დაუშვებლობის შესახებ განჩინება

სისხლის სამართლის 24.05.2018
საქმის ნომერი
060100117001944816
თარიღი
24.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100117001944816

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№18აპ-18 ქ. თბილისი

ს------ ვ----, 18აპ-18 24 მაისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ---- ს------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ--------- ხ----–--–---ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 მაისის განაჩენით ვ---- ს------, – დაბადებული 1----–-–----------------, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2016 წლის 26 ოქტომბრიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ---- ს------მ ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2016 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 19:45 საათზე, ხ---–ი, ჭ--------ს ქუჩაზე მდებარე №- საცხოვრებელი კორპუსის პირველ სადარბაზოსთან, ვ---- ს------ დახვდა ჩ------ს რესპუბლიკის მოქალაქე ი--------–----ს, მოულოდნელად მიუახლოვდა უკნიდან და სწვდა ხელჩანთაში. ი--------–----მა თავდამსხმელს გაუწია წინააღმდეგობა, რომლის დასაძლევად ვ---- ს------მ ორივე ხელი შემოაჭდო სხეულზე და ძალით ჩამოგლიჯა მხარზე გადაკიდებული თეთრი ფერის, მცირე ზომის ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო მობილური ტელეფონი „აიფონ 4“ და ფული – 100 ლარი. ვ---- ს------მ აშკარად გასტაცა აღნიშნული ნივთები ი--------–----ს და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 400 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ--------- ხ----–--–---მ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი რ--------- ხ----–--–--- ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და ვ---- ს------ს გამართლებას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ი--------–----ის ჩვენებით, მოწმეების – ო----- კ-------ს, ა-–---------- ქ-------ა და ია ე----------ს ჩვენებებით, ს/ს „კ--------“ ხონის ფილიალის სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერის 2016 წლის 24 ოქტომბრისა და 27 ოქტომბრის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმით, ბიოლოგიური ექსპერტიზის 2016 წლის 7 დეკემბრის №0-------- დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ ვ---- ს------მ ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.

 

9. ადვოკატი საკასაციო საჩივარში ეხება თარჯიმნის კვალიფიკაციის საკითხს. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე მხარეს შეეძლო შუამდგომლობის წარდგენა სასამართლოსთვის თარჯიმნის აცილების შესახებ, რაც მას არ გაუკეთებია.

 

10. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მოტივს დაზარალებულის ტანსაცმლის ამოღება-დათვალიერებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დაზარალებულის ტანსაცმელი დათვალიერდა, აღიწერა, შეიფუთა და დაილუქა. შესაბამისად, საქმის მასალების შესწავლის შედეგად ამ მიმართებით არ გამოვლენილა ისეთი დარღვევა, რომელიც საქმის საბოლოო შედეგზე გავლენას მოახდენდა.

 

11. გარდა ამისა, კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მტკიცებულებად არ უნდა გამოეყენებინა ვ---- ს------ს ნერწყვის ნიმუში, თუმცა სხდომის ოქმის მოსმენის შედეგად ირკვევა, რომ ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმი თავად ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე უდავო მტკიცებულებად იქნა ცნობილი.

 

12. ადვოკატი საკასაციო საჩივარში ერთგვაროვანი პრაქტიკის ჭრილში მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის №51აპ-16 განაჩენზე. პალატა აღნიშნავს, რომ ზემოთ მითითებული განაჩენით დამტკიცებულია საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის და ამ განაჩენს მოცემულ საქმესა და ადვოკატ რ--------- ხ----–--–---ს საკასაციო საჩივრის მოტივებთან არანაირი შემხებლობა არა აქვს.

 

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა ვ---- ს------ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც მსჯავრდებულის ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ვ---- ს------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ--------- ხ----–--–---ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

გ. შავლიაშვილი