დაუშვებლობის შესახებ განჩინება

სისხლის სამართლის 11.06.2018
საქმის ნომერი
080100117001855900
თარიღი
11.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100117001855900

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №35აპ-18 ქ. თბილისი

ქ--–---- დ---, 35აპ-18 11 ივნისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ--- ქ--–----ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ლ---- ს----------- და გ--- ქ-------–--- საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის განაჩენით დ--- ქ--–----, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 11 იანვრიდან.

 

განაჩენით დ--- ქ--–----ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 28 დეკემბერს თ---------- გ--------ს საცხოვრებელი ბინის (მდებარე ქ. ს-----------ში, ნ----–---–-ს ქ--------–-) კართან აღმოაჩინეს დ--- ქ--–----ს მამის, რ------ ქ--–----ს გვამი, რომელსაც სხეულზე აღენიშნებოდა შემავალი ნაკვეთი ჭრილობა.

 

2017 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, დ--- ქ--–---- მივიდა თ---------- გ--------ს საცხოვრებელ ბინაში და ურთიერთშელაპარაკების დროს შურისძიების მოტივით განიზრახა თ---------- გ--------ს მკვლელობა. ამ მიზნით მან თ---------- გ--------ს გულმკერდის არეში დანით მიაყენა მრავლობითი დაზიანება, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად თ---------- გ-------- სიკვდილს გადარჩა.

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და დ. ქ--–----ს გამართლებას.

 

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დ. ქ--–----ს ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ემყარება საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, ექსპერტიზის დასკვნებსა და საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოტივაცია დ. ქ--–----ს გამართლების თაობაზე, რომ დ. ქ--–---- დაზარალებულ თ. გ--------ს დაჭრის მომენტში იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რადგან თ. გ--------მ მის მიმართ განახორციელა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში თავდასხმა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასაწყვეტია მთავარი საკითხი: არსებობდა თუ არა საფუძველი დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების აუცილებელ მოგერიებად სამართლებრივი შეფასებისთვის, სხვაგვარად რომ ითქვას, დ. ქ--–----ს ქმედების მართლწინააღმდეგობის საკითხი იწვევს თუ არა ისეთ გონივრულ ეჭვს, რაც შეიძლება მისი უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი გახდეს, როგორც ეს დაცვის მხარის საჩივრით არის მიჩნეული. საპელაციო პალატის აზრით, საქმის ფაქტობრივი გრემოებები სამართლებრივად, როგორც წესი, ფასდება დაზარალებულისა და მომხდარი შემთხვევის სხვა თვითმხილველი მოწმეების პირდაპირი ჩვენებებით, თვით ბრალდებულის (მსჯავრდებულის) ჩვენებების გათვალისწინებითაც, მაგრამ თანაბრად ამისა, მსგავსი შეფასება დასაშვებია აგრეთვე სხვა ობიექტური ხასიათის მტკიცებულებების მხედველობაში მიღებით, როგორებიცაა: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნა. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, აუდიო-ვიდეოჩანაწერები, ნივთიერი მტიცებულებები, რომლებიც ასევე შესაძლებელია გვევლინებოდეს პირდაპირი მტკიცებულებების როლში და რომელთა სანდოობის შემოწმება შესაძლებელია საქმეში არსებული არაპირდაპირი მტკიცებულებების მეშვეობით.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ აგრესიულად მოქმედებდა თვით მსჯავრდებული დ. ქ--–---- და დაზარალებულ თ. გ--------ს არანაირი მართლსაწინააღმდეგო თავდასხმა არ ჩაუდენია დ. ქ--–----ს მიმართ. როგორც ზემოთ აღინიშნა, თავდაპირველად სწორედ მსჯავრდებული დაესხა თავს თ. გ--------ს, როდესაც საკუთარ სახლში მიუვარდა მას და დანის დემონსტრირებით ემუქრებოდა ყელის გამოჭრით, დაჩეხვით, თან აგინებდა დედას. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებას DVD დისკის სახით, რომელზეც დეტალურად არის აღბეჭდილი, თუ როგორ განვითარდა მოვლენები 2017 წლის 10 იანვარს, ღამით. ვიდეოჩანაწერების დათვალიერებისას დადასტურდა, რომ სწორედ დ. ქ--–---- ესხმის თავს დაზარალებულს, ის მაისურში სწვდება და თავისკენ ქაჩავს ინვალიდის ეტლში მჯდომ თ. გ--------ს, რა დროსაც მსჯავრდებულს მარჯვენა ხელში მომარჯვებული აქვს დანა. სწორედ ამის შემდგომ თავის დასაცავად იღებს თ. გ-------- მის გვერდით, კედელთან მიდებულ წალდს მარცხენა ხელით, ისე, რომ იგი ვერც იმარჯვებს მას და ამ დროს დ. ქ--–---- გამეტებით, ცხრაჯერ ურტყამს დანიან ხელს ინვალიდის ეტლში მჯდომ დაზარალებულს მარცხენა გვერდის არეში.

 

სააპელაციო პალატამ აქვე ყურადღება მიაპყრო საქმეში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერების კრებსებს, რომლებითაც დადგენილია, თუ როგორი საუბარი წარიმართა მათ შორის. კერძოდ, თ. გ--------ს დ. ქ--–---- აგინებს დედას და მოკვლით, დაჩეხვით, ყელის გამოჭრით ემუქრება, ეუბნება, რომ მან მოუკლა მამა, რის გამოც აპირებდა მის სასაფლაოზე წაყვანას და დამარხვას.

 

თვით დაზარალებული თ. გ--------ს ჩვენებით დასტურდება, რომ მას გულმკერდის არეში დანა სწორედ დ. ქ--–----მ დაარტყა, თან უყვიროდა ,,შენ მოკალი მამაჩემიო’’. სააპელაციო პალატის აზრით, აქვე სათანადოდ უნდა შეფასდეს კიდევ ერთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც შეეხება დ. ქ--–----ს მიერ ჩადენილ ქმედებას წინასწარი განზრახვის სახით. მხედველობაშია შემდეგი საკითხი: რამდენად შეესაბამება სინამდვილეს მსჯავრდებულის ჩვენების ის ნაწილი, რომლის მიხედვით, დანა, რომლითაც დაზიანებები მიიღო დაზარალებულმა, მას არ ჰქონდა და ბინაში აიღო. თ. გ--------ს დასაზიანებლად გამოყენებული დანის წარმომავლობის ეს ვერსია, რომელიც მსჯავრდებულმა წარმოადგინა, არ შეესაბამება სინამდვილეს. საქმეში არსებული მასალებით ასევე დადგენილია, რომ დ. ქ--–----ს თან ჰქონდა დანა და არ იზიარებს მსჯავრდებულის განმარტებას იმის თაობაზე, რომ დანა, რომლითაც დაჭრა თ. გ--------, ეკუთვნოდა თავად დაზარალებულს და იგი აიღო შესასვლელ დერეფანში. აღნიშნული ჩვენება ეწინააღმდეგება ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერს, რომლითაც დასტურდება (ნათლად ჩანს ვიდეოჩანაწერში) თუ როგორ იღებს წელის მიდამოდან დანას და ახდენს მის დემონსტრირებას დაზარალებულის თვალწინ, ემუქრება მას ყელის გამოჭრით. აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დ. ქ--–----ს თავიდანვე განზრახული ჰქონდა ამ დანით თავს დასხმოდა თ. გ--------ს.

 

სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმის თაობაზე, რომ დ. ქ--–---- უშვებდა აღნიშნული დანის გამოყენების შესაძლებლობას, მით უფრო, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ მამამისი სწორედ თ. გ--------ს ბინაში მოკლეს. სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულისა და დაცვის მხარის ვერსია, რადგან მსჯავრდებულის ჩვენება პირდაპირ ეწინააღმდეგება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

 

მსჯავრდებულ დ--- ქ--–----ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ---- ს--------- საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და დ. ქ--–----ს გამართლებას. კასატორის მოსაზრებით, განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; მას საფუძვლად უდევს ვარაუდებზე დამყარებული მოსაზრებები.

 

მსჯავრდებულ დ--- ქ--–----ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ--- ქ-------–-- საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და დ. ქ--–----ს გამართლებას. კასატორის მოსაზრებით, განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, მისი ბრალეულობა არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით, რომლებიც შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა გამამტყუნებელ განაჩენს; დ--- ქ--–----ს ქმედება არის აუცილებელი მოგერიება.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმე არ მოიცავს ისეთი სახის სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობდა სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და ამასთან, დაცვის მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა. უსაფუძვლოა კასატორების პოზიცია, რომ თითქოს, მსჯავრდებული დ--- ქ--–---- დაზარალებულ თ---------- გ--------ს დაჭრის მომენტში იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ აუცილებელი მოგერიებისათვის სავალდებულო წინა პირობები განიხილა, შეაფასა და მათი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან შეუსაბამობა დაასაბუთა წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისთვის იხ. №424აპ-16, №58აპ-15).

 

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ დ--- ქ--–----ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ლ---- ს----------- და გ--- ქ-------–--- საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

გ. შავლიაშვილი