ახლად გამოვლენილი განჩინება

სისხლის სამართლის 12.07.2018
საქმის ნომერი
010141318700055995
თარიღი
12.07.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700055995

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №46აგ-18 თბილისი

მ--------- ს--------, 46აგ-18 19 ივლისი, 2018 წელი

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს-------- მ---------ს ადვოკატ ლ---------- კ---------ს საკასაციო საჩივარი, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინებაზე.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 ივლისის განაჩენით ს-------- მ---------, - დაბადებული 1--- წელს, - დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან.

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ს-------- მ--------ს გაუნახევრდა ამავე სასამართლოს 2009 წლის 8 ივლისის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით დადგენილი სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 ივლისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

3. 2018 წლის 20 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ს-------- მ---------ს ადვოკატმა ლ---------- კ---------მ, რომელმაც მოითხოვა ს-------- მ---------ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა, მისი ქმედების გადაკვალიფიცირება სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლზე და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით სასჯელისგან გათავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც დაუშვებელია ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ს-------- მ---------ს ადვოკატ ლ---------- კ---------ს შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.

5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს-------- მ---------ს ადვოკატმა ლ---------- კ---------მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება იმავე საფუძვლით, რაზეც უთითებდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

4. საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2009 წლის 9 ოქტომბრის კანონი) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. ანალოგიური დათქმაა ძველ - საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც, კერძოდ: ამ კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, რომელიც მოქმედებს წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. ამასთან, ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსის 1681-ე და 1682-ე მუხლებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შემთხვევებისა.

5. საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (მოცემულ საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) 519-ე მუხლის შესაბამისად, თუ აპელანტის აზრით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენი და სხვა გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი ან უკანონოა, მას შეუძლია, გაასაჩივროს სააპელაციო წესით, სააპელაციო საჩივარს კი - ამავე კოდექსის 46-ე მუხლის მე-4 და 521-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, სააპელაციო წესით განიხილავს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა. ამავე კოდექსის 523-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მხარეს სააპელაციო საჩივრის შეტანა შეუძლია განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში იმავე სასამართლოში, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში - დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

6. ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თუ საქმეზე მსჯავრდებულის დაუსწრებლად არის გამოტანილი განაჩენი, რომელიც არ გასაჩივრებულა სააპელაციო წესით და არ ამოწურულა ასეთი წესით გასაჩივრების კანონით განსაზღვრული შესაძლებლობა, საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის და ასეთი განაჩენი არ წარმოადგენს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას; შესაბამისად, დაუშვებელია ისეთი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა, რომელიც არ არის შემაჯამებელი (საბოლოო) და შესაძლებელია მისი გასაჩივრება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის №21აგ-17 განჩინება; 2017 წლის 29 სექტემბრის №52აგ-17 განჩინება; 2017 წლის 30 ოქტომბრის №74აგ-17 განჩინება).

7. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ს-------- მ---------ს ადვოკატ ლ---------- კ---------ს მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებასა და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველს, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 2009 წლის 8 ივლისის განაჩენი ს-------- მ---------ს მიმართ გამოიტანა მის დაუსწრებლად, რომელიც სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და, შესაბამისად, ამ ეტაპზე საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის.

8. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო მსჯავრდებულ ს-------- მ---------ს ადვოკატ ლ---------- კ---------ს მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ს-------- მ---------ს ადვოკატ ლ---------- კ---------ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისივე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ს-------- მ---------ს ადვოკატ ლ---------- კ---------ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინება მსჯავრდებულ ს-------- მ---------ს ადვოკატ ლ---------- კ---------ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

გ. შავლიაშვილი