განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.05.2018
საქმის ნომერი
080210015001038701
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210015001038701

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ას-340-340-2018 3 მაისი, 2018 წელი

№ას-340-340-2018 ხ---–--–--ე ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ი-----–- ხ---–--–--ე, ო-–-- კ-------–---–ი (განმცხადებლები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ----------ი“ (მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სს „თ----------მა“ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი-----–- ხ---–--–--ისა და ო-–-- კ-------–---–ის (შემდგომში „მოპასუხეები“ ან „კერძო საჩივრის ავტორიები“) მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

7. 2018 წლის 25 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელმა, რომელმაც უარი განაცხადა კერძო საჩივარზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კასატორის წარმომადგენლის განცხადების საფუძვლიანობა და თვლის, რომ მოცემულ კერძო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

11. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

12. სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.

13. ამდენად, მოსარჩელე უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სარჩელზე. აღნიშნული წესი ვრცელდება კერძო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც და მხარეს შეუძლია, დაეთანხმოს მის მიერ გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას.

14. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელმა, ა-–---------- ჭ----------ემ, რომელსაც მის სახელზე საჩივრის ავტორების მიერ განუსაზღვრელი ვადით გაცემული მინდობილობის საფუძველზე მინიჭებული აქვს სარჩელზე ნაწილობრივ ან მთლიანად უარის თქმის უფლებამოსილება (იხ. ს.ფ. 138, 146), იშუამდგომლა საკასაციო სასამართლოს წინაშე კერძო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

16. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორებმა საჩივარზე უარის თქმით განახორციელეს სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან სსსკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) შეცვლისადმი განისაზღვრება მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

17. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–- ხ---–--–--ისა და ო-–-- კ-------–---–ის კერძო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

19. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ი-----–- ხ---–--–--ისა და ო-–-- კ-------–---–ის მიერ კერძო საჩივრის არსებითად განხილვამდე საჩივარზე უარის თქმის გამო, კერძო საჩივრის ავტორებს სრულად უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ 2018 წლის 26 მარტს N0 საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 420-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ი-----–- ხ---–--–--ისა და ო-–-- კ-------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. ი-----–- ხ---–--–--ისა და ო-–-- კ-------–---–ის კერძო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

5. კერძო საჩივრის ავტორებს ი-----–- ხ---–--–--ესა (პ/ნ: 6----------) და ო-–-- კ-------–---–ს (პ/ნ: 5----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ი/მ ა-–---------- ჭ----------ის (პ/ნ: 6----------) მიერ 2018 წლის 26 მარტს N0 საგადახდო დავალებით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

 

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

 

ბ. ალავიძე