განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010260018700051293
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№ ას-434-434-2018 28 მაისი, 2018 წელი
№ ას-434-434-2018 სს „კ-----------–-------------ა“ ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – სს „კ-----------–-------------ა“ (განმცხადებელი, საარბიტრაჟო მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – გ-- დ------ე, ზ----- დ------ე, ვ------- დ------ე, თ----–- ჯ---------ე (საარბიტრაჟო მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრისა და 2018 წლის 2 მარტის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „კ-----------–-------------ამ“ (შემდგომში „განმცხადებელი“, „საარბიტრაჟო მოსარჩელე“, „კრედიტორი“ ან „საჩივრის ავტორი“) განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა გ-- დ------ის (შემდგომში „საარბიტრაჟო მოპასუხე“ ან „მსესხებელი“), ვ------- დ------ის, ზ----- დ------ისა და თ----–- ჯ---------ის (შემდგომში „თავდები საარბიტრაჟო მოპასუხეები“) მიმართ აღძრული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, აეკრძალოს ერთ-ერთ თავდებ საარბიტრაჟო მოპასუხეს - ვ------- დ------ეს მის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ფ------------–--–------–----------–------ის (ს/კ: 0------------------) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
2. განმცხადებელმა განმარტა, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეს მის მიმართ გააჩნია სასესხო დავალიანება. ბოლო პერიოდში მსესხებელმა დაარღვია გადახდის გრაფიკი და არ იხდის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელს, აგრეთვე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე დარიცხულ პირგასამტეხლოს. მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო სოლიდარული მოვალე არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას. შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თავდები საარბიტრაჟო მოპასუხე, ვ------- დ------ე გაასხვისებს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღებამდე. შესაბამისად, აღარ იარსებებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების საშუალება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.
4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე 192-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ დაუსაბუთებელია განმცხადებლის მითითება, თუ რით არის განპირობებული უძრავი ქონების შესაძლო გასხვისების ეჭვი, ანუ განმცხადებელი მხოლოდ სიტყვიერი განმარტებებით შემოიფარგლება მითითებული არგუმენტების დასაბუთების გარეშე და არ უთითებს თუ რა ფაქტობრივი გარემოება განაპირობებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარდაუვალ აუცილებლობას.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი წარადგინა საარბიტრაჟო მოსარჩელემ და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება.
6. საჩივრის ავტორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას ემყარებოდა და აღნიშნავს, რომ სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია ალბათობის მაღალი ხარისხით იმ გარემოებების არსებობის ვარაუდი, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გადაუდებლობის შესახებ, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა. კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნა, რომლის უზრუნველსაყოფადაც წარდგენილია განცხადება შეადგენს 5753,70 ლარს, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ვადა მსესხებელს დარღვეული აქვს 141 დღით, რაც ამტკიცებს ფაქტს, რომ მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. აღნიშნული კი საფუძველს იძლევა გამოყენებული იქნას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების მხოლოდ გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა წარმოადგენს მხარეთა თანასწორობის პრინციპის ფარგლებში დაყენებულ მოთხოვნას.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით.
12. ამდენად, სასამართლო წარმოდგენილ საჩივარზე იმსჯელებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა დაცვით, კერძოდ, 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით კი, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
14. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის (მათ შორის საარბიტრაჟო სარჩელის) უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
15. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
16. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ საარბიტრაჟო სარჩელის დავის საგანია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ანაზღაურება. მოპასუხეს დღეის მდგომარეობით გადასახდელი აქვს როგორც სესხის ძირითადი თანხა - 5000 ლარი, ასევე საპროცენტო სარგებელი და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადაუხდელ თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლო, ჯამში 5753.70 ლარი. დადგენილია ასევე, რომ სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე თავდები საარბიტრაჟო მოპასუხეები კისრულობენ სოლიდარულ თავდებობას საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულებაზე, თუმცა სოლიდარული მოვალეები არ ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
17. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ განცხადებით მოთხოვნილია თავდები საარბიტრაჟო მოპასუხის ქონების გასხვისებისა და სანივთო-სამართლებრივი უფლებით დატვირთის აკრძალვა.
18. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ განმცხადებელი ვერ ასაბუთებს თუ რა ფაქტობრივი გარემოება განაპირობებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარდაუვალ აუცილებლობას.
19. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად. ამასთან, ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ მსგავსი ტიპის დავის დროს მოსარჩელეს სჭირდება მყარი გარანტი იმისა, რომ მომავალში შეძლებს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის მოსაზრებით, საფუძვლიანია განმცხადებლის მითითება, რომ სამომავლოდ მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში არსებობს რეალური საფრთხე, თავდებმა საარბიტრაჟო მოპასუხემ გაასხვისოს ან უფლებრივად (იპოთეკით) დატვირთოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მასზე აღსრულების მიქცევისაგან თავის არიდების მიზნით.
21. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება სრულად უზრუნველყოფს იმ მიზანს, რომელსაც საარბიტრაჟო მოსარჩელე მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებით ისახავს - თავდები საარბიტრაჟო მოპასუხე ვერ შეძლებს უზრუნველყოფის საგნის რეალიზებას ან სხვაგვარად უფლებრივად დატვირთვას განმცხადებლის უფლებების საზიანოდ. ამასთან, აღნიშნული იცავს თანასწორობის უმნიშვნელოვანეს პრინციპს, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან და მათ შორის აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს.
22. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ერთ-ერთი თავდები საარბიტრაჟო მოპასუხის უძრავი ქონების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 198-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „კ-----------–-------------ას“ საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განჩინებები;
3. სს „კ-----------–-------------ას“ განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდეს;
4. ვ------- დ------ეს (პ/ნ: 6----------) აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (დაზუსტებული ფართობი: 5488.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: 0------------------, მისამართი: ქ. ბათუმი, ფ------------–--–-------------–--------------–-----) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე