განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №130310117002082013
საქმე №3ბ/1846-18
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლეები - შოთა გეწაძე
ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი
საჩივრის ავტორი - შპს ,,G------------“ ; შპს ,,ქ--------–-----–-----–----------ი“, შპს ,,M----------“ შპს ,,გ----------ი“ შპს ,,G-----------“, თ------------------ე;
წარმომადგენელი - თ------------------ე
საჩივრის ავტორი - შპს ,,ქ--------–-----–-----–----------ი“
წარმომადგენელი - ა---------–--–---–ი
საჩივრის ავტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური;
მოწინააღმდეგე მხარე - ქ----------–----–---–ი;
მესამე პირი - მ---------------–---–ი
წარმომადგენელი - ქ-----------------–---–ი
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება
შპს G-------------ს; შპს ,,ქ--------–-----–-----–----------ის“, შპს ,,M-----------ს“ შპს ,,გ----------ის“ G-----------“-სა და თ------------------ის საჩივრის მოთხოვნა - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის გააწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივრის მოთხოვნა - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „G------------“ (ს/ნ 4--------), შპს „ქ--------–-----–-----–----------ი“ (ს/ნ 4--------), შპს „M----------“ (ს/ნ 4--------), შპს „გ----------ი“ (4--------), შპს „G-----------“ (ს/ნ 4--------) და თ------------------ე (პ/ნ 5----------) აღიარებული იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად; დანარჩენ ნაწილში კი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
შპს „G------------“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2013 წლის 14 მაისიდან, რომლის იურიდიული მისამართია ქალაქი ხ-–-----------–----–--------------, საქმიანობის სახეს წარმოადგენს სამშენებლო მასალებით ვაჭრობა და სატრანსპორტო მომსახურება (ტ.2. ს.ფ. 9-11; 31-112; 119-161; 172-317).
2017 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით შპს „G------------“-ის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 98618,04 ლარს. (ტ.2. ს.ფ. 3).
შპს „G------------“-ის ქონებაზე 2016 წლის 17 მაისს N------- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2016 წლის 23 მაისს. 2016 წლის 13 ივლისს შპს „G------------“-ის მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N------- ბრძანება, რომელიც გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 2016 წლის 13 ივლისს. (ტ.2. ს.ფ 4-8).
შპს „G------------“-ის საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2016 წლიდან გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე და ასევე, ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად, რითაც 2016 წლის 24 მაისს გადასახდელად დაერიცხა ძირითადი გადასახადი 8645 ლარი და სანქციის თანხა 4753 ლარის ოდენობით. საგადასახადო მოთხოვნა ელექტრონულად ჩაბარდა 2016 წლის 25 მაისს (ტ.2. ს.ფ. 12-13; 322-332).
2015 წლის 29 ივნისს თ------------------ემ დააფუძნა შპს „ქ--------–-----–-----–----------ი“, რომლის დირექტორი და 51% წილის მფლობელი არის თვითონ. იურიდიული მისამართია ქალაქი ხ-–-----------–----–-------------- (ტ.2. ს.ფ 15-16).
2017 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, შპს „ქ--------–-----–-----–----------ის“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 226 202,47 ლარს. შპს „ქ--------–-----–-----–----------ის“ ქონებაზე 2017 წლის 31 იანვრის N------- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2017 წლის 01 თებერვალს. 2017 წლის 04 ივლისს შპს „ქ--------–-----–-----–----------ის“ მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N025-354 ბრძანება, რომელიც გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 2017 წლის 06 ივლისს (ტ.2. ს.ფ. 17-22).
შპს „ქ--------–-----–-----–----------ის“ დავალიანება წარმოშობილია 2016 წლიდან გადასასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციების და ასევე, საგადასახადო ორგანოს ბრძანების და საგადასახადო სამართალდარღვევის გამო დაჯარიმების საფუძველზე. N----- საგადასახადო მოთხოვნას, რომლითაც 2017 წლის 30 იანვარს გადასახდელად დაერიცხა ძირითადი გადასახადი 174 438 ლარი და სანქციის თანხა 87 319 ლარის ოდენობით, გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2017 წლის 30 იანვარს. შპს „G------------“-მა შპს „ქ--------–----–-----–----------ს“ 2015 წლის 29 ივნისიდან 2015 წლის 31 ივლისის ჩათვლით მიაწოდა 53033,78 ლრის საქონელი (ტ.2. ს.ფ. 23-112).
