განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190141118002445603
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№151-18 1 ივნისი, 2018 წელი
ჯ-----–---–- დ-----, 151-18 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ _ გიორგი ღონღაძისა და სალომე ქემაშვილის
ადვოკატ – ა---------- ს----------ის
მსჯავრდებულ _ დ----- ჯ-----–---–-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ----- ჯ-----–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა---------- ს----------ის საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის №1/130–18 განაჩენით დ----- ჯ-----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის მე–5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე 2 წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, მსჯავრდებულ დ----- ჯ-----–---–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2. 2018 წლის 14 მაისს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართა ადვოკატმა ა---------- ს----------მა მსჯავრდებულ დ----- ჯ-----–---–-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის №202–ს კანონის გამოყენების თაობაზე, სასჯელის შემდგომი მოხდისაგან განთავისუფლების მიზნით.
3. შუამდგომლობისა და საქმის მასალების მიხედვით, განაჩენის გამოტანისას დაზარალებულის უფლებამონაცვლე ა-–--–- გ---------- არ იყო თანახმა, რომ დ----- ჯ-----–---–- „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე სრულად განთავისუფლებულიყო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. დღესდღეობით კი, წარმოდგენილ შუამდგომლობაზე თანდართული ხელწერილის მიხედვით, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ა-–--–- გ---------- თანახმაა, რომ დ----- ჯ-----–---–- „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე სრულად განთავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ დ----- ჯ-----–---–-ს მიმართ არ იქნა გამოყენებული ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ----- ჯ-----–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა---------- ს----------მა და ითხოვეს დ----- ჯ-----–---–-ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის ხელახლა გამოყენება დაზარლებულის უფლებამონაცვლის პოზიციის გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, თუ ყველა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
3. ამდენად, დაზარალებულის უფლებამონაცვლის თანხმობა, როგორც საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, მხედველობაში მიიღება ამ კანონის ანუ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის გამოყენების მომენტისთვის არსებობის შემთხვევაში. კანონის გამოყენების შემდეგ მოპოვებული დაზარალებულის თანხმობა არ წარმოადგენს ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის ხელმეორედ გავრცელების საფუძველს (იხ. სუსგ №194აგ-16).
4. გარდა ამისა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, მსჯავრდებულზე ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც პატიმრობაში ან პრობაციის რეჟიმში მყოფი მსჯავრდებულის პირად საქმეს ამავე კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში მიაწვდის შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულება, პრობაციის ბიურო ან სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა, ხოლო ძებნილ მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ იმავე ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა.
5. მოცემულ შემთხვევაში დ----- ჯ-----–---–-ს მიმართ ამნისტია გავრცელდა საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე შესაბამისი სასამართლოს მიერ, რომლის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც მსჯავრდებულს ჰქონდა საერთო წესით, კერძოდ, კი, საქართველოს სსსკ-ის 292-ე-293-ე მუხლებით დადგენილი წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, რითიც მან არ ისარგებლა.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ----- ჯ-----–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა---------- ს----------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე