განჩინება

სისხლის სამართლის 22.06.2018
საქმის ნომერი
010100218700050790
თარიღი
22.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700050790

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№23აპ-18 ქ. თბილისი

ლ------ თ--------, 23აპ-18 22 ივნისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ემზარ ფუხაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 აგვისტოს განაჩენით თ-------- ლ------, – დ----------–-------–-–---------ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა:

 

· უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

· ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 2 ნოემბრიდან;

 

გაუქმდა მსჯავრდებულ თ-------- ლ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2016 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 23:40 საათზე, თ---–--–-, ა---- ბ--–--–---–ის ქუჩაზე, თ-------- ლ------, რომელიც მართავდა „მერსედესის“ მარკის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით L------, დაეჯახა ქვეითად მოსიარულეებს - ქ---- კ-------სა და კ---- ჯ--------ეს. შესაბამისად, წინარე ქმედებიდან გამომდინარე, თ-------- ლ------ს წარმოეშვა განსაცდელში მყოფი ქ---- კ-------სა და კ---- ჯ--------ის მიმართ დახმარების სპეციალური ვალდებულება, რაც მან არ განახორციელა. დაჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, დასახელებული პირები იმყოფებოდნენ რა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში, თ. ლ------მ დატოვა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე და წავიდა მეზობელ სახელმწიფოში.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანასა და თ-------- ლ-----ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და სსკ-ის 128-ე მუხლებით. კასატორის მითითებით, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს „ა-–-----------ას“ ექსპერტ ვ--–------ ხ----------–---–ის მიერ ჩატარებული ექსპერტიზით დადგენილია, რომ მძღოლმა გამოიჩინა უყურადღებობა საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებთან დაკავშირებით და ავტომობილის სიჩქარის გადაჭარბებით (105 კმ/სთ) მოძრაობით შექმნა საფრთხე; მან არ მიიღო არავითარი ზომები საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, მაშინ როცა ამის შესაძლებლობა ჰქონდა; დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს „ა-–-----------ას“ ექსპერტ ი-----–- თ----ის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით აგრეთვე დადგენილია, რომ ქ. კ-------სა და კ. ჯ--------ის გვამებზე აღმოჩენილი დაზიანებები, მათი სიმძიმისა და მოცულობის გათვალისწინებით, 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების დარტყმით შეუძლებლია.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება ვინაიდან გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ თ-------- ლ-----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: „დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ა-–-----------ას“ ექსპერტ ი-----–- თ----ისა და ვ--–------ ხ----------–---–ის მიერ გაცემული დასკვნები) არ არის ურთიერთშესაბამისი; ვ. ხ----------–---–ის დასკვნის თანახმად, თ. ლ------ მოძრაობდა 105 კმ/სთ-ით, მაგრამ მოწმედ დაკითხვის დროს ექსპერტმა თავად მიუთითა, რომ მისი დასკვნა იყო სავარაუდო და სუბიექტურ მოსაზრებას ეყრდნობოდა; ი. თ----ის დასკვნის თანახმად, 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების დარტყმით შეუძლებელი იყო ქ. კ-------სა და კ. ჯ--------ის გვამებზე განვითარებულიყო არსებული დაზიანებები; ამასთან, ექსპერტიზის ცენტრ „ა-–-----------ას“ გაცემული ექსპერტიზის დასკვნები ეწინააღმდეგება ამავე საქმეზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც თ-------- ლ------ს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და სხეულზე არსებული დაზიანებების მიხედვით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მოძრავი ავტომობილის სიჩქარის განსაზღვრა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას არ შეუძლია.

 

9. ამდენად, სააპელაციო პალატამ სრულად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება.

 

10. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ემზარ ფუხაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე