განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.07.2018
საქმის ნომერი
160210017002025535
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
04.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160210017002025535

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№ ას-472-472-2018 4 ივლისი, 2018 წელი

№ას-472-472-2018 მ----------–---ი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი------- მ----------–---ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს----- მ----------–---ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. ს----- მ----------–---ამ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი------- მ----------–---ის (შემდგომში „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. ამასთან, წარადგინა შეგებებული სარჩელი ს----- მ----------–---ას, რ----–-- მ----------–---ის და დ----- მ----------–---ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 აგვისტოს განჩინებით ი------- მ----------–---ს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის მიღებაზე.

4. ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს----- მ----------–---ას სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

6.1. 2018 წლის 15 იანვრის განჩნებით ი------- მ----------–---ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს განესაზღვრა 7 დღის ვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარსადგენად;

6.2. ხარვეზის შესახებ განჩინება პირადად ჩაბარდა აპელანტს 2018 წლის 3 თებერვალს, თუმცა მას ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 70-ე, 74-ე, 368-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ არსებობდა ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

9. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, იგი არის მძიმე ავადმყოფი, პენსიონერი და ფინანსურად სრულად დამოკიდებული ყოველთვიურ პენსიაზე, რომელსაც იღებს ყოველი თვის 15 რიცხვში. ამრიგად, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსება მას დაევალა 4-დან 12 თებერვლის ჩათვლით და ამ პერიოდში არ ჰქონდა თანხა, ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

10. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მისი ფინანსური მდგომარეობა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ვინაიდან მოცემული დავა ეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და ამ კატეგორიის საქმეებზე, თუ არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი, საქმის განხილვის დასრულებამდე მხარეს უნდა გადაუვადდეს ბაჟის გადახდა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

7. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

9. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი მძიმე მატერიალური მდგომარეობა, რაც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველს ქმნიდა.

10. საკასაციო სასამართლო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საკითხს იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი სასამართლოს მიერ მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

11. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს.

12. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობა ან რაიმე მტკიცებულება, რომელიც მხარის გადახდისუუნარობას დაადასტურებდა, სააპელაციო საჩივრის აღძვრისას აპელანტს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. შესაბამისად, სასამართლომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეაფასა სააპელაციო საჩივრის ფორმალური დასაშვებობა და 2018 წლის 15 იანვრის განჩინებით აპელანტს განუსაზღვრა 7 დღე სახელმწიფო ბაჟის, 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარსადგენად, ასევე დაავალა სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის სასამართლოსთვის წარდგენა (იხ. ტ.. 2, ს.ფ. 3-5).

13. დადგენილია, რომ ხარვეზის განჩინება სააპელაციო საჩივრის ავტორს გაეგზავნა და პირადად ჩაბარდა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე 2018 წლის 3 თებერვალს (იხ. ტ. 2. ს.ფ. 7). სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა ამოიწურა 2018 წლის 10 თებერვალს, ამ ვადაში კი აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან განსახილველი დავა ეხებოდა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, ხოლო მას მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში არ შეეძლო თანხის გადახდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს უნდა გადაევადებინა მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

15. სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს მითითებული მუხლის (სსსკ 48-ე მუხლი) მე-2 ნაწილს, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება. ეს წესი ვრცელდება მოპასუხეზედაც, თუ იგი ასეთ საქმეზე შეგებებულ სარჩელს აღძრავს.

16. ამდენად, აღნიშნული ნორმის მიხედვით, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ აღძრულ დავებზე მოსარჩელეს ან შეგებებული სარჩელის მოსარჩელეს გადაუვადოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის დასრულებამდე იმ შემთხვევაში, თუ არ არ არსებობს მოცემულ დავაში მხარის სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების საფუძველი.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან განსახილველ დავაში კერძო საჩივრის ავტორი (აპელანტი) წარმოადგენს მოპასუხეს და არა მოსარჩელეს, მასზე ვერ გავრცელდებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დანაწესი. თუმცა თუნდაც შესაძლებელი იყოს ამ ნორმის მიხედვით მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, საპროცესო მხარის შუამდგომლობის არარსებობის პირობებში, საკუთარი ინიციატივით, სასამართლო მაინც ვერ იმსჯელებდა აღნიშნულ საკითხზე. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, აპელანტს არც სააპელაციო საჩივრის შეტანისას და არც მას შემდგომ (როდესაც განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი) არ მოუთხოვია სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. პირიქით, სააპელაციო საჩივარში იგი აღნიშნულ მოთხოვნაზე აცხადებდა უარს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 149).

18. ზემოაღნიშნულ გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა აპელანტის შუამდგომლობა სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე, სასამართლოს მიერ გაგზავნილი განჩინება ხარვეზის დაწესების შესახებ მას კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, ხოლო ხარვეზის შესავსებად დადგენილ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას საკუთარი ინიციატივით ემსჯელა დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ი------- მ----------–---ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

 

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

 

ბ. ალავიძე