განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310019003011213
საქმე N3/ბ-393-19წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ნოემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი – მ----------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე – შ---------------ე (არ გამოცხადდა)
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით შ---------------ის სარჩელის უარყოფა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. 2019 წლის 24 მაისს შ---------------ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა კომისიის 2018 წლის 27 აპრილის №--- განკარგულების ბათილად ცნობა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----–--–ი მდებარე 3509 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე შ---------------ის საკუთრების უფლების აღიარება;
სარჩელის მიხედვით, შ---------------ე წლებია ფლობს და იყენებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----–--–ი თვითნებურად დაკავებულ 3509 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. ამჟამად იგი დროებით ცხოვრობს რუსეთში. აღნიშნულ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით შ---------------ემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც მასალები გადაუგზავნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 27 აპრილის N--- განკარგულებით შ---------------ეს უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----–--–ი მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ შ---------------ის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს არ ეტყობოდა სარგებლობისა და ათვისების კვალი, იგი დაფარული იყო აკაციის ხეებითა და ეკალ ბარდებით, რასაც მოსარჩელე მხარე არ ეთანხმება იმ მოტივით რომ მისი მხრიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფლობა და განკარგვა იყო აშკარა.
მოპასუხე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით შ---------------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 27 აპრილის N--- განკარგულება, რომლითაც შ---------------ეს უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----–--–ი მდებარე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე და მოპასუხე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შ---------------ის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. 1998 წლის 07 მაისის ა---------–-------------------ის ნოტარიულად დამოწმებული ანდერძით, მისი კუთვნილი ქონებიდან, რომელიც მდებარეობს წყალტუბოს რაიონის სოფელ ს-----–--–ი, მიწის ნაკვეთი ერთი ჰექტარი, ორ სართულიანი სახლი, თავისი ავეჯითა და დამხმარე ხელსაწყოებით, უანდერძა მის ვაჟიშვილს შ---------------ს ძე გ--------ეს;
2.1.2. N--------- სამკვიდრო მოწმობით, ა-------ი გ--------ის გარდაცვალებით 2015 წლის 23 თებერვალს გაიხსნა სამკვიდრო. სამკვიდრო მოწმობის მე-4 პუნქტის თანახმად, შ---------------ემ სამკვიდრო მიიღო საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით, რაც დასტურდება რუსეთის შემნახველი ბანკის მიერ 18.02.2010 წელს ა-------ი გ--------ის სახელზე გაცემული შემნახველი წიგნაკით ობ 2-----2, ანგარიშის N4--------------------44 და განცხადებით სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ, რომელიც დამოწმებულია ნოტარიუს ი----------------–--ე - ი-----–----ს მიერ 2015 წლის 25 სექტემბერს, რ/რ N---------. სამკვიდრო მოწმობის მე - 6 პუნქტის თანახმად, სამკვიდროში შემავალ უძრავ ქონებაზე მიწის ნაკვეთზე, მამკვიდრებლის საკუთრების უფლება დასტურდება: 17.08.2015 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან N8----------5, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N2----------9;
2.1.3. საჯარო რეესტრით ამონაწერებით, წყალტუბო, სოფელ ს-----–--–ი მდებარე უძრავი ნივთი - დაზუსტებული ფართობი 5060.00 კვ.მ. (ს/კ 2----------8) და დაზუსტებული ფართობი 4950 კვ.მ. (ს/კ 2----------9), საკუთრების უფლებით ირიცხება შ---------------ის სახელზე;
2.1.4. 2017 წლის 11 ოქტომბერს შ---------------ის წარმომადგენელმა მ-------------–------ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში წყალტუბოს სოფელ ს-----–--–ი მდებარე უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან ერთვოდა: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; სუბსიდირების პროექტი; საკადასტრო აზომვითი ნახაზი; თანხმობა დოკუმენტაციის აღიარების კომისიაზე გადაგზავნის თაობაზე; თანხმობა მედიატორის/მედიატორი ნოტარიუსის დანიშვნის შესახებ, ელ.ვერსია, მომიჯნავე ნაკვეთების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
2.1.5. 2017 წლის 25 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა N--------7 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურს და გამოითხოვა ინფორმაცია N8----------- განცხადებასთან დაკავშირებით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის 2017 წლის 26 ოქტომბრის სამსახურებრივი ბარათით ირკვევა, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემულ უძრავ ნივთზე, 19.10.17 წლის მდგომარეობით საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ, წყალტუბოს რაიონის ს-----–-ის მერძევეობის კომპლექსის 1983 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო (სახნავი) მიწის ფართობს, ნაწილი მდინარით დაკავებულ ტერიტორიას;
2.1.6. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 01 ნოემბერს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში შ---------------ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე მდებარე: წყალტუბო, სოფელი ს-----–-ა, განსახილველად გადაუგზავნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას;
2.1.7. 2017 წლის 06 ნოემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ შ---------------ეს დაუდგინა ხარვეზი და განუსაზღვრა 5 დღე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და ნოტარიულად დამოწმებული მოწმის ჩვენების წარდგენისათვის;
2.1.8. საქმეში წარმოდგენილია მ-----–----------ის, ბ--------------–-–---–ისა და ლ---------------ის ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმადაც ისინი განმარტავენ, რომ 2015 წლის 23 თებერვალს გარდაცვლილი ა-------ი გ--------ე (პ/ნ 5--------28), რომლის მემკვიდრეც არის შ---------------ე (პ/ნ 6--------82), 2007 წლამდე და მის შემდეგაც ფაქტობრივად ფლობდა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს ფართით 3509 კვ.მ. მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელ ს-----–--–ი
2.1.9. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, რომელიც ეხებოდა შ---------------ის საკუთრების უფლებით ასაღიარებელ მიწის ნაკვეთის ბუნებრივი რესურებზე, მათ შორის წიაღზე დამაგრების საკითხს. ასევე მიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ს-----–-ის ადმინისტრაციულ ერთეულს და გამოითხოვა ინფორმაცია შ---------------ის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის შესახებ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ასევე შპს ,,ს-------------------------ან’’, შპს ,,ს----------–-------------------–--–---–------------ს’’ კომპანიიდან, სს ,,ს--–-----იდან’’ და შპს ,,ე--------------------------ან’’ გამოითხოვა შ---------------ის მიერ საკუთრების უფლებით ასაღიარებელ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი კომუნიკაციების არსებობის თაობაზე ინფორმაცია;
2.1.10. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წერილით, წყალტუბოს რაიონში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ფართობის ტერიტორია საკადასტრო - აზომვითი ნახაზის საფუძველზე არ ექვემდებარება ბუნებრივ რესურსებზე, მათ შორის წიაღებზე დამაგრებას.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ს-----–-ის ადმინისტრაციული ერთეულის წერილის თანახმად ირკვევა, რომ შ---------------ე 2007 წლამდე ფლობდა და სარგებლობდა აღნიშნული მიწის ნაკვეთით. ნაკვეთი შემორაგვულია, ათვისებულია და მასში გაშენებულია მრავალწლიანი ხე ნარგავები;
2.1.11. შ---------------ის მიერ საკუთრების უფლებით ასაღიარებელ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე წყალტუბოს სერვის ცენტრის და ე------------------------ას ბალანსზე რიცხული ქსელები არ გადის, ასევე სს ,,ს--–-----ის’’ კუთვნილი კომუნიკაცია განთავსებული არ არის;
2.1.12. 2018 წლის 20 აპრილს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ვ------------ემ და ირაკლი შალამბერიძემ განახორციელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----–--–ი შ---------------ის მიერ თვითნებურად დაკავებული 3509 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება. დათვალიერების შედეგად შედგა აქტი, რომლის თანახმად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ესაზღვრება რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს და მოქცეულია ერთიან საზღვრებში. მიწა დაუმუშავებელია და ხარობს აკაციის ტყე და ეკალბარდი. ასევე მათ განახორციელეს ფოტო და ვიდეო მასალის შეგროვება;
2.1.13. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სოფელ ს-----–-ის ადმინისტრაციულ ერთეულში მ/შ მ--------–-----ემ მოწმეთა: გ---------–-----ისა და ო-–----------ის თანდასწრებით შეადგინა აქტი, რომლის თანახმად, წყალტუბო, სოფელ ს-----–--–ი მდებარე ნახაზზე ასახული 3509 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთს 2007 წლამდე ფლობდა და სარგებლობდა შ---------------ე, რომელიც შემორაგულია;
2.1.14. 2018 წლის 25 აპრილს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გაიმართა სხდომა, სადაც განიხილეს შ---------------ის განცხადება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
სხდომაზე გამოთქმული მოსაზრების თანახმად, საქმეზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებით, ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე არ დასტურდება შ---------------ის მხრიდან თვითნებურად დაკავების, ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, რაც გამოიხატება იმაში, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთს არ ეტყობა სარგებლობისა და ათვისების კვალი, დაფარულია აკაციის ხეებითა და ეკალ-ბარდებით. კომისიამ მიიჩნია, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაში მოიაზრებოდა პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი, რომელიც გამოვლინდება ნივთის მფლობელობასა და სარგებლობაში იმ განსხვავებით, რომ აღნიშნული არ ემყარება სამართლებრივ საფუძველს;
2.1.15. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2018 წლის 27 აპრილს მიღებულ იქნა N--- განკარგულება შ---------------ისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----–--–ი მდებარე თვითნებურად დაკავებულ 3509 კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასამართლომ იხელმძღვანელა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, მეტიც, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და დადგენილებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს თავად განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი მიღებული იყო საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე; კერძოდ, სასამართლომ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და დამატებით აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობის საგანი არ ყოფილა სადავო მიწის ნაკვეთის, როგორც მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ერთიან სივრცეში არსებული მიწის ნაკვეთის მთლიანობაში ათვისებისა და სარგებლობის ფაქტი, მიზეზები. ადგილი ჰქონდა თუ არა სხვა სახის გარემოებას, რაც შესაძლებელია პირდაპირ თუ არაპირდაპირ ადასტურებდა ფლობის ფაქტს და არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ მიწის სარგებლობისა და ათვისების ფორმაზე მსჯელობით. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი ფოტოებით, უფლებასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდებოდა აკაციის ტყე და ეკალბარდები. წარმოდგენილ ორთოფოტოზე და ფოტოსურათებზე ხშირი გამწვანიების კვალი ასევე შეინიშნებოდა მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. ამ და ხვა გარემოებებზე მითითებით სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილიტ გათვალიწინებული რეგულაციის გამოყენების საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა, შემდეგი დასაბუთებით:
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების 6.5 პუნქტში აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და გარემოებები, რასაც აპელანტი მხარე არ ეთანხმება, რადგან კომისია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად უფლებამოსილია შეაგროვოს ცნობები და მოუსმინოს მხარეებს. კანონის თანახმად, კომისია გაეცნო წარმოდგენილ მასალებს მოწმეთა ჩვენებებს. კომისია არის კოლეგიური ორგანო და ის აფასებს წარმოდგენილ მასალებს და თავად იღებს გადაწყვეტილებას. ,,ფიზიკურ და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კომისია ვალდებულია მოახინოს ადგილზე დათვალიერება და შედეგები დაურთოს საქმის მასალებს;
3.1.2. აპელანტის მითითებით, დაინტერესებული პირი შ---------------ე ითხოვდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაკავებულ 3509 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე არ დასტურდებოდა შ---------------ის მხრიდან თვითნებურად დაკავების, ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი არ იყო ათვისებული, მიწას არ ეტყობოდა სარგებლობისა და ათვისების კვალი, დაფარული იყო აკაციის ხეებით, ეკალ-ბარდებით. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაში მოიაზრება პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი, რომელიც გამოვლინდება ნივთის მფლობელობასა და სარგებლობაში იმ განსხვავებით, რომ აღნიშნული არ ემყარება სამართლებრივ საფუძველს. პირის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების დროს, თვითნებურად დაკავების მომენტიდან იგი თავისთავად ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით. შესაბამისად, დაუშვებელია საკუთრების უფლების აღიარებას დაექვემდებაროს მიწის ის ნაკვეთი, რომელიც აუთვისებელია.
3.1.3. აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებელი ტერმინთა შორის ახდენს დიფერენცირებას და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს გამიჯნავს მართლზომიერი ფლობისა და სარგებლობის უფლებით დაკავებული მიწის ნაკვეთებისაგან, ზემოაღნიშნული ტერმინის საერთო მახასიათებელ ძირითად ელემენტს წარმოადგენს ფლობის ფაქტი იმ განსხვავებით, რომ ერთ შემთხვევაში საუბარია მართლზომიერ მფლობელობაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში არამართლზომიერ მფლობელობაზე. მფლობელობა არის ფაქტი და იმის მიხედვით, რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება მფლობელობა ერთმანეთისაგან გამიჯნავენ არამართლზომიერ და მართლზომიერ მფლობელობას. მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, მაშინ, როდესაც არამართლზომიერი მფლობელობის დროს ნივთზე ბატონობა ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ორივე შემთხვევაში სავალდებულოა, რომ პირი დაუფლებული იყოს ნივთს და ახორციელებდეს მასზე ფაქტობრივ ბატონობას. თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების უფლებაში მოიაზრება პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი, რომელიც გამოვლინდება ნივთის მფლობელობასა და სარგებლობაში იმ განსხვავებით, რომ აღნიშნული არ ემყარება სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, დაუშვებელია, ,,ლეგალიზაციას” დაექვემდებაროს ის მიწის ნაკვეთები, რომელის დაკანონებაზე პრეტენზიას აცხადებს პირი, მაგრამ ვერ ადასტურებს ამ ნივთზე საკუთარი ბატონობის ფაქტს;
3.1.4. აპელანტის მსჯელობით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 6.3 პუნქტში მითითებულია, რომ ,,ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი". აღნიშნული მსჯელობიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აუცილებელი წინაპირობა საკუთრების უფლების აღიარებისთვის არის - ფლობა, სარგებლობა ან მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავება, რასაც მოცემულ საქმეში ადგილი არ ჰქონია, რაც დასტურდება როგორც ადგილზე დათვალიერების აქტით, ასევე ვიდეო და ფოტომასალებითაც. სასამართლო პროცესზე მოსარჩელის წარმომადგენელმა თავადაც აღნიშნა და მიუთითა, რომ მოსარჩელე შ---------------ე საქართველოში არ იმყოფება წლების განმავლობაში, შესაბამისად მისი მხრიდან უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფლობას, სარგებლობას ან თვითნებურად დაკავებას ადგილი არ აქვს. ასევე, მოსარჩელის წარმომადგენელმა ისიც განმარტა, რომ შ---------------ის მამასაც ა------- გ--------ეს საქართველოში არ უცხოვრია 1990-იანი წლების შემდეგ, მხოლოდ პერიოდულად ჩამოდიოდა. მოსარჩელე მხარემ ვერ მიუთითა კონკრეტული თარიღები თუ როდის და რა პერიოდში ჩამოდიოდნენ საქართველოში ა------- გ--------ე და შ---------------ე, ასევე როდესაც ჩამოდიოდნენ, ახორციელებდნენ თუ არა მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობას;
3.1.5. აპელანტის განმარტებით ყურადღება უნდა იქნეს ასევე გამახვილებული საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, კერძოდ, ორთოფოტოებზე. ორთოფოტოებიდან იკვეთება ის, რომ არათუ სადავო მიწის ნაკვეთის სარგებლობას არ ჰქონია ადგილი, არამედ თავად მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთსაც არ ეტყობა ფლობა-სარგებლობის კვალი. აღნიშნული გარემოება სასამართლოს მხრიდან არ ყოფილა შეფასებისა და განხილვის საგანი. ამდებად აპელანტ მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია და იგი უნდა გაუქმდეს და ძალაში უნდა დარჩეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 27 აპრილის №--- განკარგულება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება - დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არსებითად სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
პალატა აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება.
მითითებული კანონის პირველი და მე-2 მუხლების და ამავე კანონის რეალიზების მიზნით გამოცემული ,,წესის“ („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების) პირველი მუხლის თანახმად, ის არეგულირებს და განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრების უფლების აღიარების წესებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის 77.1 მუხლით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 78.2 მუხლით, განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება.
„კანონის“ 4.1 მუხლით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
„კანონის“ 51.3 მუხლით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), - ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე... და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმის კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაზე გასავრცელებლად სავალდებულოა, რომ საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს სახელმწიფოს საკუთრებას (არ იყოს განკარგული) და საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდეს მისი თვითნებურად ფლობის ფაქტი, ამასთან სახეზე უნდა იყოს ერთერთი შემდეგი პირობა: 1) საკუთრების უფლებით გადასაცემ (თვითნებურად დაკავებულ) მიწის ნაკვეთზე განთავსებული უნდა იყო საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული); 2) საკუთრების უფლებით გადასაცემი (თვითნებურად დაკავებული) ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე) დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე უნდა იყოს და მისი ფართობი ნაკლები უნდა იყო საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.
საქმის მასალებით დადგენილია და მხარები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არის მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, მდებარეობს ერთიან სივრცეში, გააჩნია საერთო ღობე და მასში გაშენებულია მრავალწლიანი ხე ნარგავები, ასევე ნაწილობრივ დაფარულია ეკალ-ბარდებით. მოცემულ შემთხევაში სადავო გარემოებას წარმოადგენს მხოლოდ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მხრიდან ფლობისა და სარგებლობის საკითხი.
პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ გამოკვლეულა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (სზაკ-ის 96.1 და 96.2. მუხ.). ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვალდებულების შესრულება ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების ძირითად საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტის დაუდასტურებლობა მიუთითა, თუმცა შეფასების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ერთად მოსარჩელის (მისი მამკვიდრებლის) მიერ წლებია შემოსაზღვრულია ღობით და მასზე გაშენებულია ეკლის ტყე, შესაბამისად მხოლოდ ნაკვეთის მოუვლელობის შესახებ კომისიის დასკვნა არ წარმოადგენს მოთხოვნის უარყოფის საკმარის საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით შეგროვებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე უნდა დადგინდეს მოსარჩელის ან მისი მამკვიდრებლის განზრახვა, კერძოდ განმცხადებლის მიერ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავება მიზნად ისახავდა მასზე, როგორც საკუთარზე ფაქტობრივი ბატონობის მოპოვებას ამ უფლების შემდგომში საკუთრებად ტრანსფორმირების მიზნით, თუ ეს იყო დროებითი ხასიათის მოქმედება, რაც საჭიროების გავლის შემდეგ მიწის ნაკვეთის მიტოვებაში გამოიხატებოდა. აღნიშნული გარემოებების დადგენა კი შესაძლებელია მხოლოდ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით (მათ შორის 97-ე მუხლით) გათვალისწინებული უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელებით.
პალატა განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მართალია ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა საქმის გარემოებები არ გამოუკვლევია და შეუფასებია სრულყოფილად, რაც ამომწურავად იქნა ასახული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები იყო არასაკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები სასამართლოს მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით ვერ იქნებოდა მიჩნეული უტყუარად, რაც იძლეოდა მოცემულ დავაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. გადაწყვეტილების გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები:
პალატა აღნიშნავს, რომ ,,სახელწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება;
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე