განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2020
საქმის ნომერი
330210019003100769
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

28 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/10134-19

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - თ-------–-----–--

წარმომადგენელი - ა---------–---------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს „H------------------------------------------e’’

წარმომადგენელი - დ-------------–-–---–-

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „H--------------------------------------------ის სარჩელი თ-------–-----–--ს მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა და მოპასუხე თ-------–-----–--ს მოსარჩელე სს „H--------------------------------------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 9124,22 ლარის გადახდა. მოპასუხე თ-------–-----–--ს მოსარჩელე სს „H--------------------------------------------ს სასარგებლოდ დაეკისრა 274 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2014 წლის 11 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თ-------–-----–-- სს „H--------------------------------------------ში ორი წლით - 2016 წლის 11 აგვისტომდე დასაქმდა კომპანიის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. ხელშეკრულების მეოთხე მუხლის თანახმად, მოპასუხის ხელზე ასაღები შრომის ანაზღაურება განისაზღვრა ყოველთვიურად 4500 ლარით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 18-33);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

2.2. 2016 წლის 01 ივლისს მოპასუხე თ-------–-----–--ს წერილობით ეცნობა მოსარჩელე კომპანიის ნება მასთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო. მოსარჩელე სს „H--------------------------------------------სა და მოპასუხე თ-------–-----–--ს შორის შეწყვეტილია შრომითსამართლებრივი ურთიერთობები.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეტყობინება (ს.ფ. 34);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

2.3. მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე თ-------–-----–--ს სახელფასო ანაზღაურების სახით, ხელშეკრულების დადებიდან მის შეწყვეტამდე, მიღებული აქვს ჯამში 117 124,22 ლარი;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო ჩარიცხვების ბრუნვის ამონაწერი (ს.ფ. 35);

- საგადასახადო დავალებები (ს.ფ. 36-61);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.4. სასამართლომ მიუთითა, რომ შესაგებლის წარდგენის საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესო სამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება.

 

თ-------–-----–--ს მიერ წარმოდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილები: „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები“). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ- ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისთვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს.

 

სასამართლოს მიუთითა, რომ მოპასუხე თ-------–-----–-- არ შედავებია მოსარჩელის მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებას, მაგალითად, იმას, რომ 2 წლის ნამუშევარის შესაბამისად უნდა მიეღო ჯამში 108 000 ლარი, ნაცვლად 117 124,22 ლარისა, რაც 9124,22 ლარით აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელფასის ოდენობას. რაიმე სახის პრემია ან ბონუსი ამ პერიოდის განმავლობაში თ-------–-----–--ს არ მიუღია. მოპასუხის შედავება შემოიფარგლა ძირითადად იმაზე მითითებით, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რაც ზოგადი ხასიათის შედავებაა. ამრიგად, მოსარჩელის მიერ მითითებული და მოპასუხის მიერ არაკვალიფიციურად შედავებული გარემოებები სამართლებრივად ქმნიან იმის პრეზუმფციას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულება 9124,22 ლარის გადაცემის თაობაზე არ წარმოშობილა, რის გამოც შპს-ს მიერ გადაცემული 9124,22 ლარი მას უკან უნდა დაუბრუნდეს. თ-------–-----–--ს შესაგებელი კი ამ ფაქტებს ვერ აბათილებს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, ამასთან, ხანდაზმულობის ვადის გასვლა კი არ აქარწყლებს მოთხოვნას, არამედ მოთხოვნას განუხორციელებლად აქცევს. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს ხანდაზმულობის საკითხის გამოკვლევა შეუძლია

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სადავოდ ხდის მხარე. გარდა ამისა, სასარჩელო ხანდაზმულობის შედეგი პროცესუალური ხასიათის უფროა, ვიდრე მატერიალური, რადგან ხანდაზმულობა არის სარჩელისაგან თავის დაცვის ერთ-ერთი ფორმა და თავისთავად მოთხოვნის გაქარწყლებას არ იწვევს. სასარჩელო ხანდაზმულობის შესახებ კანონმდებლობა ადგენს საშუალებას და არა უფლებას, ამასთან, ხანდაზმულობას არ აქვს ეფექტი მხარის მითითების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობა განიხილება, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოება. მხარე კი საპროცესო კანონმდებლობით შეზღუდულია მიუთითოს, ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების შესახებ საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ.

