განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010340018900013711
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nსსკ- 02-18 16 აპრილი, 2018 წელი,სსკ-02-18 შ----ე ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
საკვალიფიკაციო პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე: ვასილ როინიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი - ქ------- ბ------–---–ი
საჩივრის ავტორი - ი-----–- შ----ე
წარმომადგენლები - მ-----– ჯ----ა, დ----- ლ-------ე
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
წარმომადგენელი - ხ----- შ----–--ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 22 თებერვლის N 1/139 გადაწყვეტილება.
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ი-----–- შ----ე (შემდგომში - საჩივრის ავტორი ან მოსამართლე), საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 ივნისის N 501 ბრძანებულების საფუძველზე, ო------------ რაიონული სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა (იხ.ბრძანებულება - ს. ფ.7).
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 7 სექტემბრის N 1/197 გადაწყვეტილებით, 2009 წლის 10 სექტემბრიდან საჩივრის ავტორი მოსამართლეთა რეზერვში ჩაირიცხა (იხ. ბრძანებულება - ს. ფ.8).
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 19 თებერვლის N 1/14 გადაწყვეტილებით, მოსამართლე, პირადი განცხადების საფუძველზე, ამოირიცხა რეზერვიდან (იხ.ბრძანებულება - ს. ფ.9).
4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 25 დეკემბრის N 1/212 გადაწყვეტილებით, 2016 წლის 4 იანვრიდან საჩივრის ავტორი ბ-------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გამწესდა მოსამართლედ (იხ.ბრძანებულება - ს. ფ.10).
5. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდეგში - ორგანული კანონი) 794 - ე მუხლის თანახმად, საჩივრის ავტორმა, სხვა მოსამართლეებთან ერთად, 2017 წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადოდ გამწესების მოთხოვნით მიმართა.
6. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2018 წლის 8 თებერვალს გასაუბრება ჩაატარა საჩივრის ავტორთან.
7. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, 2018 წლის 14 და 15 თებერვალს, მოსამართლის (საჩივრის ავტორის) საქმიანობის შეფასების ფორმა შეავსეს ორგანული კანონით დადგენილი კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმების მიხედვით.
7.1. ქულათა შეჯამების ოქმის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 წევრის შეფასებით, მოსამართლე კეთილსინდისიერების კრიტერიუმს სრულად აკმაყოფილებს, ხოლო 9 წევრის შეფასებით – აკმაყოფილებს, მოსამართლის კომპეტენტურობა 70%-ზე მაღალი ქულით შეფასდა (იხ. შეფასების ფურცლები და ოქმი - ს.ფ.14-29).
8. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს N 1/139 გადაწყვეტილებით, 2018 წლის 22 თებერვალს ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგად, ბ-------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე საჩივრის ავტორს უარი ეთქვა (იხ. გადაწყვეტილება - ს.ფ. 30).
9. საჩივრის ავტორის პრეტენზიები და მოთხოვნა
9.1. საჩივრის ავტორმა 2018 წლის 20 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას და წინამდებარე გადაწყვეტილების მე-8 პუნქტში მითითებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის საბჭოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
9.2. საჩივრის ავტორმა მიუთითა წინამდებარე გადაწყვეტილების 1-8 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლებს წარმოადგენს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 365-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტები, შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა გამო:
9.3. საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:
9.3.1. მოსამართლის საქმიანობასთან დაკავშირებით მომზადებული სტატისტიკური ინფორმაციის (პერიოდი: 2016 წლის 25 სექტემბერი – 2017 წლის 25 სექტემბერი) შესაბამისად, მოსამართლის საქმიანობა შეფასდა დადებითად: აღნიშნულ პერიოდში მას არ დაურღვევია საპროცესო ვადები, მათ შორის - არც გადაწყვეტილების მომზადების ვადა. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების 94.1 % უცვლელად დატოვეს. 2018 წლის 14 და 15 თებერვალს შედგენილი შეფასების ფურცლების თანახმად, საბჭოს 6 წევრის შეფასებით, მოსამართლე კეთილსინდისიერების კრიტერიუმს სრულად აკმაყოფილებს, ხოლო 9 წევრის შეფასებით – აკმაყოფილებს. ამავე დოკუმენტების თანახმად, მოსამართლის კომპეტენტურობის კრიტერიუმი საბჭოს ყველა წევრის მიერ 70 %-ზე მაღალი ქულით შეფასდა. აღნიშნულის მიუხედავად, 2018 წლის 22 თებერვალს ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უარი უთხრა საჩივრის ავტორს მოსამართლედ უვადოდ გამწესებაზე. საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან მოსამართლემ წარმატებით დაძლია კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმები და იგი სრულად აკმაყოფილებს ორგანული კანონით განსაზღვრულ შეფასების შესაძლო ფარგლებს.
9.4.საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:
9.4.1. “საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 794-ე მუხლის შესაბამისად, „2017 წლის 1 ივლისამდე თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული იმ მოსამართლის მიმართ, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს, მისი ამ მოთხოვნის შემთხვევაში წყდება ამ კანონით დადგენილი შემოწმების პროცედურები და იგი კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე თანამდებობაზე უვადოდ გამწესდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3–ით).“ მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ სამწლიანი სასამართლო პრაქტიკის მქონე მოსამართლეები გამწესდებიან მათი განცხადების საფუძველზე და აღნიშნული პროცედურა მათთვის არ წარმოადგენს კონკურსს. ამასთან, პირის შეფასება ხდება იმავე კრიტერიუმებით (კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა), როგორც თავდაპირველად მოხდა საჩივრის ავტორის მოსამართლედ დანიშვნა;
9.4.2. საჩივრის ავტორს გააჩნია მოსამართლეობის სამწლიანი გამოცდილება, მის მიმართ დაირღვა სწორედ ზემოხსენებული ორგანული კანონის 794 -ე მუხლით დადგენილი პროცედურები, კერძოდ: 2017 წლის 1 ივლისამდე თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული იმ მოსამართლის მიმართ, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, წყდება ამ კანონით დადგენილი შემოწმების პროცედურები და მოსამართლე კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე თანამდებობაზე უვადოდ გამწესდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, რაც ეფუძნება მოსამართლის მიერ გასაუბრების წარმატებით გავლის, ორგანული კანონის 361-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 362-ე, 363-ე, 364-ე მუხლებით დადგენილი წესით საქმეთა შესწავლის, ქულებით შეფასების შედეგებს, რაც აისახება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ დამოუკიდებლად შევსებულ შეფასების ფორმებში;
9.4.3. საჩივრის ავტორის მტკიცებით, გადაწყვეტილების მისაღებად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, პირველ რიგში, უნდა იხელმძღვანელოს ორგანული კანონის 361-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებებით, რომელთაგან პირველი ადგენს მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების მიზანს, რასაც წარმოადგენს უვადოდ გასამწესებლად ღირსეული, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლის შერჩევის გზით დამოუკიდებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების უზრუნველყოფა;
9.4.4. ორგანული კანონის 794-ე მუხლით დადგენილი წესის თანახმად, მოსამართლე თანამდებობაზე ინიშნება ამავე კანონის 361-ე მუხლით გათვალისწინებული ორი ძირითადი კრიტერიუმით – კეთილსინდისიერებითა და კომპეტენტურობით. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის გადაწყვეტილების მიღებისას, სწორედ აღნიშნულ წინასწარ განჭვრეტად კრიტერიუმებს უნდა დაეყრდნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. იგივე ნორმა, ასევე, ითვალისწინებს მოსამართლეთა შეფასებისას, ამავე კანონის 363-ე და 364-ე მუხლების საფუძველზე, საქმეთა შესწავლისა და ქულებით შეფასების სისტემის გამოყენებას. ამდენად, მოხმობილი ნორმებით დადგენილია, რომ საბჭოს თავდაპირველად უნდა შეესწავლა მოსამართლის (საჩივრის ავტორის) საქმიანობა და შემდეგ უნდა განესაზღვრა მისი, როგორც მოსამართლედ უვადოდ გასამწესებელი კანდიდატის, გასაუბრების ეტაპზე დაშვების საკითხი. განსახილველ შემთხვევაში მოსამართლესთან გასაუბრება ჩატარდა 8 თებერვალს, ხოლო კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმების მიხედვით შეფასების ფორმები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 14 და 15 თებერვალს შეავსეს;
9.4.5. საჩივრის ავტორის მტკიცებით, მოსამართლის თანამდებობაზე გამწესება არ განეკუთვნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა განუსაზღვრელ დისკრეციას, არამედ განისაზღვრება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონით დადგენილი მიზნებითა (361-ე მუხლი) და ფარგლებითა (362-ე მუხლი) და, აქედან გამომდინარე დაუშვებელია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება დაეფუძნოს არაობიექტურ, კანონით გაუთვალისწინებელ ფაქტორებსა და კრიტერიუმებს. ამდენად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის (საჩივრის ავტორის) ბ-------- საქალაქო სასამართლოში უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებით იკვეთება ზემოხსენებული ორგანული კანონის 365-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის [შემფასებელმა გადაამეტა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც დაირღვა შესაფასებელი მოსამართლის უფლებები და საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას] და ამავე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის [შეფასება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დარღვევით განხორციელდა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საბოლოო შედეგზე] დარღვევა.
9.4.6. საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ ზემოხსენებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ორგანული კანონის 364-ე მუხლის მე–20 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 22 თებერვლის N 1/139 გადაწყვეტილების გაუქმებისა და საბჭოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
10. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოზიცია
10.1. საჩივრის ავტორის მოწინააღმდეგე მხარემ (იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ) წარმოდგენილი საჩივარი არ ცნო და წერილობით პასუხში განმარტა, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 22 თებერვლის N 1/139 გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10.1 „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 365-ე მუხლი აწესრიგებს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს და ამომწურავად განსაზღვრავს საჩივრის წარდგენის საფუძვლებს. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობას (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 9.4.5 ქვეპუნქტი). მნიშვნელოვანია, რომ საჩივრის ავტორმა უნდა დაასაბუთოს მის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოებების არსებობა, კერძოდ, კონკრეტულად რაში გამოიხატა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების გადამეტება, რის შედეგადაც დაირღვა შესაფასებელი მოსამართლის უფლებები ან საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას;
10.2. საჩივრის ავტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმების ზემოხსენებული საფუძვლების დასადასტურებლად მიუთითებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 794 -ე მუხლით დადგენილი პროცედურების დარღვევაზე, კერძოდ, საჩივრის ავტორის მტკიცებით, საბჭოს ჯერ უნდა შეესწავლა მოსამართლის საქმიანობა და შემდეგ უნდა განსაზღვრულიყო მისი გასაუბრების ეტაპზე დაშვების საკითხი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლის მოსაზრებით, საჩივრის ავტორის აღნიშნული მსჯელობა უკავშირდება ამ უკანასკნელის მიერ ორგანული კანონის 794-ე მუხლის არასწორ განმარტებას, რადგან ხსენებული ნორმა არ ითვალისწინებს შედეგების ასახვას ე.წ. „ქულათა სისტემაში“, არამედ ცალსახად მიუთითებს, რომ ამავე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებისას გამოყენებულ უნდა იქნეს 364-ე მუხლით თანამდებობაზე სამი წლის ვადით გამწესებული მოსამართლის შეფასებისათვის გათვალისწინებულ ქულათა სისტემა და არა ამავე კანონის 351-ე მუხლის მე–16 პუნქტით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისათვის განსაზღვრული ქულათა სისტემა. ამასთან, ორგანული კანონის 794-ე მუხლი მოსამართლის გასაუბრების ეტაპზე დაშვების წინაპირობად არ ითვალისწინებს ორგანული კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით მიღებულ ქულათა შეჯამების მიხედვით მოსამართლის შეფასებას. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208–2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 132-ე მუხლი აწესრიგებს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული იმ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესს, რომელსაც სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს. ხსენებული მუხლის მე–7 პუნქტის თანახმად, გასაუბრების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დამოუკიდებლად ავსებს „მოსამართლის საქმიანობის შეფასების ფორმის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 1 დეკემბრის №1/104 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მოსამართლის საქმიანობის შეფასების ფორმას. მაშასადამე, არც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 794-ე მუხლი და არც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 132-ე მუხლი არ ითვალისწინებს მოსამართლის საქმიანობის შეფასების ფორმის შევსებას გასაუბრების ჩატარებამდე. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იმოქმედა ორგანული კანონისა და რეგლამენტის მითითებული ნორმების შესაბამისად და საჩივრის ავტორის არგუმენტაცია პროცედურის დარღვევასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია;
10.3. საჩივარში სადავოდ არის გამხდარი საბჭოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება იმ პირობებში, როდესაც მოსამართლე დადებითად არის შეფასებული როგორც კეთილსინდისიერების, ისე - კომპეტენტურობის კრიტერიუმების მიხედვით. საჩივარში მითითებულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და არ შეიძლება, რომ საბჭო დაეფუძნოს არაობიექტურ, კანონით გაუთვალისწინებელ ფაქტორებსა და გარემოებებს. ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ორგანული კანონის 794 -ე მუხლის შინაარსის განმარტება, რომლის თანახმად, მხოლოდ კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებისათვის დადგენილი მინიმალური ზღვარის გადალახვა არ წარმოადგენს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების საფუძველს, არამედ, სავალდებულოა ფარული კენჭისყრის გამართვა, რა დროსაც მოსამართლემ უნდა მიიღოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3–ის მხარდაჭერა; „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208–2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საბჭოს რეგლამენტის 132-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, თანამდებობაზე უვადოდ გასამწესებლად კენჭი ეყრება მხოლოდ იმ მოსამართლეს, რომლის კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მოსამართლე აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას, ამ კრიტერიუმის მახასიათებლების მიხედვით, მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია. ორგანული კანონისა და რეგლამენტის აღნიშნული ნორმები, კენჭისყრის ეტაპზე, არ ბოჭავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლის უვადოდ გამწესების სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებით, თუნდაც მოსამართლემ გადალახოს კენჭისყრის ეტაპზე გადასასვლელად დადგენილი მინიმალური ზღვარი. ანალოგიურად აწესრიგებს საკითხს ორგანული კანონის 364-ე მუხლის მე–20 პუნქტიც, რომელიც ითვალისწინებს სამწლიანი ვადის ამოწურვისას მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების საკითხის გადაწყვეტას. გასათვალისწინებელია ამავე კანონის 35–ე მუხლის მე–12 პუნქტიც, რომლის თანახმად, „მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გასამწესებლად კენჭი ეყრება მხოლოდ იმ მოსამართლეობის კანდიდატს, რომლის კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მოსამართლეობის კანდიდატი აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას ამ კრიტერიუმის მახასიათებლების მიხედვით, მოსამართლეობის კანდიდატის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია“. ორგანული კანონის დასახელებულ ნორმათა ანალიზის შედეგად, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმების მიხედვით შეფასების მინიმალური ზღვარის გადალახვა თავისთავად არ გულისხმობს კენჭისყრის ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების სავალდებულოობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, კენჭისყრის პროცედურა აზრს დაკარგავდა. კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით მინიმალური ზღვარის გადალახვა მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გასამწესებელი კანდიდატის კენჭისყრის ეტაპზე გადასვლის, და არა თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წინაპირობაა.
10.4.ზემოაღნიშნული არგუმენტაციის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ იკვეთება რაიმე გარემოება, რომელიც დაადასტურებს საბჭოს მიერ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების გადამეტებასა და შეფასების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დარღვევით განხორციელებას.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში საქმისწარმოება
11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 365-ე მუხლის 1-7 და მე-9 პუნქტების შესაბამისად და მოსამართლის საჩივარი, 2018 წლის 26 მარტის განჩინებით, წარმოებაში მიიღო განსახილველად. ამავე განჩინებით, საჩივრის განხილვა 2018 წლის 16 აპრილს დაინიშნა.
11.1.1. საკვალიფიკაციო პალატის სხდომაზე გამოცხადებულმა საჩივრის ავტორმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. საჩივრის ავტორმა საკუთარი პოზიციის წარმოჩენისას სასამართლოს ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ იგი არ იყო კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატთაგანი, არამედ მოსამართლემ 3-წლიანი გამოსაცდელი უფლებამოსილების ვადაში ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლედ უვადოდ გამწესების მოთხოვნით. იმის გათვალისწინებით, რომ მოსამართლე ორგანული კანონის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დისკრეციული უფლებამოსილება არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მათ ჰქონდათ უფლება, არ გაემწესებინათ არანაკლებ 3-წლიანი სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლე უვადოდ, რადგან ამ უკანასკნელმა დასძლია კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმები. საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში იმავე ადგილზე არ მონაწილეობდა სხვა მოსამართლე, რაც კონკურსის პირობების თანახმად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სხვა თანაბარ პირობებში, მიანიჭებდა უფლებამოსილებას, უკეთესი კანდიდატისათვის დაეჭირა მხარი და უვადოდ გაემწესებინა მოსამართლედ. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის საფუძველზე მოსამართლე შეესაბამება იმ თანამდებობას, რომელიც მას უკავია და უნდა გამწესებულიყო უვადოდ (იხ. საკვალიფიკაციო პალატის 2018 წლის 16 აპრილის სხდომის ოქმი 14:07:17-14:10:49; ასევე - 15:13:46-დან). საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა მოიხმო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება N 3/2/717 - მ--------- კ---–-–---–ი, ნ---- დ------–---–ი, მ------ გ-–-----–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, კერძოდ, მის 29-ე, 32-ე, 52-ე პუნქტებზე გაამახვილა ყურადღება (იხ. ; იხ. საკვალიფიკაციო პალატის 2018 წლის 16 აპრილის სხდომის ოქმი - 15:14:04-15:16:23; ასევე- 16:32:58- დან).
11.2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა არ დაუჭირა მხარი საჩივარს და მიუთითა იმ არგუმენტებზე, რაც საჩივრის პასუხად წარმოდგენილ წერილობით პოზიციაშია ასახული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად დაასკვნა, რომ საჩივრის მოთხოვნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 22 თებერვლის N 1/139 გადაწყვეტილების გაუქმების (ბათილად ცნობის) და საქმის საბჭოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
12. საჩივრის მოთხოვნა ემყარება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 365 -ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და „ე“ ქვეპუნქტის (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 9.4.5 ქვეპუნქტში) დარღვევას, შესაბამისად, საკვალიფიკაციო პალატის კვლევის საგანია, გადაამეტეს თუ არა შემფასებლებმა, მოცემულ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, საჩივრის ავტორის შეფასებისას კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას, რითაც დაირღვა შესაფასებელი მოსამართლის უფლებები და საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას, ასევე - განხორციელდა თუ არა მოსამართლის (საჩივრის ავტორის) შეფასება დადგენილი პროცედურის დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საბოლოო შედეგზე;
12.1. საჩივრის ავტორი პროცედურული კუთხით იმასაც აკრიტიკებს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჯერ უნდა შეესწავლა მოსამართლის საქმიანობა და შემდეგ უნდა განესაზღვრა მასთან, როგორც უვადოდ გასამწესებელ მოსამართლესთან გასაუბრების ეტაპზე დაშვების საკითხი;
13. საკვალიფიკაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ორგანული კანონის მე-191 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად საკასაციო სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა „ამ კანონის 354, 365 და 366 მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს საჩივრებს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით ან უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებზე“. კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განასხვავებს სამოსამართლო გამოცდილების არმქონე კანდიდატისა და სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატის შეფასებას ორგანული კანონით დადგენილი ორი კრიტერიუმის - კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის მიხედვით.
13.1. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არაა, არანაკლებ 3-წლიანი სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლემ (საჩივრის ავტორმა) 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლედ უვადოდ გამწესების მოთხოვნით, მან გადალახა ორგანული კანონის 362-ე მუხლით დადგენილი კრიტერიუმები, შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლის შეფასებისას იხელმძღვანელა ორგანული კანონის 363-ე და 364-ე მუხლებით;
13.2. საჩივრის ავტორის პრეტენზიის (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 12.1 ქვეპუნქტი) პასუხად, საკვალიფიკაციო პალატა მიუთითებს ორგანული კანონის 794 -ე მუხლზე, რომელიც აწესრიგებს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული იმ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესს, რომელსაც სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს და განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა საკანონმდებლო სტრუქტურის თვალსაზრისით XIV თავში - გარდამავალ დებულებებშია ასახული 2017 წლის 16 ივნისს (N1052) ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილების სახით და შემდეგი შინაარსისაა: „2017 წლის 1 ივლისამდე თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული იმ მოსამართლის მიმართ, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში წყდება ამ კანონით დადგენილი შემოწმების პროცედურები და იგი კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე თანამდებობაზე უვადოდ გამწესდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით), გასაუბრების წარმატებით გავლის, ამ კანონის 361 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 362 და 363 მუხლების, 364 მუხლით გათვალისწინებულ საქმეთა შესწავლის, ქულებით შეფასების სისტემის და გასაუბრების დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ დამოუკიდებლად შევსებული ფორმების საფუძველზე. აღნიშნული მოსამართლისათვის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში იგი უფლებამოსილების განხორციელებას გააგრძელებს 3-წლიანი სამოსამართლო უფლებამოსილების დარჩენილი ვადის ფარგლებში“;
13.2.1. გარდამავალ დებულებაში კანონმდებლის ნება აისახება, როდესაც „განსაზღვრული ვადით დგინდება ძირითადისგან განსხვავებული ნორმები ან თუ ამ ნორმატიული აქტის სრულად ასამოქმედებლად გარკვეული პირობები და დროა საჭირო“ (იხ. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16.4 მუხლი). აქედან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, რომ ორგანული კანონის 794-ე მუხლით რეგლამენტირებულია 2017 წლის 1 ივლისამდე თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული არანაკლებ 3-წლიანი სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლისათვის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესი, რისთვისაც ორგანული კანონითვე განისაზღვრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა ფარული კენჭისყრითა და საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3 -ის მხარდაჭერით. მითითებული ნორმით ძირითადი ნორმებისაგან განსხვავებულად არის მოწესრიგებული, რომ ორგანული კანონის 364-ე მუხლით დადგენილი ქულათა სისტემა გამოიყენება თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის შესაფასებლად და ამ შემთხვევაში დაუშვებელია ორგანული კანონის 351-ე მუხლის მე-16 პუნქტზე დაყრდნობა;
13.3. საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ გააჩნდა იმგვარი დისკრეციული უფლებამოსილება, რაც მას ანიჭებდა შესაძლებლობას, არ გაემწესებინა არანაკლებ 3-წლიანი სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლე უვადოდ, არასაკონკურსო ადგილზე, რადგან ამ უკანასკნელმა დააკმაყოფილა ორგანული კანონით დადგენილი კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმები, დაუსაბუთებელი მსჯელობაა და არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან. საკვალიფიკაციო პალატამ წინამდებარე გადაწყვეტილების 13.2-ე ქვეპუნქტში მიუთითა ორგანული კანონის გარდამავალი დებულების 794-ე მუხლზე, რომლითაც ძირითადისაგან განსხვავებული მოწესრიგებაა დადგენილი არანაკლებ 3-წლიანი სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლისათვის, რომელიც 2017 წლის 1 ივლისამდე გამწესდა მოსამართლედ 3 წლის ვადით;
13.3.1. განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა, რომ არანაკლებ 3-წლიანი სამოსამართლო გამოცდილების მქონეა საჩივრის ავტორი, რომელიც 2016 წლის 4 იანვრიდან ბ-------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გამწესდა მოსამართლედ. მოსამართლე თავის საჩივარშიც ორგანული კანონის 794-ე მუხლზე უთითებს, რომელზე დაყრდნობითაც 2017 წელს მან, სხვა კოლეგების მსგავსად, მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლედ უვადოდ გამწესების მოთხოვნით. ამავე კონტექსტში საკვალიფიკაციო პალატა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის N 1/208-2007 გადაწყვეტილებაზე მიუთითებს, რომლითაც დამტკიცებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, კერძოდ, მე-132 მუხლი ადგენს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული იმ მოსამართლის უვადოდ გამწესების წესს, რომელსაც სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს. მოხმობილი ნორმის მე-7 პუნქტით, გასაუბრების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დამოუკიდებლად ავსებს „მოსამართლის საქმიანობის შეფასების ფორმის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 1 დეკემბრის N 1/104 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მოსამართლის საქმიანობის შეფასების ფორმას. ორგანული კანონის გარდამავალი დებულებების 794-ე მუხლი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი არ ითვალისწინებს იმგვარ დანაწესს, რომ მოსამართლის საქმიანობის შეფასების ფორმა უნდა შეივსოს არანაკლებ 3-წლიანი სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლესთან გასაუბრების ჩატარებამდე. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ორგანული კანონისა და საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით შედგა გასაუბრება საჩივრის ავტორთან 2017 წლის 8 თებერვალს, ხოლო შემდეგ- საბჭოს წევრებმა შეავსეს არანაკლენ 3-წლიანი სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლის შეფასების ფორმები (ფურცლები). ზემოხსენებული რეგლამენტის მე-132 მუხლის, როგორც სპეციალური ნორმის, მე-9 პუნქტით დადგენილია: „მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გასამწესებლად კენჭი ეყრება მხოლოდ იმ მოსამართლეს, რომლის კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მოსამართლე აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილკებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას ამ კრიტერიუმის მახასიათებლების მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია“, ხოლო ამავე ნორმის მე-10 პუნქტის საფუძველზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეს თანამდებობაზე უვადოდ გაამწესებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა.
13.4. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არანაკლებ 3 წლის სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლის უვადოდ გამწესებისათვის ორგანული კანონის 794-ე მუხლით განსაზღვრული ფარული კენჭისყრისა და საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ის მიერ გადაწყვეტილების მიღების დისკრეციულ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, საკვალიფიკაციო პალატა, მოხმობილ ნორმაზე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-132 მუხლზე მითითებით, განმარტავს, რომ პროცედურული მოწესრიგება ითვალისწინებს ფარულ კენჭისყრას, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3 არ დაუჭერს მხარს არანაკლებ 3-წლიანი სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლის უვადოდ გამწესებას, ეს უკანასკნელი ვერ გამწესდება უვადოდ;
13.4.1. საჩივრის ავტორი სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე დავობს და მისი ძირითადი პრეტენზია იმას ეფუძნება, რომ მან დააკმაყოფილა ორგანული კანონით დადგენილი კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმები, რომლებიც განჭვრეტადი და ობიექტური კრიტერიუმების სახითაა ჩამოყალიბებული ორგანულ კანონში და რადგან ორივე კრიტერიუმი წარმატებით დაძლია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა მიეღო ერთადერთი გადაწყვეტილება - საჩივრის ავტორის სასარგებლოდ და უვადოდ გაემწესებინა იგი მოსამართლედ, რადგან სხვა ობიექტურ კრიტერიუმს არ ითვალისწინებს კანონმდებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მოტივაციას (დასაბუთებას), თუ რატომ ეთქვა უარი მოსამართლეს უვადოდ გამწესებაზე.
13.4.2. საკვალიფიკაციო პალატა საჩივრის ავტორის წარმომადგენლების მიერ მოხმობილ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც გაამახვილებს ყურადღებას, კერძოდ, ამ გადაწყვეტილების სფუძველზე განხილული და გადაწყვეტილია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „თანამდებობაზე ნიშნავს“ და 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საკვალიფიკაციო პალატა იმასაც აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიღებისა და გამოქვეყნების შემდეგ არის განხორციელებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში N 1052 ცვლილება და 2017 წლის 16 ივნისს გარდამავალ დებულებებს დაემატა 794-ე მუხლის დანაწესი (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 9.4.1 ქვეპუნქტში). დასახელებულ ნორმის ამავე ორგანული კანონის 364-ე მუხლის [მოსამართლის საქმიანობის შეფასების პროცედურა] მე-20 პუნქტთან „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეფასების შედეგების ანალიზისა და მოსამართლესთან გასაუბრების საფუძველზე, ამ კანონის 36-ე მუხლის 41 პუნქტით დადგენილი წესით მსჯელობს და სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით, ღია კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე გამწესების შესახებ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც დაერთვება საქმეს. თუ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებას მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ზე ნაკლები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ. ამ გადაწყვეტილებას 5 დღის ვადაში უნდა დაერთოს კენჭისყრაში მონაწილე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის დასაბუთება, თუ რის საფუძველზე დაუჭირა ან არ დაუჭირა მან მხარი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებას. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების/გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ასლი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, განსხვავებულ აზრთან ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დასაბუთებებთან ერთად გადაეცემა მოსამართლეს“, შედარებით კანონმდებლის ნება იკვეთება იმგვარად, რომ გარდამავალ დებულებებში მოთავსებული ნორმის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც კოლეგიური ორგანოს, მიერ ფარული კენჭისყრით მიღებული გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს მისი დასაბუთების (ფაქტობრივსამართლებრივი მოტივაციის) ვალდებულებას ღია კენჭისყრით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებით, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრს ევალება, დაასაბუთოს საკუთარი გადაწყვეტილება. კანონით გათვალისწინებული ფარული კენჭისყრის შედეგად, კანდიდატისთვის უარის თქმის შემთხვევაში, საბჭოს წევრის დავალდებულება, დაასაბუთოს უარი, პირველ რიგში, ალოგიკურია და ეწინააღმდეგება ხმის მიცემის ფარულობის პრინციპს, ასევე, არ შეესაბამება კანონმდებლობას, ვინაიდან უარის თქმის დასაბუთება იმთავითვე გამორიცხავს მის ფარულობას.
13.4.3. საკვალიფიკაციო პალატა განმარტავს, რომ ორგანული კანონის დანაწესით არ არის დადგენილი 794-ე მუხლის საფუძველზე ფარული კენჭისყრით მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება, ამასთან, არც საჩივრის ავტორის მტკიცებაა გასაზიარებელი, რომ არანაკლებ 3-წლიანი სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლის უვადოდ გამწესება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი ეს უკანასკნელი დააკმაყოფილებს ორგანული კანონით დადგენილ კრიტერიუმებს. კანონმდებლის ნების ამგვარი განმარტება სამართლებრივად დაუსაბუთებელია და ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ არანაკლებ 3-წლიანი სამოსამართლო უფლებამოსილების მქონე მოსამართლის მიერ ორგანული კანონით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილება წარმოადგენს მისი მოსამართლედ უვადოდ გამწესების წინაპირობას. ასეთ განმარტების შემთხვევაში, ორგანული კანონის გარდამავალ დებულებაში მოთავსებული ნორმის მოწესრიგება კენჭისყრის ფარული წესის განსაზღვრისა და გადაწყვეტილების მისაღებად კვალიფიციური უმრავლესობის დადგენის შესახებ თავის დანიშნულებას დაკარგავს.
13.4.4. ზემოხსენებული მსჯელობისა და დასკვნების გათვალისწინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივრით, საქმის მასალებისა და მხარეთა პოზიციების გაანალიზების შედეგად არ დასტურდება ორგანული კანონის 365 -ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევა, რადგან შემფასებელს არ გადაუმეტებია მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებისათვის და შედეგად არ დარღვეულა შესაფასებელი მოსამართლის უფლებები, არც სასამართლოს დამოუკიდებლობას შექმნია საფრთხე; ასევე, არ დასტურდება დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევა, რადგან არანაკლებ 3-წლიანი სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლის შეფასება არ განხორციელებულა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საბოლოო შედეგზე. შესაბამისად, საკვალიფიკაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 366-ე მუხლის მე-20 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი საფუძველი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 22 თებერვლის N 1/139 გადაწყვეტილების, რომლითაც მოსამართლე ი. შ----ეს უარი ეთქვა მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე, გაუქმებისა და საქმის საბჭოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.
14. საკვალიფიკაციო პალატამ მოცემული საქმის განხილვისას იხელმძღვანელა ზემოხსენებული ორგანული კანონის 366-ე მუხლით დადგენილი პროცესუალური მოწესრიგებით, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით; კერძოდ, ორგანული კანონით განსაზღვრულია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრა და მათი უტყუარობის გამორკვევა. საკვალიიკაციო პალატამ ორგანული კანონის 366-ე მუხლის მე-20 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება „მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 366 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ი-----–- შ----ის საჩივარი მისი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 22 თებერვლის N1/139 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 22 თებერვლის N1/139 გადაწყვეტილება, ბ-------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ი. შ----ისათვის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ.
3. საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვასილ როინიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
პაატა სილაგაძე