ახლად გამოვლენილი განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700050529
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №6აგ-18 ქ. თბილისი
ც------–---–ი ს-----, 6აგ-18 19 ივნისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს----- ც------–---–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 მაისის განაჩენით ს----- ც------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
2. ს----- ც------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2005 წლის 30 მარტიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 თებერვლის განაჩენით ს----- ც------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
4. ს----- ც------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2008 წლის 1 ივლისიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის განაჩენი შეიცვალა. ს----- ც------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
6. ს----- ც------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2008 წლის 1 ივლისიდან.
7. გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განაჩენით ს----- ც------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ს----- ც------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 მაისის განაჩენით ს----- ც------–---–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ს----- ც------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 21 (ოცდაერთი) წლის ვადით.
10. ს----- ც------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2008 წლის 1 ივლისიდან.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
13. გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ ს----- ც------–---–ს მიმართ განაჩენთა ერთობლიობით განისაზღვრა საბოლოო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის, 6 (ექვსი) თვისა და 26 (ოცდაექვსი) დღის ვადით, საიდანაც სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 19 (ცხრამეტი) წლით, 6 (ექვსი) თვითა და 26 (ოცდაექვსი) დღით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
14. მსჯავრდებულ ს----- ც------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2010 წლის 17 სექტემბრიდან.
15. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ს----- ც------–---–ს ¼-ით შეუმცირდა დანიშნული რეალური და პირობითი სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა: სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად - თავისუფლების აღკვეთა 14 წლის, 8 თვისა და 4 დღის ვადით, პირობითი მსჯავრი - 9 თვის ვადით, გამოსაცდელი ვადა - 9 (ცხრა) თვის ვადით.
16. მსჯავრდებულ ს----- ც------–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2010 წლის 17 სექტემბრიდან.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ს----- ც------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განაჩენი, გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის დადგენილება და გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ს----- ც------–---–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ს----- ც------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ს----- ც------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად.
22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ს----- ც------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
23. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე მსჯავრდებულ ს----- ც------–---–ის მიმართ არ გავრცელდა ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 4 მაისის N763-IIს კანონის მოთხოვნები.
24. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინება დარჩა უცვლელად.
25. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ ს----- ც------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
26. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას 2018 წლის 10 იანვარს შუამდგომლობით მიმართა ს----- ც------–---–მა, რომელმაც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილი გარემოების გამო.
27. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ს----- ც------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
28. კასატორი - მსჯავრდებული ს----- ც------–---–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას.
29. კასატორი თავის პოზიციას ასაბუთებს იმ გარემოებით, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა; სასამართლომ არ გაიზიარა მისი პოზიცია უდანაშაულობასთან დაკავშირებით და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ირიბი მოწმეებისა და გამოძიების ეტაპზე დაკითხული დაზარალებულის ჩვენებების საფუძველზე; ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო დაზარალებულის, რომლის ვინაობაც დაუდგენელია, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე წარმოდგენა. დაზარალებულის ბინაზე შემოწმების ოქმზე ხელმოწერები გამომძიებლის მიერ გაყალბებულია; ამასთან, საქმეზე გამოძიება ჩატარდა ცალმხრივად და არასრულყოფილად, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებს ანაბეჭდები არ აუღიათ. სიგარეტის ნამწვი ექსპერტიზაზე არ გადაგზავნილა და რაც მთავარია, აღნიშნული მტკიცებულება საერთოდ გაქრა. პროკურორმა და გამომძიებელმა გაანადგურეს არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება. კასატორი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, ირიბი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა დაუშვებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
30. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
31. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება. სწორედ ამ ნორმის საფუძველზე განსაზღვრავს სასამართლო ახლად გამოვლენილი გარემოების გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლის არსებობას.
32. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განაჩენის გადასინჯვას საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ და ,,ზ1“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
33. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ პუნქტის თანახმად: ,,განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად, ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო“.
34. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, უნდა არსებობდეს ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განაჩენის (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად) გამოტანის დროს არ იყო ცნობილი. ამასთან, ახალი ფაქტი ან მტკიცებულება სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად უნდა ამტკიცებდეს მსჯავრდებულის უდანაშაულობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა რაიმე ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად, ამტკიცებს მის უდანაშაულობას.
35. უსაფუძვლოა კასატორის პოზიცია განაჩენის სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ1“ ქვეპუნქტით გადასინჯვის ნაწილშიც. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში კასატორს არ აქვს წარმოდგენილი პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად, ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად, დაამტკიცებდა მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის განჩინების მოტივაციას, რომლის თანახმადაც, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის მიხედვით განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.
37. კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე, მათ შორის -უდანაშაულობის, დაზარალებულის დაუდგენლობისა და ირიბი ჩვენებების საფუძველზე მსჯავრდების შესახებ - არაერთხელ იმსჯელა საკასაციო პალატამ (იხ. საქმეები: №37აგ-15, №113აგ-16, №178აგ-16, №22აგ-17, №64აგ-17, №89აგ-17 ), რაიმე ისეთ გარემოებაზე კი, რაც საკასაციო პალატას ზემოხსენებულ საკითხებზე განმეორებით მსჯელობის საფუძველს მისცემდა, კასატორი არ უთითებს. რაც შეეხება მის პოზიციას, რომ: გამოძიება ჩატარდა ცალმხრივად და არასრულყოფილად, გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისი მტკიცებულებები წარდგენილი არ ყოფილა, რის გამოც ისინი სამართლებრივად ხელმეორედ უნდა შეფასდეს, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება. საქმის მასალების შემოწმებით არ ვლინდება კასატორის მიერ აღნიშნული საპროცესო დარღვევები. ამასთან, მითითებული მტკიცებულებები შეაფასა სამი ინსტანციის სასამართლომ და მათი ხელმეორედ შეფასება სცილდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძვლით სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.
38. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ს----- ც------–---–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ს----- ც------–---–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ ს----- ც------–---–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი