დაუშვებლობის შესახებ განჩინება

სისხლის სამართლის 26.07.2018
საქმის ნომერი
010141318700055782
თარიღი
26.07.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700055782

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №137აპ-18 ქ. თბილისი

ი------ კ-------, 137აპ-18 23 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ კ------- ი------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ---–---- ჯ---------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 5 სექტემბრის განაჩენით კ------- ი------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ------- ი------ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 18 დეკემბრიდან.

 

განაჩენით მსჯავრდებულ კ------- ი------ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 მარტის განაჩენით კ------- ი------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 5 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 24 თებერვლიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 15 იანვრის N-------- განკარგულებით კ------- ი------ გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან. N------- ცნობის თანახმად, იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 15 იანვარს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით კ------- ი------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და 3 თვე. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 დეკემბრის განაჩენით კ------- ი------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად, მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი - 2 წელი - განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 მარტის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი და 6 თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ------- ი------ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 3 წელი და 6 თვე - განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 13 აგვისტოდან. საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 27 ოქტომბრის N-------- განკარგულებით კ------- ი------ გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან. N------- ცნობის თანახმად, კ------- ი------ პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2016 წლის 27 ოქტომბერს.

 

2016 წლის 18 დეკემბერს სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევმა კ------- ი------მ უკანონოდ შეაღწია თ---–--–-, უ-------- ქ. N---–- მდებარე მ----- ე-–------ს სახლის ეზოში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 100 ლარად ღირებულ ველოსიპედს.

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და კ------- ი------ს გამართლებას.

 

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 5 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება იმის შესახებ, რომ მსჯავრდებული კ------- ი------ არის უდანაშაულო და მიუთითა, რომ ქურდობა გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას ქონების მესაკუთრისგან (მფლობელისგან), ასევე სხვა პირებისგან მალულად. ამდენად, ქურდობის სუბიექტური მხარე ხასიათდება პირდაპირი განზრახვით, რამდენადაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს, ითვალისწინებს, რომ თავისი ქმედებით ზიანს აყენებს მესაკუთრეს ან ქონების მფლობელს და სურს, მიაყენოს მას ეს ზიანი. სხვისი ნივთის ფარული დაუფლება ხდება, როდესაც ნივთს ეუფლებიან მესაკუთრის შეუმჩნევლად. მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზნის დასადგენად კი აუცილებელია თავად ქმედება იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე, მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას, როგორც საკუთარს, ვინაიდან ეძლევა შესაძლებლობა, განკარგოს იგი თავისი შეხედულებისამებრ.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ კ------- ი------მ უკანონოდ შეაღწია თ---–--–-, უ-------- ქუჩის N---–- მდებარე მ----- ე-–------ს სახლის ეზოში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 100 ლარად ღირებულ ველოსიპედს. მსჯავრდებულმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ მას ველოსიპედი არ მოუპარავს და მოპარული ველოსიპედი პირველად ნახა იზოლატორში, რაც სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, კერძოდ: ველოსიპედის მოპარვის ფაქტი დაადასტურა დაზარალებულმა მ----- ე-–------მ. აღნიშნული ველოსიპედი დაკავებისას რომ ნამდვილად თან ჰქონდა კ------- ი------ს, დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით და წერილობითი მტკიცებულებებით. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია, მსჯავრდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და ბრალდების ტვირთი აკისრია ბრალმდებელს, მაგრამ სისხლის სამართლის პროცესი მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები თავად მოიპოვებენ და წარადგენენ მტკიცებულებებს, დაცვის მხარეს კი სასამართლოში თავისი პოზიციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც საეჭვოს გახდიდა ბრალდების მტკიცებულებებს, არ წარმოუდგენია. სასამართლოში გამოკვლეული ბრალდების მხარის მტკიცებულებებით დასტურდება კ------- ი------ს მიერ მასზე ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, კერძოდ: დაზარალებულ მ----- ე-–------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ის ცხოვრობს თ---–--–-, უ-------- ქუჩის N---–- მდებარე კერძო სახლში, უმცროს შვილთან, რძალსა და ორ შვილიშვილთან ერთად. ამავე სახლის მეორე სართულზე ცხოვრობს მისი მაზლის ცოლი, შვილთან, რძალსა და შვილიშვილთან ერთად. სახლს აქვს რკინის დიდი კარი, საიდანაც გზა შედის ეზოში. ეზოში არის პატარა მოსახვევი, სადაც ინახავდნენ ბავშვის სათამაშოებს, მათ შორის - ბავშვის პლასტმასის მანქანასა და ველოსიპედს. კარის საკეტი იყო გაფუჭებული და კეტავდნენ ურდულით. 2016 წლის 18 დეკემბერს კარი დარჩათ ღია. დილით სახლის კარზე მოესმა კაკუნი. რომ გამოვიდა, ეზოში დახვდა პოლიციის ორი თუ სამი თანამშრომელი, რომელთაგანაც შეიტყო, რომ ველოსიპედი იყო მოპარული და სთხოვეს შეემოწმებინა, თავისი ველოსიპედი იყო თუ არა ადგილზე. როდესაც შეამოწმა, ნახა, რომ მათი ველოსიპედი აღარ იყო ადგილზე. დაზარალებულის ჩვენება სრულად არის თანხვდენილი გამომძიებელ გ---- მ--------–---–-ს ჩვენებასთან, ნივთის ამოცნობის ოქმსა და ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმთან.

 

სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებით კი დასტურდება, რომ დაზარალებულის სახლის მახლობლად, უ-------- ქუჩაზე, გადაადგილდებოდა კ------- ი------, რომელსაც თან ჰქონდა ველოსიპედი.

 

2016 წლის 18 დეკემბრის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმით დადგენილია, რომ გამომძიებელმა ა-------- მ----------მა, გამომძიებლების - ა----- დ------–---–-სა და გ------- კ-------–---ს მონაწილეობით, 2016 წლის 18 დეკემბრის 06:53 საათიდან - 07:10 საათის შუალედში, თ---–--–-, უ-------- ქუჩის N----- მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩაატარა კ------- ი------ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს შავ-წითელ ფერებში გაწყობილი, პატარა ზომის ველოსიპედი, წარწერით ,,FABRIC-2014” და კ------- ი------ს პირადი ნივთები. ველოსიპედი სიდიდის გამო ვერ შეიფუთა, მას შემოავლეს ზონარი და დალუქეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-5 განყოფილების N------- ლუქით, ხოლო კ------- ი------ს ნივთები მოათავსეს პოლიეთილენის პაკეტში და დალუქეს. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ დააკავეს კ------- ი------, რომელიც გაეცნო თავისი პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმს, თუმცა ხელმოწერასა და ოქმის ასლის ჩაბარებაზე გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა.

 

დაცვის მხარე უთითებს, რომ გამოძიებას არ ჩაუტარებია დაქტილოსკოპიური, გენეტიკური და ოდოროლოგიური ექსპერტიზები, რაც დაადასტურებდა მსჯავრდებულის შემთხვევის ადგილზე ყოფნა-არყოფნის ფაქტს. სააპელაციო პალატამ აღნიშნული მოტივი არ გაიზიარა და განმარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. შესაბამისად, თუ დაცვის მხარეს მიაჩნდა, რომ ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები განსახილველ საქმეზე არსებითი მნიშვნელობის იყო, შეეძლო, თვითონ დაენიშნა ექსპერტიზა.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ეზოში ბნელოდა და სანათი მოწყობილობის გარეშე შეუძლებელი იყო ველოსიპედის დანახვა ეზოში შესვლის შემთხვევაშიც კი, შესაბამისად, კ------- ი------ გარედან ვერ შეძლებდა დაენახა ველოსიპედი, რაც გამორიცხავს მისი მოპარვის მიზნით მის ეზოში შესვლას, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა ნივთის მოსაპარად შევიდა ეზოში კ------- ი------. ეზოში შესვლის შემდეგ კი იგი ფარულად რომ დაეუფლა ველოსიპედს, პალატამ დადგენილად მიიჩნია სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის შეფარდებულ სასჯელს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე - დამნაშავის პიროვნული მახასიათებლები.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ------- ი------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ---–---- ჯ---------მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და კ. ი------ს გამართლებას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. კ------- ი------ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და საკასაციო პალატის მიერ არც სავარაუდოა ამ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისთვის იხ. №649აპ-10).

 

8. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას კ------- ი------ს უდანაშაულობის შესახებ და სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: დაზარალებულ მ----- ე-–------ს ჩვენება, მოწმეების - გ---- მ--------–---–-ს, ბ---- მ---------ს, ა-------- მ----------ის, ა----- დ------–---–-ს, გ------- კ-------–---სა და სხვათა ჩვენებები, 2016 წლის 18 დეკემბრის პირადი ჩხრეკის ოქმი, 2016 წლის 18 დეკემბრის ბრალდებულის დაკავების ოქმი, 2016 წლის 18 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, 2016 წლის 18 დეკემბრის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, 2016 წლის 18 დეკემბრის ნივთის ამოცნობის ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 მარტისა და 2013 წლის 27 დეკემბრის განაჩენები, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 15 იანვრისა N-------- და 2016 წლის 27 ოქტომბრის N-------- განკარგულებები, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება, რომლებითაც უტყუარად დასტურდება კ------- ი------ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

 

9. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, ხოლო 1-ლი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ სრულად ისარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

 

10. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ კ------- ი------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ---–---- ჯ---------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

გ. შავლიაშვილი