დაუშვებლობის შესახებ განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100115001084456
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№55აპ-18 ქ. თბილისი
დ------- თ-----, 55აპ-18 26 ივნისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ----- დ-------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ---- პ-----ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 სექტემბრის განაჩენით თ----- დ-------, – დაბადებული 1----–-–-------------------, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედაქცია, ე---------- უ----–---სა და გ---–----- უ----–---ს ეპიზოდები) და თითოეული ეპიზოდისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 საათით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და თ----- დ-------ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 საათით. გაუქმდა თ. დ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ----- დ-------მ ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2015 წლის 9 ივლისს ბ------–ი, ა----–-----–-ს ქ. №1--, №2--ში მდებარე ი----- კ------ს საცხოვრებელ ბინაში, თ----- დ-------მ სცემა ე---------- უ----–---ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
· 2015 წლის 9 ივლისს ბ------–ი, ა----–-----–-ს ქ. №1--, №2--ში მდებარე ი----- კ------ს საცხოვრებელ ბინაში, თ----- დ-------მ სცემა გ---–----- უ----–---ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ---- პ-----მ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თ----- დ-------ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში იმავე მოტივებით, რაზეც სააპელაციო საჩივარში ჰქონდა მითითებული, კერძოდ: გამამტყუნებელი განაჩენი ძირითადად ემყარება ე.წ. დაზარალებულებისა და მათი ახლობლების ერთმანეთთან წინასწარ შეთანხმებულ ცრუ ჩვენებებს, ხოლო დაცვის მხარის მტკიცებულებები სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია –კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად. დაზარალებულების – ე---------- უ----–---სა და გ---–----- უ----–---ს, მოწმეების – ს------- ი-–--------ს, ი----- კ------ს, ჯ--–---- ი-–--------ს სასამართლოში ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენებებით, რომელთა ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არა აქვს, დადასტურებულია, რომ თ----- დ-------მ სცემა გ---–----- უ----–---სა და ე---------- უ----–---ს.
9. გარდა აღნიშნულისა, მოწმეთა მიერ აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს სრულად შეესაბამება სსიპ ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2015 წლის 10 ივლისის №0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, ე---------- უ----–---ს აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები, რომლებიც მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და ერთობლივად მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად; ასევე – იმავე ექსპერტიზის 2015 წლის 20 ივლისის №0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, გ---–----- უ----–---ს აღენიშნებოდა ნაჭდევები კისრის მარჯვენა, გვერდით ზედაპირზე, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ამ დასკვნების სისწორე დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა – ღ-------- უ-----–---–-ა და ლ---- ფ-----------მ.
10. რაც შეეხება დაცვის მხარის საჩივრის მოტივს მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების – სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებისა და დაცვის მოწმეების ჩვენებების სასამართლოს მიერ გაუზიარებლობის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ადვოკატის საჩივრის აღნიშნულ არგუმენტს დასაბუთებული და ამომწურავი პასუხი გასცა, რასაც საკასაციო პალატაც სრულად ეთანხმება. საქართველოს სსსკ-ის 32-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა პროკურატურა. იმ შემთხვევაში, თუ თ----- დ-------ს მიაჩნდა, რომ თავად იყო დაზარალებული, უნდა მიემართა პროკურატურისათვის შესაბამისი განცხადებით.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ----- დ-------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ---- პ-----ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი