განჩინება

სისხლის სამართლის 21.06.2018
საქმის ნომერი
010100218900015353
დავის ტიპი
125 1
თარიღი
21.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218900015353

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№161-18 21 ივნისი, 2018 წელი

გ------–---–- მ-----, 161-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - თეონა წოწკოლაურის

ამნისტირებული პირის - მ----- გ------–---–-ს

მონაწილეობით განიხილა მ----- გ------–---–-ს საჩივარი რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილე ზურაბ კოჭლამაზაშვილის 2013 წლის 14 მარტის დადგენილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. გამოძიებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2012 წლის 12 ივლისს საქართველოს შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, გ---------ს რაიონის სოფელ ვ------ში მცხოვრები მ----- ა--–---ს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია შემდეგი:

 

2012 წლის 12 ივლისს დაახლოებით 10:10 საათზე გ---------ს რაიონის სოფელ ვ------ში, ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ იმავე სოფელში მცხოვრებ მ----- ა--–---სა და მ----- გ------–---–ს, ამ უკანასკნელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ----- ა--–---ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მ----- ა--–---ს გარეგანი დათვალიერებით აღენიშნება ნაჭდევები მარჯვენა სხივ-მაჯის, წინა მხრის და კისრის მიდამოში, სისხლნაჟღენთი მარჯვენა იდაყვის სახსრის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, რომლებიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

2. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილე ზურაბ კოჭლამაზაშვილის 2013 წლის 14 მარტის დადგენილებით შეწყდა სისხლის სამართლის №------------ საქმეზე გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა მ----- გ------–---–-ს მიმართ საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული.

 

3. მ----- გ------–---–- საჩივრით ითხოვს რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილე ზურაბ კოჭლამაზაშვილის 2013 წლის 14 მარტის დადგენილების გაუქმებას მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ყველა პირს, რომლებზედაც გავრცელდება ამ კანონის მოქმედება, უფლება აქვს, ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით.

 

3. მ----- გ------–---–-ს საქმე არის დაუმთავრებელი, მიმდინარეობდა გამოძიება, რომელზეც რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილე ზურაბ კოჭლამაზაშვილის 2013 წლის 14 მარტის დადგენილებით შეწყდა გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა. პირს აქვს უფლება, მოითხოვოს გამოძიების გაგრძელება და ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით; საბოლოოდ დადგინდეს მისი ბრალეულობა-არაბრალეულობის საკითხი და ამის შემდეგ გადაწყდება, უნდა გავრცელდეს თუ არა მასზე ამნისტიის კანონი იმის შესაბამისად, რა სახის საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი.

 

4. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილე ზურაბ კოჭლამაზაშვილის 2013 წლის 14 მარტის დადგენილება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს პროკურორს გამოძიების გასაგრძელებლად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ----- გ------–---–-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილე ზურაბ კოჭლამაზაშვილის 2013 წლის 14 მარტის დადგენილება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს პროკურორს გამოძიების გასაგრძელებლად.

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

ნ. სხირტლაძე