ტერმინალის საცავებში, ხოლო შემდეგ ან პირდაპირ ვაგონებიდან, ანა აღნიშნული გაზსადენი მილით ხდება მისი გემზე დატვირთვა. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ისიც, რომ გაზის მესაკუთრე შესაძლებელია იყოს არა მწარმოებელი, არამედ შემძენი, რომელიც სადავო მილსადენით ტრანსპორტირებას ახდენს შპს "ბ------------–-----------–--–----’’-სთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების საფუძველზე.
3.1.4. აპელანტის მსჯელობით, რომც ჩაითვალოს აღნიშნული გაზსადენი მაგისტრალურ მილსადენად, აღიარების კომისიის სადავო აქტი არის უკანონო. კერძოდ, დადასტურებულია, რომ აღიარების კომისიის მიერ რ---–-----------ეს ქ. ბათუმში, ბ----ს ქ. 333-ში მდებარე 93.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული 33.75 კვ.მ. შენობა-ნაგებობის საკუთრების უფლებით აღიარებაზე უარი ეთქვა იმის გამო, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობდა შპს ,,ბ------------–-----------–--–----"-ს საკუთრებაში არსებული თხევადი გაზსადენის დაცვის 4 მეტრიან ზონაში. საქმეში არსებული აზომვითი ნახაზით დადასტურებულია, რომ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობა ერთი გაზსადენიდან დაშორებულია 5.2 მეტრით, ხოლო მეორე გაზსადენიდან დაშორებულია 5.40 მეტრით. მაგისტრალური მილსადენების დაცვის ზონებს ადგენს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N365 დადგენილების მე-4 მუხლი, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაცვის I ზონა ვრცელდება მაგისტრალური მილსადენის ღერძიდან და/ან მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტის პერიმეტრიდან 4 მეტრზე ყველა მხარეს; მე-3 პუნქტის თანახმად კი, დაცვის II ზონა ვრცელდება I ზონის გარეთა საზღვრიდან ა) 21 მეტრზე - მაღალი წნევის გაზსადენისთვის; ბ) 11 მეტრზე - დაბალი წნევის გაზსადენებისათვის მუშა წნევით 1.2 მგპა-დან 1.6 მგპა-ს ჩათვლით; გ) 6 მეტრზე - დაბალი წნევის გაზსადენებისთვის მუშა წნევით 0.3 მგპა-დან 1.2 მგპა-ს ჩათვლით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის მითითებული საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი თხევადი გაზის მილსადენის დაცვის რომელ ზონაში მდებარეობდს. სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა აღიარების კომისიის პოზიცია, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობდა მილსადენის დაცვის 4 მეტრიან ზონაში, რაც უსწოროა. აღნიშნულის გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უპირობოდ ექვემდებარება გაუქმებას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 24 ოქტომბრის N--- განკარგულება და კომისიას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ---–-----------ის განცხადებასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევას - გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. შესაბამისად სააპელაციო პალატა უფლებამოსილია, საქმის პირველი ინსტანციისათვის დაბრუნების გარეშე, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ დავაზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება.
მითითებული კანონის პირველი და მეორე მუხლების და ამავე კანონის რეალიზების მიზნით გამოცემული საქართველოს მთვარობის 2016 წლის 28 ივლისის №376 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ პირველი მუხლის თანახმად, აღნიშნული ნორმატიული აქტების მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
როგორც ნორმის შინაარსი ცხადყოფს, კანონის რეგულაცია შეეხება ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის მართლზომიერი მფლობელობიდან (სარგებლობიდან), ასევე მიწის თვითნებურად დაკავებიდან.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე რ---–-----------ის მოთხოვნა უკავშირდებოდა მიწის ნაკვეთზე თვითნებური დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარებას; კერძოდ, იგი ითხოვდა ქ.ბათუმში, ბ----ს ქუჩის N33-ში მდებარე 93.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 33.75 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებას.
საქმის მასალებით დადგენილია და არც აპელანტის პროცესუალური მოწინააღმდეგე ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე 2007 წლამდე ფლობდა და დღესაც ფლობს ქ. ბათუმში, ბ----ს ქუჩის N33-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც შემოღობილია და მასზე განთავსებულია კაპიტალური შენობა-ნაგებობა.
ასევე დადგენილია, რომ თავდაპირველად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 01 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებით მოსარჩლეს მითითებული უძრავი ქონების საკუთრებაში აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ კომისიის მითითებით, დასახელებული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ზღვის სიახლოვეს, ასევე წარმოადგენდა სატრანსპორტო და საზოგადოებრივ სივრცეს, რისი აღიარებაც ეწინააღმდეგებოდა მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას. აღნიშნული პოზიცია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით მიჩნეული იქნა დაუსაბუთებლად და სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით კომისიას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
კომისიის 2017 წლის 24 ოქტომბრის №--- განკარგულებით, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა კვლავ არ დაკმაყოფილდა იმ დასაბუთებით, რომ რ---–-----------ის მიერ საკუთრების უფლებით აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, განმცხადებლის მიერ არ იყო გათვალიწინებული მილსადენის დაცვის ზონები, ამასთან სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ზვის ნანაპირო ზოლში და მასში მოქცეული იყო ნაპირის წყლისაგან დამცავი ნაგებობა.
