დაუშვებლობის შესახებ განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117001987814
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №47აპ-18 ქ. თბილისი
ბ--------- კ------, 47აპ-18 19 ივნისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენით კ------ ბ---------, - დაბადებული 1974 წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
განაჩენით მსჯავრდებულ კ------ ბ---------ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე კ------ ბ--------- მუშაობდა ქ---------–----------------–- მდებარე შპს ,,მ-----------------ს” ტექნიკის შემკეთებელი სერვის-ცენტრის თანამშრომლად (ტექნიკოსი).2016 წლის 11 დეკემბერს იგი ამავე სერვის ცენტრიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ,,ვესტელის” ფირმის 2 ცალ პლაზმურ ტელევიზორს, რითაც დაზარალებულს მიადგა 1470 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და კ------ ბ---------ს მიმართ ისეთი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთასთან.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენი გაასაჩივრა პროკურორმა ლევან მურვანიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ კ------ ბ---------სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კ------ ბ---------ს ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის განსაზღვრის ნაწილში. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ კ. ბ---------ს, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით (მან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც აღიარა და მოინანია, ითანამშრომლა გამოძიებასთან, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია), განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი