განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100218700052041
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№38აპ-18 ქ. თბილისი
ს-------- შ--–--, 38აპ-18 26 ივნისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ შ--–-- ს--------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--–- ტ--–--–-–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 18 აგვისტოს განაჩენით შ--–-- ს--------, - დ----------–-------–--–ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, შ--–-- ს-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
შ--–-- ს-------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 28 დეკემბროიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შ--–-- ს-------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე, 118–ე ან 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 აგვისტოს განაჩენით შ--–-- ს-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
2016 წლის 16 დეკემბერს, თ---–--–-, ქ---–----------------–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შ--–-- ს-------მა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს ნ-----–- მ----ას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო მორალური და ფიზიკური ზიანი.
4. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა, რომლებიც ითხოვენ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი და მისი გამოყენების აუცილებლობა არ არის დასაბუთებული სასამართლოს მიერ. მართალია, სასამართლომ აღნიშნა, რომ ითვალისწინებს მსჯავრდებულის აღიარებას და მონანიებას, თუმცა ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დამნაშავის მიერ ქმედების ჩადენა გამოწვეული იყო მსხვერპლის პროვოკაციული ქცევით. აღნიშნულისა და მსჯავრდებულის სხვა ინდივიდუალური მახასიათებლების გაუთვალისწინებლობით დანიშნული სასჯელი აღიქმება უსამართლოდ, რაც ხელს უშლის პირის რესოციალიზაციას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული და მისი ადვოკატი ითხოვენ მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან შ--–-- ს--------ს პიროვნების, მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მან დანაშაული ჩაიდინა იმავე კატეგორიის დანაშაულისთვის განსაზღვრულ გამოსაცდელ ვადაში, განსაზღვრული სასჯელი მიაჩნია სამართლიანად.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ შ--–-- ს--------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--–- ტ--–--–-–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე