განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820310017002204746 (3/ბ-466-2019წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 იანვარი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)
ნანა კალანდაძე, მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტები (მოსარჩელეები) - ქ----- ღ------------ე (პ/ნ 6----------), ი-----–--- ბ-----------ი (პ/ნ 6----------), მ----------- მ--------ე (პ/ნ 6----------)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება თავი შეიკავოს ქმედების განხორციელებისგან
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტების მოთხოვნა: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 07 დეკემბერს ქ----- ღ------------ის, ი-----–--- ბ-----------ის და მ----------- მ--------ის წარმომადგენელმა ზ---- პ----ემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მ ო ი თ ხ ო ვ ა - ხელვაჩაურის მერიას აეკრძალოს ა(ა)იპ „ხელვაჩაურის სასაფლაოებისათვის" ხ----------ის საცხოვრებელი სახლის (ს/კ. 2-----------) და მ----------- მ--------ის მიწის ნაკვეთის (ს/კ 2-----------) მომიჯნავედ მდებარე 4 078 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაცემა სასაფლაოების მოსაწყობად.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელეები ცხოვრობენ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ--------ში, მე-20 ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათი საცხოვრებელი სახლიდან და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებიდან დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით არის სასაფლაო (მიწის ნაკვეთის ს/კ. 2-----------), რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 16 სექტემბრის N1--- ბრძანების საფუძველზე გადაეცა ა(ა)იპ ,,ხელვაჩაურის სასაფლაოებს“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით. სასაფლაოს მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არის თავისუფალი ტერიტორია - 4 078 კვ.მ-ის ოდენობით, რომლის დარეგისტრირებას და ა(ა)იპ ,,ხელვაჩაურის სასაფლაოებისთვის“ გადაცემას აპირებს ხელვაჩაურის მერია, რაც მოსარჩელეებისთვის მიუღებელია, რადგან ამ შემთხვევაში სასაფლაო მათი კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთებიდან იქნება მხოლოდ 31-61 მეტრით დაშორებული და რთული წარმოსადგენი არ არის როგორ გარემოში მოუწევთ ცხოვრება - ეს იქნება ყოველდღიურად ჭირისუფლის გოდების მოსმენა, სახლის სარკმლიდან დაკრძალვის ცერემონიის ყურება, რაც ისედაც რთულ და პრობლემებით დამძიმებულ ცხოვრებაში ყოვედღიური დეპრესიის წყარო გახდება.
მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი დაუშვებელია, რამდენადაც არ არსებობს დავის საგანი, ამდენად საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება სარჩელში აღნიშნულ ტერიტორიაზე სასაფლაოების გაფართოებაზე, თუმცა სოფლის მოსახლეობა ერთობლივი განცხადებით ითხოვს სასაფლაოებისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის გადაცემას. მოპასუხის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა დავა მომდინარეობს სხვა პირადი ინტერესიდან გამომდინარე, რათა თვითონ დაირეგისტრირონ აღნიშნული ნაკვეთები. მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობის წესი რეგულირდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს N25 დადგენილებით და მერია გადაწყვეტილებას მიიღებს აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, რაც ჯერჯერობით არ მომხდარა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებით ქ----- ღ------------ის, ი-----–--- ბ-----------ის, მ----------- მ--------ის სარჩელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ არ დაკმაყოფილდა;
მოსარჩელეების მიერ სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვიტოს N25 დადგენილებით დამტკიცდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა პატრონობის ზოგადი წესი, რომელშიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მაისის N7 დადგენილებით შეტანილი იქნა ცვლილება და დებულების მესამე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ახალი სასაფლაო ან სამარე უნდა განლაგდეს სულ ცოტა 100 მეტრის დაშორებით საცხოვრებელი შენობებიდან გარდა იმ შემთხვევისა, როცა სასაფლაოსათვიის მიწის ნაკვეთის გამოყოფა (სტატუსის მინიჭება) ხდება უკვე ფაქტობრივად არსებული სასაფლაოების მომიჯნავედ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 16 სექტემბრის N1--- ბრძანების საფუძველზე ა(ა)იპ ,,ხელვაჩაურის სასაფლაოებს“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცა სოფელ გ--------ში მდებარე 2 598 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი 2-----------.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 16 სექტემბრის N1--- ბრძანების საფუძველზე ა(ა)იპ „ხელვაჩაურის სასაფლაოებზე“ გადაცემული 2 598 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარეობს მოსარჩელეების ქ----- ღ------------ის, მ----------- მ--------ის და ხ----------ის კუთვილი მიწის ნაკვეთების მიმდებარედ და საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გ--------ის მაცხოვრებლებმა 2017 წლის 11 სექტემბერს განცხადებით მიმართეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს და მოითხოვეს სოფელ გ--------ის სასაფლაოების მიმდებარედ თავისუფალი ტერიტორია დარეგისტრირდეს და სამართავად გადაეცეს ა(ი)იპ „ხელვაჩაურის სასაფლაოებს“. განცხადებას ხელს აწერდა 109 პირი.
2019 წლის 29 იანვარს მოსარჩელეების წარმომადგენელმა ზ---- პ----ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა ინფორმაცია აპირებდა თუ არა ა(ა)იპ „ხელვაჩაურის სასაფლაოები“ მოსარჩელეების (ხ----------ის, მ----------- მ--------ის) საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ არსებულ 4078 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მოეწყო სასაფლაოები ან გადაეცემოდა თუ არა ეს ნაკვეთი ა(ა)იპ „ხელვაჩაურის სასაფლაოებს“.
ა(ა)იპ ხელვაჩაურის სასაფლაოების 2019 წლის 04 თებერვლის წერილით ზ---- პ----ეს ეცნობა, რომ სასაფლაოების გაფართოების შესახებ მერიას მიმართეს სოფ. გ--------ის მაცხოვრებლებმა და გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იმოქმედებდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 გვიტოს N25 დადგენილებით დამტკიცებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა პატრონობის ზოგადი წესის შესაბამისად.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები მოითხოვენ ადმინისტრაციულმა ორგანომ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ თავი შეიკავოს გარკვეული მოქმედებისაგან, კერძოდ მოსარჩელეების მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ არსებული 4 078 კვ.მ. არ გადაეცეს ა(ა)იპ „ხელვაჩაურის სასაფლაოებს“ სასაფლაოების მოსაწყობად.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა პატრონობის ზოგადი წესი განსაზღვრულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს N25 დადგენილებით.
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ განსაზღვრავს მერიის უფლება მოვალეობებს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კანონით დადაგენილი წესით მიღებული აქვს ზემო დასახელებული დადგენილება სასაფლაოების მოწყობის შესახებ. თუ აღნიშნული დადაგენილებით ზიანი ადგებოდა მოსარჩელეთა ინტერესებს, მათ კანონით დადგენილი წესით შეეძლოთ აღნისნული დადგენილების გასაჩივრება. სხვა მხრივ არ იკვეთება მოსარჩელეთა უფლებისა და კანონიერი ინტერესის დარღვევა. მხოლოდ მითითება მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე სასაფლაოს მოწყობის არამიზანშეწონილობის შესახებ არ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ უფლება, რომელიც წარმოადგენს დავის საგანს, უნდა ჰქონდეს უშუალოდ მოსარჩელეს, ანუ ეს უნდა იყოს მისი სუბიექტური უფლება. პირის საჯარო სამართლებრივი სუბიექტური უფლების არსებობის დასადგენად საჭიროა გაირკვეს, არსებობს თუ არა სამართლის ნორმა, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოებს გარკვეული მოქმედების შესრულების ვალდებულებას აკისრებს და ამასთან, უნდა განისაზღვროს, ემსახურება თუ არა სამართლის ნორმა პირის ინტერესების დაცვას. მოსარჩელე ვერ უთითებს და ვერც სასამართო სხდომაზე იქნა დადგენილი თუ კანონის რომელი ნორმა ირღვევა მერიის მხრიდან ამგვარი მოქმედების განხორციელებით, რაც ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას აქტის ან ქმედების უკანონოდ ცნობისათვის სავალდებულო კომპონენტია.
საქართველოს ასკ-ის 22-25-ე მუხლებში ნაგულისხმევი მოსარჩელის კანონიერი უფლება და ინტერესი წარმოიშობა, როგორც კანონის, ისე ადამიანის ძირითადი უფლებების საფუძველზე. ადმინისტრაციული მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში აუცილებელია როგორც უფლების, ისე მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება.
მატერიალურ-სამართლებრივ და იურიდიულ ინტერესს შორის წარმოიშობა პირდაპირი და ურყევი კავშირი, ვინაიდან იურიდიული ინტერესი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს, თუ სახეზეა მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესი (სასამართლო დაცვის საგანი), რომლის არარსებობა, უსაგნოს ხდის პროცესს და მას უკარგავს აზრს.
კანონით გათვალისწინებული საშუალებებით უფლების დაცვა შესაძლოა მხოლოდ იმ პირობით, თუ მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოადგენს იურიდიული ფაქტების გარკვეულ წყებას, რომლითაც დასტურდება როგორც თვით უფლების ან ინტერესის არსებობა, ასევე მისი დარღვევა ან სადავოდ ქცევა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ----- ღ------------ემ, ი-----–--- ბ-----------მა და მ----------- მ--------ემ, რომლებმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
აპელანტების განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია რომ მათი (მოსარჩელეების) დავის უფლება ანუ დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნა წარმოიშობა მას შემდეგ, როდესაც მოპასუხე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, დააკმაყოფილებს განმცხადებლების მოთხოვნას და ა(ა)იპ „ხელვაჩაურის სასაფლაოებს“ გადასცემს სადაო მიწის ნაკვეთს, რომლის ფართობი არის 4078 კვ.მ.
ერთი შეხედვით, ფორმალურად, სასამართლო თითქოს მართალია, მაგრამ დავის საგანი და მისი სამართლებრივი ბუნება ცოტა მეტია. პირველი პრობლემა ის გახლავთ, რომ საქმეში მესამე პირად სავალდებულო წესით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად არ არის ჩართული ა(ა)იპ ხელვაჩაურის სასაფლაოები, მეორე კი ის არის, რომ ისინი (მოსარჩელეები) ამ მიწის ნაკვეთს აღვიქვამენ ერთ მთლიან უძრავ ქონებად და მისი მთლიანად გადაცემა დაარღვევს აპელანტების (მოსარჩელეების) უფლებებს.
აპელანტების მოთხოვნის სამართლებრივი მიზანია, რომ მიწის ნაკვეთის გადაცემის შედეგად სასაფლაოს ტერიტორია არ მიუახლოვდეს მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას უფრო ახლოს, ვიდრე 100 მეტრი. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 16 სექტემბრის N1--- ბრძანების საფუძველზე ა(ა)იპ "ხელვაჩაურის სასაფლაოებზე" გადაცემული 2 598 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარეობს მოსარჩელეების ქ----- ღ------------ის, მარგალიტა მ--------ის და ხ----------ის კუთვილი მიწის ნაკვეთების მიმდებარედ და საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს.
აპელანტების განმარტებით, უფლების დამცველი და დავის მომწესრიგებელი ნორმა მიღებულია 2015 წლის 31 აგვისტოს. ამ დადგენილების საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 16 სექტემბრის N1--- ბრძანების საფუძველზე ა(ა)იპ ,,ხელვაჩაურის სასაფლაოებს“ უსასყიდლოდ უზუფრუქტის ფორმით გადაეცა სოფელ გ--------ში მდებარე 2 598 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით - 2-----------, ანუ 2 598 კვ.მ მიწის ნაკვეთის ა(ა)იპ ,,ხელვაჩაურის სასაფლაობისათვის" გადაცემა არ ეწინააღმდეგებოდა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს და სადაოც არ გამხდარა, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკვე ამ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში შევიდა ცვლილება 2017 წლის 31 მაისს, სადაო სწორედ ის არის, რას გულისხმობს ეს ცვლილება, კერძოდ წინადადება - ,,გარდა იმ შემთხვევისა, როცა სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა (სტატუსის მინიჭება) ხდება უკვე ფაქტობრივად არსებული სასაფლაოების მომიჯნავედ."
ვინაიდან ნორმის (კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის) განმარტება არ ხდება არავის მიერ გარდა სასამართლოსი, მათი სარჩელი და დავის საგანი სწორედ ეს გახლავთ _ სასამართლომ უნდა განუმარტოს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელეთა ინტერესების გათვალისწინებით როგორ უნდა იყოს განმარტებული ნორმატიული აქტი, მასში ცვლილების შეტანის შემდეგ, ანუ რისგან თავის შეკავებას ავალდებულებს მოქმედი კანონმდებლობა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები ითხოვენ ხელვაჩაურის მერიისათვის აკრძალვას იმისა, რომ ა(ა)იპ „ხელვაჩაურის სასაფლაოებს“ გადასცეს მოსარჩელეების საკარმიდამო ნაკვეთების მომიჯნავე 4 078 კვ,მ. მიწის ნაკვეთი.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 16 სექტემბრის N1--- ბრძანების საფუძველზე ა(ა)იპ ,,ხელვაჩაურის სასაფლაოებს“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცა, ხელვაჩაურის სოფელ გ--------ში მდებარე 2 598 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ-ით 2-----------.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გ--------ის მკვიდრმა მოსახლეობამ 2017 წლის 11 სექტემბერს განცხადებით (განცხადებას ხელს აწერს 109 პირი) მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს და მოითხოვეს სოფელ გ--------ის სასაფლაოების მიმდებარედ არსებული, თავისუფალი ტერიტორიის ა(ი)იპ ,,ხელვაჩაურის სასაფლაოებზე’’ გადაცემა.
2019 წლის 29 იანვარს მოსარჩელეების ქ----- ღ------------ის, ი-----–--- ბ-----------ის და მ----------- მ--------ის წარმომადგენელმა ზ---- პ----ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა ინფორმაციის გაცემა, კერძოდ, აპირებდა თუ არა ხელვაჩაურის მერია მოსარჩელეების - ხ----------ის, მ----------ა მ--------ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთზე, კერძოდ 4078 კვ.მ. ფართზე, მოეწყო სასაფლაოები ან ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი გადაეცემოდა თუ არა ა(ა)იპ ,,ხელვაჩაურის სასაფლაოებს” სასაფლაოების მოსაწყობად.
ა(ა)იპ ,,ხელვაჩაურის სასაფლაოების’’ 2019 წლის 04 თებერვლის წერილით ზ---- პ----ეს ეცნობა, რომ სასაფლაოების გაფართოების შესახებ მათ მიმართეს სოფელ გ--------ის მცხოვრებლებმა და გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იმოქმედებენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს N25 დადგენილებით დამტკიცებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა პატრონობის ზოგადი წესის შესაბამისად.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის განმარტებით, სოფელ გ--------ში სასაფლაოს დანიშნულებით მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ სოფლის მკვიდრი 109 პირის 2017 წლის 11 სექტემბრის განცხადებასთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობას რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია (იხ. სააპელაციო სასამართლოს 17.12.2019 წ. სხდომის ოქმი 14:51:38 -14:52:00 სთ. 14:53:00- 14:53:50 სთ).
,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვიტოს N25 დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, ახალი სასაფლაო ან სამარე უნდა განლაგდეს სულ ცოტა 100 მეტრის დაშორებით საცხოვრებელი შენობიდან და დასასვენებელი ადგილიდან, ხელვაჩაურის საკრებულოს შესაბამისი განკარგულების საფუძველზე. პანთეონის განლაგებისას შესაძლებელია არ იქნეს დაცული ამ პუნქტის პირველი წინადადებით განსაზღვრული 100 მეტრიანი შეზღუდვის წესი. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი 2017 წლის 31 მაისის N17 დადგენილებით ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - ,,ახალი სასაფლაო ან სამარე უნდა განლაგდეს, სულ ცოტა, 100 მეტრის დაშორებით საცხოვრებელი შენობებიდან და დასასვენებელი ადგილებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა (სტატუსის მინიჭება) ხდება უკვე ფაქტობრივად არსებულ სასაფლაოს მომიჯნავედ’’. მოსარჩელეთა ინტერესია, რომ მათ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებსა და სასაფლაოს შორის მანძილი (დაშორება) არ იყოს 100 მეტრზე ნაკლები. ამ ინტერესით ითხოვენ ისინი რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს აეკრძალოს სასაფლაოს დანიშნულებით ა(ა)იპ - სათვის მიწის ნაკვეთის გადაცემა. აპელანტი მხარე დავისადმი ინსტერესს ასაბუთებს იმითაც, რომ სასამართლომ წინამდებარე დავის ფარგლებში უნდა განმარტოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვიტოს N25 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნტის ახალი რედაქცია (2017 წლის 31 მაისის N17 დადგენილებით განხორციელებული ცვლილება), კერძოდ ის საკითხი, რამდენად უნდა გავრცელდეს ნორმის ახალი რედაქცია ა(ა)იპ „ხელვაჩაურის სასაფლაოებისათვის“ დამატებით 4078 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამოყოფის შემთხვევაში. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები სრული და ექსკლუზიურია. ამ კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების მოცულობა (ფარგლები) და განხორციელების წესი შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კანონი პირდაპირ მიუთითებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების რეგულირების შესაძლებლობაზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტებით, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებებია - მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით („ბ“ ქ/პ); სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა („ს“ ქ/პ). ორგანული კანონის 122-ე მუხლის პირველი პუნქტით, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი ფორმების გამოყენება: ა) აღნაგობა; ბ) უზუფრუქტი; გ) ქირავნობა; დ) იჯარა; ე) თხოვება; ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმები. 122-ე მუხლის მე-2 პუნქტით, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და დაინტერესებულ პირს შორის. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ უთანაბრდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებას დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე. 122-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით. მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას – მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენის მიზანია დარღვეული უფლების აღდგენა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენის მიზანია დარღვეული უფლების აღდგენა. საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. 2.3 მუხლით, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების საკუთრების ან სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ადმინისტრაციული ან სამოქალაქო ხელშეკრულების დადების გზით. შესაბამისად, მოსარჩელეების ნამდვილი იურიდიული ინტერესი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ უკანონო მმართველობითი ღონისძიების განხორციელების პროცესში წარმოიშობა. მოცემული ეტაპისთვის მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე სახის მმართველობითი ღონისძიება, რომელიც შეეხება მოსარჩელეებს და პირდაპირ უშუალოდ უარყოფითად აისახება მათ კანონიერ უფლებასა და ინტერსეზე, სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არ განუხორციელებია, შესაბამისად, წარმოდგენილი სააპელაციო პრეტენზიის ფარგლებში, სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის შესახებ უცვლელად უნდა დარჩეს.
რაც შეეხება აპელანტების თხოვნას, რომ სასამართლომ განმარტოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვიტოს N25 დადგენილების მე-3 მუხლის ახალი რედაქცია (ცვლილება განხორციელებული 2017 წლის 31 მაისის N17 დადგენილებით), რომელიც საცხოვრებელი შენობებიდან და დასასვენებელი ადგილებიდან სასაფლაოდ გამოყენებული ტერიტორიის დაშორებას შეეხება, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში ნორმატიული აქტის განმარტების საჭიროება არ არსებობს, რამდენადაც ამ მომენტისათვის არ გადაწყვეტილა საკითხი მიწის ნაკვეთის სასაფლაოს დანიშნულებით კონკრეტული პირისათვის გადაცემის შესახებ, შესაბამისად, სახეზე არ არის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოქმნილი კონკრეტული ნორმის საფუძველზე, სასამართლო კი ნორმის შინაარსს განმარტავს ამ ნორმის გამოყენების პროცესში ანუ მის საფუძველზე სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შეფასებისა და მოწესრიგებისას. პალატა დამატებით მიუთითებს ასევე რომ „ადგილობრივი თვითმმართველოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საკრებულოს დადგენილება - მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.
ამდენად საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მოხმობილი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტების მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს მათი (აპელანტების) მოთხოვნის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. სასამართლო ხარჯები
აპელანტებს, მათ მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი, _ არ დაუბრუნდება სააპელაციო საჩივრის უარყოფის გამო, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ----- ღ------------ის (პ/ნ 6----------), ი-----–--- ბ-----------ის (პ/ნ 6----------), მ----------- მ--------ის (პ/ნ 6----------) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6), მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32).
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი
ნანა კალანდაძე
მურთაზ მეშველიანი