განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100117002033763
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№28აპ-18 ქ. თბილისი
დ--------------- ზ------, 28აპ-18 25 ივნისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 სექტემბრის განაჩენით ზ------ დ---------------, - დ----------–-------–--–-, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303–ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 ლარი.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ------ დ---------------მ ჩაიდინა ხე–ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე, ზ------ დ---------------მ ლ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, უკანონოდ გაჩეხა 20 ძირი თხმელას ჯიშის ხე, რითაც გარემოსთვის მიყენებულმა მნიშვნელოვანმა ზიანმა შეადგინა 1940 ლარი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მამუკა ნადირაძემ და ითხოვა, ზ------ დ--------------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოება, რომ ზ------ დ---------------ს არ აქვს ანაზღაურებული ზიანი; ჯარიმის დანიშვნა არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, მის პიროვნებას, ზედმეტად ლმობიერია და არ არის სამართლიანი; დანიშნული სასჯელი ვერ შეამცირებს მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, ვერ იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის და შესაბამისად, ვერ შეუწყობს ხელს მის რესოციალიზაციას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ზ------ დ--------------ისთვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება და იმის გათვალისწინებით, რომ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის არაძალადობრივი ხასიათის დანაშაული, მსჯავრდებულმა გამოძიების ეტაპიდანვე აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთან და არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, მიაჩნია, რომ ზ------ დ--------------ისთვის განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და არ არის მიზანშეწონილი მისი დამძიმება.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე