განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.06.2018
საქმის ნომერი
330210016001340416
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №330210016001340416

საქმე №ას-712-712-2018 29 ივნისი, 2018 წელი

№ას-712-712-2018 მ------------- ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ-------------“ (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჰ---–----------------------------ი“ (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – აუცილებელი გზა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. შპს „ჰ---–----------------------------მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ--------------ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, დაევალოს მოპასუხეს, მისცეს თანხმობა მოსარჩელეს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი აუცილებელი გზის მოწყობაზე სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სახელმწიფო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 29 მარტის №--------- დასკვნის პირველი ვარიანტის, საგზაო მოძრაობის სამეცნიერო ცენტრის მიერ გაცემული შესასვლელ-გასასვლელი ვარიანტებისა და საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემაში მოცემული მე-2 ვარიანტის შესაბამისად.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. მოსარჩელის განმარტებით, საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირისათვის მის კუთვნილ ნაკვეთს ესაჭიროება მოპასუხის მიწის ნაკვეთზე გავლა. ამხანაგობის რამდენიმე წევრი მოსარჩელისათვის გზის გამოყოფის წინააღმდეგია, შესაბამისად, მან მიმართა სასამართლოს.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს მოპასუხის კუთვნილ ნაკვეთზე სავალდებულო გზით სარგებლობის უფლება არ უნდა მიეცეს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაევალა, მისცეს თანხმობა მოსარჩელეს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი აუცილებელი გზის მოწყობაზე სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სახელმწიფო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 29 მარტის №--------- დასკვნის პირველი ვარიანტის, საგზაო მოძრაობის სამეცნიერო ცენტრის მიერ გაცემული შესასვლელ-გასასვლელი ვარიანტებისა და საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემაში მოცემული მე-2 ვარიანტის შესაბამისად, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეები არიან მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები.

7. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ გააჩნია ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან, მეზობლად მდებარე მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გადაადგილების გარეშე.

8. ამ ვითარების გათვალისწინებით, მოპასუხის მიწის ნაკვეთი დატვირთული იყო სერვიტუტით მოსარჩელის სასარგებლოდ.

9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 5 მარტის №------- ბრძანებით ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2008 წლის 29 დეკემბერს №---- ბრძანებით შეთანხმებულ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიწის ნაკვეთის საზღვრების გეგმაზე დატანილ იქნა 240 კვ.მ ფართის სერვიტუტი. ამ ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო მოპასუხე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების კრების ოქმი.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 5 მარტის №------- ბრძანება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ არ არსებობდა ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობა მათ თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კერძო სერვიტუტით დატვირთვაზე.

11. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 29 მარტის №--------- დასკვნის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთს არ გააჩნია მისასვლელი სამანქანე გზა, დასკვნაში მითითებულია ორი ვარიანტი ასეთი გზის მოსაწყობად, ორივე ვარიანტის შემთხვევაში გზის ნაწილი მოხვდება მეზობლად მდებარე, მოპასუხე ამხანაგობის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე.

12. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელემ საქმეზე დამატებით წარადგინა საგზაო მოძრაობის სამეცნიერო ცენტრის მიერ სადავო ნაკვეთზე გაცემული შესასვლელ-გასასვლელი ვარიანტებისა და საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის ორიგინალი, რომლის მიხედვით ზემოთ მითითებული ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული ორი ვარიანტიდან საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების გათვალისწინებით, უპირატერსობა უნდა მინიჭებოდა პირველ ვარიანტს (255 კვ.მ ფართით), რადგან მეორე ვარიანტი (182 კვ.მ ფართით) მიუღებელი იყო საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის კუთხით (შეუძლებელი იქნებოდა სპეცტექნიკის (სახანძრო და სხვა), ასევე, სატვირთო ავტომობილების შესვლა).

13. სწორედ ექსპერტიზის დასკვნისა და დამატებით წარდგენილი ამ მტკიცებულების გათვალისწინებით, მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელის მოთხოვნა.

14. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

15. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული კატეგორიის დავაზე გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო, მოპასუხემ კი – ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.

16. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხის (აპელანტის) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის მოწყობა, რადგან აღნიშნული მისთვის ერთადერთი საშუალება იყო საჯარო გზასთან დასაკავშირებლად. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების საგანში სწორედ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებას დამტკიცება შედიოდა, რაც მან დასაშვები და სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენით განახორციელა, ხოლო მოპასუხემ თავი ვერ გაართვა მასზე გადასული მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზაციას და სასამართლოს ვერ წარუდგინა მოსარჩელის მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

17. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა არაკვალიფიციური (მარტივი) შესაგებელი. შესაგებლის პროცესუალური მნიშვნელობის შესახებ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტება, რომლის მიხედვით, „შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი.

18. 2007 წლის 28 დეკემბერს სსსკ-ში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი 5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესო-სამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, საქმე №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი).

19. მოცემულ საქმეზე, როგორც აღინიშნა, აპელანტის მიერ წარდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილები).

20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 180-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტური უფლებაა, თუმცა, კანონით ან ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევებში, საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია. ზემოაღნიშნულ მუხლში საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული. თუ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები, მაშინ მეზობელმა უნდა ითმინოს თავისი მიწის ნაკვეთის დატვირთვები. მითითებული ნორმის დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. სსკ-ის 180-ე მუხლით აუცილებელი გზის მხოლოდ აუცილებელ, უალტერნატივო შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციით და ამავე კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, ამასთან, ამ უფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში (სუსგ, 2011 წლის 24 მაისი, №ას-102-100-2011).

21. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ სადავო გზა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის საჯარო გზასთან დამაკავშირებელ ერთადერთი და აუცილებელი გზაა, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი.

22. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოთ უკვე იმსჯელა სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტებზე, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ჰქონდა.

 

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

24. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ზერელედ და ცალმხრივად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა საპროცესო ნორმების დარღვევით, რის შედეგადაც დაუსაბუთებელი და არასწორი განჩინება მიიღო.

25. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა მოსარჩელისათვის მოპასუხის კუთვნილ ნაკვეთზე აუცილებელი გზის გამოყოფა ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირველი ვარიანტის შესაბამისად. ამავე დასკვნაში ასახული იყო აუცილებელი გზის მოწყობის მეორე ვარიანტიც, რომელიც უფრო ნაკლებად დააზიანებდა მოპასუხის ნაკვეთის გამწვანებას და საფრთხეს არ შეუქმნიდა კორპუსის მცხოვრებლებს.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

27. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

28. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეები არიან მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები.

29. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ გააჩნია ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან, მეზობლად მდებარე მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გადაადგილების გარეშე.

30. ამ ვითარების გათვალისწინებით, მოპასუხის მიწის ნაკვეთი დატვირთული იყო სერვიტუტით მოსარჩელის სასარგებლოდ.

31. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 5 მარტის №------- ბრძანებით ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2008 წლის 29 დეკემბერს №---- ბრძანებით შეთანხმებულ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიწის ნაკვეთის საზღვრების გეგმაზე დატანილ იქნა 240 კვ.მ ფართის სერვიტუტი. ამ ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო მოპასუხე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების კრების ოქმი.

32. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 5 მარტის №------- ბრძანება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ არ არსებობდა ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობა მათ თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კერძო სერვიტუტით დატვირთვაზე.

33. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 29 მარტის №--------- დასკვნის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთს არ გააჩნია მისასვლელი სამანქანო გზა, დასკვნაში მითითებულია ორი ვარიანტი ასეთი გზის მოსაწყობად, ორივე ვარიანტის შემთხვევაში გზის ნაწილი მოხვდება მეზობლად მდებარე, მოპასუხე ამხანაგობის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე.

34. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელემ საქმეზე დამატებით წარადგინა საგზაო მოძრაობის სამეცნიერო ცენტრის მიერ სადავო ნაკვეთზე გაცემული შესასვლელ-გასასვლელი ვარიანტებისა და საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის ორიგინალი, რომლის მიხედვით ზემოთ მითითებული ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული ორი ვარიანტიდან საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების გათვალისწინებით, უპირატერსობა უნდა მინიჭებოდა პირველ ვარიანტს (255 კვ.მ ფართით), რადგან მეორე ვარიანტი (182 კვ.მ ფართით) მიუღებელი იყო საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის კუთხით (შეუძლებელი იქნებოდა სპეცტექნიკის (სახანძრო და სხვა), ასევე, სატვირთო ავტომობილების შესვლა).

35. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საპროცესო ნორმების დარღვევით დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის სასარგებლოდ აუცილებელი გზის მოსაწყობად არასწორად აირჩია ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გზის მშენებლობის პირველი ვარიანტი მაშინ, როდესაც მეორე ვარიანტი უფრო ოპტიმალური იყო, ნაკლებად დააზიანებდა ნაკვეთის გამწვანებას და ზიანს არ მიაყენებდა ამხანაგობის წევრებს.

36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

38. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური. მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია ან კანონით, ან ხელშეკრულებით (სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი). 180-ე მუხლში საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული. თუ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები, მაშინ მეზობელმა უნდა ითმინოს თავისი მიწის ნაკვეთის დატვირთვები. მეზობელი ნაკვეთის დატვირთვა ობიექტური გარემოებებით უნდა იყოს გამოწვეული, კერძოდ, როდესაც მიწის ნაკვეთი მთლიანადაა იზოლირებული საჯარო გზებისაგან, ანდა მისი დიდი ნაწილია ამგვარ მდგომარეობაში ან კიდევ საამისოდ ადრე არსებობდა ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი გზა, მაგრამ ამჟამად შეუძლებელია მისი ამ მიზნით გამოყენება. აუცილებელ გზაში იგულისხმება არა მარტო ბილიკი, საცალფეხო გზა, არამედ სამანქანე გზაც (სუსგ 26.07.2007წ. საქმე №ას-144-486-07).

40. ამდენად, სსკ-ის 180-ე მუხლით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება, მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კაშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტური მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ (სუსგ 25.10.2017წ. საქმე №ას-1057-977-2017).

41. ამასთან, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 247-ე და 180-ე მუხლების შედარებითი ანალიზის შესაბამისად, თუ სერვიტუტი უკავშირდება მიწის ნაკვეთის გარკვეული უფლებით შესაძლო დატვირთვას, აუცილებელი გზა ცალსახად გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვის იმპერატიულ მოთხოვნას (სუსგ 21.04.2005წ. საქმე №ას-1416-1548-04, 8.04.2015წ. საქმე №ას-976-937-2014).

42. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

43. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლით დადგენილი წესით, სარჩელზე შესაგებლის წარდგენის გზით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, სადავოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხის პრეტენზია ამა თუ იმ გარემოების შესახებ მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

44. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ თავის სასარჩელო მოთხოვნის გასამყარებლად წარადგინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 29 მარტის №--------- დასკვნა, რომელიც ითვალისწინებდა აუცილებელი გზის მოწყობის ორ ვარიანტს და იმისათვის, რომ სასამართლო დაერწმუნებინა მისთვის მისაღების ვარიანტის განხორციელების მიზანშეწონილობაში, დამატებით წარადგინა საგზაო მოძრაობის სამეცნიერო ცენტრის მიერ სადავო ნაკვეთზე გაცემული შესასვლელ-გასასვლელი ვარიანტებისა და საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის ორიგინალი, რომლის მიხედვით ზემოთ მითითებული ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული ორი ვარიანტიდან საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების გათვალისწინებით, უპირატერსობა უნდა მინიჭებოდა პირველ ვარიანტს (255 კვ.მ ფართით), რადგან მეორე ვარიანტი (182 კვ.მ ფართით) მიუღებელი იყო საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის კუთხით (შეუძლებელი იქნებოდა სპეცტექნიკის (სახანძრო და სხვა), ასევე, სატვირთო ავტომობილების შესვლა).

45. ამდენად, მოსარჩელემ მასზე დაკისრებული სადავო გარემოების მტკიცების ვალდებულება შეასრულა, ხოლო მოპასუხის პოზიცია, საკუთარი მოსაზრების გარდა, რაიმე სარწმუნო მტკიცებულები ვერ დაასაბუთა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ იგი მართებულად არ გაიზიარა.

46. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

47. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

48. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

49. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

51. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ-–- ო------–---–ის მიერ 2018 წლის 15 მაისს №- საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარიდან 150 ლარი სრულად, როგორც ზედმეტად გადახდილი ოდენობა, ასევე, დარჩენილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ--------------ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ--------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ-–- ო------–---–ის მიერ 2018 წლის 15 მაისს №- საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარიდან 150 ლარი სრულად, როგორც ზედმეტად გადახდილი ოდენობა, ასევე, დარჩენილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

ე. გასიტაშვილი