განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №330210016001271439
საქმე №ას-676-676-2018 22 ივნისი, 2018 წელი
№ას-676-676-2018 გ--–-–---–ი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ------- გ--–-–---–ი (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ------- ჯ-----–---–ი, მ------ ხ----------–---–ი, ნ---- ხ----------–---–ი, ბ--–- გ-----–--ე, ა---------------–ი (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ქ------- ჯ-----–---–მა, მ------ ხ----------–---–მა, ნ---- ხ----------–---–მა, ბ--–- გ-----–--ემ და ა---------------–მა (შემდგომში – მოსარჩელეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში გ------- გ--–-–---–ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელეთა განმარტებით, არიან 2015 წლის ივნისში მომხდარი სტიქიით დაზარალებულნი. მათი ქონება განადგურდა, თუმცა თანხა დღემდე არ მიუღიათ. თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე ცხოვრობს მათ კუთვნილ საცხოვრებელ სახლში. მოსარჩელეებმა არაერთხელ მიმართეს მოპასუხეს და მოსთხოვეს უძრავი ნივთის დაბრუნება, თუმცა იგი საკუთარი ნებით ფართს არ ათავისუფლებს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი ააშენა მამამისმა. შესაბამისად, იგი სადავო ნივთს თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე არ ფლობს. ასევე, არასწორია მოსარჩელეთა განმარტება, რომ მათ სადავო ფართის გარდა, სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეთა გამოუცხადებლობის გამო, ხოლო ამავე სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის განჩინებით მოსარჩელის საჩივარს ეთქვა უარი, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისად არ ყოფილა გამოკვლეული, ამასთან, საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ მიეცა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც სასამართლოს მიერ გაკეთდა არასწორი სამართლებრივი დასკვნები და საბოლოოდ მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
8. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
9. ზოგადად დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა და მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები – საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს არა მხოლოდ პრეზუმციას, არამედ სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ან/და არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 232.1 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, მის მიერ აღძრულ სარჩელზე (ან ინსტერესი შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს).
10. ამის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საფუძვლები, რადგან მოსარჩელის მხრიდან დავის განხილვისადმი იურიდიული ინტერესის დაკარგვის ფაქტი არ დგინდება.
11. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში აპელანტები (მოსარჩელეები) ცხადდებოდნენ ყველა სასამართლო სხდომაზე. სასამართლო სხდომა დაინიშნა 2016 წლის 13 ივნისს (ს.ფ.133, ტომი 2) მოსარჩელეთა ინტერესებს იცავდა და სხდომას ესწრებოდა ერთ-ერთი მოსარჩელე და ორი წარმომადგენელი. მეორე სასამართლო სხდომა ჩატარდა 2016 წლის 1 სექტემბერს, სხდომას ესწრებოდნენ მოსარჩელეთა ორი წარმომადგენელი. საქმის განხილვა გადაიდო 2016 წლის 29 სექტემბერს. (ს.ფ 406, ტომი 1) ამ დროისათვის კი საქმე განსახილველად გადაეწერა სხვა მოსამართლეს, სადაც აპელანტები ითხოვდნენ საქმის დროულ განხილვას და სხდომის ჩანიშვნას.
12. სასამართლო სხდომა დაინიშნა 2017 წლის 11 იანვარს.
13. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ მოსარჩელე მხარის ორი წარმომადგენელი და ორი მოსარჩელე 2017 წლის 11 იანვარს იყვნენ დაკავებული და ობიექტურად მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, დასწრებოდნენ სასამართლო სხდომას. (ს.ფ 146, ტომი 2) ერთ-ერთი მოსარჩელე არასრულწლოვანია. მხარეთა განმარტებით, გამოძიება დაიწყო სწორედ მოპასუხის განცხადებით და, როგორც აპელანტებმა აღნიშნეს, მოწინააღმდეგე მხარემ იცოდა მოსარჩელის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზებისა და მათი დაკავების შესახებ.
14. საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო აქტითა და 2017 წლის 11 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ სასამართლო სხდომის დღის შესახებ 2016 წლის 21 ნოემბერს სატელეფონო შეტყობინების გზით ეცნობათ მხოლოდ მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებს. (ს.ფ.429; 430 ტომი1) ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმებით დგინდება, რომ სასამართლო სხდომებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენელთაგან ესწრებოდნენ და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას რეალურად სრულად ახორციელებდნენ მოსარჩელეთა ორი წარმომადგენელი. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მესამე წარმომადგენელს, როგორც საქმის მასალებით დგინდება მას არ მიუღია მონაწილეობა არც ერთ სასამართლო განხილვაში.
15. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძველი გახდა, ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
16. სააპელაციო პალატამ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი აპელანტების მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე მხარის წარმომადგენელთა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა განპირობებული იყო ობიექტური საფუძვლით – მათ მიმართ თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით.
17. მოცემულ შემთხვევაში, მხარემ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში იმგვარი სარწმუნო მტკიცებულებათა წარმოდგენა, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობაში.
18. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ორ მოსარჩელეს და მათ ორ წარმომადგენელს არ ჰქონდათ ობიექტური შესაძლებლობა, გამოცხადებულიყვნენ სასამართლო სხდომაზე, ხოლო მესამე წარმომადგენელი, მართალია, სსსკ-ის 93-96-ე მუხლების თანახმად, წარმოადგენდა მოსარჩელე მხარის რწმუნებულს, თუმცა არ იღებდა მონაწილეობას არც ერთ სასამართლო სხდომაზე.
19. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, „სსსკ-ის 93-ე მუხლის მეორე ნაწილი არაიმპერატიული ხასიათისაა და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მისი უფლების კვალიფიციურად დაცვაზე“ (სუსგ საქმე №ას-853-797-2017).
20. სააპელაციო პალატამ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ სადაც ევროპულმა სასამართლომ განმარტა რომ როდესაც საკითხი ეხება სამართლებრივი სიცხადის პრინციპს (Legalcertainty), ეს არ არის უბრალოდ სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაციის პრობლემა, არამედ ადგილი ჰქონდა პროცედურული მოთხოვნის არაგონივრულ კონსტრუქციას, რამაც გამოიწვია ეფექტური სასამართლო დაცვის უფლების დარღვევა. მხარეებს უნდა შეეძლოთ გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (Mirigall Escolano andothers v. Spain, 38366/97, §33, 2000, ECHR).
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
22. კასატორმა მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონით დადგენილი წინაპირობები არ არსებობდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატის განჩინება დაუსაბუთებელია.
23. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან ეროვნული კანონმდებლობის ნორმები საერთაშორისო სამართლებრივი აქტებისაგან გასნხვავდება. სააპელაციო პალატას დავის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
25. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
26. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომა დაინიშნა 2016 წლის 13 ივნისს მოსარჩელეთა ინტერესებს იცავდა და სხდომას ესწრებოდა ერთ-ერთი მოსარჩელე და ორი წარმომადგენელი.
27. შემდგომი სასამართლო სხდომა ჩატარდა 2016 წლის 1 სექტემბერს, რომელსაც ესწრებოდნენ მოსარჩელეთა ორი წარმომადგენელი. საქმის განხილვა გადაიდო ჯერ 2016 წლის 29 სექტემბრისთვის, შემდეგ კი პროცესი ჩაინიშნა 2017 წლის 11 იანვარს.
28. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ მოსარჩელე მხარის ორი წარმომადგენელი და ორი მოსარჩელე 2017 წლის 11 იანვარს იყვნენ დაკავებული და ობიექტურად მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, დასწრებოდნენ სასამართლო სხდომას. ერთ-ერთი მოსარჩელე არასრულწლოვანია. მისი კანონიერი წარმომადგენლები კი არიან მოსარჩელეთა წარმომადგენლები, რომელთაგან ერთ-ერთი დაკავებული იყო, ხოლო მეორე, მარწმუნებლის მიერ გაფორმებული მინდობილობის მიუხედავად, საერთოდ არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში.
29. საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო აქტითა და 2017 წლის 11 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ სასამართლო სხდომის დღის შესახებ 2016 წლის 21 ნოემბერს სატელეფონო შეტყობინების გზით ეცნობათ მხოლოდ მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებს. ამასთან, მოსარჩელეებმა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭეს სამ პირს. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმებით დგინდება, რომ მათგან მხოლოდ ორი ესწრებოდა საქმის განხილვას. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მესამე წარმომადგენელს, როგორც საქმის მასალებით დგინდება მას არ მიუღია მონაწილეობა არც ერთ სასამართლო განხილვაში.
30. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან აღნიშნულისათვის საჭირო კანონით გათვალისწინებული წინაპირობები არ არსებობდა.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
33. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
34. მოცემულ შემთხვევაში სადავოა მოსარჩელეთა გამოუცხადებლობის გამო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი.
35. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
36. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოსარჩელე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე სასამართლოს არ აცნობა. საქმის განხილვაზე მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც არაკეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.
37. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 229-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოსარჩელისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოსარჩელის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოპასუხის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
38. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში სადავოა, მოსარჩელეების გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. შესაბამისად, წარმოდგენილი საკითხის სწორად შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რა სახის გარემოება შეიძლება, ჩაითვალოს საპატიოდ.
39. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
40. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი იმ გარემოების უარსაყოფად, რომ მოსარჩელეთა გამოუცხადებლობა სადავო სასამართლო სხდომაზე გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით და არ არსებობდა იმგვარი ვარაუდის საფუძველი, რომ მხარემ ინტერესი დაკარგა საქმის განხილვისადმი.
41. საქმის მასალებიდან ნათლად ირკვევა, რომ მოსარჩელეები უშუალოდ ან წარმომადგენელთა მეშვეობით სისტემატიურად ესწრებოდნენ სასამართლო პროცესებს და ითხოვდნენ საქმის განხილვის დაჩქარებას, როდესაც მოცემული დავის განხილვა სხვა მოსამართლეს გადაეცა.
42. საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინებით დასტურდება, რომ ორ მოსარჩელესა და მათ ორ წარმომადგენელს, როგორც ბრალდებულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა. ამდენად, მათ ობიექტურად არ გააჩნდათ იმის შესაძლებლობა, რომ 2017 წლის 11 იანვარს გამოცხადებულიყვნენ სასამართლო სხდომაზე და დაეცვათ საკუთარი კანონიერი ინტერესები.
43. რაც შეეხება მოსარჩელეთა მესამე წარმომადგენლის გამოუცხადებლობას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სარწმუნო დასაბუთებას აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო პალატის მსჯელობის გასაბათილებლად.
44. გასაჩივრებული განჩინებით მართებულად იქნა გამოყენებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს მხარისათვის სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვას კანონის დანაწესის მეტისმეტად მკაცრად განმარტებისათვის.
45. ცხადია, წარმომადგენლის გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე, შესაბამისი საპატიო მიზეზის დადასტურების გარეშე, შეიძლება გახდეს მხარისათვის არახელსაყრელი სამართლებრივი შედეგის დადგომის წინაპირობა, თუმცა განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე ერთობლიობაში შეაფასა არსებული ვითარება და გაითვალისწინა მოსარჩელეთა და მათ წარმომადგენელთა საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის ფაქტი, ერთ-ერთი მოსარჩელის არასრულწლოვანება და მიზანშეწონილად არ ჩათვალა ამგვარი მხარისათვის სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა ისეთი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის პირობებში, რომელიც ფაქტობრივად საქმის განხილვაში არც ჩართულა.
46. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
47. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
48. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
49. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
51. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით თ----–- ქ---------–--ის მიერ 2018 წლის 5 ივნისს №- საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- გ--–-–---–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ გ------- გ--–-–---–ს (პირადი №-----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით თ----–- ქ---------–--ის მიერ 2018 წლის 5 ივნისს №- საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი