განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700053569
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №22აგ-18 ქ. თბილისი
პ--–-----ი ლ-----, 22აგ-18 23 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ----- პ--–-----ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 იანვრის განაჩენით ლ----- პ--–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
2. 2018 წლის 14 თებერვალს ლ----- პ--–-----მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 იანვრის განაჩენის გადახედვა და გაუქმება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით ლ----- პ--–-----ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. კასატორი - ლ----- პ--–-----ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვას იმ მოტივით, რომ მას მსჯავრი არასწორად დაედო; მისთვის ახლა გახდა ცნობილი, რომ საქმეზე ჩატარებული კალიგრაფიული ექსპერტიზით არ დგინდება მის მიერ ხელშეკრულების შეცვლის ფაქტი და რომ ხელშეკრულება გარკვეული დროის განმავლობაში სხვა პირებთანაც იყო, რის გამოც შესაძლოა, მათ გადაასწორეს იგი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. კასატორის მიერ შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე (მათ შორის ხელშეკრულების სხვა პირებთან არსებობის თაობაზე) პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს და მიიჩნევს, რომ რაიმე ისეთი გარემოება, რაც საკასაციო პალატას ზემოხსენებულ საკითხებზე განმეორებით მსჯელობის საფუძველს მისცემდა, კასატორს არ მიუთითებია.
3. რაც შეეხება მითითებას საქმეში არსებული კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ლ----- პ--–-----ს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ წარმოუდგენია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც საკასაციო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის შესაძლებლობას მისცემდა.
4. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ----- პ--–-----ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ----- პ--–-----ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ ლ----- პ--–-----ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე