განაჩენი

სისხლის სამართლის 16.07.2018
საქმის ნომერი
080100117002315796
თარიღი
16.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100117002315796

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

#116აპ-18 ქ. თბილისი

კ------ მ------, 116აპ-18 16 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ------ კ------ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით, მ------ კ------, - დაბადებული 1--- წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა მ------ კ------ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გაუქმდა მ------ კ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ------ კ------ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 20 იანვრიდან.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი: მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

2. აღნიშნული განაჩენით მ------ კ------ს მსჯავრი დაედო ქურდობის მცდელობაში, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 2000 საათზე ქურდობისათვის ნასამართლევი მ------ კ------ შეეცადა უკანონო შეღწევის გზით, ქ. ქ-------–-, ჭ--------ს გამზირზე №-----ში მდებარე სავაჭრო ცენტრიდან ფარულად დაუფლებოდა შპს ,,ა------------------------ის“ ნივთებს, რა დროსაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.

 

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ------ კ------მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა - მ------ ი-----–---მა. აპელანტებმა საჩივრით ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მ------ კ------ს გამართლება, ვინაიდან არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც დაადასტურებდა მ------ კ------ს ბრალეულობას.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. მსჯავრდებული მ------ კ------ საკასაციო საჩივრით ითხოვს შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, მისი ოჯახური და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ მ------ კ------ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შედეგადაც დაასკვნა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ------ კ------სათვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.

 

3. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ------ კ------ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მ------ კ------ს მსჯავრი დაედო მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის. მართალია, იგი წარსულში ნასამართლევია და აღნიშნული დანაშაულის ჩადენის დროს იყო პირობით მსჯავრდებული, მაგრამ მის მიერ როგორც წარსულში, ისე ამჟამად ჩადენილი ქმედებები (ქურდობა, ქურდობის მცდელობა) არ არის ძალადობრივი ხასიათის. ჩადენილი ქმედების ხასიათისა და აგრეთვე იმის გათვალიწინებით, რომ შპს „ა------------------------ს“ ზიანი არ მისდგომია, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მ------ კ------სათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად უნდა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და მას საბოლოო სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ მ------ კ------ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

3. მ------ კ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯოს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს მ------ კ------ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით მ------ კ------ს სასჯელის ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 20 იანვრიდან. მასვე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში.

 

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

გ. შავლიაშვილი