დაუშვებლობის შესახებ განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100218700053085
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე №67აპ-18. ქ. თბილისი
ქ-----–---–- ე------, 67აპ-18 19 ივნისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თეონა გოდერძიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის განაჩენზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ზ---- ფ--–-–---–-- და ე------ ქ-----–---–ს ბრალი დაედოთ განზრახ მკვლელობაში დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით; ჯგუფურად ყაჩაღობაში, ე. ი. თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ე------ ქ-----–---–მა და ზ---- ფ--–-–---–მა განიზრახეს ქ-----–-ს რაიონის სოფელ გ----------ში მცხოვრები ნ------- კ--------ს განზრახ მკვლელობა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, 1993 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათიდან 18:00 საათამდე პერიოდში, მთვრალი ე------ ქ-----–---–- და ზ---- ფ--–-–---–ი მივიდნენ ნ------- კ--------ს საცხოვრებელ ბინაში, სადაც ამ უკანასკნელთან მოუვიდათ ურთიერთშელაპარაკება, ნაჯახისა და დანის გამოყენებით ნ------- კ-------ს სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენეს 21 ჭრილობა და განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს იგი. აღნიშნულის შემდეგ, ე------ ქ-----–---–მა და ზ---- ფ--–-–---–მა გამოიცვალეს ტანსაცმელი და გადაწყვიტეს სოფელ გ----------ის დატოვება, მაგრამ შესაბამისი თანხის უქონლობის გამო, განიზრახეს ყაჩაღურად დასხმოდნენ თავს სოფელ გ----------ში, აგარაკზე მყოფ ა-–------ ნ-----–---–ს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით დაუფლებოდნენ მის პირად ქონებას. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ე------ ქ-----–---–- და ზ---- ფ--–-–---–ი მივიდნენ ა-–------ ნ-----–---–ის აგარაკზე, სადაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით დაეუფლნენ მის კუთვნილ ოქროს ბეჭედს და ,,ორიენტის” საათს, რის შემდეგაც, ე------ ქ-----–---–- და ზ---- ფ--–-–---–ი მიიმალნენ, შემთხვევის დროიდან იძებნებიან და საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 აგვისტოს განაჩენით:
ზ---- ფ--–-–---–ი, - დაბადებული 1--- წელს, - გამართლდა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6 პუნქტითა (1961 წლის რედაქცია) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ ბრალდებებში. გაუქმდა მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
ე------ ქ-----–---–-, - დაბადებული 1--- წელს, - გამართლდა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6 პუნქტითა (1961 წლის რედაქცია) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ ბრალდებებში. გაუქმდა მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, ზ---- ფ--–-–---–-- და ე------ ქ-----–---–ს უფლება აქვთ, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის განაჩენით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორის მოთხოვნა:
პროკურორი თეონა გოდერძიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის განაჩენის გაუქმებას;
· ზ---- ფ--–-–---–ის დამნაშავედ ცნობას:
საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6 პუნქტით (1961 წლის რედაქცია) და 15 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, რაც ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს 11 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 9 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, რაც ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დანაშაულთა ერთობლიობით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვროს 11 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა;
· ე------ ქ-----–---–-ს დამნაშავედ ცნობას:
საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6 პუნქტით (1961 წლის რედაქცია) და 15 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, რაც ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს 11 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 9 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, რაც ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დანაშაულთა ერთობლიობით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვროს 11 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
7. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიუთითებს, რომ სასამართლოში გამოკვლეულ იქნა იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არ არიან ფაქტის თვითმხილველნი. მათი ჩვენებების გარდა ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ზ---- ფ--–-–---–ისა და ე------ ქ-----–---–-ს მიერ ნ------- კ--------ს განზრახ მკვლელობის ფაქტს. სამედიცინო ექსპერტის დასკვნითა და მოწმე ნ-----–---- ქ------–---–-ს ჩვენებით კი დასტურდება მხოლოდ პირის გარდაცვალების ფაქტი.
8. რაც შეეხება ყაჩაღობის ეპიზოდს, ამ ეპიზოდში პირდაპირი სახის მტკიცებულებას წარმოდგენს დაზარალებულ ა-–------ ნ-----–---–ისა და მისი ქალიშვილის მ------ ნ-----–---–ის დაკითხვის ოქმები, რაც კანონით დადგენილი წესის დაცვით იქნა გამოკვლეული სასამართლოში. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მხოლოდ წინასწარი გამოძიების დროს მოწმის მიერ მიცემული ის ჩვენება, რომლის საჯაროდ წაკითხვა მოხდა სასამართლო განხილვაზე.
9. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას მტკიცებულებათა საკმარისობის შესახებ, ვინაიდან ზ---- ფ--–-–---–ისა და ე------ ქ-----–---–-ს ბრალეულობის დასადასტურებლად არც ყაჩაღობისა და არც მკვლელობის ეპიზოდში საქმეში წარმოდგენილი არ არის უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც შეიძლება გამხდარიყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
11. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თეონა გოდერძიშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი