განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2018
საქმის ნომერი
010100218700050924
თარიღი
27.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700050924

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№11აპ-18 თბილისი

ს-----–---–- ზ------, 11აპ-18 27 ივნისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ – ლევან კოპალიანის

ადვოკატ – თ----- გ-----–---–-ს

მსჯავრდებულ – ზ------ ს-----–---–-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ - ზ------ ს-----–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ----- გ-----–---–-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ------ ს-----–---–ს ბრალი დაედო ძარცვაში, ე. ი. სხვისი ნივთის აშკარა დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2013 წლის 17 დეკემბერს, საღამოს საათებში, თ----------------------–- მდებარე შპს „ბ---------------ს“ კუთვნილ ჯიხურში, უკანონოდ შეაღწია ზ------ ს-----–---–მა, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა - 450 ლარს, რის შედეგადაც დაზარალებულ ორგანიზაციას მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 აპრილის განაჩენით ზ------ ს-----–---–-, - დაბადებული 1--- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზ------ ს-----–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა. ასევე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაოს 4000 (ოთხი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 იანვრის განჩინებით, დ----- ს-----–---–-ს ოჯახის საკუთრებაში არსებულ, დ--------–--–------ს რაიონის სოფელ ა-----–--ში, მ–---- წ--–-ს ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე - ს/კ 52.03.02.0--- გ--- ს-----–---–-ს ოჯახის საკუთრებაში არსებულ, დ--------–--–------ს რაიონის სოფელ ა-----–--ში, სატრაქტორო ბრიგადასთან მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე - ს/კ 52.03.06.3--, ე----- ს-----–---–-ს ოჯახის საკუთრებაში არსებული დ--------–--–------ს რაიონის სოფელ ა-----–--ში, კ-----სთან მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე - ს/კ 52.03.05.3-- დადებული ყადაღა.

 

საქმეზე მტკიცებულებად ცნობილი:

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები დისკის სახით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შპს „ა---–-------დან“ მიღებული ვიდეოჩანაწერი დისკის სახით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათები და დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

· სუნის ნიმუშები, რომლებიც ინახება ვ---------------–----–--------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

გამართლებულ ზ------ ს-----–---–ს განემარტა საქართველოს სსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან კოპალიანმა და ზ------ ს-----–---–-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ----- გ-----–---–მა.

 

ბრალდების მხარემ საჩივრით ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ზ------ ს-----–---–-ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

დაცვის მხარემ საჩივრით ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: განაჩენიდან გამართლებულის უდანაშაულობის გამომრიცხავი ფორმულირებების ამორიცხვა.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენით თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან კოპალიანის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ზ------ ს-----–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ----- გ-----–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 აპრილის განაჩენი.

 

ზ------ ს-----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2017 წლის 28 ნოემბრიდან.

 

მსჯავრდებულ ზ------ ს-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 31 დეკემბრიდან 2014 წლის 17 იანვრის ჩათვლით.

 

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ------ ს-----–---–-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ----- გ-----–---–მა. კასატორი საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ - ზ------ ს-----–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ----- გ-----–---–-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ იზიარებს როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების შეფასებებს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ზ------ ს-----–---–მა ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, კერძოდ:

 

დაზარალებულ ნ--- ბ------–---–-ს თანმიმდევრული და დამაჯერებელი ჩვენებითა და მის მიერ პირის ამოცნობის ოქმით, რა დროსაც დაზარალებულმა, კონკრეტული ინდივიდუალური ნიშნების მითითებით, დარწმუნებით მიუთითა ზ------ ს-----–---–ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე. დაზარალებულმა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას (პირის ამოცნობის ჩატარებიდან, არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულის დაკითხვამდე, გავიდა ორ წელზე მეტი) კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მიუთითა, რომ სწორედ ზ------ ს-----–---–- იყო ის პირი, რომელმაც პ-----ს გამზირის №---ში მდებარე ჯიხურიდან 2013 წლის 17 დეკემბერს გაიტაცა 450 ლარი; ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვით, დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 1 (ერთი) სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ზ------ თ-----------ს ძე ს-----–---–-საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა.

 

3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად დასტურდება ზ------ ს-----–---–-ს ჯიხურში ყოფნის ფაქტი. ამასთანავე, დაზარალებულმა ნ--- ბ------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ კლიენტს რაიმეს შესაძენად ჯიხურში შესვლა არ უწევდა. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარის მოწმეების თქმით, ზ------ ს-----–---–ს თავისი სახლიდან - მამიდის სახლამდე მისასვლელად არ უწევდა პ-----ს ქ. №---თან გავლა, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ჯიხურში ზ------ ს-----–---–-ს სუნის კვალი შემთხვევით ვერ აღმოჩნდებოდა და იგი ჯიხურში აღმოჩნდა სწორედ მისი იქ ყოფნის შედეგად.

 

4. საკასაციო პალატა, ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ დაცვის მხარის მოწმეების - ე----- ს-----–---–-ს, მ------ ვ--------სა და ს------ ს-----–---–-ს ჩვენებები წინააღმდეგობრივია და მათი მიზანია, რომ ზ------ ს-----–---–ს თავიდან აარიდონ მოსალოდნელი პასუხისმგებლობა, რადგან ისინი არიან მისი ნათესავები, რის შესახებაც დეტალურად მსჯელობს სააპელაციო პალატა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ასევე, მართებულია სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მაღაზია „მ-----დან“ მოპოვებული ვიდეოჩანაწერების გაუზიარებლობის ნაწილშიც.

 

5. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მართალია ბრალდების მხარემ წარმოადგინა იმ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებითაც დასტურდება, რომ ზ------ ს-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, თუმცა პალატამ უნდა იმსჯელოს და გადაწყვიტოს დანაშაულის ჩადენის მომენტში ზ------ ს-----–---–-ს ბრალუნარიანობის საკითხზე.

 

6. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

· ზ------ ს-----–---–მა დანაშაული ჩაიდინა 2013 წლის 17 დეკემბერს.

 

· დაცვის მხარემ 2014 წლის 14 თებერვალს წარადგინა შპს №----–--------- საავადმყოფოს 2014 წლის 10 თებერვლის ფსიქიატრიის დეპარტამენტის სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა IV-100/ა-ს, რომლის თანახმად, ზ------ ს-----–---–- ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსდა - 3--------- წელს, საიდანაც გაეწერა 1--------- წელს. მას დაესვა დიაგნოზი: სხვა მწვავე და გარდამავალი ფსიქოზური აშლილობა F23.8. შეზღუდული, პიროვნება სუბ. ნორმის ფარგლებში. თანმხლები დაავადება ჟილ-დე ლა ტურეტას სინდრომი F95.2 დაუზუსტებელი ანემია D64.9. ფორმა IV-100/ა-ს თან ერთვოდა ზ------ ს-----–---–-ს ოჯახის წევრების განმარტება, რომ წინააღმდეგნი იყვნენ, მას ჩატარებოდა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

 

· მხარეებმა 2014 წლის 14 თებერვალს, გამოძიებისათვის განკუთვნილი ვადისა და საქმის სასამართლოში წარმართვის ბოლო დღეს, გაცვალეს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ შორის - ფსიქიატრიის დეპარტამენტის სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა IV-100/ა. ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა გაიმართა 2014 წლის 1 იანვარს, ხოლო წინასასამართლო სხდომა დაინიშნა 2014 წლის 20 თებერვალს.

 

· საქართველოს სსსკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო ან მისი ჩადენის შემდეგ გახდა შეურაცხი, და საჯარო უსაფრთხოების ინტერესები მოითხოვს მის სამედიცინო დაწესებულებაში იზოლირებას, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს პროკურორის ან ადვოკატის შუამდგომლობით გამოაქვს პირის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე განჩინება. შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, 48 საათის განმავლობაში, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება“. წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის ეტაპებზე, ბრალდების მხარეს ჰქონდა ინფორმაცია ზ------ ს-----–---–-ს შესაძლო შეურაცხადობასთან დაკავშირებით, მაგრამ არ დაინტერესებულა მითითებული საკითხის გარკვევით.

 

7. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქმის გარემოებების დასადგენად, სასამართლო ითვალისწინებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა’’ სტანდარტს, რომ ასეთი მტკიცებულება წარმოიქმნება მხოლოდ შეთანხმებული, საკმარისად ძლიერი, აშკარა და დამაჯერებელ დასკვნებით ან გაუბათილებელი პრეზუმფციით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „ფეოდოროვი მოლდოვის წინააღმდეგ” (Feodorov v. The Republic of Moldova, N 42434/ 06, 29.01.2014).

 

8. საკასაციო პალატა, თავდაპირველად, აღნიშნავს, რომ სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას იმ მიმართებით, რომ საქმეზე პირის ფსიქიკური შერაცხადობის დასადგენად, აუცილებელია შესაბამისი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის არსებობა, რომლითაც დადგინდება შერაცხადობა/შეუარაცხადობის საკითხი, თუმცა საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქმის შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

ü მსჯავრდებულმა ზ------ ს-----–---–მა დანაშაულის ჩადენიდან - 2013 წლის 17 დეკემბრიდან, მოკლე დროში, კერძოდ, 2014 წლის 31 იანვარს მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, სადაც გაიარა შესაბამისი ფსიქიატრიული მკურნალობა, რა დროსაც მას დაუდგინდა დიაგნოზი - სხვა მწვავე და გარდამავალი ფსიქოზური აშლილობა F23.8. ჟილ-დე ლა ტურეტას სინდრომი F95.2.

 

ü დაზარალებულ ნ--- ბ------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ, როდესაც მან ზ------ ს-----–---–ს ჰკითხა თუ რა უნდოდა, მან უპასუხა გაურკვევლად, არაადეკვატურად, რის გამოც მან ძალით, მხრით გააგდო ის ჯიხურიდან და სასწრაფოდ ჩაკეტა კარი ურდულით.

 

ü დაცვის მხარემ არ განახორციელა მსჯავრდებულის ჯეროვანი დაცვა და არ მიიღო ზომები ზ------ ს-----–---–-ს შერაცხადობის დასადგენად. უფრო მეტიც, მსჯავრდებულის მშობლებმა, საერთოდ უარი განაცხადეს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებაზე, ხოლო გამოძიება არ დაინტერესებულა და არ მიუღია რაიმე ზომა ზ------ ს-----–---–-ს შერაცხადობის დასადგენად.

ü საქმის საკასაციო სხდომაზე განხილვისას მსაჯვრდებულის ქმედებები იყო აშკარად არაადეკვატური, რამაც საკასაციო პალატას შეუქმნა დამატებითი ეჭვი მსჯავრდებულის შერაცხადობასთან დაკავშირებით.

 

9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად ,,ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობის, ფსიქიკის დროებითი აშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის", ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა უნდა შეწყდეს, თუ პირი დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, რაც დადასტურებული უნდა იყოს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით.

 

10. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის ჩადენიდან მალევე, მსჯავრდებულმა მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, სადაც მას ჩაუტარდა ფსიქიატრიული მკურნალობა; დაზარალებულის ჩვენების გათვალისწინებით, რომელმაც ვერ გაიგო რას ითხოვდა მსჯავრდებული და არაადეკვატური ეჩვენა იგი; არაეფექტურად განხორციელებული დაცვის; საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის აშკარად არაადეკვატური ქმედებებისა და ყველა აღნიშნული გარემოებების ერთობლივად მხედველობაში მიღებით მსჯავრდებულის შერაცხადობასთან დაკავშირებით, ჩნდება რეალური ეჭვი და ბუნდოვანება, რომლის გაბათილებისა და აღმოფხვრის შესაძლებლობა საკასაციო პალატას საკასაციო განხილვის ეტაპზე კანონისმიერად არ გააჩნია, ვინაიდან არ არის უფლებამოსილი, მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებები და დაადგინოს ზ------ ს-----–---–-ს შერაცხადობის საკითხი.

 

11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებული არ არის შესაბამისი ფსიქიატრიული ექსპერტიზა, ეჭვი, მსჯავრდებულ ზ------ ს-----–---–-ს შერაცხადობასთან დაკავშირებით, უნდა გადაწყდეს მის სასარგებლოდ მსჯავრდებულის საუკეთესო ინეტერესებიდან გამომდინარე.

 

12. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ------ ს-----–---–- ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს მისთვის ბრალად შერაცხულ ქმედებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ - ზ------ ს-----–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ----- გ-----–---–-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენი გაუქმდეს.

3. ზ------ ს-----–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. გამართლებული ზ------ ს-----–---–- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

5. ზ------ ს-----–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ასევე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაოს 4000 (ოთხი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 იანვრის განჩინებით, დ----- ს-----–---–-ს ოჯახის საკუთრებაში არსებულ, დ--------–--–------ს რაიონის სოფელ ა-----–--ში, მ–---- წ--–-ს ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე - ს/კ 52.03.02.0--- გ--- ს-----–---–-ს ოჯახის საკუთრებაში არსებულ, დ--------–--–------ს რაიონის სოფელ ა-----–--ში, სატრაქტორო ბრიგადასთან მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე - ს/კ 52.03.06.3--, ე----- ს-----–---–-ს ოჯახის საკუთრებაში არსებული დ--------–--–------ს რაიონის სოფელ ა-----–--ში, კ-----სთან მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე - ს/კ 52.03.05.3-- დადებული ყადაღა.

 

6. საქმეზე მტკიცებულებად ცნობილი:

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები დისკის სახით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შპს „ა---–-------დან“ მიღებული ვიდეოჩანაწერი დისკის სახით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათები და დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

· სუნის ნიმუშები, რომლებიც ინახება ვ---------------–----–--------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

7. გამართლებულ ზ------ ს-----–---–ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

გ. შავლიაშვილი