2011 წლის 01 აპრილს თ------------------ემ დააფუძნა შპს „G-----------“, რომლის 100% წილის მფლობელი არის თვითონ, ხოლო დირექტორია ქ----------–----–---–ი. 2017 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, შპს „G-----------“-ს ერიცხება საგადასახადო დავალიანება 1737,62 ლარი. საწარმომ შპს „G------------“-2014 წლის 14 ოქტომბერს გადააწერა 12620 ლარის ღირებულების ინერტული მასალა (ტ.2. ს.ფ. 113-116).
2012 წლის 07 მაისს თ------------------ემ დაარეგისტრირა შპს „M----------“, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორი არის თვითონ. საზოგადოების იურიდიული მისამართია ქალაქი ხ-–-----------–----–--------------. შპს „G------------“-მა 2013 წლის 12 ივლისიდან 2015 წლის 15 მაისის ჩათვლით შპს „M----------“-ს გაუწია 716958,58 ლარის სატრანსპორტო მომსახურება (ტ.2. ს.ფ. 117-161).
2016 წლის 17 მაისს თ------------------ემ დაარეგისტრირა შპს „გ----------ი“, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორი არის თვითონ. იურიდიული მისამართია ქალაქი ხ-–-----------–----–--------------. 2017 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით შპს „გ----------ის“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 1144,54 ლარს (ტ.2. ს.ფ. 162-164).
შპს „გ----------ის“ ქონებაზე 2017 წლის 05 აპრილის N077-637 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2017 წლის 15 სექტემბერს. 2016 წლის 13 ივლისს შპს „გ----------ის“ მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N025-199 ბრძანება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2016 წლის 13 ივლისს (ტ.2. ს.ფ. 165-169).
2016 წლის 23 მაისიდან 2016 წლის 09 ივლისის ჩათვლით შპს „G------------“- მა, ტრანსპორტირების გარეშე, ზედნადებებით შპს „გ----------ს“ გადააწერა 237165,98 ლარის ქვიშა-ღორღი და სხვა სამშენებლო მასალა (ტ.2. ს.ფ. 172-317).
2016 წლის 28 აპრილს შპს „G------------“-მა მოახდინა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 0---------------) რეალიზაცია (ტ.2. ს.ფ. 318-321).
2016 წლის 11 მაისს თ------------------ემ ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა უძრავი ნივთი - 79 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. ა---–-------–ში (ტ.2. ს.ფ. 333-334).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე საწარმოთა 100%-იანი წილის მესაკუთრეს წარმოადგენს თ------------------ე (გარდა შპს „ქ--------–-----–-----–----------ისა“, რომლის საკონტროლო პაკეტის - 51%-ის მფლობელი და დირექტორი თვითონვეა). საწარმოთა იურიდიული მისამართი და საქმიანობის სფერო ერთმანეთის ანალოგიურია.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შემდგომ საწარმოთა მიერ ქონების გადაცემა (მათ შორის ტრანსპორტირების გარეშე), აგრეთვე, უძრავი ქონების გასხვისება სხვა პირზე და რომ მიღებული თანხა არ არის მიმართული გადასახადის გადასახდელად. დადგენილია თ------------------ის, როგორც ფიზიკური პირის მიერ დიდი მოცულობის უძრავი ქონების შეძენა. მოსარჩელის წარომადგენელი განმარტავს, რომ თ------------------ემ საწარმოთა კუთვნილი თანხა გამოიყენა პირადი მიზნებისათვის და არ გადაიხადა მათზე რიცხული გადასახადი. მოპასუხე მხარეს სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია ამ საკითხთან დაკავშირებით.
სასამართლომ მიუთითა, რომ ერთი პირის მიერ დაფუძნებული საწარმოების მიერ ერთმანეთისათვის ქონების გადაცემის, ასევე, ქონების სხვა პირზე გასხვისების შესაძლებლობა გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისად, პირი უფლებამოსილია, რომ მოახდინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამისი გარიგების დადება, თუმცაღა ცრუმაგიერ პირებად დადგენისათვის მნიშვნელოვანია სწორედ ის ფაქტი, რომ ამგვარი გარიგება ხდება არა იმ მიზნებით, რასაც სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს, არამედ საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისაგან თავის აცილებისათვის ქონების გარიდების მიზნით, რაც საბოლოოდ საგადასახადო ვალდებულების შესრულებას აღუსრულებელს ხდის.
სადავო შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 1. მოპასუხეთა შორის არსებობს განსაკუთრებული ურთიერთობები - ისინი ყველა ერთი პირის დაფუძნებულია; 2. საწარმოთა დირექტორი ერთი და იგივე პირია გარდა შპს „G-----------“-ისა; 3. მატერიალური აქტივების გადაცემა და გასხვისება განხორციელებულია საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის შემდეგ; 4. არ დგინდება ადეკვატური, გონივრული შემხვედრი დაკმაყოფილების განხორციელება, არამედ მოხდა ქონების გადაწერა ერთი საწარმოდან მეორეზე; 5. ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ არის მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად და ამ მდგომარეობაში საწარმოთა დამფუძნებელი და დირექტორი ყიდულობს დიდი ფართის უძრავ ქონებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები, მათ შორის, პირველ ყოვლისა, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროის, უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების თარიღებისა და სადავო ოპერაციების განხორციელების თარიღის ურთიერთმიმართება, ცალსახად მიუთითებს, რომ გარიგებები მიზნად ისახავდა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდებას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა შპს „G------------“-ის, შპს „ქ--------–-----–-----–----------ის“, შპს „M----------“-ს, შპს „გ----------ის“, შპს „G-----------“-ის და თ------------------ის ნაწილში ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მოთხოვნას ქ----------–----–---–ის მიმართ. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, მართალია, სასამართლო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს ადმინისტრაციული ორგანოს, მოცემულ შემთხვევაში, სსიპ შემოსავლების სამსახურის მოვალეობათა სასამართლოზე გადაკისრებას, ვინაიდან, ამავე კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა ან არარსებობა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოპასუხე ქ----------–----–---–თან მიმართებით მოსარჩელეს არ მიუთითებია და არც წარმოუდგენია მტკიცებულებები მისი სხვა მოპასუხეთაგან გაუმიჯნაობის შესახებ. მხოლოდ ის, რომ ის თ------------------ის ცოლი და ერთ-ერთი საწარმოს დირექტორია, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მათი ერთმანეთისაგან განსახვავება პრაქტიკულად შეუძლებელია. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მოპასუხის ქმედება მიმართული იყოს გადასახადის გადახდევინებისაგან თავის არიდებისაკენ და ეს იყოს განზრახი და ერთობლივი. სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოპასუხე იურიდიული პირების მიერ საგადასახადო დავალიანების გადაუხდელობა, თუმცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ქ----------–----–---–ი, როგორც ფიზიკური პირი, მათთან ერთად განზრახ ერთობლივად მოქმედებდა ამ გადასახადის გადახდისაგან თავის ასარიდებლად.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მხარის განმარტება, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ ქმნის ქ----------–----–---–ის ცრუმაგიერ პირად მიჩნევის საკმარის საფუძველს, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ კი საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებლობის გამო არ დააკმაყოფილა.
შპს G-------------ს; შპს ,,ქ--------–-----–-----–----------ის“, შპს ,,M-----------ს“ შპს ,,გ----------ის“ G-----------“-სა და თ------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა კომპანიების სამოქალაქო ოპერაციებს, უძრავი და მოძრავი აქტივების გასხვისების ფაქტს, უძრავი ქონების შეძენის ფაქტსა და კომპანიების საქმიანობას. არასწორად იქნა განმარტებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი და განმარტებას საფუძვლად დაედო გამოუკვლეველი მტკიცებულებები.
აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება რომ გადასახადის გადამხდელს აღიარებული აქვს გადასახადები და მას გადასახადების თავიდან არიდება რომ ჰქონოდა მიზნად, იგი ამ თანხას არ აღიარებდა. ანუ, ადგილი არ ჰქონია გადასახადებისათვის თავის არიდებას, რადგანაც მოსარჩელის წარმომადგენლების მხრიდან შემოწმების შედეგად დაერიცხა მხოლოდ 13398 ლარი. მოპასუხეთა ცრუმაგიერ პირებად დადგენის ერთ-ერთ გარემოებად სასამართლომ სწორედ გადასახადების თავიდან არიდება დაადგინა, რასაც ადგილი არ ჰქონია.
სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოსარჩელის არგუმენტი, რომ 2017 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით შპს ,,Global Trans“-ს დაერიცხა საგადასახადო დავალიანება 1737,62 ლარის ოდენობით და ამ ვალის წარმოშობის საფუძვლად და განმაპირობებელ მიზეზად სასამართლომ 2014 წლის 14 ოქტომბერს შპს ,,GBG Transport“-სა და შპს ,,Global Trans“-ს შორის არსებული ინერტული მასალის ნასყიდობა დაუდო საფუძვლად. აპელანტის მითითებით, საგადასახადო დავალიანების დარიცხვა ხდება გადასახადის გადამხდელის მიერ არასწორად დეკლარირებული ოპერაციის გამო. შესაბამისად, აპელანტისათვის გაუგებარია სამი წლით ადრე განხორციელებული შესყიდვის ოპერაციის წილითი ხვედრი ცრუმაგიერ პირად ცნობის საფუძვლებთან და 2017 წლის 31 აგვისტოს დარიცხულ დავალიანებასთან - 1737,62 ლართან. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არათუ გამოიკვლია მტკიცებულებები, არამედ იურიდიულად გაუმართლებელი მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომელსაც არაგონივრული საფუძვლები უძღვის წინაპირობად. გადაწყვეტილებაში მითითითებულია რომ განხორციელდა უძრავი ქონების რეალიზაცია 190 000 ლარად და აღნიშნული თანხა დამფუძნებელმა მიითვისა, რაც თავისთავად არასწორია, რადგანაც კომპანიამ დაფარა ფინანსური ვალდებულებები მესამე პირების წინაშე. ამასთან, სასამართლოს არ გამოუკვლევია 79 ჰექტარი მიწის ნაკვეთის შესყიდვის ხელშეკრულება, რომელიც თავისთავად წარმოადგენს პირობადადებულ ნასყიდობას, რომლის ნამდვილობაც დამოკიდებულია საფასურის გადახდაზე, რაც დღეის მდგომარეობით არ შესრულებულა და მიმდინარეობს ცალკე დავა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, სარჩელი დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სასამართლომ საქმის გარემოებები არ შეაფასა სრულყოფილად. აპელანტის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ქ----------–----–---–ი და სხვა მოპასუხე პირები წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს, ვინაიდან მათ განახორციელეს კონკრეტული ოპერაციები, რაც მიმართული კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებების თავიდან არიდებისაკენ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები, ამასთან გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობა, შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, როგორც უდავო გარემოებებზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი კვალიფიკაცია არ ქმნის საფუძველს იმისათვის, რომ მოპასუხეები: შპს ,,G------------“ ; შპს ,,ქ--------–-----–-----–----------ი“, შპს ,,M----------“ შპს ,,გ----------ი“ G-----------”, თ------------------ე საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის საფუძველზე აღიარებულნი იქნან ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად;
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ცრუმაგიერად პირებად აღიარებას არეგულირებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს. იმავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
მითითებული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებელი არ ასახელებს გარემოებებს, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. სასამართლომ კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად უნდა განსაზღვროს მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზანი. ცალსახაა, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირთა ცრუმაგიერად ცნობა წარმოადგენს საგადასახადო დავალიანების გადახდევინებისათვის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში საგადასახადო ორგანოს წარმოეშვება სამართლებრივი საფუძველი აამოქმედოს კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ნებისმიერი ღონისძიება ცრუმაგიერ პირთა მიმართ. უზრუნველყოფის ღონისძიების კანონდარღვევით გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ერთის მხრივ, გადასახადის გადამხდელის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების გაუმართლებელი ხელყოფა, ხოლო მეორეს მხრივ, კონფლიქტში მოვიდეს ამავე კონსტიტუციის იმპერატიულ დანაწესთან გადასახადების სავალდებულო წესით გადახდასთან დაკავშირებით. კონსტიტუციის 21-ე მუხლი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) წარმოადგენს საკუთრების უფლების დაცვის გარანტს, ისევე როგორც 94-ე მუხლი ადგენს გადასახადთა გადახდის გარდუვალობას. მოცემული დავის მნიშვნელობა განსაკუთრებულია, ვინაიდან გადაწყვეტილების შედეგით არ უნდა მოხდეს ბალანსის დარღვევა, როგორც საჯარო და კერძო ინტერესებს შორის, ასევე, სახელმწიფოს, როგორც კრედიტორის და გადასახადის გადამხდელის, როგორც მოვალის კანონიერ ინტერესებს შორის. სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა იცავს სახელმწიფოს კანონიერ ინტერესს და გადასახადის გადამხდელთ უზღუდავს შესაძლებლობას თავი აარიდონ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას - სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო შენატანს.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირთა ცრუმაგიერად დადგენის მიზნით, მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს საგადასახადო ვალდებულების მქონე პირის მიერ განხორციელებული ოპერაციები, დადგინდეს ჭეშმარიტი მიზანი, ოპერაციაში მონაწილე პირთა ნამდვილი ნება. აღნიშნულის ფარგლებში უნდა შეფასდეს გადასახადის გადამხდელთან მჭიდრო კავშირში მყოფ პირთა ქმედება თანხვედრაში მოდის თუ არა გადამხდელის სურვილთან/მიზანთან თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების ღონისძიებას. სწორედ პირთა ცრუმაგიერად ცნობის ბედს განსაზღვრავს გადამხდელის მიზნის დადგენა. 246-ე მუხლის დეფინიციაც აქცენტს აკეთებს გადამხდელის მიზანზე. თუ გადამხდელი სხვა პირთან ერთად მოქმედებს იმ მიზნით, რომ შექმნას იმგვარი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი მოცემულობა, რომ შეუძლებელი გახდეს საგადასახადო დავალიანებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, ისინი აკმაყოფილებენ ცრუმაგიერად ცნობის წინაპირობებს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სხვა პირისათვის ქონების გადაცემის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის ჭრილში განხილვისას, არსებითია, დადგინდეს მხარეთა რეალური ნება, გარიგების დადების მიზანი, რამდენად მოხდა ქონების გადაცემა ან მომსახურების გაწევა შესაბამისი გონივრული შემხვედრი დაკმაყოფილებით, მხარეთა ურთიერთკავშირი, უნდა განისაზღვროს გადაცემის მომენტი, რამდენად ქმნის იგი გონივრულ ეჭვს, რომ გადაცემა მოხდა სამომავლოდ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისაგან თავის არიდების მიზნით. ამრიგად, გამოკვლეული უნდა იქნას როგორც გადასახადის გადამხდელისა და სავარაუდო ცრუმაგიერი პირის ურთიერთობა, ისე კონკრეტული ოპერაციის განხორციელების საფუძვლები, წინაპირობები და შედეგები. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ერთი პირის მიერ დაფუძნებული საწარმოების მიერ ერთმანეთისათვის ქონების გადაცემის, ასევე, ქონების სხვა პირზე გასხვისების შესაძლებლობა გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისად, პირი უფლებამოსილია, რომ მოახდინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამისი გარიგების დადება, თუმცაღა ცრუმაგიერ პირებად დადგენისათვის მნიშვნელოვანია სწორედ ის ფაქტი, რომ ამგვარი გარიგება ხდება არა იმ მიზნებით, რასაც სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს, არამედ საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისაგან თავის აცილებისათვის ქონების გარიდების მიზნით, რაც საბოლოოდ საგადასახადო ვალდებულების შესრულებას აღუსრულებელს ხდის.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში როგორც საქმის მასალებით დასტურდება შპს „G------------“-ს 2017 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 98618,04 ლარის ოდენობით. შპს „G------------“ მიერ კი შპს „M----------“-სთვის 716 958,58 ლარის სატრანსპორტო მომსახურება გაწეულ იქნა 2013 წლის 12 ივლისიდან 2015 წლის 15 მაისის ჩათვლით, ხოლო შპს „გ----------ისათვის“ 237 165,98 ლარის ქვიშა-ღორღი და სხვა სამშენებლო მასალა გადაცემულ იქნა 2016 წლის 23 მაისიდან 2016 წლის 09 ივლისის ჩათვლით. შპს „G------------“-ის მიერ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 0---------------) რეალიზაცია კი მოხდა 2016 წლის 28 აპრილს.
პალატა მიუთითებს, რომ შპს „ქ--------–-----–-----–----------ის“ დავალიანება წარმოშობილია 2016 წლიდან გადასასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციების და ასევე, საგადასახადო ორგანოს ბრძანების და საგადასახადო სამართალდარღვევის გამო დაჯარიმების საფუძველზე, ხოლო შპს „G------------“-მა შპს „ქ--------–----–-----–----------ს“ 53033,78 ლარის საქონელი მიაწოდა 2015 წლის 29 ივნისიდან 2015 წლის 31 ივლისის ჩათვლით. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც საქმის მასალებით დასტურდება, შპს „G-----------“-ისათვის საგადასახადო დავალიანება დარიცხულ იქნა 2017 წლის 31 აგვისტოს 1737,62 ლარის ოდენობით, ხოლო საწარმომ შპს „G------------“-ს 12 620 ლარის ღირებულების ინერტული მასალა გადააწერა 2014 წლის 14 ოქტომბერს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე საწარმოებს შორის ქონების გადაცემა წინ უსწრებს აღნიშნულ კომპანიათა მიმართ საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრას, რაც გამორიცხავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობას მასზედ, რომ გადასახადის გადამხდელმა ცრუმაგიერ პირზე ქონების გადაცემით თავი აარიდა საგადასახადო პასუხისმგებლობას.
სააპელაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სხვა პირისათვის, მათ შორის, ურთიერთდამოკიდებულ პირზე, საქონლის გადაწერა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ასეთი მიწოდების ოპერაცია განხორციელებულია ფორმალურად და რეალურად მიზნად არ ისახავს იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რომელსაც ითვალისწინებს შესაბამისი გარიგების ფორმა. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლიც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამდენად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა გავლენას ახდენს მათ შორის განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე, თუმცაღა იმავდროულად მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს, საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების დადასტურების გარეშე არ ქმნის. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქონლის გადაცემა მოხდა ზედნადებების საფუძველზე, ხოლო საგადასახადო ორგანოს სადავოდ არ გაუხდია ნასყიდობის საგნის ღირებულება.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ შპს ,,G------------“, შპს ,,ქ--------–-----–-----–----------ი“, შპს ,,M----------“, შპს ,,გ----------ი“ და შპს ,,G-----------” ერთი და იმავე პირის დაფუძნებულია, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ავტომატურად, არ გულისხმობს მოპასუხე პირთა პრაქტიკულად გამიჯვნის შეუძლებლობას. პალატა განმარტავს, რომ ნებისმიერ პირს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით დააარსოს იურიდიული პირი და დამოუკიდებლად განსაზღვროს იურიდიული პირის საქმიანობის სფერო. კანონის სხვაგვარი გაგება გამოიწვევდა თავისუფალი მეწარმეობის უფლებაში ჩარევას, რომელიც, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, არ უკრძალავს პირს, დააარსოს რამდენიმე იურიდიული პირი, თავისუფლად განსაზღვროს იურიდიული პირის საქმიანობის სფერო და ხელშეკრულების კონტრაჰენტი, ასევე იყოს რამდენიმე საწარმოს დირექტორი და თუკი აღნიშნული იწვევს ინტერესთა კონფლიქტს, საწარმოს წარმოექმნება უფლება, რომ მიმართოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკუთარი უფლებების დაცვის საშუალებებს, მაგრამ მოცემული ვერ გახდება იურიდიულ პირთა იდენტურობის დამადასტურებელი გარემოება.
სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს სსიპ შემოსავლების სამსახურისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თ------------------ემ მის მიერ დაფუძნებულ საწარმოთა კუთვნილი თანხით 2016 წლის 11 მაისს ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა უძრავი ნივთი - 79 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. ა---–-------–ში. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აპელანტი მხარის განმარტებაზე, რომლის თანახმადაც თ------------------ეს აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნასყიდობის საფასური არ გადაუხდია, ვინაიდან მის ანგარიშებზე არსებული ყადაღის გამო ვერ მოახერხა გადახდის განვადებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ხოლო ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობის გამო, უძრავი ქონების მესაკუთრესა და თ------------------ეს შორის მიმდინარეობდა სამართლებრივი დავა, რის დამადასტურებელი მტკიცებულებები თ------------------ის მიერ წარმოდგენილ იქნა სააპელაციო პალატაში საქმის განხილვის დროს.
სააპელაციო პალატა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას და მიუთითებს, რომ მოპასუხე ქ----------–----–---–თან მიმართებით მხოლოდ ის გარემოება, რომ აღნიშნული პირი თ------------------ის მეუღლეა და ამასთანავე წარმოადგენს ერთ-ერთი საწარმოს დირექტორს, ავტომატურად არ ნიშნავს აღნიშნული პირის ცრუმაგიერობას. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მოპასუხის ქმედება მიმართული იყოს გადასახადის გადახდევინებისაგან თავის არიდებისაკენ და ეს იყოს განზრახი და ერთობლივი. მოცემულ შემთხვევაში კი სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ქ----------–----–---–ი, როგორც ფიზიკური პირი, დანარჩენ მოპასუხეებთან ერთად განზრახ ერთობლივად მოქმედებდა ამ გადასახადის გადახდისაგან თავის ასარიდებლად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და პრინციპულად მიიჩნევს იმ გარემოებაზე ხაზგასმას, რომ სააპელაციო საჩივარში ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც გავრცელებული კონცეფციების თანახმად, ფორმალურად, შესაძლოა, მართლაც ქმნიდეს პირთა შორის იმგვარი კავშირების დადგენის შესაძლებლობას, როცა მათ შორის მიჯნის გავლება ხდება შეუძლებელი, ნიღბავს ნამდვილ მესაკუთრეს და ხელს უწყობს საგადასახადო ვალდებულებისათვის თავის არიდებას, თუმცა, სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს კონკრეტულ მტკიცებულებებს, რაც სასამართლოს მისცემს პირთა შორის მსგავსი კავშირების დადასტურების შესაძლებლობას. აპელანტი ვერ უთითებს, რა გარემოებით დასტურდება, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიკური ინტერესების საფუძველზე შეთანხმებულად მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს: დამკვიდრებელი კონცეფციის თანახმად, ასეთი ტიპის აღიარებითი სარჩელის პირობებში საჭიროა დადგინდეს, რომ კომპანია ფაქტობრივად წარმოადგენს მაკონტროლებელი ბენეფიციარის „მეორე მეს“ და მისი დამოუკიდებულების ხარისხი არ იძლევა მისი გამიჯვნის შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით აპელანტმა სსიპ შემოსავლების სამსახურმა ვერ მოახდინა იმ გარემოების დადასტურება, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიკური ინტერესების საფუძველზე შეთანხმებულად მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ქმნის მითითებული ფაქტის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოთხოვნას აქცევს დაუსაბუთებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო სიპ შემოსავლების სამსახურის სასარჩელო მოთხოვნას მიიჩნევს დაუსაბუთებლად და თვლის, რომ შპს ,,G------------“-ს, შპს ,,ქ--------–-----–-----–----------ის“, შპს ,,M-----------ს“ შპს ,,გ----------ის“ შპს ,,G------------სა“ და თ------------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების გზით გაუქმებულ უნდა იქნეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და სსიპ შემოსავლების სამსახურს სრულად უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფლებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, VII16 თავით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე მუხლებით და
ბრძანებს:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,G-------------ის“ ; შპს ,,ქ--------–-----–-----–----------ის“, შპს ,,M-----------ის“ შპს ,,გ----------ის“ შპს ,,G------------სა“ და თ------------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და აღნიშნულ საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
4. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;
6. ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლეები: შოთა გეწაძე
ილონა თოდუა