პალატა აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
პალატა განმარტავს, რომ მითითებული სამართლებრივი აქტის კონკრეტულ ურთიერთობაზე გასავრცელებლად სავალდებულო პირობაა საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს სახელმწიფოს საკუთრებას და საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდეს მისი თვითნებურად ფლობის ფაქტი, ამასთან იგი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული. ამავე ნორმის მიხედვით ასევე აუცილებელია მასზე განთავსებული იყოს საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ან იმყოფებოდეს დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ და მისი განკარგვა არ ეწინააღმდეგებოდეს მითითებული კანონით დადგენილ პირობებს.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო’’ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის.
პალატა აღნიშნავს, რომ მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) და მაგისტრალურ მილსადენებთან დაკავშირებული ობიექტების დაცვის, უსაფრთხოების და საკონსულტაციო ზონებს და ამ ზონებში მოქმედ შეზღუდვებსა და რეგულირების პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბერის №365 დადგენილება, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაგისტრალური მილსადენი განმარტებულია, როგორც მილსადენი, აგრეთვე მასთან დაკავშირებული ობიექტები, რომლებიც განკუთვნილია ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების ტრანსპორტირებისათვის და არ გამოიყენება მათი განაწილებისა და მომხმარებლისათვის მისაწოდებლად. ამავე დადგენილების მე-4 მუხლით დადგენილია მაგისტრალური მილსადენის დაცვის ზონები, რომლის მიხედვით I ზონა ვრცელდება მაგისტრალური მილსადენის ღერძიდან და/ან მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტის პერიმეტრიდან 4 მეტრზე ყველა მხარეს. II ზონა ვრცელდება I ზონის გარეთა საზღვრიდან ყველაზე დაბალი წნევის გაზსადენისათვის 6 მეტრზე.
შპს ,,ბ---------------------------–-ს“ წარმომადგენლის განმარტებით, საზოგადოების საკუთრებაში არსებული გაზსადენი არ წარმოადგენს მაგისტრალურ მილსადენს და იგი ემსახურება ტერმინალში შემოსული ვაგონებიდან თხევადი გაზის გემზე ჩატვირთვას, რა პროცესს არ გააჩნია უწყვეტი ხასიათი. მისივე მითითებით, ანალოგიური მილსადენები მრავლად არის აჭარის ტერიტორიაზე, დაწყებული სოფელ კაპრეშუმიდან დამთავრებული ბათუმის შემოსასვლელამდე, და იქ ჩვეულებრივ ცხოვრობს მოსახლეობა და გააჩნიათ საკუთრება. მესამე პირი არ ეწინააღმდგება როლან ზოიძისთის მიწის ნაკვეთის აღიარებას, მხოლოდ ითხოვს დაცული იყოს ბუფერული ზონების 4 მეტრიანი დიამეტრი (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება - სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი).
პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ გამოკვლეულა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (სზაკ-ის 96.1 და 96.2. მუხ.). ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვალდებულების შესრულება ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების ძირითადი საფუძველი - უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მდებარეობა ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, საქმის მასალებით არ დასტურდება. მეტიც, საქმეში წარმოდგენილი საკადატრო აზომვითი ნახაზით უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მილსადენიდან დაშორებულია 4 მეტრზე მეტი მანძილით, რა გარემოებებიც კომისიის მიერ სათანადოდ გამოკვლეული არ ყოფილა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ამ ნორმით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენების წინაპირობა არამარტო განსახილველი საკითხის ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების გათვალიწინებით, არამედ იმ საფუძვლითაც, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას სრულყოფილად არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის ყველა გარემოება.
შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით ოფიციალობის პრინციპზე დაყრდნობით უნდა ჩაატაროს ადგილის განმეორებითი დათვალიერება, შეაჯეროს დათვალიერების შედეგები საქმეზე დადგენილ ფატობრივ გარემოებებთან, რაც ასახულია როგორც ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, ისე დადგენილია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის N3/679-15 გადაწყვეტილებით. აღნიშნული დავის მართებულად გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელი მნიშვლელობის გარემოების დადგენის გარეშე კი შეუძლებელია საქმეზე კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ ნაწილობრივ წარმოდგენილია დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და კომისიისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების შესახებ.
საპროცესო ხარჯი:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას რ---–-----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სასამართლოში საქმის წარმოებაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 250 ლარის ნაწილის - 125 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12, 32.4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რ---–-----------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. რ---–-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 24 ოქტომბრის N--- განკარგულება;
– ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში რ---–-----------ის განცხადებასთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ბათუმში, ბ----ს ქ. N33-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ;
4. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაეკისროს რ---–-----------ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ მოცემულ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 125 (ასოცდახუთი) ლარის ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე