დაუშვებლობის შესახებ განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100116002278669
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №52აპ-18 ქ. თბილისი
კ------- ბ-----, 52აპ-18 21 ივნისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ----- კ-------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის განაჩენით ბ----- კ-------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბ----- კ-------ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ----- კ-------ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 15 სექტემბრიდან.
განაჩენით ბ----- კ-------ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 13-14 სექტემბერს, ღამის საათებში, ზუსტი დრო დაუდგენელია, ქ-------–------------------------------------------- ეზოს უკანა მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ----- კ-------მ ცემა ა------ ლ------ და სხეულის სხვადასხვა ნაწილებში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, ერთობლიობაში სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რის შედეგადაც ა------ ლ------ გარდაიცვალა სუნთქვის მწვავე უკმარისობით, გულმკერდის ბლაგვი დახურული ტრავმით განვითარებული ფილტვების ორმხრივი დაჟეჟილობისა და მარცხენა ფილტვზე მრავლობითი ნაფლეთოვანი ჭრილობების შედეგად.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა, რომელიც განაჩენში ცვლილების შეტანას და კვალიფიკაციის ან სასჯელის შემსუბუქებას ითხოვდა.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ბ----- კ-------ს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ექსპერტიზის დასკვნებით დგინდება, რომ ბ------------------ ეზოში, დაახლოებით 60 მეტრში, ეზოში არსებული დიდი ზომის ჯვარიდან ჩრდილოეთის მიმართულებით - ბ------------------- შესახვევთან, ბ----- კ-------მ მიუთითა ის ადგილი, სადაც სიტყვიერი კამათი განაგრძო ა------ ლ------სთან. ასევე მიუთითა რამოდენიმე მეტრში საფეხმავლო ბილიკისაკენ ადგილი, სადაც ბ----- კ-------სა და ა------ ლ------ს შორის მოხდა ჩხუბი და მან უმოწყალოდ, ხელებითა და ფეხებით, სხეულის სხვადასხვა ნაწილებში ცემა ა------ ლ------. ბ----- კ-------მ სწორედ ის ადგილი მიუთითა მის მიერ ა------ ლ------ს ცემის ადგილად, სადაც აღმოჩენილ იქნა გარდაცვლილი ა------ ლ------ს გვამი. ასევე მიუთითა, რომ ცემის დამთავრების შემდეგ, პერანგი შემოახია ა------ ლ------ს, გააძრო შარვალი წინდებთან ერთად და ცემის ადგილიდან დაახლოებით ორმოცი მეტრის მოშორებით, ჩრდილოეთის მიმართულებით, საცალფეხო ბილიკზე, თანნაქონი სანთებელას მეშვეობით დაწვა მისი პერანგი და ერთი წინდა, ხოლო მეორე წინდა, ტყავის ფეხსაცმელი და შარვალი ხელით მოიქნია და ეკალ-ბარდებში გადაყარა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ა------ ლ------ს გვამიდან მოშორებით, ჩრდილოეთის მიმართულებით, 40 მეტრის დაცილებით, საცალფეხო გზის ზედაპირიდან ამოიღეს მოთეთრო მოცისფრო ზოლებში გაწყობილი პერანგის ნამწვი. აღნიშნული პერანგის ნამწვიდან ბილიკის მარჯვენა მხარეს, სამი მეტრის დაცილებით, ამოიღეს ძირს უწესრიგოდ დაყრილი ერთი წყვილი მამაკაცის შავი ტყავის ფეხსაცმელი, მის გვერდით ერთი შავი წინდა და მეორე - ამავე ფერის წინდის ნამწვის ნაწილი. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №--------6 დასკვნით დადგენილია, რომ პაკეტში წარწერით ,,ქუთაისი ბ------------------ ეზოს უკან მდებარე ტერიტორიაზე საცალფეხო ბილიკის ზედაპირიდან ამოღებული ქსოვილის ნამწვი’’ მოთავსებული კუბოკრული ქსოვილის ორ ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №6,7) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ბ----- კ-------ს (ობ. №24). ასევე პაკეტში წარწერით ,,ბ----- კ-------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მაისური, შარვალი, კეპი ქუდი და ფეხსაცმელები’’ მოთავსებულ ლურჯი მაისურზე (ობ. №10, 10ა) და მოყავისფრო წყვილ ფეხსაცმელზე (ობ. №13,14) არსებული მოყავისფრო და მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანს სისხლს (ობ. №10, 10ა, 14-ის) გენეტიკური პროფილი და ამავე პაკეტში მოთავსებულ წითელ ქუდზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. №12) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ა------ ლ------ს (ობ. №25). აღნიშნული მტკიცებულებები სხვა დანარჩენ მტკიცებულებებთან ერთად არის სანდო, ურთიერთ შეთანხმებული და რელევანტური.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაპყრო მოწმე გ------- ს------- ჩვენებას, რომელიც აღწერს საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს. მისი ჩვენებით დგინდება, რომ ფალიაშვილის ქუჩაზე მან დაინახა ნაცნობი ბ----- კ-------, რომელიც უცნობ პიროვნებას ეკამათებოდა, კერძოდ, ეუბნებოდა „რატომ შემაგინეო“. ამის შემდეგ, მოწმის განმარტებით, განიმუხტა სიტუაცია და ერთად წავიდნენ ალკოჰოლური სასმელის დასალევად, მაგრამ რესტორანი დახურული დახვდათ, რის გამოც გზა ბ------------------ მიმართულებით გააგრძელეს. ბ------------------ მიმართულებით კიბეებზე რამდენიმე საფეხურის ავლის შემდეგ ბ----- კ------- მოუბრუნდა ა------ ლ------ს და ჰკითხა „რატომ შემაგინეო“. ბ-----იმ „საროჩკა“ შემოახია ა------ ლ------ს და შემდეგ სახეში და გულის არეში დაარტყა. იმ დროისათვის სიტუაცია დაწყნარდა, თუმცა ბ----- კ------- იყო აგრესიული. მოწმის განმარტებით, მას არ უნდოდა ბ. კ-------სთან კონფლიქტი, სწორედ ამიტომ დაემშვიდობა მათ და ჩამოვიდა კიბეებზე ჯაჭვის ხიდის მიმართულებით. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ბ----- კ-------მ და ა------ ლ------მ გზა განაგრძეს კიბეებზე მაღლა ბ------------------ მიმართულებით.
გ------- ს------- მიერ მიცემული ჩვენების უტყუარობასა და ობიექტურობაზე მეტყველებს საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელიც ჩატარდა მოწმე გ------- ს------- ჩვენების გადამოწმების მიზნით, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტებში მონაწილე მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ა------ ლ------ს გვამზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებანი.
რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე - აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბ. კ-------ს ჩვენება არ მიუცია, არამედ ვითარება აღადგინა იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მან გამოიყენა ბრალდების მხარის მიერ მისთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას და იგი ცალსახად გამოდგება მომხდარი ფაქტის დასაბუთებისათვის.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება ან არგუმენტი, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულის მიმართ შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის ალტერნატიული მოთხოვნა - მსჯავრდებულ ბ----- კ-------სათვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, ვინაიდან 1-ლი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები და დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
5. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ----- კ-------მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით; მის მიერ ჩადენილი მართლსაწიანაღმდეგო ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძვ.რედაქცია) და სასჯელის ზომად კანონით გათვალისწინებული მინიმალური ჯარიმის შეფარდებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. პალატა მიუთითებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, §32). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
9. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
10. რაც შეეხება კასატორის მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის განაჩენზე (საქმე №632აპ-15), პალატა განმარტავს, რომ აღნიშნულ საქმეში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც მიუთითებდა პირის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაზე; ხოლო გასაჩივრებული განაჩენით კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება ბ----- კ-------სათვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა,11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ბ----- კ-------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი