დაუშვებლობის შესახებ განჩინება

სისხლის სამართლის 09.07.2018
საქმის ნომერი
010100218700052658
თარიღი
09.07.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700052658

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№82აპ-18 თბილისი

ო---------ი ა--------- 82აპ-18 10 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა-------- ო---------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ-------- გ---------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ა-------- ო---------ი, - დაბადებული 1----–-–-------------- ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ა-------- ო---------ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 18 აგვისტოდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-------- ო---------მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ასევე - ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2017 წლის ივლისის ბოლოს, ზუსტი რიცხვი გამოძიებით დაუდგენელია, ა-------- ო---------მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში შეიძინა „აკ-74“ მოდელის, 5,45 მმ კალიბრიანი „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის №1------ ავტომატი საბრძოლო ვაზნებით, რომელთაც უკანონოდ ინახავდა. ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული ავტომატი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, ასევე, საბრძოლო ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

 

· თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 მარტის განაჩენით ა-------- ო---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მიუხედავად ამისა, მან კვლავ, არაერთგზის ჩაიდინა ყაჩაღობა. კერძოდ: 2017 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე, ა-------- ო---------მა და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა განიზრახეს, ჯგუფურად, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ თ---–--–ი, გ--------–-ს ქ. №1---ში მდებარე სუპერმარკეტ „ნ-------ს“, რისთვისაც ა. ო---------ი შეიარაღდა „აკ-74“ მოდელის, 5,45 მმ კალიბრიანი „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის №1------ ავტომატით, ხოლო გამოძიებით დაუდგენელი პირი - პისტოლეტისმაგვარი საგნით და დაახლოებით 05:00 საათზე მივიდნენ სუპერმარკეტში, სადაც იმყოფებოდა თანამშრომელი ლ-–- გ----–--ა. ა-------- ო---------ი და მისი თანმხლები პირი თავს დაესხნენ ლ-–- გ----–--ას და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით (ავტომატისა და პისტოლეტისმაგვარი საგნის გამოყენებით) მოსთხოვეს სალარო აპარატის გაღება, რათა დაუფლებოდნენ მასში მოთავსებულ თანხას. ლ-–- გ----–--ა დაემორჩილა მათ მოთხოვნას და გაუხსნა სალარო აპარატის უჯრა, რის შემდეგაც ბოროტმოქმედებმა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გაიტაცეს თანხა - 470 ლარი და 56 თეთრი, აგრეთვე - რამდენიმე კოლოფი სიგარეტი „სობრანიე“ და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. მათ აღნიშნული ქმედებით სს „ნ------- ტ------ი“-ს მიაყენეს 523 ლარისა და 36 თეთრის მატერიალური ზიანი.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ-------- გ---------მ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანასა და ა-------- ო---------ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ ა-------- ო---------მა აღიარა ჩადენილი ქმედება; ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაეხმარა მას დანაშაულის გახსნაში; არის ახალგაზრდა და არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები.

 

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 იანვრის განჩინებით ადვოკატ თ-------- გ---------ს აღუდგა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების ვადა.

 

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატამ დაასკვნა, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით დადასტურებულია მსჯავრდებულ ა-------- ო---------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რასაც არც კასატორი ხდის სადავოდ.

 

9. მოცემულ შემთხვევაში ადვოკატი თ-------- გ--------- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ ა-------- ო---------ისათვის სასჯელის ზომის განსაზღვრის ნაწილში. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მსჯავრდებულ ა-------- ო---------ისათვის ამ მუხლით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელმაც შთანთქა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით შეფარდებული სასჯელები - სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციის ფარგლებშია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი ამ მხრივაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. გადაწყვეტილებები - №363აპ-17, №393აპ-17); ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, განუსაზღვრა მას სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს და არ არღვევს სსკ-ის 54-ე მუხლის მოთხოვნას.

 

10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ა-------- ო---------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ-------- გ---------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

გ. შავლიაშვილი