განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.06.2018
საქმის ნომერი
190210015970272
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №190210015970272

საქმე №ას-640-640-2018 22 ივნისი, 2018 წელი

№ას-640-640-2018 მ----–--ე ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ზ---- მ----–--ე (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით)

მოწინააღმდეგე მხარე – ს------- გ----------ე (ძირითადი მოსარჩელე, მესამე პირის დამოუკიდებელ სარჩელში – მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთის გამოთხოვა (ძირითად სარჩელში) მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების აღიარება (მესამე პირის დამოუკიდებელ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. ს------- გ----------ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მამუკა მ----–--ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის შესახებ.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლიდან მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ ორი შვილი. მოგვიანებით ისინი განქორწინდნენ.

3. მოპასუხის ინიციატივით შეტანილი სარჩელის საფუძველზე ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება გაიყო, მოსარჩელემ მიიღო შესაბამისი წილის ფულადი კომპენსაცია და შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა მშობლებთან.

4. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მშობლებთან გადასვლისას მას მოპასუხემ ოჯახიდან არ გაატანა ნივთები, რომლებიც მისმა მშობლებმა მზითევის სახით აჩუქეს. ნივთები განთავსებულია მოპასუხის ძმის კუთვნილ ბინაში, სადაც მხარეები ქორწინების ბოლო რამდენიმე წელი ცხოვრობდნენ.

5. სადავო ნივთები შეძენილი და დამზადებულია მოსარჩელის მშობლების, ნათესავების სახსრებით და წარმოადგენდა მოსარჩელისადმი მათ საჩუქარს.

6. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ სადავო ნივთები, გასხვისების მიზნით, განათავსა ინტერნეტმაღაზიაში.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო მოძრავი ნივთები მისი ძმის საკუთრებაა, ხოლო მოსარჩელეს მის ოჯახში არანაირი მზითევი არ მიუტანია.

 

დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირის პოზიცია:

 

8. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა წარადგინა ზ---- მ----–--ემ (შემდგომში – მოპასუხის ძმა, მესამე პირი, კასატორი) და მოითხოვა სადავო მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების აღიარება.

9. მესამე პირის განმარტებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ნივთები მოპასუხის ძმას ეკუთვნის, რაც იმით დასტურდება, რომ ისინი მესამე პირის სახლშია განთავსებულია. აღნიშნული ნივთები მესამე პირმა საკუთარი სახსრებით შეიძინა, ხოლო მოსარჩელეს მათთან არანაირი შეხება არ ჰქონია. ავეჯი დამზადებულია მისი შეკვეთით, რასაც დაადასტურებს ავეჯის დამამზადებელი ხელოსანი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

10. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით როგორც ძირითადი სარჩელი, ისე მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ და მესამე პირმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 იანვრის განჩინებით მოსარჩელისა და მესამე პირის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ 2005 წლის 25 ივნისიდან მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ ორი შვილი.

13. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამჟამად მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

14. ასევე უდავოა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების თანამესაკუთრედ და 1/3 წილის მესაკუთრედ. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

15. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის განჩინებით №2-238-14 საქმეზე, მოსარჩელის სარჩელის გამო, მოპასუხის მიმართ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით, დამტკიცდა მორიგება იმ პირობით, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა 13500 ლარი, მორიგების აქტის დამტკიცებიდან ექვსი თვის ვადაში, რის შემდეგაც მათ თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გაუქმდებოდა საზიარო უფლება და ზემოაღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხებოდა მოპასუხის სახელზე. განჩინება შესულია კანონიერ ძალაში და აღსრულებულია.

16. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია მესამე პირის საკუთრებად. მოძრავი ნივთები ამჟამად იმყოფება მესამე პირის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში.

17. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნივთები წარმოადგენს არა მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებას, არამედ მეუღლეთა ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებას და მასზე უნდა გავრცელდეს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განაწილების (გაყოფის) პრინციპი.

18. სააპელაციო სასამართლომ ჩაატარა ადგილზე დათვალიერება, საქმეზე არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ადგილზე შემოწმება მესამე პირის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც დაკითხა მოწმეც.

19. ადგილზე დათვალიერების შედეგად სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეები ქორწინების ბოლო რამდენიმე წელი ნამდვილად ცხოვრობდნენ ბინაში, რომელიც ამჟამად მესამე პირის სახელზეა რეგისტრირებული. სადავო ნივთები ნამდვილად იმყოფება აღნიშნულ საცხოვრებელ ბინაში.

20. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა ის გარემოება, რომ სადავო ნივთები შეძენილია ქორწინებიდან ანუ 2005 წლიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 2010-2012 წლებში. ნივთების ნაწილი მოწმემ დაამზადა. ავეჯის დამზადება მას მხარეებმა შეუკვეთეს. ავეჯის დამზადების ღირებულება გადაიხადა მოპასუხემ. დადასტურდა ასევე ის გარემოება, რომ ავეჯის დამზადებისას გამოყენებულია მოსარჩელის ნათესავების მიერ მიწოდებული ხის მასალა. დადგინდა, რომ საძინებლის ტუმბოების, სარკისა და სარკიანი ჭურჭლის კარადის მარმარილოს ზედაპირები დამზადდა მოპასუხის თანხით. ჭურჭლის კარადას წინა ფასადის მხარეს ამოტვიფრული აქვს მოსარჩელის სახელი. მოპასუხემ მიიღო მონაწილეობა ჟურნალების მაგიდის შეძენაში. ჟურნალების მაგიდა შეირჩა ორივეს გემოვნებით, იგი შეუხამეს ოთახში უკვე არსებულ სავარძლებს და მასში გადაიხადეს მოსარჩელის თანხა, რომელიც მან მიიღო ე.წ. ლატარიის თამაშით, რომელსაც თამაშობდა ოჯახის საერთო სახსრებით. მხარეებმა აღნიშნული დაადასტურეს თავის ახსნა-განმარტებებში, რომელიც მისცეს სასამართლოს ადგილზე დათვალიერებისას.

21. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ თუ მოსარჩელის დედამ ან სხვა ნათესავებმა რაიმე სახით მიიღეს მონაწილეობა მოსარჩელის ოჯახისთვის განკუთვნილი საოჯახო ნივთების შეძენაში, მათ შორის ჭაღის, ჟურნალების მაგიდის ან ავეჯის შეძენაში, აღნიშნული უნდა შეფასდეს როგორც მათი საჩუქარი ოჯახისადმი და არა როგორც მოსარჩელის ინდივიდუალური ქონება.

22. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნივთები შეძენილია მეუღლეთა ქორწინების პერიოდში, მხარეთა უშუალო მონაწილეობით და საერთო სახსრებით და გამიზნული იყო ოჯახის საერთო სამეურნეო დანიშნულებისთვის.

23. რაც შეეხება მესამე პირის სარჩელს, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხის ძმამ (მესამე პირმა) ვერ დაადასტურა ვერცერთი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება. ვერ დადგინდა, როდის ან რა ვითარებაში შეიძინა აღნიშნული ნივთები, რომელზედაც მესაკუთრედ ცნობას მოითხოვს, მას ადგილზე დათვალიერების დროს აღარ უარყვია ის გარემოება, რომ მხარეები მის კუთვნილ ბინაში ცხოვრობდნენ მისივე თანხმობით, თავად არ უცხოვრია მათთან ერთად, არ მიუღია უშუალო მონაწილეობა მატერიალურად ამ ნივთების შეძენაში. ვერ ახსნა ასევე ის გარემოება, თუ რატომ უნდა ყოფილიყო სახელდებული მისი კუთვნილი ქონება, ანუ მის მიერ შეძენილ ქონებაზე როგორ უნდა აღმოჩენილიყო მოსარჩელის სახელი. ეს გარემოება ნათელყოფს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ავეჯი არ იყო განკუთვნილი მისი საკუთარი ოჯახისთვის და არც მას მიუღია მონაწილეობა მათ დამზადებასა თუ შეძენაში.

24. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ სამართლებრივ უსწორობას წარმოადგენს ასევე ის გარემოება, რომ სასამართლომ სადავო ნივთები ფაქტობრივად საკუთრებაში დაუტოვა პირს, რომელიც არ იყო მათი მესაკუთრე. სასამართლო ძირითადად დაეყრდნო ავეჯის დამამზადებელი პირის გელა ბეჟუაშვილის ჩვენებას, რომელიც დაიკითხა ადგილზე დათვალიერების პროცესში - სტუმრის სტატუსით, რაც ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს.

25. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის კატეგორიისა და თითოეული მხარის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების გათვალისწინებით, მოწმეები, რომლებიც აღნიშნულ საქმეზე ფაქტობრივ გარემოებათა დამტკიცების მიზნებისათვის იკითხება, უმეტეს შემთხვევაში, მხარეთა ოჯახის წევრები ან ახლო ნათესავები არიან, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწმის ჩვენების არ გაზიარება მხოლოდ იმ მოტივაციაზე დაყრდნობით, რომ მოწმე მხარის ნათესავია, არ გამომდინარეობს კანონის სწორი ინტერპრეტაციიდან. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების ერთობლივი ანალიზის შედეგად სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა ნივთების მოპასუხის მფლობელობაში არსებობის ფაქტი.

26. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მესამე პირის მტკიცება, რომ საქალაქო სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 158-ე და 151-ე მუხლის მოთხოვნები და არასწორად მიუთითა, რომ ავეჯის დამზადებისას გამოყენებულია მოსარჩელის ნათესავების მიერ მიწოდებული ხის მასალა. აპელანტის განმარტებით, აღნიშნული ავეჯი დამზადდა მოპასუხისა და მისი ძმის ოჯახის კუთვნილი მასალით, რომლის შესახებაც სასამართლოს ზეპირი განხილვის დროს განაცხადეს ძმებმა, ხოლო მოწმემ დაადასტურა, რომ მასალა წაიღო ბინიდან, სადაც მიმდინარეობდა მისი დაკითხვა, ანუ მესამე პირის სახლიდან.

27. სსკ-ის 186-ე მუხლის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა: მესაკუთრის ნამდვილი, ლეგიტიმური უფლება და ნივთის გადაცემა. მესამე პირმა ვერ დაადასტურა მისი საკუთრების უფლება სადავო ნივთებთან დაკავშირებით, ვერ მიუთითა, თუ რა საფუძვლით, რა ფორმით ან როდის შეიძინა ეს ნივთები, ამასთან, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო ქონება წარმოადგენს მხარეთა საერთო ქონებას, რომელიც შეძენილია მათი ქორწინების განმავლობაში.

28. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს სსკ-ის 170-172-ე, 186-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები, შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ სარჩელებს მართებულად უთხრა უარი დაკმაყოფილებაზე.

 

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

29. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მესამე პირმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

30. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 186-ე მუხლი, რომელიც სადავო ურთიერთობას არ არეგულირებს. სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 158-ე, 151-ე მუხლებით და გაეთვალისწინებინა, რომ სადავო ნივთები იმყოფებოდა კასატორის კუთვნილ ბინაში, რასაც მოსარჩელეც ადასტურებდა, შესაბამისად, ეკუთვნოდა ბინის მესაკუთრეს.

31. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ სადავო ავეჯი დამზადდა მოსარჩელის ნათესავების მიერ მიწოდებული ხის მასალით. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიანიჭა უპირატესობა მოსარჩელისა და მისი ინიციატივით დაკითხული მოწმეების განმარტებებს და უგულებელყო მოპასუხის, მისი ძმის და ავეჯის ხელოსნის განმარტებები.

32. კასატორმა აღნიშნა, რომ პროცესზე დეტალურად დაადასტურა თითოეული ნივთის შეძენა, თუმცა სააპელაციო პალატამ მაინც ჩათვალა, რომ მოპასუხის ძმამ (მესამე პირმა) ვერ შეძლო მათი კუთვნილების დამტკიცება. მოპასუხემ სხდომაზე აღნიშნა, რომ სადავო ნივთები შეიძინა მისმა ძმამ, რაც მესამე პირმაც დაადასტურა.

33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

34. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

35. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2005 წლის 25 ივნისიდან მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ ორი შვილი.

36. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამჟამად მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

37. ასევე უდავოა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების თანამესაკუთრედ და 1/3 წილის მესაკუთრედ. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

38. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის განჩინებით №2-238-14 საქმეზე, მოსარჩელის სარჩელის გამო, მოპასუხის მიმართ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით დამტკიცდა მორიგება იმ პირობით, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა 13500 ლარი, მორიგების აქტის დამტკიცებიდან ექვსი თვის ვადაში, რის შემდეგაც მათ თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გაუქმდებოდა საზიარო უფლება და ზემოაღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხებოდა მოპასუხის სახელზე. განჩინება შესულია კანონიერ ძალაში და აღსრულებულია.

39. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ 2010 წლის 12 ოქტომბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია მესამე პირის საკუთრებად. მოძრავი ნივთები ამჟამად იმყოფება მესამე პირის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში.

40. სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ სადავო მოძრავი ნივთები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირის ინდივიდუალურ საკუთრებას არ წარმოადგენდა.

41. წინამდებარე საკასაციო საჩივრით კასატორი აღნიშნულ შეფასებას არ დაეთანხმა და მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატას უნდა დაედგინა სადავო მოძრავ ნივთებზე მისი საკუთრების უფლება, რადგან ისინი განთავსებულია კასატორის სახელზე რიცხულ ბინაში.

42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

43. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

44. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

45. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების დაუდგენლობის მართლზომიერება.

46. საკასაციო სასამართლო დასაბუთებულ საკასაციო პრეტეზნიად ვერ შეაფასებს კასატორის მითითებას, რომ სადავო მოძრავი ნივთები მის საკუთრებად უნდა ჩაითვალოს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი მესამე პირის სახელზე რიცხულ ბინაშია განთავსებული.

47. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.

48. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ (სუსგ 4.06.2012წ. საქმე №ას-1777-1755-2011).

49. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს ზემოთ მითითებული ნორმით გათვალისწინებული ვარაუდის გამოყენების საჭიროება, რადგან გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ მოძრავი ნივთები წარმოადგენს მოსარჩელისა და მოპასუხის ქორწინებაში შეძენილ ქონებას და მასზე ვრცელდება თანასაკუთრების სამართლებრივი რეჟიმი.

50. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მხარეები ქორწინების ბოლო რამდენიმე წელი ნამდვილად ცხოვრობდნენ ბინაში, რომელიც ამჟამად მესამე პირის სახელზეა რეგისტრირებული. სადავო ნივთები იმყოფება აღნიშნულ საცხოვრებელ ბინაში.

51. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა სადავო ნივთების დამზადების დრო, აგრეთვე, მოსარჩელისა და მოპასუხის უშუალო მონაწილეობა ავეჯის შეკვეთასა და ანაზღაურების გადახდაში.

52. აღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგოდ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირმა ვერ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები და, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, მის დამოუკიდებელ სარჩელში დასახელებული გარემობების არსებობა სარწმუნოდ ვერ დაადასტურა (სსსკ-ის 102-ე მუხლი).საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ძირითადი მოსარჩელის მიერ სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებული არ არის.

53. აღნიშნულს კი მესამე პირისათვის არახელსაყრელი მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის დადგომა მოჰყვა.

54. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

55. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

56. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

57. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

58. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

59. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 5 ივნისს გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ---- მ----–--ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ზ---- მ----–--ეს (პირადი №----------7) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 5 ივნისს გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

ე. გასიტაშვილი