 

სს „H--------------------------------------------ის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის, ასევე ზედმეტად ჩარიცხული თანხების პრემიისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანგარიშში ჩათვლის საკითხი მოპასუხე თ-------–-----–--ს წარმომადგენელმა სადავოდ გახადა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, იმ პირობებში როდესაც მოპასუხე მხარე შეზღუდული იყო ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების მითითების კუთხით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა სსსკ-ის 105-ე მუხლზე და განმარტა, რომ სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

 

2.6. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს დასაშვები და დასაბუთებული შესაგებელი არ წარმოუდგენია მოსარჩელის იმ განმარტების წინააღმდეგ, რომ მოპასუხის მიერ მიღებული 9124,22 ლარი არ წარმოადგენს მხარეთა შორის შეთანხმებულ საზღაურს. აღნიშნული სადავო გარემოების სარწმუნოდ დადასტურება მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, რისი რეალიზებაც მან ვერ მოახდინა.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2014 წლის 11 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თ-------–-----–-- სს „H--------------------------------------------ში ორი წლით - 2016 წლის 11 აგვისტომდე დასაქმდა კომპანიის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. ხელშეკრულების მეოთხე მუხლის თანახმად, მოპასუხის ხელზე ასაღები შრომის ანაზღაურება განისაზღვრა ყოველთვიურად 4500 ლარით. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 09 სექტემბერს თ-------–-----–--ს ჩაერიცხა სრული ხელფასი 4500 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც აგვისტოს თვის ნამუშევარი შეადგენდა 3305 ლარს და ზედმეტობით დაერიცხა 1195 ლარი, ხოლო 2016 წლის 10 აგვისტოს, საბოლოო ანგარიშსწორების დროს თ-------–-----–--ს დაერიცხა ზედმეტობით 7928,57 ლარი. მოპასუხე თ-------–-----–-- არ შედავებია მოსარჩელის მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებას, მაგალითად, იმას, რომ 2 წლის ნამუშევარის შესაბამისად უნდა მიეღო ჯამში 108 000 ლარი, ნაცვლად 117 124,22 ლარისა, რაც 9124,22 ლარით აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელფასის ოდენობას. პრემია ან ბონუსი ამ პერიოდის განმავლობაში თ-------–-----–--ს არ მიუღია.

 

სს „H--------------------------------------------ს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის, ასევე ზედმეტად ჩარიცხული თანხების პრემიისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანგარიშში ჩათვლის საკითხი მოპასუხე თ-------–-----–--ს წარმომადგენელმა სადავოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გახადა, იმ პირობებში როდესაც მოპასუხე მხარე შეზღუდული იყო ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების მითითების კუთხით. გარდა აღნიშნულისა, არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ 2016 წლის 10 აგვისტოს ჩარიცხული თანხიდან 7928,57 ლარი (12428,57 - 4500) წარმოადგენდა პრემიისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ღირებულებას. მსგავსი მტკიცებულებების შექმნის ორგანიზება სწორედ, დირექტორის ფუნქციაში შედის, საქმის მასალებში კი ასეთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. მითითებული გარემოების დადასტურების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა, მან კი ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნული თანხის მიღების მართლზომიერებას. ამასთან, საინტერესოა ის გარემოება, რომ მითითებული თანხის გადარიცხვა მოხდა ხელფასის სახით.

 

2.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის მიზნიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე (იხ. სუსგ №ას-360-3422015, 2015 წლის 3 ივნისი).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით რეგულირებულია ე.წ „შესრულების კონდიქცია“ და ამგვარი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელემ უნდა მიუთითოს სამართლებრივი სიკეთის გადაცემის ფაქტზე, ასევე მხარეთა შორის ვალდებულების არარსებობაზე (იხ. სუსგ №ას-653-621-2013, 2015 წლის 27 აპრილი). ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის, გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს ანუ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან (იხ. სუსგ №ას-1249-1269-2011, 2012 წლის 4 აპრილი).

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო არ არის თ-------–-----–--ს მიერ სახელფასო ანაზღაურების სახით, ხელშეკრულების დადებიდან მის შეწყვეტამდე, ჯამში 117 124,22 ლარის მიღების ფაქტი; სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 09 სექტემბერს თ-------–-----–--ს ჩაერიცხა სრული ხელფასი 4500 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც აგვისტოს თვის ნამუშევარი შეადგენდა 3305 ლარს და ზედმეტად დაერიცხა 1195 ლარი, ხოლო 2016 წლის 10 აგვისტოს, საბოლოო ანგარიშსწორების დროს თ-------–-----–--ს დაერიცხა ზედმეტად 7928,57 ლარი. შესაბამისად, აღნიშნული შესრულებით დადგენილია ასევე, ჯამში 9124,22 ლარით, ვითომ-კრედიტორის – მოპასუხის გამდიდრება.

 

მოცემულ შემთხვევაში სწორედ მოპასუხის მტკიცების საგანში შედის იმ გარემოების მითითებისა და დამტკიცების ვალდებულება, რომ მას სადავო თანხის 9124,22 ლარის მიღებისა და შენარჩუნების სამართლებრივი საფუძველი გააჩნდა. როგორც აღინიშნა, სს „H--------------------------------------------ს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის, ასევე ზედმეტად ჩარიცხული თანხების პრემიისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანგარიშში ჩათვლის საკითხი მოპასუხე თ-------–-----–--ს წარმომადგენელმა სადავოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გახადა, იმ პირობებში როდესაც მოპასუხე მხარე შეზღუდული იყო ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების მითითების კუთხით. გარდა აღნიშნულისა, არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ 2016 წლის 10 აგვისტოს ჩარიცხული თანხიდან 7928,57 ლარი (12428,57-4500) წარმოადგენდა პრემიისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ღირებულებას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ვალდებულება 9124,22 ლარის გადაცემის თაობაზე არ წარმოშობილა, რის გამოც მოსარჩელე სს „H--------------------------------------------ს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ მოპასუხისათვის გადაცემული 9124,22 ლარი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტმა სადავოდ გახადა სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ თ-------–-----–--ს მიერ მიღებული თანხა - 9124,22 ლარის ოდენობით არ წარმოადგენს პრემიისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სახით მიღებულ თანხას. აპელანტი ასევე არ დაეთანხმა სასამართლოს დასკვნას, რომ სასარჩელო მოთხოვნა 1195 ლარის დაკისრების თაობაზე არ არის ხანდაზმული.

 

3.2. აპელანტმა მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 102-ე მუხლი და არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი, კერძოდ მიუხედავად იმისა, რომ განსახილველი დავა უკავშირდება მხარეთა შორის არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ ვალდებულებას, რა დროსაც მოსარჩელე, როგორც დამსაქმებელი, წარმოადგენს ურთიერთობის დომინანტ მხარეს, ხოლო მოპასუხე, როგორც დასაქმებული - სუსტ მხარეს, მტკიცების ტვირთი სრულად დააკისრა მოპასუხე მხარეს.

 

სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა ისეთ გარემოებებზე, როგორიცაა: დამსაქმებლის მიერ თანხის გადარიცხვის პერიოდი, რაც განხორციელდა 2014 წლის 09 სექტემბერს - 1195 ლარი და 2016 წლის 10 აგვისტოს - 7928,57 ლარი. მოსარჩელემ ისე, რომ მოპასუხის მიმართ მანამდე არ გამოუტქვამს რაიმე სახის პრეტენზია, 2019 წლის 16 ივლისს მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თითქოსდა შეცდომით გადარიცხული თანხის მოპასუხისთვის დაკისრება. აღსანიშნავია, რომ საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული პრეზუმფციიდან გამომდინარე, შეცდომას ახასიათებს მყისიერი რეაგირება, მითუფრო, როდესაც შეცდომას ადგილი აქვს მსხვილი ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც სისტემატურად გადის აუდიტორულ, ბუღალტრულ და იურიდიულ შემოწმებას, გააჩნია სათანადო კადრი და რესურსი. რეალურად შეცდომას რომ ჰქონოდა ადგილი, მოსარჩელე ორგანიზაცია დაუყოვნებლივ მიმართავდა ადრესატს და თანხის დაბრუნებას მოითხოვდა.

 

3.3. აპელანტის განმარტებით სასამართლომ ასევე არ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ 2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იყო თ-------–-----–--ს სარჩელი, მოპასუხე სს „H--------------------------------------------ის მიმართ, სადაც თ-------–-----–-- ითხოვდა 2016 წლის 10 აგვისტოს, ბოლო ანგარიშსწორებისას დაკლებული სახელფასო თანხის გადახდას. აღნიშნული დავა სასამართლოს მიერ დასრულებული იქნა მორიგების აქტის საფუძველზე, რომლითაც მოპასუხე სს „H--------------------------------------------მა თენგის შენგელიას გადაუხადა დაკლებული სახელფასო თანხა 1000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სრული აბსურდია, რომ ერთის მხრივ სს „H------------------------------------------- აღიარებს თ-------–-----–--ს მიმართ არსებულ სახელფასო ვალდებულებას და იხდის კიდეც აღნიშნულ თანხას და მეორეს მხრივ, ერთი წლის შემდეგ აღძრული სარჩელით ითხვოს თითქოსდა ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებას. ცხადია, რომ ასეთ ზედმეტობას რომ ჰქონოდა ადგილი, დამსაქმებელი არ შევიდოდა გარიგებაში და პირიქით შეგებებული სარჩელით მოითხოვდა მის სასარგებლოდ თანხის დაკისრებას.

 

3.4. აპელანტმა მიუთითა, რომ სადავო თანხა წარმოადგენს ზეგანაკვეთურ და პრემიალურ სახელფასო ანაზღაურებას, რისი დადასტურებაც შესაძლებელი იყო თ-------–-----–--ს უშუალო ხელმძღვანელის, კომპანიის გენერალური მენეჯერის პიტერ ლილვიკის მიერ, რომელიც მართავდა მოსარჩელე ორგანიზაციას 2014-2016 წლებში და სწორედ მასთან ზეპირი შეთანხმებით განახორციელა თ-------–-----–--მ შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე პერიოდში ის ზეგანაკვეთური და განსაკუთრებული სირთულის სამუშაოები, რისთვისაც დაერიცხა შესაბამისი ანაზღაურება. პიტერ ლილვიკმა მოსარჩელე ორგანიზაციაში დაკავებული თანამდებობა და შემდგომ საქართველო დატოვა 2019 წლის აპრილის თვეში, რის გამოც მისი მხრიდან ზემოხსენებული გარემოებების დადასტურების შესაძლებლობა მოისპო, ვინაიდან აპელანტისთვის უცნობია მისი ადგილსამყოფელი ან საკონტაქტო ინფორმაცია. სწორედ ხსენებულ ფაქტს უკავშირებს აპელანტი მოსარჩელის მიერ 2019 წლის ივლისში სარჩელის აღძვრას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის აპელანტის ახსნა-განმარტებით ცნობილი იყო აღნიშნული ფაქტების შესახებ, თუმცა მოხდა მტკიცების ტვირთის არასწორი გადანაწილება. რა ფორმის მტკიცებულებები შეიძლებოდა წარედგინა დასაქმებულს 3 წლის შემდეგ, მაშინ როდესაც ყველა შესაძლო მტკიცებულება უკავშირდება მოსარჩელე მხარეს, რომელიც თავის მხრივ დაინტერესებული მხარეა.

 

3.5. აპელანტმა ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა პირდაპირ ესადაგება მოცემულ დავას, კერძოდ მაშინ როდესაც 2014 წლის 09 სექტემბერს და შემდგომ 2016 წლის 10 აგვისტოს მოსარჩელემ/დამსაქმებელმა გადაუხადა თ-------–-----–--ს, როგორც დასაქმებულს ფულადი ანაზრაურება, ბუნებრივია, რომ დასაქმებულს ექნებოდა საფუძველი ევარაუდა დამსაქმებლის ასეთი სურვილის არსებობის შესახებ, მით უფრო როდესაც ადგილი ჰქონდა მის მიერ ზეგანაკვეთური და რთული სამუშაოს შესრულებას. დამსაქმებელს რომ ასეთი ნება არ ჰქონოდა, შეცდომით გადმორიცხვა და შემდგომ თითქმის სამი წელი პრეტენზიის გამოუთქმელობა ფაქტობრივად გამორიცხულია, რამდენადაც სს „H--------------------------------------------ში ყველა გადარიცხვა გადის მკაცრ კონტროლს არაერთი სტრუქტურული რგოლის ჩართულობით და საბოლოოდ დასტურდება გენერალური მენეჯერის რეზოლუციით. აღნიშნული დადასტურებულია მოსარჩელის მიერაც.

 

3.6. აპელანტმა განმარტა, რომ საყოველთაოდ ცნობილია, რომ საგადასახადო მიზნებისთვის შრომის ნებისმიერი ანაზღაურება, მათ შორის თანამშრომლის კვებისთვის გამოყოფილი თანხები აღირიცხება როგორც ხელფასი და ბუნებრივია თ-------–-----–--სთვის ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების და პრემიის თანხა აღირიცხებოდა როგორც ხელფასი და ამავე სახელით აღინიშნა გადახდის დანიშნულებაში.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.1. სამოქალაქო საქმეთა პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- 2014 წლის 11 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თ-------–-----–-- სს „H--------------------------------------------ში ორი წლით - 2016 წლის 11 აგვისტომდე დასაქმდა კომპანიის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. ხელშეკრულების მეოთხე მუხლის თანახმად, მოპასუხის ხელზე ასაღები შრომის ანაზღაურება განისაზღვრა ყოველთვიურად 4500 ლარით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 18-33);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

- 2016 წლის 01 ივლისს მოპასუხე თ-------–-----–--ს წერილობით ეცნობა, რომ 2016 წლის 11 აგვისტოს ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა აღარ გაგრძლედებოდა. მოსარჩელე სს „H--------------------------------------------სა და მოპასუხე თ-------–-----–--ს შორის შეწყვეტილია შრომითსამართლებრივი ურთიერთობა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეტყობინება (ს.ფ. 34);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

- 2016 წლის 10 აგვისტოს განხორციელებული საბოლოო ანგარიშსწორებით თ-------–-----–--ს ხელფასის სახით ჯამში მიღებული ჰქონდა 115 928,57 ლარი და 2016 წლის 12 სექტემბერს დამატებით ხელფასის სახით მიიღო 195,65 ლარი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო ჩარიცხვების ბრუნვის ამონაწერი (ს.ფ. 35)

- საგადასახადო დავალებები (ს.ფ. 36-60)

 

- თ-------–-----–--მ 2018 წლის 20 აპრილს სარჩელით მიმართა სასამართლოს 2014 წლის 11 აგვისტოს შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არასრულად დარიცხული ხელფასის მოთხოვნით (საქმე №2/11715-18), რომელიც დასრულდა მხარეთა მორიგებით და სს „H--------------------------------------------მა თ-------–-----–--ს 2018 წლის 02 ნოემბერს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მიზნით ჩაურიცხა 1000 ლარი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელის მე-4 ფაქტობრივი გარემოება; (ს.ფ. 6);

- საბანკო ჩარიცხვების ბრუნვის ამონაწერი (ს.ფ. 35)

- საგადასახადო დავალება (ს.ფ.61);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

- მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე თ-------–-----–--ს ანაზღაურების სახით, ჯამში მიღებული აქვს 117 124,22 ლარი, საიდანაც მოსარჩელე ითხოვს 9 124,22 ლარის, როგორც უსაფუძვლოდ ჩარიცხულის, დაბრუნებას. კერძოდ დადგენილია, რომ 2014 წლის 09 სექტემბერს თ-------–-----–--ს ჩაერიცხა სრული ხელფასი 4500 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც აგვისტოს თვის ნამუშევარი მოსარჩელის მტკიცებით, შეადგენდა 3305 ლარს და შესაბამისად მოსარჩელის მტკიცებით, თ-------–-----–--ს ზედმეტად დაერიცხა 1195 ლარი, ხოლო 2016 წლის 10 აგვისტოს, საბოლოო ანგარიშსწორების დროს თ-------–-----–--ს მოსარჩელის მტკიცებით, ზედმეტად დაერიცხა 7928,57 ლარი. შესაბამისად,-

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო ჩარიცხვების ბრუნვის ამონაწერი (ს.ფ. 35);

- საგადასახადო დავალებები (ს.ფ. 36-61);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

4.1.2. პირველ რიგში სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას მოპასუხის მიერ წარდგენილ იქნა არაკვალიფიციური შესაგებელი, შესაბამისად, პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილ განმარტებებს კვალიფიციური შესაგებლის წარდგენის მნიშვნელობისა და მოპასუხის მიერ ხსენებული ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ, თუმცა პალატა აქვე განმარტავს, რომ არაკვალიფიციური შესაგებლის წარდგენა თავისთავად არ წარმოშობს სარჩელის დაკმაყოფილების აბსოლუტურ საფუძველს. ასეთ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები რამდენად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას სამართლებრივად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ხსენებული ნორმიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში (სუსგ 25.03.2013 განჩინება, საქმე №ას-1350-1275-2012), შესაბამისად იმ პირობებშიც კი, თუ მოპასუხის მიერ არაკვალიფიციურადაა შედავებული სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და სასამართლო მათ დადასტურებულად მიიჩნევს, უნდა მოხდეს ფაქტობრივ გარემოებებსა და სასარჩელო მოთხოვნას შორის სამართლებრივი თანხვედრის გამოკვლევა.

 

4.1.3. განსახილველ შემთხევაში, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე, კერძოდ სს „H------------------------------------------- ითხოვს თ-------–-----–--სთვის ზედმეტად ჩარიცხული ხელფასის დაბრუნებას უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებზე დაყრდნობით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის რომელიმე ქვეპუნქტით სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უნდა დადგინდეს ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოებების არარსებობა. მოცემულ შემთხევაში, საკითხის სწორის გადაწყვეტისთვის გამოკვლეულ უნდა იქნეს არსებობს თუ არა სსკ-ის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება, რომლის მიხედვითაც გადაცემული ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები. აღნიშნული ნორმა ფაქტობრივად განამტკიცებს მიმღების კეთილსინდისიერების პრინციპს სადავო ქონების მიღებისა და შენარჩუნების ფაქტის მიმართ, რაც უნდა დასტურდებოდეს რიგი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, რომლებიც აძლევს მიმღებს ობიექტურ საფუძველს ივარაუდოს, რომ შემსრულებელს სურდა ქონების გადაცემა.

 

4.1.4. განსახილველ შემთხვევაში თავად სარჩელით დადასტურებულია, რომ სს „H--------------------------------------------ს და თ-------–-----–--ს შორის 2014 წლის 11 აგვისტოდან 2016 წლის 11 აგვისტომდე არსებობდა შრომითი ხელშეკრულება. სწორედ ამ შრომითი ურთიერთობის ფარგლებში თ-------–-----–--ს ანაზღაურების მიზნით მოსარჩელემ ჩაურიცხა ჯამში 117 124,22 ლარი, საიდანაც მოსარჩელე სადავოდ ხდის 2014 წლის 9 სექტემბერს განხორციელებულ ჩარიცხვიდან - 45000 ლარიდან (იხ. ს.ფ. 35), 1195 ლარს, როგორც ზედმეტად გადახდილს და ასევე 2016 წლის 10 აგვისტოს ჩარიცხული 12 428,57 ლარიდან (იხ. ს.ფ. 35), 7928,57 ლარს, როგორც ასევე ზედმეტად გადახდილ თნხას (ე.ი. სადავოა ჯამში 9124 ლარი). თავად სარჩელის მე-4 ფაქტობრივი გარემოებიდან და საქმის ზეპირი განხილვისას დაფიქსირებული განმარტებებიდან (იხ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28 თბერვლის სხდომის საოქმო ჩანაწერი), ასევე მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგნილი მტკიცებულებით (იხ. ს.ფ. 35) დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა უკვე დასრულებული იყო, კერძოდ 2016 წლის 11 აგვისტოს შემდეგ, უფრო ზუსტად კი, 2018 წლის 20 აპრილს თ-------–-----–--მ, რომელსაც დამსაქმებლისგან უკვე ჩარიცხული ჰქონდა ანაზღაურების სახით ჯამში 116 124,22 ლარი, სს „H--------------------------------------------ს მიმართ კვლავ აღძრა სარჩელი დარჩენილი სახელფასო დავალიანების დაფარვის მიზნით, და უდავოა, რომ ამ სარჩელზე მხარეთა მორიგების გამო შწეყდა წარმოება, რის შედეგადაც სს „H--------------------------------------------მა თ-------–-----–--ს, როგორც ეს მოსარჩელის მიერ წარმოდგნეილი მტკიცებულებითც დასტურდება (იხ. ს.ფ. 35) 2018 წლის 2 ნოემბერს დამატებით კიდევ ჩაურიცხა 1000 ლარი. ამასთან, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, თანხების ზედმეტად ჩარიცხვის შესახებ მათთვის ცნობილი იყო 2018 წელს სასამართლოში თ-------–-----–--ს სარჩელის განხილვის დასრულებამდე (იხ. წინამდებარე საქმეზე 14.02.2020 სხდომის ოქმი, 13:18:22 სთ. ასევე 28.02.2020 სხდომის ოქმი, 15:39:51).

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც - სამართალწარმოებაში „პრეზუმციების“ არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება, პირიქით, უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. (სუსგ 04.11.2015, საქმე №ას-528-501-2015)

 

განსახილველ შემთხვევაში, შემსრულებლის მიმართ მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მისთვის ცნობილია ქმედების განხორციელების თაობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს, რომ სს „H--------------------------------------------ისთვის ცნობილი იყო მის მიერ თ-------–-----–--სთვის ხელფასის სახით 116 124,22 ლარის ოდნეობით თანხების გადარიცხვის შესახებ. სს „H--------------------------------------------ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ თ-------–-----–--სთან 2018 წელს მორიგების გაფორმებამდე მათთვის უკვე ცნობილი იყო, რომ თ-------–-----–--სათვის ხელფასის სახით 108 000 ლარის ნაცვლად, მათ მიერ გადარიცხული იყო უფრო მეტი თანხა - 116 124,22 ლარი, თუმცა მიუხედავად ამისა, მოგივანეიბთ - 2018 წელს მაინც მოხდა მორიგების აქტის გაფორმება და აპელანტისთვის დამატებით კიდევ 1000 ლარის ოდნეობით თანხის (ჯამში 117 124,22 ლარის) ჩარიცხვა.

 

4.1.5. ამგვარად, სასამართლო ასკვნის, რომ სადავო თანხების (1195 ლარის გადახდა 2014 წლის 9 სექტემბერი, 7928 ლარის გადახდა 2016 წლის 10 აგვისტო) გადარიხვის ქრონოლოგიის, ბოლო ტრანზაქციის (1000 ლარის გადარიცხვა - 2018 წლის 2 ნოემბერი) და იმ ფაქტის, გათვალისწინებით, რომ თ-------–-----–--, მიუხედავად მისთვის 116 124,22 ლარის ჩარიცხვისა, მაინც მიიჩნევდა, რომ სახელფასო დავალიანება გააჩნდა დამსაქმებელს მის მიმართ და ფაქტია, რომ ამ საკითხზე მხარეები მორიგდენენ და შედეგად დამსაქმებელმა თ-------–-----–--ს დამატებით კიდევ 1000 ლარი ჩაურიცხა, პალატა მიიჩნევს, რომ თ-------–-----–--ს გააჩნდა საკმარისი საფუძელი, იმის სავარაუდოდ, რომ სს „H--------------------------------------------ს სურდა მისთვის სადავო თანხების ჩრიცხვა, წინააღმდეგ შემთვევაში მას შემდეგ რაც უკვე მიღებული ჰქონდა დამსაქმებლისაგან ჯამში 116 124 ლარი, დამატებით დამსაქმებელი მას კიდევ 1000 ლარს მით, უფრო შრომითი ურთიერთობის ვადის ამოწურვის შემდგომ აღარ ჩურიცხავდა. შესაბამისად ეს არ იყო რაიმე სახის შეცდომის შედეგი, რაც საბოლოოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობას იძლევა, და გამორიცხავს მოპასუხისათვის ჩარიცხული სადავო თანხების, კერძოდ 2014 წლის 9 სექტემბერს და 2016 წლის 10 აგივსტოს ხელფასის სახით გადარიცხული თანხების 1195 ლარის და 7928 ლარის, უკან გამოთხოვის შესაძლებლობას 976-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" პუნქტის საფუძველზე. პალატა კვლავ შენიშნავს, რომ სს „H--------------------------------------------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ზემოაღნიშნული საფუძველი, მოპასუხის მხრიდან არაკვალიფიციური შესაგებლის წარდგენის პირობებშიც გამოვლენილია თავად სარჩელის მე-4 ფაქტობრივი გარემოებითა და მოსარჩელის პოზიციით, რომლის სამართლებრივი შეფასებაც არ განხორციელებულა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა ასკვნის, რომ თ-------–-----–--ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება და სს „H--------------------------------------------ის სარჩელი თ-------–-----–--ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

გამომდინარე იქედან, რომ სს „H--------------------------------------------ის სარჩელი თ-------–-----–--ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდა, თ-------–-----–--ს არ ეკისრება მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება, შესაბამისად უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტიც.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების საკითხს, ვინაიდან თ-------–-----–--ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, სს „H--------------------------------------------ს თ-------–-----–--ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 365 ლარის, ანაზღაურება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თ-------–-----–--ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტიელბა;

3. სს „H--------------------------------------------ის სარჩელი თ-------–-----–--ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

4. სს „H--------------------------------------------ს თ-------–-----–--ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 365 ლარის, ანაზღაურება.

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვანო წიკლაური